ლუიზა მარია სტიუარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლუიზა მარია სტიუარტი
Princess Louisa Maria Teresa Stuart by Alexis Simon Belle 1704.jpg
სრული სახელი
ლუიზა მარია ტერეზა სტიუარტი
წოდებები
სამეფო პრინცესა
დაიბადა 28 ივნისი, 1692
შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 18 აპრილი, 1712, (19 წლის)
შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაი, საფრანგეთი
საგვარეულო სტიუარტები
მამა ჯეიმზ II, ინგლისის მეფე
დედა მარია მოდენელი
რელიგია კათოლიციზმი

ლუიზა მარია სტიუარტი (ინგლ. Louisa Maria Stuart; დ. 28 ივნისი, 1692, შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაი, საფრანგეთი — გ. 18 აპრილი, 1712, შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაი, საფრანგეთი) — სტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ისა და დედოფალ მარია მოდენელის ასული, დედოფალ მერი II-ისა და დედოფალ ანას უმცროსი და. ვინაიდან მან მთელი თავისი ცხოვრება საფრანგეთში ემიგრაციაში განვლო და მაინც ბრიტანულ ტიტულებს ფლობდა, ინგლისელებმა მას პრინცესა წყლის გადაღმა (ინგლ. Princess over the Water) შეარქვეს, ანალოგიურად, მამამისს და დედამისს „მეფე წყლის გადაღმა“-სა და „დედოფალი წყლის გადაღმა“-ს უწოდებდნენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა მარია და მისი ძმა 1699 წელს

ლუიზა მარია დაიბადა 1692 წლის 28 ივლისს შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაიში, საფრანგეთში. იგი იყო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დამხობილი მეფის, ჯეიმზ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია მოდენელის უმცროსი ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი ღვიძლი ძმა ჰყავდა ჯეიმზ ფრანცის ედუარდის სახით, ხოლო მამის მხრიდან მისი ნახევარ-და იყო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი მერი II და ასევე პრინცესა ანა. იგი მალევე მონათლეს კათოლიკედ, მისი ნათლიები კი საფრანგეთის მეფე ლუი XIV და მისი რძალი, ორლეანის ჰერცოგინია ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი იყვნენ.

1701 წელს მამამისი, მეფე ჯეიმზი გარდაიცვალა. იმავდროულად, მისი ძმა ტახტისათვის ბრძოლას განაგრძობდა. კათოლიკე სტიუარტთა მხარდამჭერმა იაკობინელებმა ლუიზა მარია სამეფო პრინცესად გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ სტიუარტები საფრანგეთში დიდ პატივსა და ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. მათ ასევე ხშირად ჰქონდათ ლუი XIV-ის დახურულ წვეულებებზე სტუმრობის პრივილეგიაც. როგორც მეფის ნათლულს, მას ფრანგები დიდ ყურადღებას უთმობდნენ და შემდეგში, უკვე მის გათხოვებაზეც სერიოზულად ფიქრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი დაამხეს, საფრანგეთის მეფემ უზრუნველყო მისი რომელიმე სამეფო ოჯახში გათხოვების საქმე.

მისი მრავალი საქორწინო მოლაპარაკებიდან აღსანიშნავია ორი სასიძო: ბერის ჰერცოგი შარლ დე ბურბონი (1686-1714) და შვედეთის მეფე კარლ XII. შარლი ლუი XIV-ის შვილიშვილი იყო, თუმცა სტიუარტებმა მასზე უარი თქვეს, რადგან იგი ტახტზე ვერასოდეს ავიდოდა, შვედებთან კი მოლაპარაკებები იმიტომ ჩაიშალა, რომ ლუიზა მარიამ უარი თქვა ლუთერან კაცთან შეუღლებაზე.

1711-12 წლებში საფრანგეთში ყვავილის ეპიდემია გავრცელდა, რომელმაც შეიწირა ლუი XIV-ის უფროსი ვაჟის, საფრანგეთის დოფინ ლუის, ასევე მისი ძის, ბურგუნდიის ჰერცოგ ლუისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ადელაიდა სავოიელის სიცოცხლეები. 1712 წლის აპრილში ყვავილით დაავადდა როგორც ლუიზა მარია, ისე მისი ერთადერთი ძმაც. პრინცი ჯეიმზ ფრანცის ედუარდი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, 19 წლის პრინცესა ლუიზა მარია კი 1712 წლის 18 აპრილს ამ სენით გარდაიცვალა.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Macaulay, Thomas Babington, The History of England, from the Accession of James the Second, Vol 4 (1855) Chapter XVIII (1692), p. 225 online at books.google.com (accessed 10 February 2008)
  • A true and full account of the death and character of the Princess-Royal, Louisa-Maria-Teresa Stuart, daughter of the late King James. Who was born in the year 1692, at St Germains, and died of the small-pox the 18th of April 1712... In a letter from a noble-man of France, to his correspondent at Vtrecht broadside, 2 s., 1712
  • Cole, Susan, Princess over the Water: A Memoir of Louise Marie Stuart (1692–1712) (The Royal Stuart Society papers, Paper XVIII)