ინგლისის რევოლუცია
ინგლისის რევოლუცია 1640 წლის 3 ნოემბერს „ხანგრძლივი პარლამენტის“ მოწვევით დაიწყო. 1642 წლის იანვარში ლონდონიდან ჩრდილოეთში მეფის წასვლით რევოლუციის მშვიდობიანი პერიოდი დასრულდა. გარდაუვალი გახდა სამოქალაქო ომი. ინგლისის მოსახლეობა ორ ურთიერთდაპირისპირებულ ნაწილად გაითიშა. მეფის ბანაკის ძირითადი ძალა ძველი თავადაზნაურობა იყო. პარლამენტის ბანაკს ბურჟუაზია და ახალი თავადაზნაურობა, გლეხობა და ქალაქის ღარიბი მოსახლეობა შეადგენდა. გამოიკვეთა რეალური დაპირისპირებაც. ანგლიკანური სამღვდელოება და ირლანდიელი კათოლიკეები მეფეს ემხრობოდნენ, პურიტანები კი პარლამენტს. ამიტომ ინგლისის რევოლუციას ხშირად „პურიტანულ რევოლუციასაც“ უწოდებენ. პოლიტიკური და რელიგიური დაპირისპირება ტერიტორიულ დაყოფაშიც აისახა. ინგლისის ჩრდილოეთისა და დასავლეთის ნაკლებად დასახლებული, ჩამორჩენილი ნაწილი მეფის დასაყრდენად იქცა, მჭიდროდ დასახლებული, განვითარებული სამხრეთ აღმოსავლეთი ინგლისი, ლონდონი და ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი კი პურიტანებს ემხრობოდა. ინგლისის მოსახლეობის უმრავლესობა პარლამენტის მხარეს იდგა.
ინგლისის რევოლუციის პერიოდიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისის რევოლუციის პერიოდის განსაზღვრა, ისტორიკოსთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. საკამათოა არა მარტო რევოლუციის დაწყების თარიღი, არამედ მისი დასრულების დროც. ზოგიერთი მკვლევარი ინგლისის რევოლუციას იწყებს 1603 წელს, როდესაც გარდაიცვალა ინგლისის დედოფალი ელისაბედ II და ტახტზე ავიდა მარიამ სტიუარტის ვაჟი ჯეიმზ I. ინგლისის ტახტზე ახალი დინასტიის ასვლას სერიოზული ცვლილებები მოჰყვა ინგლისის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ეს, უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატა, რომ სტიუარტებმა უგულვებელყვეს ინგლისის ტრადიციები. ყოველივე ამან გამოიწვია ინგლისის რევოლუციის ზღვრამდე მისვლა. ამიტომ ისტორიკოსებმა სტიუარტების მმართველობის დასაწყისს „ინგლისის რევოლუციის პროლოგი“ უწოდა.
ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ინგლისის რევოლუცია დაიწყო 1640 წელს ხანგრძლივი პარლამენტის მოწვევით, რომლის ირგვლივ მოხდა რევოლუციური ძალების კონსოლიდაცია.
სხვები მიიჩნევენ, რომ ინგლისის რევოლუცია დაიწყო 1642 წელს, როდესაც ნოტინგემში მეფემ აღმართა შტანდარტი და ომი გამოუცხადა პარლამენტს. დაპირისპირება აბსოლიტიზმსა და პარლამენტს შორის სამხედრო კონფრონტაციით, დაპირისპირებით, დასრულდა.
რევოლუციის დამთავრების თარიღის ირგვლივ ასევე გამოითქვა სხვადასხვა შეხედულებები. ერთნი ინგლისის რევოლუციას ასრულებენ ოლივერ კრომველის გარდაცვალებით 1658 წლის 3 სექტემბერს. მეორენი ამტკიცებენ, რომ ინგლისის რევოლუცია დასრულდა 1660 წელს, როდესაც მოხდა სტიუარტების დინასტიის რესტავრაცია. ინგლისში უმეფობის ხანის ინტერრეგნუმი დასრულდა.
მესამენი ინგლისის რევოლუციის დამთავრებას შესაძლებლად მიიჩნევენ 1688 წელს, როდესაც ინგლისში დაემხო სტიუარტების დინასტია და ინგლისის ტახტზე ავიდა უილიამ ორანელი. ამ გადატრიალებამ საფუძველი ჩაუყარა ინგლისში დემოკრატიის დამკვიდრებას და მის შემდგომ გაფართოებას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website of the English Civil War Society დაარქივებული 2008-06-25 საიტზე Wayback Machine.