საუდის არაბეთის ეკონომიკა
საუდის არაბეთის ეკონომიკა უდიდესია არაბულ სამყაროში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მე-18 ადგილზეა.[1] საუდის არაბეთი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის დამფუძნებელი და მუდმივი წევრი და როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, დიდი ოცეულის ფორუმის წევრიცაა.[2] ქვეყნის ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული ეროვნული მთავრობის მხრიდან პატრონაჟსა და მომსახურების მხარდაჭერაზე.
34.4 ტრილიონი ამერიკული დოლარის ღირებულებით, საუდის არაბეთი მსოფლიოში მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ბუნებრივი რესურსების რეზერვების, მეტწილად ნავთობისა და ბუნებრივი აირის რაოდენობით.[3] ნავთობის დადასტურებული რეზერვების რაოდენობით საუდის არაბეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში,[4] ხოლო ბუნებრივი აირის დადასტურებული რეზერვებით ― მეექვსე.[5] საუდის არაბეთი ამჟამად ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში.[6] ეკონომიკის სხვა მთავარი ნაწილებია რეფინირებისა და ქიმიური მრეწველობა ნავთობის რეზერვებიდან, რომელთა უმრავლესობაც ვერტიკალურად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოში, Saudi Armaco-შია ინტეგრირებული.
საუდის არაბეთის ეკონომიკა ფუნქციონირებს როგორც ნავთობსახელმწიფო და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში მოწინავე როლს თამაშობს. 2016 წელს საუდის არაბეთის მთავრობამ Saudi Vision 2030 პროგრამა წამოიწო, რომელიც ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებასა და ეკონომიკური რესურსების დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად. 2019 წლის პირველ კვარტალში საუდის არაბეთის ბიუჯეტს პირველად 2016 წლის შემდეგ ზედმეტი რესურსი ჰქონდა. ნამატმა 10.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც ნავთობისა და არასანავთობე საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლების ზრდით იყო გამოწვეული.[7] ამჟამად საუდის არაბეთში მდგრადი ტექნოლოგიების ინვესტირება მიმდინარეობს, რათა ქვეყნის ძლიერი დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე შემცირებს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს გლობალური დათბობის ეფექტის შერბილებაში.[8]
ეკონომიკური მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საუდის არაბეთის ნავთობის რეზერვების მეორე უდიდესი რეზერვებია მსოფლიოში (ვენესუელის შემდეგ) და ქვეყანა მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი და მეორე უდიდესი მომპოვებელია. დადასტურებული რეზერვები, საუდის არაბეთის მთავრობის მონაცემებით, დაახლოებით 260 მილიარდ ბარელს უდრის, რაც მსოფლიოს ნავთობის რეზერვების დაახლოებით 1/4-ს უდრის. საუდის არაბეთის ნავთობი არა მხოლოდ მდიდარია, არამედ ხმელეთის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს და მისი მოპოვება უფრო იაფიც ჯდება და სხვა ადგილებიდან შედარებით უფრო მოსახერხებელიცაა.[9] საუდის არაბეთის საბიუჯეტო შემოსავლების 85%-ზე მეტი, ექსპორტიდან შემოსავლების 90% და მთლიანი შიდა პროდუქტის 42% ნავთობის სექტორზე მოდის.[10] საუდის არაბეთის ნავთობის რეზერვები და წარმოება მეტწილად სახელმიწფო კორპორაციის, Saudi Armaco-ს მიერ იმართება.[11]
მთლიანი შიდა პროდუქტის დარჩენილი 40% კერძო სექტორზე მოდის. 2013 წლის მონაცემებით საუდის არაბეთში ლეგალურად 7.5 მილიონზე მეტი უცხოელი მუშაა დასაქმებული,[12] რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მთავრობა ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას, რათა სამეფოს დამოკიდებულება ნავთობზე შეამციროს და დასაქმების შესაძლებლობები გაზარდოს. 2000-იან წლებში, ნავთობზე მაღალი ფასების მოქმედების დროს,[13] ბიუჯეტის სიჭარბის დროს მთავრობამ დასაქმებულთა ტრენინგებსა და განათლებაზე, ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და სამთავრობო ხელფასებზე დანახარჯები გაზარდა.
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საუდის არაბეთს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 39-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 36-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 23 566.4 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 1.37%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 3.3%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 5.9%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.6, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 0 %-ია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით საუდის არაბეთი 37-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 21-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 49-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― მე-100, საჯარო სექტორის საქმიანობით ― მე-20, გამჭვირვალობით ― 52-ე, საკუთრების უფლებებით ― 50-ე, კორპორატიული მმართველობით ― მე-6, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 31-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით საუდის არაბეთი მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 34-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 34-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 47-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით საუდის არაბეთი 38-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად ძალიან სტაბილურია, პირველ ადგილზეა (32 სახელმწიფოსთან ერთად): ინფლაციის დონე 0.8%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 100-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით საუდის არაბეთი მე-19 ადგილზეა: შიდა კონკურენციით მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 41-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 89-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 78-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 98-ს.
საუდის არაბეთში კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (38-ე ადგილი): სიღრმით 45-ე, ხოლო სტაბილურობით მე-7 ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა მე-17 ადგილს იკავებს. საუდის არაბეთში ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (109-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 132-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 724-ს.[14]
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Niblock, Tim (2007) The political economy of Saudi Arabia. Routledge. ISBN 978-0-415-42842-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Saudi Arabia. The World Factbook. Central Intelligence Agency.
- Saudi Arabia Economic Development საიტზე Curlie
- Saudi Arabia Export, Import, Trade Balance
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ GDP (current US$) | Data. ციტირების თარიღი: 9 September 2019
- ↑ G20 Members. ციტირების თარიღი: 12 December 2018
- ↑ Anthony, Craig. Which 10 Countries Have the Most Natural Resources?. ციტირების თარიღი: 11 January 2021
- ↑ The World's Largest Oil Reserves By Country en. ციტირების თარიღი: 12 December 2018
- ↑ Country Analysis Executive Summary: Saudi Arabia en. ციტირების თარიღი: 19 July 2022
- ↑ Workman, Daniel. (30 November 2018) Crude Oil Exports by Country en-US. ციტირების თარიღი: 12 December 2018
- ↑ Saudi Arabia sees first budget surplus since 2014 en (24 April 2019). ციტირების თარიღი: 1 May 2019
- ↑ Fang, Lee; Lerner, Sharon. (September 18, 2019) Saudi Arabia Denies Its Key Role in Climate Change Even as It Prepares for the Worst en. ციტირების თარიღი: 2022-06-08
- ↑ Tripp, Culture Shock, 2003: p.113
- ↑ „Saudi Arabia“. Forbes (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 March 2018. ციტირების თარიღი: 23 February 2018.
- ↑ Who we are en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 18 August 2018
- ↑ „New plan to nab illegals revealed“. Arab News. 16 April 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 June 2018. ციტირების თარიღი: 30 April 2013.
- ↑ Tripp, Culture Shock, 2009: p. vii
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 490-493.
|