ელიზაბეთ სტიუარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეთ სტიუარტი
Elizabeth Stuart

ელიზაბეთი 1642 წელს
კურპფალცის კურფიურსტი
კორონაცია: 17 ივნისი 1613
მმართ. დასაწყისი: 14 თებერვალი 1613
მმართ. დასასრული: 23 თებერვალი 1623
წინამორბედი: ლუიზა ჯულიანა ნასაუელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ლოთარინგიელი
ბოჰემიის დედოფალი
კორონაცია: 7 ნოემბერი 1619
მმართ. დასაწყისი: 4 ნოემბერი 1619
მმართ. დასასრული: 8 ნოემბერი 1620
წინამორბედი: ანა ტიროლიელი
მემკვიდრე: ელეონორა გონძაგა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 აგვისტო 1596
დაბ. ადგილი: ფაიფი, შოტლანდია
გარდ. თარიღი: 13 თებერვალი 1662 (65 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
დაკრძ. ადგილი: 17 თებერვალი 1662, უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: ფრიდრიხ V, კურპფალცის კურფიურსტი
შვილები: ჰაინრიხ ფრიდრიხი
კარლ I, პფალცის კურფიურსტი
ელიზაბეთი, ჰერფორდის აბატისა
რუპერტი, კამბერლენდის ჰერცოგი
მორისი
ლუიზა ჰოლანდინა, მობიზონის აბატისა
ედუარდი, სიმერნის პფალცგრაფი
ჰენრიეტა მარია
ფილიპე
სოფია, ჰანოვერის კურფიურსტი
დინასტია: სტიუარტები
მამა: ჯეიმზ I, ინგლისის მეფე
დედა: ანა დანიელი
რელიგია: ანგლიკანიზმი

ელიზაბეთ სტიუარტი (ინგლ. Elizabeth Stuart, გერმ. Elisabeth Stuart, ჩეხ. Alžběta Stuartovna; დ. 19 აგვისტო 1596, ფაიფი, შოტლანდია - გ. 13 თებერვალი 1662, ლონდონი, ინგლისი), აგრეთვე ცნობილი როგორც ზამთრის დედოფალისტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი. კურპფალცის კურფიურსტი 1613-1623 წლებში როგორც ფრიდრიხ V-ის მეუღლე. იმის გამო, რომ მისმა მეუღლემ მხოლოდ ერთი ზამთრით შეძლო ბოჰემიის ტახტზე ასვლა, ელიზაბეთს მიეკერა ზამთრის დედოფლის მეტსახელი.

იყო შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჯეიმზ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა დანიელის მეორე ქალიშვილი. მეფე ჩარლზ I-ის უფროსი და.

1714 წელს მას შემდეგ რაც სტიუარტთა დინასტია შეწყდა, ელიზაბეთის შვილიშვილი, ჯორჯ I ჰანოვერელი, დიდი ბებიის (ანუ ელიზაბეთის) მემკვიდრეობით დიდი ბრიტანეთის ტახტზე ავიდა. სწორედ მისი შთამომავალი იყო დედოფალი ვიქტორია. გარდა ამისა ასევე ელიზაბეთის შთამომავალია დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი დედოფალი ელისაბედ II.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოტლანდიაში ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვიდი წლის ელიზაბეთ სტიუარტი, 1603 წელი

ელიზაბეთი დაიბადა 1596 წლის 19 აგვისტოს, შოტლანდიაში, შუა დღის 2 საათზე. მისი მშობლები იყვნენ შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI და მისი მეუღლე, დედოფალი ანა დანიელი. ამავე წლის 28 ნოემბერს ჰოლირუდის სასახლის სამლოცველოში პატარა პრინცესა ანგლიკანად მონათლეს და ინგლისის დედოფლის, ელიზაბეთ I-ის პატივსაცემად დაარქვეს ელიზაბეთი. შოტლანდიაში ცხოვრების პერიოდში პრინცესა ელიზაბეთი ლინლითგოუს სასახლეში იზრდებოდა ლორდი ლივინგსტონისა და მისი ცოლის ზედამხედველობის ქვეშ. რამდენიმე წელიწადში დაიბადა კიდევ ერთი პრინცესა, მარგარეტი, რომელიც ასევე მათი მზრუნველობის ქვეშ მოათავსეს. პრინცესა მარგარეტი სულ რაღაც ორი წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა მალევე დაიბადა ვაჟი, რომელმაც იგი ჩაანაცვლა.

გადასვლა ინგლისში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1603 წელს გარდაიცვალა ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი ელისაბედ I, რომელსაც მეუღლე, ოჯახი და შვილები არ ჰყავდა. სწორედ ამიტომ ტახტი დაუტოვა თავის ნათლულსა და უახლოეს ნათესავს, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ს. აქედან მოყოლებული ელიზაბეთის მამა მართავდა სამივე ბრიტანულ სახელმწიფოს. ჯეიმზი ცოლთან და შვილებთან ერთად ლონდონში გადასახლდა და იქიდან განაგრძობდა თავის მმართველობას.

ელიზაბეთი რამდენიმე კვირა კვლავ შოტლანდიაში დარჩა, თუმცა მოახერხა და 1603 წლის 25 ივლისს დაესწრო თავისი მშობლების ინგლისისა და ირლანდიის მეფე-დედოფლად კურთხევას. აქედან მოყოლებული ბავშვები აღსაზრდელად ტიუდორის სასახლეში გააგზავნეს და აღმზრდელად ლორდი ჰარინგტონი და მისი მეუღლე მიუჩინეს.

კუმბის სააბატოში, სადაც ლორდ ჰარინგტონთან ერთად ელიზაბეთი სალოცავად დადიოდა ხოლმე, შეხვდა ანა დადლის, რომელთანაც ელიზაბეთი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად მეგობრობდა.

შეთქმულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1605 წლიდან, სულ რაღაც 9 წლის ელიზაბეთი უკვე შეთქმულებაში გაერია. ინგლისში, ირლანდიასა და შოტლანდიაში კათოლიკე მოსახლეობა საკმაოდ უკმაყოფილო იყო, რადგან მათ ტახტზე პროტესტანტი ჯეიმზი იჯდა. სწორედ ამიტომ მათ განიზრახეს მისი ტახტიდან ჩამოგდება და მოკვლა. შეთქმულები ფიქრობდნენ თუ ვისი დასმა შეიძლებოდა ტახტზე და არჩევანი ელიზაბეთზე შეაჩერეს. მას ისედაც ჰქონდა გადახრები კათოლიკობისკენ და თავისუფლად შეძლებდნენ მის ამ რელიგიაზე მოქცევას. გარდა ამისა, მისი უფროსი ძმა, უელსის პრინცი ჰენრი საკმაოდ ძლიერი მტერი იქნებოდა, რის გამოც იგი უნდა მოეკლათ. ხოლო მისი დანარჩენი და-ძმები საშიშები არ იყვნენ, ჩარლზს ფეხი ახალი ადგმული ჰქონდა, ხოლო მერი ჯერ კიდევ ჩვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეთი ასევე ძალიან მცირეწლოვანი იყო, შეთქმულებმა იცოდნენ, რომ იგი ქვეყნის მართვას თავს შესანიშნავად გაართმევდა.

ათი წლის ელიზაბეთი, 1606 წელი

შეთქმულები მიზნად ისახავდნენ სამეფო ოჯახის ლონდონის სასახლეში ერთიანად აფეთქებას, თუმცა ცხადია ელიზაბეთი იქ არ უნდა ყოფილიყო. იგი აფეთქების შემდეგ კათოლიკე გახდებოდა და ვინმე კათოლიკეს გაჰყვებოდა ცოლად, რაზეთ თავად თანახმა იყო. ყველაფერი უკვე მზად იყო და შეთქმულები სასახლის ასაფეთქებლად დენთს ცეცხლს უკიდებდნენ, როდესაც მეფის გვარდიელმა ყოველივე ეს დაინახა და მეფეს შეატყობინა. სამეფო ოჯახი სასწრაფოდ გაეცალა სასახლეს, შეთქმულები დაიჭირეს და ჩამოახრჩვეს, თუმცა მათ არ გაუმხელიათ, რომ ელიზაბეთიც ამ საქმეში იყო გარეული. მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით თავად ელიზაბეთი წერდა თავის დღიურებში.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთმა პრინცესისთვის შესაფერისი, საუკეთესო განათლება მიიღო. მან შეისწავლა ისტორია, გეოგრაფია, თეოლოგია, რამდენიმე უცხო ენა, წერა-კითხვა, მუსიკა და ცეკვა. სამწუხაროდ მას შეგნებულად არ ასწავლეს ლათინური, რადგან ჯეიმზი მიიჩნევდა, რომ ამ ენაზე მხოლოდ კათოლიკეებს უნდა ემეტყველათ. 12 წლის ასაკში ელიზაბეთს უკვე შეეძლო რამდენიმე ენაზე გამართულად საუბარი, რომელთაგან განსაკუთრებით უყვარდა ფრანგული. იგი ასევე იყო შესანიშნავი მხედარი და საფუძვლიანათ იყო გარკვეული თავის რელიგიაში. ელიზაბეთს ასევე ძალიან ჰყვარებია ლიტერატურა და წიგნების კითხვაც.

ნიშნობა და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელის მთხოვნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც სამი სახელმწიფოს მეფის უფროს ასულს, ელიზაბეთს მთელი ევროპის მასშტაბით უამრავი ხელის მთხოვნელი ჰყავდა. მათ შორის არიან:

  • გუსტავ II ადოლფი, შვედეთის მეფე;
  • ფრიდრიხ ულრიხი, ბრუნსვიკ-ვოლფენბუტელის ჰერცოგი;
  • მორისი, ორანჟის პრინცი;
  • ჰენრი ჰოვარდი, ნორთჰემპტონის ერლი;
  • თეოფილეს ჰოვარდი, ვოლდენისა და სუფოლკის ერლი;
  • ოტო, ჰესენ-კასელის ლანდგრაფი;
  • ვიტორიო ამადეო, პიემონტის პრინცი და სავოიის ჰერცოგი;

თითოეულ ხელისმთხოვნელს ელიზაბეთთან ქორწინება, მთელი ევროპის მასშტაბით საოცრად დიდ უპირატესობას აძლევდა. სწორედ ამიტომ მთელი კონტინენტის მასშტაბით უამრავი მამაკაცი ითხოვდა ახალგაზრდა პრინცესის ხელს.

ელიზაბეთის ქორწინება მხოლოდ სიძეს კი არა, არამედ ელიზაბეთის მამასაც უნდა გამოსდგომოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უარზე იყო. სწორედ ამიტომ გაისტუმრეს უარით უამრავი მონარქი. როდესაც 1603 წელს ჯეიმზი შოტლანდიის გარდა, კიდევ ორ ევროპულ სახელმწიფოს დაეპატრონა, მისი როლი ევროპაში საოცრად გაიზარდა. უშვილო ელისაბედ I-საგან განსხვავებით, მრავალშვილიანი ჯეიმზი, შვილების ქორწინებებით აღწევდა მიზნებს. დინასტიური ქორწინება ხომ იმ დროის ევროპაში საუკეთესო საშუალება იყო საკუთარი მმართველობის გამყარებისთვის. ამიტომაც ელიზაბეთის მეუღლის არჩევისას მის პიროვნებას არავინ უყურებდა, ყველას მისი ძალა და მიზნები აინტერესებდა.

ხელის მთხოვნელთა უმეტესობას უამრავი სხვადასხვა მიზეზის გამო ეთქვა უარი. ზოგიერთს მისი რელიგიის, ზოგს ასაკის, ზოგსად მისი სამხედრო პოზიციების გამო. მაგალითად: შვედეთის მეფე გუსტავ II-ს მხოლოდ იმიტომ განუცხადეს უარი, რომ იგი ელიზაბეთის დედის სამშობლოსთან - დანიასთან ომს აწარმოებდა. პიემონტის პრინცი კი იმიტომ გაისტუმრეს უარით, რომ კათოლიკე იყო. სწორედ ამიტომ, ჯეიმზი ქალიშვილისთვის საქმროს რამდენიმე წლის მანძილზე ეძებდა.

ელიზაბეთის საქმრო, კურპფალცის კურფიურსტი ფრიდრიხ V 1612 წელს

საბოლოოდ, ჯეიმზმა ელიზაბეთის საქმროდ აირჩია კურპფალცის კურფიურსტი ფრიდრიხ V. იგი ზუსტად ელიზაბეთის ასაკის იყო და ამასთან ისიც პროტესტანტი გახლდათ. იგი საოცრად მაღალი წრის წარმომადგენელი იყო და მისი წინაპრები იყვნენ არაგონისა და სიცილიის მეფეები, ჰესენის ლანდგრაფები, ბრაბანტისა და საქსონიის ჰერცოგები და ნასაუსა და ლუვენის გრაფები. მასა და ელიზაბეთს ჰყავდათ ერთი საერთო წინაპარიც, ინგლისის მეფე ჰენრი II-ის სახით. ფრიდრიხი იყო პროტესტანტული რწმენის დამცველი და უმაღლესი რანგის მონარქი, რამაც იგი პრინცესა ელიზაბეთის მომავალ მეუღლედ აქცია.

ნიშნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიდრიხი ინგლისში 1612 წლის 16 ოქტომბერს ჩავიდა და როგორც აღმოჩნდა, წყვილს ერთმანეთი მოეწონა. მათი თანამედროვენი ამბობდნენ, რომ ისინი გარემოცვას არაფრად აგდებდნენ და ნებისმიერ თემაზე საუბრობდნენ. ფრიდრიხი ასევე დაუმეგობრდა ელიზაბეთის უფროს ძმას, უელსის პრინც ჰენრის. ჯეიმზს არ აინტერესებდა იქნებოდა თუ არა წყვილი ბედნიერი, მისთვის მთავარი იყო იმ დროის ერთ-ერთ უძლიერეს პროტესტანტულ სახელმწიფოსთან კავშირი. მიუხედავად ამისა ელიზაბეთიც და ფრიდრიხით ძალიან ბედნიერები იყვნენ თავიანთი მომავალი მეუღლით. ერთადერთი ადამიანი რომელიც ამ ქორწინებით უკმაყოფილო იყო, ეს იყო ელიზაბეთის დედა, დედოფალი ანა დანიელი. დედოფალს მართალია მოეწონა ფრიდრიხის ხასიათი, თუმცა განაცხადა, რომ სულიერად იგი უფრო დაბალი საფეხურის წარმომადგენელი იყო, ვიდრე მისი ქალიშვილი.

ელიზაბეთ სტიუარტი 1613 წელს

1612 წლის 6 ნოემბერს ელიზაბეთის უფროსი ძმა, უელსის პრინცი ჰენრი გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ ძალიან ცუდად იმოქმედა ელიზაბეთზე. ჰენრის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრე მათი უმცროსი ძმა, ჩარლზი გახდა, ხოლო ელიზაბეთი ტახტის მეორე მემკვიდრედ იქცა, რამაც მასზე ქორწინების სურვილი უფრო გაუზარდა ფრიდრიხს. დედოფალი ანა და მისი მოკავშირეები კვლავ ამ ქორწინების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. თუმცა ქორწილის ჩაშლა შეუძლებელი იყო, რადგან კონტინენტურ ევროპაში პროტესტანტიზმის მთავარი დამცველი სწორედ ფრიდრიხი იყო და მასზე დაქორწინებით ინგლისს დიდი მოკავშირე ეყოლებოდა. საბოლოოდ, ჰენრის დაკრძალვიდან მალევე ელიზაბეთი და ფრიდრიხი დაქორწინდნენ. აქედან მოყოლებული დაიწყო დიდი სამზადისი სამეფო ქორწილისთვის.

ქორწინება ფრიდრიხ V-ზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთისა და ფრიდრიხის ქორწინება 1613 წლის 14 თებერვალს შედგა უინთერჰოლის სასახლის სამლოცველოში. საქორწინო ცერემონიალის შემდეგ წყვილი არქიეპისკოპოსმა დალოცა და გამრავლება და ბედნიერება უსურვა. ამის შემდეგ დაიწყო საოცრად ლამაზი და პომპეზური საქორწინო ზეიმი. მხოლოდ არისტოკრატია კი არა, მთელი ინგლისი ზეიმობდა, განურჩევლად სოციალური ფენისა. მემატიანეები ამ ქორწილს აღნიშნავენ როგორც "გამაოგნებლად ბრწყინვალე, საოცრად ექსტრავაგანტური და დიდებული".

ქორწილიდან მალევე წყვილმა დატოვა ინგლისი და კურპფალცში გაემგზავრა. ელიზაბეთს მზითვში უამრავი ავეჯი, ძვირფასეულობა და 50 000 ოქროს მონეტა გაატანეს. მათი შესვლა ჰაიდელბერგში (კურპფალცის დედაქალაქი) საოცრად პომპეზური იყო. შესაძლოა ითქვას, რომ მათ აქ მეორე ქორწილი გადაიხადეს. მათ სპეციალურად დაამთხვიეს ქორწილი წმინდა ვალენტინის დღესასწაულს. მალევე ელიზაბეთს მიენიჭა კურპფალცის კურფიურსტის წოდება და დაიწყო თავისი მოვალეობების შესრულება.

კურპფალცის კურფიურსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთი 1613 წელს

ლონდონში თითქმის ორთვიანი ცხოვრების შემდეგ წყვილი კურპფალცის სამეფო კარისკენ დაიძრა ჰაიდელბერგში. მოგზაურობა ძალიან ხალისიანი და მრავალფეროვანი იყო. გზად ხვდებოდნენ ხალხს, აგემოვნებდნენ უცხო საჭმელებს, სვამდნენ ადგილობრივ ღვინოს, ესწრებოდნენ უამრავ სამსახიობო წარმოდგენებს და მუსიკასაც უსმენდნენ ხოლმე. ყოველ ახალ დასახლებაში შესვლისას ფრიდრიხი მგზავრობას აჩერებდა და სამახსოვროდ, ელიზაბეთისათვის თითო საჩუქარს ყიდულობდა. გზად მოულოდნელად წყვილს ფული გამოელიათ, რის გამოც ელიზაბეთმა საკუთარი სამკაული დააგირავა და ამ ფულით განაგრძო გზა. მოგვიანებით ფრიდრიხმა შეძლო და დაგირავებული ყელსაბამი მეუღლეს დაუბრუნა.

წყვილი დედაქალაქ ჰაიდელბერგში დიდი ზეიმით შევიდა. ისინი ჰაიდელბერგის ციხესიმაგრეში დაბინავდნენ. მოგვიანებით ელიზაბეთმა ხალხთან შეხვედრა მოაწყო სადაც გულთბილად მიესალმა თავის ახალ ქვეშევრდომებს. ელიზაბეთს საოცრად არ მოსწონდა ცივი გერმანული არქიტექტურით ნაგები ჰაიდელბერგის სასახლე, რის გამოც ქმრისგან ნებართვა აიღო და მისი თავიდან ბოლომდე შეცვლა დაიწყო. მან ჰაიდელბერგის სასახლე იტალიური რენესანსის დროინდელი არქიტექტურული სტილით მოაწყო, რაც ძალიან პოპულარული იყო ინგლისში. ამას გარდა გააშენებინათ საოცარი ბაღი, რომელშიც სეირნობა თავადვე ძალიან მოსწონდა. იმ დროის გამოჩენილმა არქიტექტორმა სოლომონ დე კაუსმა ელიზაბეთის მიერ შექმნილ ახალ სასახლეს "მსოფლიოს მერვე საოცრება" უწოდა.

ელიზაბეთის მიერ შექმნილი სასახლის ნანგრევები ჰაიდელბერგში

მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეთსა და ფრიდრიხს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და მათ რომანტიკული თანაცხოვრება ჰქონდათ მთელი ცხოვრების მანძილზე, მათ ქორწინებაში პრობლემები წარმოიშვა. ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას მეფე ჯეიმზმა ფრიდრიხს რჩევა მისცა: "თუ გინდა დედამისის გული მოიგო... გააკეთე ყველაფერი რათა იგი დედოფალი გახდეს". ამას ისიც ემატებოდა, რომ ელიზაბეთს ძალიან არ მოსწონდა თავისი წოდება და კურპფალცში ცხოვრება. ამის გამო მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან, ლუიზა ჯულიანა ნასაუელთან, რომელიც თვლიდა, რომ მის რძალს ზედმეტი პრეტენზიები ჰქონდა.

ჰაიდელბერგში ცხოვრებისას ელიზაბეთმა ოთხი შვილი გააჩინა, აქედან სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ამის შემდეგ მან კიდევ ათი შვილი გააჩინა, რომელთაგან ცხრა ვაჟი იყო, ხოლო ოთხი გოგონა. აქედან გამომდინარე, ის ერთად-ერთი პრობლემა რომელიც ელიზაბეთსა და ფრიდრიხს არასოდეს არ ჰქონიათ, ეს იყო მემკვიდრის გაჩენის პრობლემა, რაც ყველა მონარქისთვის ღამის კოშმარი იყო.

ბოჰემიის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1619 წელს ელიზაბეთის ქმარმა, ფრიდრიხ V-მ ოცდაათწლიან ომში მოახერხა და ბოჰემიის სამეფოს ტახტი დაიპყრო.

ზამთრის დედოფლის ტრიუმფი. დედოფალი ელიზაბეთი ეტლში ზის და თავის შვილებთან ერთად, მიდის თავისი მეუღლისკენ, რომელიც ღრუბლებში ჩანს რათა ავიდეს ბოჰემიის ტახტზე.

ბოჰემია ეს იყო საღვთო რომის იმპერიაში შემავალი მძლავრი ჩეხური სამეფო, რომლის ტახტიც აქამდე ჰაბსბურგებს ეკავათ, თუმცა ფრიდრიხმა მოახერხა და ბოჰემიის მეფე თავად გახდა. ელიზაბეთი ბოჰემიის დედოფლად იქცა, შესაძლოა ითქვას, რომ ფრიდრიხმა სიმამრის რჩევა გაითვალისწინა და მართლაც მოიგო სიდედრის გული. ფრიდრიხმა ისარგებლა სასტიკი კათოლიკე მონარქის, მატაის I-ის გარდაცვალებით, პროტესტანტი ჩეხი არისტოკრატები ააჯანყა და ჰაბსბურგები დაამხო, დიდებულებმა კი მეფედ ის აირჩიეს. მატაისი სასტიკად დევნიდათ პროტესტანტებს, რის გამოც ფრიდრიხის მმართველობისას მათ დიდი შვება და თავისუფლება იგრძნეს. ელიზაბეთი კმაყოფილი იყო, იგი ხომ დედოფალი იყო და მისთვის სულაც არ ჰქონდა მნიშნვნელობა რომელი ქვეყნის.

ბოჰემიაში გამეფების გამო, ფრიდრიხი ცოლთან და შვილებთან ერთად პრაღაში გადავიდა საცხოვრებლად. ჩეხები დიდი სიხარულით მიეგებნენ ახალ მეფე-დედოფალს. 1619 წლის 4 ნოემბერს ფრიდრიხმა ოფიციალურად მიიღო ბოჰემიის ტახტი, 7 ნოემბერს კი შედგა ფრიდრიხისა და ელიზაბეთის ბოჰემიის მეფე-დედოფლად კორონაცია. ამით ელიზაბეთი საოცრად ბედნიერი იყო.

სამეფო წყვილის მესამე ვაჟი, პრინცი რუბერტი მათი კორონაციიდან ერთი თვის შემდეგ დაიბადა პრაღაში. სამეფო ოჯახი ბოჰემიაში დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა ფრიდრიხის ბოჰემიაში მეფობა მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა. ბოჰემიის სამეფო ყოველთვის "ჰაბსბურგთა პოლიტიკის ქვაკუთხედს" წარმოადგენდა და ჰაბსბურგები მის ასე მარტივად დათმობას არ აპირებდნენ. საღვთო რომის იმპერატორმა ფერდინანდ II-მ 1620 წლის 8 ნოემბერს ფრიდრიხ V თეთრი მთის ბრძოლაში დაამარცხა, რის შემდეგაც იგი ბოჰემიის ტახტიდან ჩამოაგდო.

ჩეხებმა ელიზაბეთს "ზამთრის დედოფალი", ხოლო ფრიდრიხს "ზამთრის მეფე", შეარქვეს, რადგან ისინი მხოლოდ ერთი წლით იყვენენ ბოჰემიის მეფე-დედოფალი.

გაძევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ სტიუარტი 1631 წელს

თეთრი მთის ბრძოლისას, ორსულად მყოფი ელიზაბეთი კარგს არაფერს ელოდა, რის გამოც თავის დაზღვევის მიზნით დატოვა პრაღა და მთილანად ბოჰემია. იგი ბრანდენბურგში გადავიდა და ბერლინიდან 80 კმ-ს დაშორებით მდგარ კასტრინის ციხესიმაგრეში დაბინავდა, სადაც გააჩინა თავისი მეხუთე შვილი, 1621 წლის 16 იანვარს.

ფრიდრიხის ფერდინანდთან დამარცხება იმას ნიშნავდა, რომ იგი ბოჰემიის მეფე უკვე აღარ იყო, რის გამოც მთელმა ოჯახმა დატოვა პრაღა. მათ ვეღარც კურპფალცში დაბრუნება შეძლეს. მიუხედავად ელიზაბეთის მამის დიდი სამხედრო დახმარებისა, კურპფალცი უკვე კათოლიკურ ლიგას, ასევე ჰაბსბურგთა გვირგვინის ქვეშ მყოფ ესპანეთს ჰქონდა დაკავებული. ფრიდრიხმა და ელიზაბეთმა ორანჟის პრინცისაგან მიიღეს სამეფო კარზე მოწვევა, რის შემდეგაც ისინი შვილებთან ერთად ჰააგისაკენ დაიძრნენ. ამრიგად ერთ დროს ორი ქვეყნის დედოფალი და სამი ქვეყნის პრინცესა, ერთ მშვენიერ დღეს დევნილობაში აღმოჩნდა.

1621 წლის გაზაფხულზე, ელიზაბეთი ქმარ-შვილთან ერთად ჰააგაში ჩავიდა და ორანჟის სამეფო კარზე დაბინავდა. იგი იქ საკმაოდ დიდი პატივით მიიღეს, რის გამოც მან სამუდამოდ იქ დარჩენა განიზრახა. მიუხედავად იმისა, რომ ჰააგა ძალიან უსაფრთხო ადგილი იყო, ამასთან ელიზაბეთს ძალიან თბილად და მეგობრულად ექცეოდნენ და ფინანსურადაც მყარად იყო, იგი ორანჟში ბედნიერი არასოდეს ყოფილა. მალე ელიზაბეთის ფრეილინა, ამალია ვან სოლმსი ორანჟის პრინცს, ფრიდრიხ ჰაინრიხს შეუყვარდა და 1625 წელს ცოლად შეირთო. აქედან გამომდინარე ამალია ორანჟის პრინცესა და ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა, რაც ელიზაბეთს საშინლად არ მოსწონდა. ამიტომაც სამეფო კარზე ამალიამ და ელიზაბეთმა ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ინტრიგების ხლართვა დაიწყეს, თუმცა ყველა მათგანი, სხვადასხვა მიზეზის გამო იშლებოდა.

დევნილობის პერიოდში, 1622-32 წლებში ელიზაბეთმა 8 შვილი გააჩინა, 4 ვაჟი და 4 გოგონა. მან ბოლო შვილი 1632 წლის 14 იანვარს გააჩინა. ვაჟი მალევე მონათლეს და გუსტავ ადოლფი დაარქვეს. 1624 და 28 წლებში, მცირეწლოვან ასაკში გარდაიცვალნენ ელიზაბეთის შვილები, შარლოტა და ლუდვიგი. ბოლო მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ფრიდრიხი ელიზაბეთს გამოემშვიდობა და შვედეთში წავიდა, რათა შვედეთის მეფეს ჰაბსბურგების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა. შვედეთის მეფე გუსტავ II-მ ფრიდრიხი შვეიცარიაში გააგზავნა საომრად. რამდენიმე დიდი გამარჯვების შემდეგ კი ფრიდრიხმა ბრძოლის შეწყვეტა და ცოლ-შვილთან ჰააგაში დაბრუნება მოისურვა. გზად მიმავალი ფრიდრიხი მძიმედ დაავადდა და ქალაქ მაინცში შეჩერდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1632 წლის 29 ნოემბრის დილით, 36 წლის ასაკში.

ქვრივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვრივი ელიზაბეთი 1649 წელს

როდესაც ელიზაბეთს ფრიდრიხის გარდაცვალების შესახებ ამცნეს საშინელ ისტერიკაში ჩავარდა. რამდენიმე საათი გაუჩერებლად ტიროდა, ხოლო როდესაც დამშვიდდა მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე არაფერს არც ჭამდა, არც სვამდა და არც ეძინა. ამ ამბავმა მისი ნათესავების ყურამდეც მიაღწია. მისმა ძმამ, ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ I-მა ელიზაბეთს მშობლიურ ინგლისში ჩასვლა და იქ ცხოვრება სთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა. ამ დროს მისი ვაჟი, კარლ ლუისი კურპფალცის დასაბრუნებლად გააფთრებული იბრძოდა. ელიზაბეთი შვილის უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებდა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით კვლავ ჰააგაში რჩებოდა. საბოლოოდ, 1648 წელს შეძლეს და კურპფალცი დაიბრუნეს და მისი ვაჟი კარლ I ლუდვიკი კურპფალცის კურფიურსტი გახდა. ამის შემდეგ ელიზაბეთი კვლავ დაბრუნდა კურპფალცში და ჰაიდელბერგში დასახლდა. იგი კურპფალცში ხელოვნების მფარველად იქცა. ძალიან ხშირად უკვეთავდა როგორც საკუთარ, ისე თავისი შვილების პორტრეტებს. ასევე თავისი განსვენებული მეუღლის პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად მისი დიდი პორტრეტი შეაქმნევინათ.

როგორც თავად ამბობდა, ელიზაბეთმა თავისი დრო დაასრულა და ახლა უკვე ნათესავებთან წერილების გზავნითა და შვილებისათვის მეუღლეების ძებნით იყო დაკავებული. 1649 წელს ინგლისიდან საშინელი ამბავი მოვიდა. ინგლისის რევოლუციის დროს ელიზაბეთის ძმა, მეფე ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს, მისი მეუღლე და შვილები კი საფრანგეთში გაიქცნენ. ამან ელიზაბეთი კვლავ ღრმა განსაცდელში ჩააგდო. 1647 წლიდან კი ორანჟის პრინცესა გახდა ელიზაბეთის ძმიშვილი, მერი სტიუარტი, რომელმაც დევნილობაში ორი ძმა შეიფარა. ელიზაბეთი ამ მდგომარეობიდან მისმა უამრავმა შვილიშვილმა გამოიყვანა, რომლებიც მას ძალიან უყვარდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ სტიუარტი 1662 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

1660 წელს დევნილობაში მყოფმა ელიზაბეთის ძმიშვილმა შეძლო და ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის ტახტი დაიბრუნა და გამეფდა ჩარლზ II-ის სახელით. გახარებულმა ელიზაბეთმა გადაწყვიტა მშობლიურ მიწას სწვეოდა. 1661 წლის 26 მაისს იგი კურპფალციდან დაიძრა და ივლისში უკვე ჰააგაში იყო. რამდენიმე კვირა მისი ნივთებისა და ავეჯის გემებზე დატვირთვას დასჭირდა. ჰააგაში მან თავისი ძმიშვილი, პრინცესა მერი ნახა, რომელიც ორანჟის პრინცესა იყო. რამდენიმე თვეში იგი ინგლისში ჩავიდა. იქ მას შეხვდა მისი ძმიშვილი, ჩარლზ II და რძალი, ჩარლზ I-ის ქვრივი ანრიეტა მარია ფრანგი, რომელიც მან პირველად ნახა. ამ დროისათვის ელიზაბეთი უკვე მძიმედ იყო დაავადებული, მაგრამ სამეფო კარის ღონისძიებებში მაინც მონაწილეობდა. 1662 წლის 10 თებერვალს ფილტვებში შიდა სისხლდენა დაეწყო. 13 თებერვალს, შუა ღამისას, საშინლად მტანჯველი სიკვდილით, 65 წლის ასაკში ელიზაბეთ სტიუარტი გარდაიცვალა.

სამეფო კარზე მისი გლოვა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. სულ ოთხ დღეში, 17 თებერვალს სასახლიდან გამოასვენეს ოქროს კუბო, რომელშიც ელიზაბეთი ესვენა და დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში. მისი შვილებიდან მის დაკრძალვას მხოლოდ მისი ერთი ვაჟი, ჰერცოგი რუბერტი ესწრებოდა. იგი დაასვენეს ჰენრი VII-ის სამლოცველოში, მის საყვარელ ძმასთან, უელსის პრინც ჰენრი სტიუარტთან ახლოს.

ელიზაბეთი თავისი ცამეტი შვილიდან შვიდის გარდაცვალებას მოესწრო.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაბ. თარიღი გარდ. თარიღი მეუღლე ტიტული
ფრიდრიხ

ჰაინრიხი

1 იანვარი 1614 7 იანვარი 1629

(15 წლის)

კარლ I

ლუდვიგი

22 დეკემბერი

1617

28 აგვისტო 1680

(62 წლის)

  1. შარლოტა ჰესენ-კასელი
  2. მარია დეგენფელდი
  3. ელიზაბეთ დერნაუ
კურპფალცის

კურფიურსტი

ელიზაბეთი 26 დეკემბერი

1618

11 თებერვალი

1680

(61 წლის)

ჰერფორდის

აბატი

რუბერტი 17 დეკემბერი

1619

29 ნოემბერი

1682

(62 წლის)

კამბერლენდის

ჰერცოგი

მორისი 16 იანვარი

1621

სექტემბერი

1652

(31 წლის)

რაინის

კურფიურსტი

ლუიზა

ჰოლანდინა

18 აპრილი

1622

11 თებერვალი

1709

(82 წლის)

მობუისონის

აბატი

ლუდვიგი 21 აგვისტო

1624

24 დეკემბერი

1624

(4 თვის)

ედუარდი 5 ოქტომბერი

1625

13 მარტი

1667

(37 წლის)

ანა გონძაგა სიმერნის

პფალცგრაფი

ჰენრიეტა

მარია

17 ივლისი

1626

18 სექტემბერი

1651

(25 წლის)

სიგიზმუნდ რაკოსცი ტრანსილვანიის

პრინცესა

ფილიპ

ფრიდრიხი

16 სექტემბერი

1627

16 დეკემბერი

1650

(23 წლის)

შარლოტა 19 დეკემბერი

1628

14 იანვარი

1631

(2 წლის)

სოფია 14 ოქტომბერი

1630

8 ივნისი

1714

(83 წლის)

ერნესტ ავგუსტ ჰანოვერელი ჰანოვერის,

ბრუნსვიკისა და

ლუნებურგის

ჰერცოგინია

გუსტავ

ადოლფი

14 იანვარი

1632

9 იანვარი

1641

(8 წლის)

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Plowden, Alison (2003) [1996], The Stuart Princesses, Gloucestershire: Sutton publishing, p. 3.
  • Gorst-Williams, Jessica (1977) [1976], Elizabeth the Winter Queen, London: Abelard, p. 4.
  • Charles remained in Scotland for the time being, Margaret had died in spring 1600 and Robert in May 1602.
  • Fraser, Antonia (2002) [1996], The Gunpowder Plot: Terror and Faith in 1605 (Part One), London: Phoenix, p. 70.
  • Plowden, Alison (2003) [1996], The Stuart Princesses, Gloucestershire: Sutton publishing, p. 8, 9.
  • Fraser, Antonia (2002) [1996], The Gunpowder Plot: Terror and Faith in 1605 (Part One), London: Phoenix, p. 140, 141.
  • Ross, Josephine (1986) [1979], The Winter Queen, New York: Dorset Press, p. 21.
  • Allyne, Robert (1613), Tears of joy shed at the happy departure from Great Britaine, of... Frederick and Elizabeth..., London: Thomas Archer, p. 3.
  • Kassel, Richard (2006), The Organ: An Encyclopedia, London: Routledge.
  • Wilson, Peter H. (June 2008). "The Causes of the Thirty years War 1618-48". English Historical Review. CXXIII (502): 554–586.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Elizabeth (daughter of James I.)". Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ სტიუარტი
დაიბადა: 19 აგვისტო 1596 გარდაიცვალა: 13 თებერვალი 1662
წინამორბედი:
ლუიზა ჯულიანა ნასაუელი
კურპფალცის კურფიურსტი
1613-1623
შემდეგი:
ელიზაბეთ ლოთარინგიელი
წინამორბედი:
ანა ტიროლიელი
ბოჰემიის დედოფალი
1619-1620
შემდეგი:
ელეონორა გონძაგა