მატილდა ინგლისელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატილდა ინგლისელი
საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1168
მმართ. დასასრული: 1180
წინამორბედი: კლემენტია ფონ ზაარინგენი
მემკვიდრე: იუდით პოლონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 იანვარი, 1156
დაბ. ადგილი: უინძორი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 28 ივნისი, 1189, (33 წლის)
გარდ. ადგილი: ბრაუნშვაიგი, საქსონია
მეუღლე: ჰაინრიხ III, საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგი
შვილები: მატილდა, პერჩეს გრაფინია
ჰაინრიხ V, რაინის პფალცგრაფი
ლოთარი
ოტო IV, საღვთო რომის იმპერატორი
ვილჰელმი, ლუნებურგის ჰერცოგი
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ჰენრი II, ინგლისის მეფე
დედა: ელეონორ აკვიტანიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მატილდა ინგლისელი (ინგლ. Matilda of England, გერმ. Mathilde von England; დ. 6 იანვარი, 1156 — გ. 28 ივნისი, 1189) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი II-ისა და დედოფალ ელეონორ აკვიტანიელის უფროსი ასული. საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგინია 1168-80 წლებში როგორც ჰაინრიხ ლომის მეუღლე. საღვთო რომის იმპერატორ ოტო IV ბრაუნშვაიგელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატილდა დაიბადა 1156 წლის 6 იანვარს უინძორის სამეფო სასახლეში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეონორ აკვიტანიელის უფროსი ქალიშვილი. მისი დაბადებისთანავე გადაწყდა, რომ იგი ინგლისსა და საღვთო რომის იმპერიას შორის კავშირის გამყარებისათვის გამოეყენებინათ, რისთვისაც იგი გერმანიაში უნდა გათხოვილიყო. მისი გათხოვებით ინგლისს უნდა შეეძინა ახალი და ძლევამოსილი მოკავშირე, რომელიც მას რომის პაპთან არსებულ დავაში დაუჭერდა მხარს. 1165 წელს საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა და ჰენრი II ერთმანეთს კიოლნში შეხვდნენ, სადაც მათ მატილდას გათხოვებასთან დაკავშირებით მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ იგი საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგ ჰაინრიხ ლომისათვის მიეთხოვებინათ. ცნობილია, რომ მოლაპარაკებებისას განხეთქილება მოხდა და ლესტერის ერლი რობერტ ბემონტი ანტი-პაპ ვიქტორი IV-ის მხარეს გადავიდა. მალევე ჰენრი II-მ თავისი მეორე ქალიშვილის, ელეონორას მითხოვება გადაწყვიტა თავად იმპერატორ ფრიდრიხ I-ის ვაჟისათვის, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ელეონორა ესპანეთში გაათხოვა.

მატილდა და ჰაინრიხ ლომი 1168 წლის 1 თებერვალს დაქორწინდნენ საქსონიის ქალაქ მინდენის კათედრალში. აღსანიშნავია, რომ ჰერცოგი ჰაინრიხი თავის პირველ ცოლს, კლემენტია ფონ ზაარინგენს 1162 წელს გასცილდა უშვილობის გამო, თუმცა მას მატილდასთან ეს პრობლემა არ ჰქონია. ჰაინრიხსა და მატილდას ქორწინებაში სულ რვა შვილი შეეძინათ:

  1. მატილდა (ან რიჩეზა) (1172-1209), ცოლად გაჰყვა პერჩეს გრაფ ჟოფრუა III-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა კუსის ლორდ ენგერანდ III-ზე;
  2. ჰაინრიხ V (1173-1227), რაინის პფალცგრაფი, პირველად იქორწინა აგნესა ჰოენშტაუფენზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი აგნესა ლანდსბერგელზე;
  3. ლოთარი (1174-1190);
  4. ოტო IV (1175-1218), საღვთო რომის იმპერატორი, პირველად იქორწინა ბეატრიქს ჰოენშტაუფენზე, თუმცა უშვილობის გამო გასცილდა და ცოლად მარია ბრაბანტელი შეირთო, თუმცა შვილები არც მასთან ეყოლა;
  5. ელეონორა (1178), დაიღუპა ჩვილობაში;
  6. ინგებორგი (1180), დაიღუპა ჩვილობაში;
  7. მკვდარშობილი ვაჟი (1182);
  8. ვილჰელმი (1184-1213), ლუნებურგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ელენა დანიელი;

აღსანიშნავია, რომ მატილდასა და ჰაინრიხს საკმაოდ ბედნიერი და ძლიერი ქორწინება ჰქონდათ. ჰაინრიხი სულ უფრო უახლოვდებოდა საღვთო რომის იმპერიის მმართველ ჰოენშტაუფენთა დინასტიას, რაშიც მატილდაც დიდად ეხმარებოდა. 1172-73 წლებში მატილდა იყო ბავარიისა და საქსონიის რეგენტი, როდესაც მისი ქმარი წმინდა მიწას სტუმრობდა. გერმანიაში დაბრუნებულ ჰაინრიხს მატილდა დიდი სიხარულით დახვდა და ამის აღსანიშნავად დანკვარდეროდის სასახლეში დიდი ბანკეტიც გამართა. მათი მფარველობით ააგეს ბრაუნშვაიგისა და ლუციდარიუსის კათედრალები. ასევე მათი დამსახურებით ჩნდება გერმანულ ლიტერატურაში პირველად პროზა. მატილდასა და ჰაინრიხის ხელშეწყობით ითარგმნა სახარებები და ბიბლიაც.

დაბრუნებიდან მალევე ჰაინრიხს იმპერატორ ფრიდრიხთან მწვავე კონფლიქტი მოუვიდა. სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით 1176 წელს გამწვავდა, როდესაც ჰაინრიხმა უარი განაცხადა იმპერატორის დახმარებაზე, როდესაც იგი ჩრდილო იტალიას, კერძოდ კი ლომბარდიას ლაშქრავდა. ამის გამო იმპერატორის ჯარები დამარცხდა და ფრიდრიხი იძულებული გახდა სამარცხვინო ზავი დაედო რომის პაპ ალექსანდრე III-თან. 1180 წელს განრისხებულმა იმპერატორმა ჰაინრიხი თავისთან დაიბარა და სამფლობელოები ჩამოართვა. მართალია ჰაინრიხი ეახლა ფრიდრიხს, თუმცა მან მატილდა და მათი შვილები ნორმანდიაში გადამალა. მატილდა ნორმანდიის სამეფო კარზე 1185 წლამდე დარჩა.

1185 წელს ახალი მამამისის, მეფე ჰენრი II-ის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით მატილდა თავის შვილებთან ერთად დაბრუნდა საქსონიაში. მართალია ინგლისელების დახმარებით მატილდამ და ჰაინრიხმა დაიბრუნეს საქსონიის ნაწილი, თუმცა ბავარია სამუდამოდ დაკარგეს. 1189 წელს იმპერატორმა ჰაინრიხ ლომს მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, უარის შემთხვევაში კი გადასახლებით დაემუქრა. ჰაინრიხმა პროტესტის ნიშნად დატოვა საქსონია და ინგლისში, თავის ცოლის ძმასთან, რიჩარდ I-თან ჩავიდა დახმარებისთვის, მატილდა კი ბრაუნშვაიგში დარჩა და ჯარების შეკრება დაიწყო, თუმცა სამ თვეში, 1189 წლის 28 ივნისს მატილდა ინგლისელი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ludwig Holzfurtner: Mathilde. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 16, Duncker & Humblot, Berlin 1990, ISBN 3-428-00197-4, S. 378.
  • Timothy Reuter/Kate Norgate: Matilda. In: Oxford Dictionary of National Biography. Band 37, 2004, S. 331–332.
  • Edmond-René Labande, Pour une image véridique d’Aliénor d’Aquitaine, réédité avec une préface de Martin Aurell par la Société des antiquaires de l'Ouest-Geste éditions, 2005, ISBN 2-84561-224-9.