ბლანკა ინგლისელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბლანკა ინგლისელი
Blanka Anglická.jpg
წოდებები
ინგლისის პრინცესა
დაიბადა გაზაფხული, 1392
გარდაიცვალა 22 მაისი, 1409, (17 წლის)
საგვარეულო ლანკასტერები
მეუღლე(ები) ლუდვიგ III, პფალცის კურფიურსტი
შვილ(ებ)ი რუპერტი
მამა ჰენრი IV, ინგლისის მეფე
დედა მერი დე ბოჰუნი
რელიგია კათოლიციზმი

ბლანკა ინგლისელი (ინგლ. Blanche of England, გერმ. Blanca von England; დ. გაზაფხული, 1392, ნორთჰემპტონშირი, ინგლისი — გ. 22 მაისი, 1409, აგნო, ელზასი, საფრანგეთი) — ლანკასტერების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ისა და მერი დე ბოჰუნის უფროსი ასული. მეფე ჰენრი V-ისა და დედოფალ ფილიპას და. პფალცის კურფიურსტ ლუდვიგ III-ის პირველი ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლანკა დაიბადა 1392 წლის გაზაფხულზე ნორთჰემპტონშირში (მაშინდელი კემბრიჯშირი), ინგლისში. იგი იყო პრინცი ჰენრი ლანკასტერისა და მისი მეუღლის, მერი დე ბოჰუნის მეხუთე შვილი და პირველი ქალიშვილი. მის შემდეგ დედამისი 1394 წელს მეექვსე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც გააჩინა პრინცესა ფილიპა, დანიის მომავალი დედოფალი. თავად მამამისი ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ძის, ჰერცოგ ჯონ გენტელისა და მისი პირველი მეუღლის, ბლანკა ლანკასტერელის (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) უფროსი ვაჟი და ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე იყო.

1399 წელს ბლანკას მამამ მოკლა ინგლისის უძეო მეფე რიჩარდ II და ტახტი თავად დაიკავა ჰენრი IV-ის სახელით, რითაც ქვეყანაში ლანკასტერები გამეფდნენ. სამ წელიწადში ჰენრიმ ცოლად შეირთო ნავარის მეფე კარლ II-ის ასული, საფრანგეთის მეფე ჟან II-ის შვილიშვილი და ბრეტანის ჰერცოგ ჟან V-ის ქვრივი, დედოფალი ჟანა ნავარელი. მეფეს მასთან შვილები არ ჰყოლია.

პრინცესა ბლანკას გვირგვინი

გამეფების შემდეგ ჰენრის დინასტიური ქორწინებების გზით მნიშვნელოვანი მოკავშირეების გაჩენა სურდა, რისთვისაც იქორწინა ესპანელ პრინცესაზე და რის გამოც გაათხოვა თავისი ნაბოლარა ასული, პრინცესა ფილიპა დანიაში. სულ მალევე ჰენრიმ ბლანკა დანიშნა გერმანიის მეფე რუპერტის უფროს ვაჟზე, პრინც ლუდვიგზე.

1401 წლის 7 მარტს ლონდონში გაფორმდა საქორწინო ხელშეკრულება. პატარძლის მზითვი 40,000 ნობელნს შეადგენდა. ერთი წლის შემდეგ, 1402 წლის 6 ივლისს კელნის კათედრალში, გერმანიაში, პრინცესა ბლანკამ პრინც ლუდვიგზე დაიწერა ჯვარი. მის მზითვში ასევე შედიოდა სპეციალურად პრინცესა ბლანკასათვის დამზადებული უძვირფასესი ოქროს გვირგვინიც, რომელიც დღეისათვის მიუნხენშია დაცული.

მიუხედავად პოლიტიკური მიზეზებისა, მათი ქორწინება იღბლიანი და ბედნიერი აღმოჩნდა. ოთხი წლის შემდეგ, 1406 წლის 22 მაისს ჰაიდელბერგში ბლანკამ თავისი ერთადერთი ვაჟი, პრინცი რუპერტი გააჩინა. 1408 წელს იგი მეორე ბავშვზე დაორსულდა, თუმცა სულ რამდენიმე თვეში, 1409 წლის 22 მაისს, 17 წლის ორსული ბლანკა ცხელებით გარდაიცვალა, ბავშვით მუცელში. იგი ქალაქ აგნოში, თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, რომელიც იმხანად გერმანიას ეკუთვნოდა. ბლანკა გადაასვენეს და დაკრძალეს პფალცში, ქალაქ ნოიშტადტში, წმინდა მარიამის სახელობის კათედრალში.

მისი გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, 1410 წელს მისი ქმარი პფალცის კურფიურსტი გახდა ლუდვიგ III-ის სახელით და მალევე იქორწინა კიდეც იტალიელ პრინცესა მატილდა სავოიელზე. ბლანკას ერთადერთი ვაჟი, პრინცი რუპერტი 1426 წელს გარდაიცვალა, დაუქორწინებელი და უშვილო, ცხრამეტი წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Harriss, Gerald (2005). Shaping the Nation: England 1360-1461. Oxford University Press.
  • Ogden, Jack (2018). Diamonds: An Early History of the King of Gems. Yale University Press.
  • Panton, Kenneth J. (2011). Historical Dictionary of the British Monarchy. Scarecrow Press.
  • Walther Holtzmann: Die englische Heirat Pfalzgraf Ludwigs III., in: Zeitschrift für die Geschichte des Oberrheins No 43 (1930), pp. 1–22.