მენესი — ისტორიული ტრადიციით, ძველი ეგვიპტის მეფე (ძვ. წ. XXX ს.). ჰეროდოტესა და მანეთონის მიხედვით, პირველი დინასტიის პირველი ფარაონი. ძვ. წ. IV-III საუკუნის ჟამთააღმწერლის მანეთონის თქმით, ეგვიპტის ისტორიაში უდიდესი მეომარი და ენერგიული ადმინისტრატორი ყოფილა, რომელმაც შეძლო ნუბიელების დამორჩილება. გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე; მათ საზღვარზე დააარსა სამეფო რეზიდენცია მემფისი. იმეფა დიდხანს. მისი მეფობის დროს დასრულდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის ხანგრძლივი პროცესი.