ახმეტის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახმეტის სამების ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. მდებარეობს ქალაქის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, უტოს უბნის თავზე, სასაფლაოსთან ახლოს, მთის ფერდობის გავაკებულ ტერიტორიაზე.

კომპლექსში შედის სამების ეკლესია, ეგვტერი, მცირე ეკლესია, ორი სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევი და გალავანი. სამების ეკლესია IX-X საუკუნეებს განეკუთვნება, ეგვტერი - XIV-XV საუკუნეებს, ხოლო მცირე ეკლესია, სწორკუთხა ნაგებობები და გალავანი - XVII-XVIII საუკუნეებს.

სამების ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამების ეკლესია (7,7 X 5,7 მ) დარბაზულია, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით. კუთხეების წყობაში, ფასადებზე სარკმელთა გადასახურად და ლავგარდნისათვის შირიმია ნახმარი. ეკლესია დაზიანებულია: ჩამოშლილია კრამიტის საბურავი, კუთხეებისა და საფასადო წყობის დიდი ნაწილი, დაბზარულია განივი კედლები და კამარა, აგურის კანკელის (გვიანდელია) ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ტიმპანიანი კარი ორივე მხრიდან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. მის ღერძზე გაჭრილია ერთი თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია; სამხრეთ ნიშის ზემოთ, კონქის ქუსლის დონეზე, მცირე სამალავია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია რიყის ქვით ნაწყობი ტრაპეზი. შემაღლებული პროპორციების დარბაზის გრძივ კედლებზე, თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეკლესიის დასავლეთ და გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელს ეგვტერი ფარავს. ინტერიერი შელესილია.

XVI-XVII საუკუნეებში ეკლესია მოუხატავთ. მოხატულობა ხალხურ ძეგლთა ჯგუფს განეკუთვნება. მხატვრობის დაზიანებული ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე.

საკურთხეველში მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში ვედრების კომპოზიციაა. ქრისტე მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში სახარება (გაირჩევა კონტურები) უჭირავს. აცვია ლურჯი ჰიმატიონი და ღია მოწითალო ყავისფერი ქიტონი. ყვითელი ფეხსადგამის ზედაპირი დაყოფილია სწორკუთხა მონაკვეთებად, რომლებშიც წერტილებია ჩაწერილი (მარგალიტების იმიტაცია). ქრისტეს ორივე მხარეს ფონი ჭადრაკულია - დიდ სწორკუთხედებში ჩახატულია მოწითალო-ყავისფერი ან მუქი ლურჯი უჯრედები. ამ ორნამენტის ქვემოთ ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მცირე ზომის ფიგურების ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტებია. შედარებით კარგადაა შემონახული ფიგურების ხელის მტევნები, რომლებიც ქრისტესკენაა გაწვდილი. ღვთისმშობლის უკან მთავარანგელოზის სილუეტი ჩანს. კონქის წვერში ცის სეგმენტი და სხივი გაირჩევა.

საკურთხევლის მეორე რეგისტრში, სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით, მხოლოდ ორ-ორი მოციქულის ფრონტალური გამოსახულებაა შემორჩენილი. სამხრეთით, სარკმლის გვერდით, მოციქულის სამოსის ორნამენტი ქსოვილის სახეებს იმეორებს.

მესამე რეგისტრში, სარკმლის ქვემოთ, შემორჩენილია უწვერულვაშო მაცხოვრის დიდი ზომის მარჯვენა თვალი, ყელისა და ლოყის ნაწილი. სარკმლის წირთხლებზე ორი წინასწარმეტყველია გამოსახული. ორივეს გაშლილი გრაგნილი უჭირავს. სამხრეთ წირთხლზე გამოსახული წმინდანი ახალგაზრდაა, ჩრდილოეთისაზე - შუახნისა. სარკმლის თაღში შემორჩენილია მარტივი გეომეტრიული ორნამენტი (მუქი ლურჯი და მოწითალო-ყავისფერი ტალღისებრი ხაზები). ქვის ტრაპეზზე მარგალიტებით შემკული ჯვარია გამოსახული, კანკელის სამხრეთ ნაწილში - გეომეტრიული ორნამენტი (ტალღისებრი ხაზები).

დასავლეთ კედელზე, ზემოთ, სარკმლის სამხრეთით, მოცემულია დატირების კომპოზიცია თავისებური რედაქციით. განირჩევა ჯვრის ფრაგმენტი, მჯდომარე ღვთისმშობელი, რომელსაც მუხლებზე თვალღია ქრისტე ჰყავს. ამ ჯგუფის უკან მოხუცის გამოსახულება შეიმჩნევა. სარკმლის თავზე ჭადრაკული ორნამენტია. წირთხლებზე - ტალღისებრი ხაზები. ქვემოთ, კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, წმინდანის სახე გაირჩევა. ამავე კედელზე, შესასვლელის ტიმპანზე, მთავარანგელოზის წელზედა ფიგურაა. მისი სახის ძირითადი ღია ვარდისფერი ტონი მუქი ვარდისფერი ხაზებითაა დამუშავებული. მთავარანგელოზის სამოსი დაფარულია ტალღისებრი თეთრი ხაზებით. კოლორიტი ნათელია. გამოყენებულია ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, ღია ვარდისფერი, თეთრი, ლურჯი ფერები.

ეკლესიის ფასადები სადაა, დეკორის გარეშე. კედლები დასრულებული იყო შირიმის ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე; განივ ფასადებზე ლავგარდანს ჰორიზონტალური გადანაკეცები ჰქონია. ეკლესია კრამიტით ყოფილა დახურული.

ეკლესიას დასავლეთიდან თითქმის მთელ სიგანეზე რიყის მოზრდილი ქვებით ნაგები, გეგმით კვადრატული კარიბჭე ეკვროდა (ოთხ ბურჯზე დაყრდნობილი ოთხი ფართო თაღი). ამჟამად კარიბჭე დანგრეულია. შემორჩენილია სამხრეთის ორი ბურჯი და მათზე დაყრდნობილი თაღი. მოგვიანებით (როგორც ჩანს ეგვტერის მიშენებისას) კარიბჭეზე მეორე სართული დაუშენებიათ და სამხრეთ თაღის გამაგრების მიზნით, მალის შუაში სწორკუთხა ბურჯი აუგიათ, რომლის სამხრეთ წახნაგში ჩასმულ შირიმის ქვაზე გამოსახულია გლუვ სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული რელიეფური ჯვარი. ბურჯის ჩრდილოეთ წახნაგზე, სწორკუთხა ნიშია, რომლის ქვემოთ, ბათქაშზე, ირმის გამოსახულებაა ამოკვეთილი. უფრო გვიან ბურჯის გვერდებზე დარჩენილი არეები ამოუშენებიათ. ამავე პერიოდში ჩანს ამოშენებული (შემორჩენილია კვალი) დასავლეთისა და ჩრდილოეთის თაღიც. მეორე სართულის კედლები შირიმის ნათალი ქვით ყოფილა მოპირკეთებული. სართულები გარედან მცირედ შვერილი შირიმის თაროთი (შემორჩენილია მცირე ნაწილი) იყო გამოყოფილი. მეორე სართული თითქმის მთლიანად დანგრეულია. ნანგრევებით დგინდება, რომ იგი გუმბათოვანი კამარით იყო გადახურული და შესაძლოა სამრეკლოდაც გამოიყენებოდა.

ეგვტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვტერი (4 X 3,4 მ) სამების ეკლესიაზე მიშენებულია ჩრდილოეთიდან. შენობის კედლების ქვედა ნაწილი (სარკმელთა გადახურვის დონემდე) შიგნით და გარედან მოპირკეთებულია კარგად გათლილი შირიმის ფილებით. წყობა რეგულარულია, წესიერი. კედლების დანარჩენი ნაწილები და კამარა რიყის ქვისაა. დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელია. ეგვტერი უაბსიდოა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ბრტყელი თაღით გადახურული თითო სარკმელია. ორივე სარკმელი გარედან სწორკუთხაა. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია ქვის ტრაპეზი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის კამაროვანი გადახურვა ჩრდილოეთით გრძივ კედელს ეყრდნობა, ხოლო სამხრეთით - ეკლესიაზე მიშენებულ ორმალიან თაღედს. ორივე თაღი კვადრატული აგურისაა და კვერცხისებრი ფორმა აქვს. ეგვტერის ქვეშ გეგმოთ სწორკუთხა, კამაროვანი საძვლეა.

ეგვტერის კედლები დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თაროსა და ლილვს შორის მოქცეული ოდნავ შეზნექილი მრუდი. სახურავი ორფერდაა.

მცირე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე ეკლესია დგას სამების ეკლესიის აღმოსავლეთით 3 მეტრზე, დარბაზულია (6 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი, სარკმლები და კამარა აგურისაა. კედლები შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. შეისრულთაღიანი შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი შიგნით სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, აფსიდის ღერძზე - ვიწრო თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ კედელზე აგურით ნაშენი ტრაპეზია მიდგმული. ერთი თაღოვანი სარკმელია დასავლეთითაც, ფრონტონის არეში. კანკელი (გვიანდელია) აგურისაა. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. დარბაზი - ცილინდრული კამარით.

ეკლესიას შირიმის ლავგარდნის პროფილს შეადგენს თაროსა და ლილვს შორის მოქცეული შეზნექილი ზედაპირი. ლავგარდანი რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია და ნალესობითაა შევსებული. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის თაღი მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული, რომელსაც აგურის ორი რიგისგან შედგენილი ფრიზი აქვს. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით. გალავნისა და დანარჩენი ნაგებობების მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]