შინაარსზე გადასვლა

ალ-ჰაკიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-ჰაკიმ ბი-ამრ ალაჰ აბუ ალი მანსური
الحاكم بأمر الله
ფატიმიდების სახალიფოს მე-6 ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 996
მმართ. დასასრული: 1021
წინამორბედი: ალ-აზიზ ბილაჰი
მემკვიდრე: ალი აზ-ზაჰირი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აგვისტო, 985
დაბ. ადგილი: კაირო, ფატიმიდების სახალიფო
გარდ. თარიღი: 13 თებერვალი, 1021
დინასტია: ფატიმიდები
მამა: ალ-აზიზ ბილაჰი
დედა: აზ-საიდია ალ-აზიზია
რელიგია: შიიტური ისლამი

ალ-ჰაკიმ ბი-ამრ ალაჰი (სრული სახელი — ალ-ჰაკიმ ბი-ამრ ალაჰ აბუ ალი მანსური, არაბ. الحاكم بأمر الله; დ. 13 აგვისტო, 985 — გ. 13 თებერვალი, 1021) — ფატიმიდების სახალიფოს მე-6 ხალიფა 996–1021 წლებში, ხალიფა ალ-აზიზ ბილაჰის ვაჟი. მმართველობის პირველ წლებში (996-1002) შიიტი სწავლულების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ალ-ჰაკიმი გამოირჩეოდა სისასტიკით ქრისტიანებისა და იუდეველების მიმართ. 1004 წელს გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ფატიმიდების სამფლობელოებში მცხოვრებ ქრისტიანებს აეკრძალათ ნათლისღებისა და აღდგომის დღესასწაულების აღნიშვნა. [1] ალ-ჰაკიმი ხელს უწყობდა კულტურისა და რელიგიის განვითარებას. სპარსი ისტორიკოსების გადმოცემით, ის აღიარებდა ისმაილიზმს და დახმარებას უწევდა მის აქტიურ მიმდევრებს. ხალიფა ასევე სარგებლობდა დრუზების მხარდაჭერით.

ალ-ჰაკიმის მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი გამოსარჩევი მოვლენაა 1011 წლის ე.წ. „ბაღდადის მანიფესტი“, როცა აბასიანთა ხალიფა ალ-კადირმა ფატიმიდთა სახალიფო დააკნინა და შიიზმის წინააღმდეგ გამოვიდა. საპასუხოდ ალ-ჰაკიმმა კაიროში ბაღდადიდან მიიწვია სუნიტი და შიიტი ულემები. მან ისინი დაარწმუნა იმაში, რომ მისი წინაპარი ფატიმიდი ხალიფები ალისა და მუჰამედის ქალიშვილის, ფატიმას პირდაპირ შთამომავლები იყვნენ. ალ-ჰაკიმმა მიზანს მიაღწია, მისი გენიალოგიის გამოკვლევის შედეგად დადასტურდა ფატიმიდთა წარმომავლობის საკითხი. ამის შემდეგ ალ-ჰაკიმის ავტორიტეტი მუსლიმანურ სამყაროში საგრძნობლად ამაღლდა.

მისი ზეობის დროს ფატიმიდები ებრძოდნენ ბერბერებს, ბაჰრეინელ ვაჭრებსა და ბაღდადის აბასიანებს. ის ასევე პრეტენზიას გამოთქვამდა მცირე აზიის აღმოსავლეთში არსებულ ოლქებზე, რის გამოც დაუპირისპირდა ბიზანტიის იმპერიას. „მატიანე ქართლისას“ ცნობით, ალ-ჰაკიმი და გიორგი I აპირებდნენ ბიზანტიის წინააღმდეგ კოალიციის შექმნას, თუმცა 1021 წლის 13 თებერვალს, ხალიფა ალ-ჰაკიმი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ის ბიზანტიელთა კეისრის, ბასილი II-ის დავალებით მოკლეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
ალ-აზიზ ბილაჰი
ფატიმიდი ხალიფა
996-1021
შემდეგი:
ალი აზ-ზაჰირი