ელეანორ ინგლისელი (1215-1275)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ელეანორ ინგლისელი
Alienor Pembroke.jpg
წოდებები
პემბროკის გრაფინია
ლეიცესტერის გრაფინია
დაიბადა 1215
გლოსტერი, ინგლისი
გარდაიცვალა 13 აპრილი, 1275
ლუარე, საფრანგეთი
საგვარეულო პლანტაგენეტები
მეუღლე(ები) უილიამ მარშალი, პემბროკის ერლი
(ქ. 1224 - გარდ. 1231)
სიმონ დე მონფორი, ლეიცესტერის ერლი
(ქ. 1238 - გარდ. 1265)
შვილ(ებ)ი შვიდი შვილი
მამა ჯონი, ინგლისის მეფე
დედა იზაბელა ანჟულიმელი
რელიგია კათოლიციზმი

ელეანორ ინგლისელი (ინგლ. Eleanor of England; დ. 1215 — გ. 13 აპრილი, 1275) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და დედოფალ იზაბელა ანჟულიმელის ნაბოლარა ქალიშვილი. პემბროკისა და ლეიცესტერის გრაფინია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეანორი დაიბადა 1215 წელს ინგლისში, მეტად რთულ ვითარებაში. მისი დაბადებისას ლონდონი აჯანყებულთა ხელში იყო და მამამისი, მეფე ჯონ უმიწაწყლო იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და ხელი მოეწერა თავისუფლების დიდი ქარტიისათვის. ამ დროს დედამისი, ორსულად მყოფი დედოფალი იზაბელა ანჟულიმელი გლოსტერში გაიქცა, სადაც გააჩინა ელეანორი, რომელსაც სახელი თავისი დედამთილის, ინგლისისა და საფრანგეთის დედოფალ ელეონორ აკვიტანიელის პატივსაცემად დაარქვა. იგი მათი ნაბოლარა შვილი აღმოჩნდა, რომელმაც ვერასოდეს შეძლო მამის ხილვა, რადგანაც ჯონი რამდენიმე თვეში, 1216 წელს გარდაიცვალა და მეფე ელეანორის ძმა, ჰენრი III გახდა. ინგლისში არსებული არეულობით ისარგებლეს ფრანგებმა, რომლებიც მეფე ლუი VIII-ის მეთაურობით შეიჭრნენ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში. ადგილობრივი ბარონები ელეანორის ძმის ერთგულები დარჩნენ, რომელთაგანაც ჩამოყალიბდა დიდი ლაშქარი. ინგლისელებმა უილიამ მარშალის მეთაურობით დაამარცხეს და გააძევეს ფრანგები, თუმცა უილიამი მალევე, 1219 წელს გარდაიცვალა.

რეგენტ-დედოფალმა იზაბელა ანჟულიმელმა, მარშალთა ძლევამოსილ ოჯახთან დამოყვრება მოისურვა, რის გამოც 1224 წლის 23 აპრილს, ლონდონში შედგა 9 წლის ელეანორ ინგლისელისა და 34 წლის უილიამ მარშალის ქორწინება. ამის შემდეგ, ახალგაზრდა ელეანორი პემბროკის გრაფინია ხდება. ვინაიდან პატარძალი ძალიან პატარა იყო, მათი ქორწინების კონსუმირება არ მომხდარა. 1231 წელს უილიამი უშვილოდ დაიღუპა, დაქვრივებულმა ელეანორმა კი კენტერბერის ეპისკოპოსს უბიწოების აღთქმა დაუდო, მაგრამ მისი დარღვევა შემდეგში მოუწია.

ამ ამბიდან შვიდი წლის შემდეგ, ელეანორი დანიშნეს ლეიცესტერის ერლ სიმონ დე მონფორზე. სიმონი გაოცებული იყო ელეანორის სილამაზითა და ელეგანტურობით, მის სიმდიდრესა და საოცარ წარმომავლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამის გამო, პარიზის ხელშეკრულების საფუძველზე, 1238 წლის 7 იანვარს, უესტმინსტერის სააბატოში შედგა სიმონ დე მონფორისა და ელეანორ ინგლისელის ქორწინება, რითაც იგი უკვე ლეიცესტერის გრაფინია გახდა. აღსანიშნავია, რომ მათ ქორწინებას თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა ელეანორის ძმა, კორნუოლის ერლი რიჩარდი, თუმცა მან ვერაფერი გააწყო. ქორწინებიდან მალევე სიმონი იძულებული გახდა დაეტოვებინა ელეანორი და პაპის მოწვევით წასულიყო რომში.

ელეანორზე ქორწინებით სიმონმა ხელში ჩაიგდო დიდი ძალაუფლება, რის შემდეგაც მან ტახტისათვის ბრძოლა დაიწყო. სწორედ ამ დროს, 1265 წლის 4 აგვისტოს, სიმონი და მისი ვაჟი ჰენრი ევეშამის ბრძოლაში დაიღუპნენ, სადაც ისინი ელეანორის ძმებს ებრძოდნენ. შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, მეორედ დაქვრივებული ელეანორი ძმებმა საფრანგეთში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1275 წლის 13 აპრილს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეანორს შვილები მხოლოდ მის მეორე ქმართან, სიმონ დე მონფორთან ჰყავდა. მათ სულ შვიდი საერთო შვილი ეყოლათ:

  1. ჰენრი (1238-1265), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. სიმონი (1240-1271), ლეიცესტერის ერლი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ამორი (1242-1300), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. გი (1244-1288), ნოლას გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. ჯოანა (1248-?), მის შესახებ ცნობები არ არსებობს;
  6. რიჩარდი (1252-1281), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  7. ელეანორი (1258-1282), ცოლად გაჰყვა უელსის პრინც ლიუელინ აფ გრუფუდს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fines, John (1995). Who's Who in the Middle Ages. Barnes & Noble Publishing. ISBN 1-56619-716-3.
  • Labarge, Margaret Wade; Griffiths, N. E. (1997). A Medieval Miscellany. McGill-Queen's Press. p. 48. ISBN 0-88629-290-5.
  • Levin, Carole; Barrett-Graves, Debra; Carney, Jo Eldridge; Spellman, W. M.; Kennedy, Gwynne; Witham, Stephanie (2000). Extraordinary Women of the Medieval and Renaissance World. Greenwood Press, Westport, Connecticut. ISBN 0-313-30659-1.
  • Maddicott, J. R. (1996). Simon de Montfort.
  • Powicke, F. M. (1949). Ways of Medieval Life and Thought.