ელეონორ ინგლისელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელეონორ ინგლისელი
EleonoraofEngland.jpg
კასტილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: სექტემბერი, 1170
მმართ. დასასრული: 5 ოქტომბერი, 1214
წინამორბედი: რიჩეზა პოლონელი
მემკვიდრე: მაფალდა პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ოქტომბერი, 1161
დაბ. ადგილი: ორნი, ნორმანდია
გარდ. თარიღი: 31 ოქტომბერი, 1214, (53 წლის)
გარდ. ადგილი: ბურგოსი, კასტილია
მეუღლე: ალფონსო VIII, კასტილიის მეფე
შვილები: ბერენგარია, კასტილიის დედოფალი
ურაკა, პორტუგალიის დედოფალი
ბლანკა, საფრანგეთის დედოფალი
ელეონორი, არაგონის დედოფალი
ენრიკე I, კასტილიის მეფე
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ჰენრი II, ინგლისის მეფე
დედა: ელეონორ აკვიტანიელი

ელეონორ ინგლისელი (ინგლ. Eleonor of England, ესპ. Leonor de Inglaterra; დ. 13 ოქტომბერი, 1161 — გ. 31 ოქტომბერი, 1214) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი II-ისა და დედოფალ ელეონორ აკვიტანიელის ქალიშვილი. კასტილიის დედოფალი 1170-1214 წლებში როგორც ალფონსო VIII-ის მეუღლე. კასტილიის მეფე ენრიკე I-ისა და დედოფალ ბერენგარიას, საფრანგეთის დედოფალ ბლანკა კასტილიელის, არაგონის დედოფალ ელეონორ კასტილიელისა და პორტუგალიის დედოფალ ურაკა კასტილიელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორი დაიბადა 1161 წლის 13 ოქტომბერს ნორმანდიის ქალაქ ორნის დომფორნის სასახლეში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეონორ აკვიტანიელის ქალიშვილი. იგი ალბანოს ეპისკოპოსმა ანრი დე მარსიმ მონათლა. დედის მხრიდან მას ორი ნახევარ-და ჰყავდა, რომლებიც ფრანგ დიდგვაროვნებზე იყვნენ დაქორწინებულნი. გარდა ამისა მას ჰყავდა ღვიძლი და-ძმებიც, როგორებიცაა ინგლისის მეფე ჰენრი ახალგაზრდა, საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგინია მატილდა, ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული, ბრეტანის ჰერცოგი ჯეფრი, სიცილიის დედოფალი ჯოანი და ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო.

დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონსო VIII-ისა და ელეონორ ინგლისელის ქორწინება

1170 წლის სექტემბერში, ქალაქ ბურგოსში ელეონორი ცოლად გაჰყვა კასტილიის მეფე ალფონსო VIII-ს. ელეონორის მშობლებს ეს ქორწინება სჭირდებოდათ, რათა აკვიტანიის სამხრეთით, მტრულად განწყობილი მეზობლის, ნავარის მეფე სანჩო VI-ის გვერდით ძლიერი მოკავშირე ჰყოლოდათ კასტილიის სახით.

1200 წელს ალფონსო VIII-მ განაცხადა, რომ გასკონიის უზარმაზარი საჰერცოგო ელეონორს მზითვში გაჰყვა და ამისათვის ბრძოლის დაწყებასაც აპირებდა, თუმცა ვინაიდან საქორწინო კონტრაქტში გასკონიაზე არაფერი იყო ნათქვამი ალფონსომ ომის დაწყება გადაიფიქრა. მიუხედავად ამისა, ალფონსო მაინც ძალიან შორს წავიდა თავისი პრეტენზიებით და 1205 წელს გასკონიაში შეიჭრა, თუმცა 1206 წელს ალფონსოსა და ელეონორის ძმის, ინგლისის მეფე ჯონს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. საბოლოოდ, 1208 წელს ალფონსომ უარი თქვა თავის პრეტენზიაზე, თუმცა ათწლეულების შემდეგ მათმა შვილიშვილმა ალფონსო X-მ კვლავ განაცხადა პრეტენზია გასკონიაზე.

მსგავსად თავისი მშობლებისა, ახალი მოკავშირეების შეძენის მიზნით ელეონორმა თავისი შვილების ქორწინებებით ვაჭრობა დაიწყო და თითქმის ნახევარი ევროპა თავის მოკავშირედ აქცია. ელეონორი განსაკუთრებით დიდ ინტერესს იჩენდა რელიგიური ინსტიტუტის მხარდაჭერისას. 1179 წელს ტოლედოს კათედრალში მან თომას ბეკეტი ოფიციალურად გამოაცხადა წმინდანად. ასევე დედოფალი ელეონორა უჭერდა მხარს უამრავი ტაძრის, ობოლთა თავშესაფრებისა და საავადმყოფოს მშენებლობას.

როდესაც 1214 წელს ალფონსო VIII გარდაიცვალა, იმდენად განადგურდა ელეონორა, რომ მის დაკრძალვაზე მისვლის ძალაც არ შესწევდა. ელეონორი ძალიან მძიმედ დასნეულდა საყვარელი მეუღლის დაკარგვის გამო და ალფონსოს გარდაცვალებიდან სულ 26 დღეში თავად ელეონორაც გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს მისი ქმრის გვერდით, მისსავე აგებულ სანტა მარია ლა რეალ დე ლას ელხას სააბატოში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბერენგარია (1180-1246), პირველად ცოლად გაჰყვა შვაბიის ჰერცოგ კორნად II-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ლეონის მეფე ალფონსო IX-ს, მისი და თავისი ძმის, ენრიკე I-ის გარდაცვალების შემდეგ კი ბერენგარიამ კასტილიისა და ლეონის სამეფოები გააერთიანა;
  2. სანჩო (1181), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. სანჩა (1182-1185), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ენრიკე (1182-1184), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ფერდინანდი (1184), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  6. ურაკა (1187-1220), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე აფონსუ II-ს;
  7. ბლანკა (1188-1252), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ს, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის მეფე ლუი IX და სიცილიისა და ნეაპოლის მეფე შარლ I;
  8. ფერდინანდი (1189-1211), ასტურიის პრინცი, დანიშნული იყო დანიის მეფის ასულზე, თუმცა ქორწინებამდე გარდაიცვალა;
  9. მაფალდა (1191-1211), დანიშნული იყო ლეონის მეფეზე, თუმცა ქორწინებამდე გარდაიცვალა;
  10. ელეონორი (1200-1244), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე ხაიმე I-ს;
  11. კონსტანსია (1202-1243), აღიკვეცა მონაზვნად;
  12. ენრიკე I (1204-1217), კასტილიის მეფე, ცოლად შეირთო მაფალდა პორტუგალიელი, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ, რის გამოც ტახტზე მისი უფროსი და, ბერენგარია ავიდა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • raser, Antonia (2000). The Middle Ages, A Royal History of England. University of California Press. ISBN 0-520-22799-9.
  • Gillingham, John (2005). "Events and Opinions: Norman and English Views of Aquitaine, c.1152–c.1204". In Bull, Marcus; Léglu, Catherine. The World of Eleanor of Aquitaine: Literature and Society in Southern France between the Eleventh and Twelfth Centuries. Woodbridge: Boydell Press. ISBN 1-84383-114-7.
  • Mila y Fontanels, Manuel (1966). "De los trovadores en España". In Martinez, C.; Manrique, F. R. Obras de Manuel Mila y Fontanels. 2. CSIC, Barcelona.
  • Osma, Juan (1997). "Chronica latina regum Castellae". In Brea, Luis Charlo. Chronica Hispana Saeculi XIII. Turnhout: Brepols.
  • Rada Jiménez, Rodrigo. Historia de los hechos de España.
  • Shadis, Miriam (2010). Berenguela of Castile (1180–1246) and Political Women in the High Middle Ages. Palgrave Macmillan. ISBN 978-0-312-23473-7.
  • Vann, Theresa M., ed. (1993). Queens, Regents and Potentates. Vol. I. Boydell Press.
  • Wheeler, Bonnie; Parsons, John Carmi (2002). Eleanor of Aquitaine: Lord and Lady. Palgrave Macmillan. ISBN 0-230-60236-3.