მარგარიტა ბურგუნდიელი
მარგარიტა ბურგუნდიელი | |
---|---|
ნავარის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 აპრილი, 1305 |
მმართ. დასასრული: | 30 აპრილი, 1315 |
წინამორბედი: | ბლანშ არტუელი |
მემკვიდრე: | კლიმენცია უნგრელი |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 29 ნოემბერი, 1314 |
მმართ. დასასრული: | 30 აპრილი, 1315 |
წინამორბედი: | ჟანა ნავარელი |
მემკვიდრე: | კლიმენცია უნგრელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1290 |
გარდ. თარიღი: | 30 აპრილი, 1315, (24-25 წლის) |
მეუღლე: | ლუი X, საფრანგეთისა და ნავარის მეფე |
შვილები: | ჟანა II, ნავარის დედოფალი |
მამა: | რობერ II, ბურგუნდიის ჰერცოგი |
დედა: | აგნეს ფრანგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარგარიტა ბურგუნდიელი (ფრანგ. Marguerite de Bourgogne; დ. 1290 — გ. 30 აპრილი, 1315) — ბურგუნდიის ჰერცოგ რობერ II-ის ასული. ნავარის დედოფალი 1305-1315 და საფრანგეთის დედოფალი 1314-5 წლებში როგორც ლუი X-ის მეუღლე. ნავარის დედოფალ ჟანა II-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარიტა დაიბადა 1290 წელს ბურგუნდიაში. იგი იყო კაპეტინგების დინასტიის ბურგუნდიული განშტოების წარმომადგენელი. მამამისი იყო ბურგუნდიის ჰერცოგი რობერ II, ხოლო დედამისი საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის ასული, პრინცესა აგნეს ფრანგი იყო. იგი მათი უფროსი ქალიშვილი იყო.
1305 წელს მარგარიტა ცოლად შერთეს მის ბიძაშვილს, ნავარის მეფესა და საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე ლუი X-ს. ქორწინების პირველი ცხრა წელი წყვილმა სწორედ ნავარაში გაატარა, სადაც საკმაოდ წარმატებულად მეფობდნენ. 1314 წელს, მას შემდეგ რაც მარგარიტას მამამთილი, საფრანგეთის მეფე ფილიპ IV 1314 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა, ტახტზე მისი ქმარი ლუი ავიდა და მაშასადამე მარგარიტაც საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი გახდა. ლუისა და მარგარიტას მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ, 1312 წელს დაბადებული პრინცესა ჟანა, მომავალში ნავარის დედოფალი ჟანა II, რომელიც 1349 წელს გარდაიცვალა.
1314 წელს საფრანგეთის სამეფო ოჯახში დიდი სკანდალი ატყდა. პარიზის კოშკში დედოფალი მარგარიტა, მისი მული, ინგლისის ქვრივი დედოფალი იზაბელა ფრანგი და ასევე მარგარიტას მაზლის ცოლი, ჰერცოგინია ბლანკა ბურგუნდიელი ერთად გამოიჭირეს მრუშობაში. ცხადია ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რის გამოც ლუიმ პაპს მარგარიტასთან გაყრა სთხოვა, მაგრამ პაპმა კონსოლირებული კავშირი არ გაწყვიტა. ამიტომაც მარგარიტაც, იზაბელაცა და ბლანკაც დაატუსაღეს, ცხადია ცალ-ცალკე. თავად მარგარიტა შატო ჟირალდში გამოკეტეს, სადაც საშინლად ცივი ზამთრის გამო მძიმედ დაავადდა და 1315 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა კიდეც, 24-25 წლის ასაკში. მის შემდეგ ლუიმ მალევე შეირთო ცოლად უნგრეთის მეფის ასული კლიმენცია უნგრელი, რომელთანაც მომავალი მეფე ჟან I შეეძინა.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარიტას ერთად-ერთი ქალიშვილი, ჟანა II მოგვიანებით ნავარის დედოფალი გახდა, თუმცა დედამისის მრუშობის გამო დაჭერის გამო მის სახელს მთელი ცხოვრების მანძილზე დიდი ჩირქი ჰქონდა მოცხობილი.
1361 წელს, მას შემდეგ რაც მისი ძმა, ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე I უშვილოდ გარდაიცვალა, ტახტის უახლოესი მემკვიდრეები მარგარიტასა და მისი დის, ჟანა ბურგუნდიელის შვილები იყვნენ. მარგარიტას შვილიშვილმა, ამ დროს უკვე ნავარის მეფე შარლ II-მ ცხადია ბურგუნდიაზე პრეტენზია გამოთქვა, მაგრამ ვინაიდან ნავარას ვერ დატოვებდა, ბურგუნდია კი ძალიან შორს იყო, საბოლოოდ ტახტზე უარის თქმა მოუხდა. ამის გამო ტახტზე მარგარიტას დის, ჟანას შვილიშვილი ადის, რომელმაც დაამყარა ვალუა-ბურგუნდიების დინასტია, რომელიც XV საუკუნის ბოლომდე მართავდა ბურგუნდიას, ამის შემდეგ კი ის ჰაბსბურგებმა ჩაიგდეს ხელში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Anne Echols and Marty Williams, An Annotated Index of Medieval Women, (Markus Weiner Publishing Inc., 1992), 300.
- Jim Bradbury, The Capetians: Kings of France, 987-1328, (Continuum Books, 2007), 277.
- "Official website: Les Rois maudits (2005 miniseries)" (in French). 2005. Archived from the original on 15 August 2009. Retrieved 25 July 2015.
- "Les Rois maudits: Casting de la saison 1" (in French). AlloCiné. 2005. Archived from the original on 19 December 2014. Retrieved 25 July 2015.
|
|