კაფესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კაფესი (თურქ. Kafes, სიტყვასიტყვით გალია) — ჰარამხანის ნაწილი ოსმალურ სასახლეში, სადაც იმპერიის სულთნის ძმები და ტახტის მემკვიდრენი შინაპატიმრობაში და სასახლის მცველების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

პირველად კაფესი სულთან აჰმედ I-ის ძმის, შეჰზადე მუსტაფასთვის გამოიყენეს. მანამდე არსებული ტრადიციით, როცა სულთანი ტახტზე ავიდოდა სიკვდილით უნდა დაესაჯა ძმები, რათა მის ტახტს საფრთხე არ დამუქრებოდა. სიკვდილით ისჯებოდნენ ჩვილი ბავშვებიც კი, მაგალითად, აჰმედ I-ის მამამ, მეჰმედ III-მ ტახტზე ასვლის შემდეგ 19 ძმა მოაკვლევინა. თავად აჰმედმა უარი განაცხადა ძმის სიკვდილით დასჯაზე, მბრძანებლისთვის ძმის ყოლა კი ტახტისთვის საფრთხეს შეიცავდა, ამიტომ მუსტაფა ჰარამხანაში გამოკეტეს და აქედან დაედო სათავე კაფესში გამოკეტვის ტრადიციას. კაფესის გაჩენამ აგრეთვე, შეცვალა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მბრძანებლის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ვაჟი უნდა ასულიყო. ახალი ტრადიციის მიხედვით კი ტახტზე ყველაზე უფროსი შეჰზადე ადიოდა. 1617 წელს აჰმედ I-ის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მუსტაფა I ავიდა, შეჰზადე ოსმანის ნაცვლად, რომელიც მხოლოდ 13 წლის იყო.

კაფესში გამოკეტილ შეჰზადეებს ეკრძალებოდათ განათლების მიღებაც კი და მათ განკარგულებაში მხოლოდ რამდენიმე მსახური იყო. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს ტახტი ხვდებოდა წილად, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, იმპერია როგორ უნდა ემართათ, საერთოდ ვერ ერკვეოდნენ პოლიტიკაში. აგრეთვე, სულთნებში ხშირი იყო წლების განმავლობაში ერთ ოთახში ყოფნის შედეგად გამოწვეული ფსიქიკური აშლილობაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Freely, John, Inside the Seraglio: Private Lives of the Sultans in Istanbul Viking 1999 ISBN 978-0670878390