კატარის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოჰა ― კატარის ფინანსური ცენტრი

კატარის ეკონომიკა ერთ-ერთი უმდიდრესი ეკონომიკაა მსოფლიოს მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. მსოფლიო ბანკის, გაეროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 და 2016 წლების მონაცემებით კატარი მსოფლიოს 10 უმდიდრეს სახელმწიფოს შორის იყო.[1][2] ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მიუხედავად მეზობელი სახელმწიფოების: საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ დაწესებული სანქციებისა.

კატარის ეკონომიკის ქვაკუთხედი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მრეწველობაა, რომელიც სამთავრობო შემოსავლების 70%-ზე მეტს, მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების თითქმის 85%-ს შეადგენს. ბუნებრივი აირის რეზერვების მიხედვით კატარი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ხოლო ბუნებრივი აირის ექსპორტის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს.

ენერგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნავთობზე დაფუძნებული მრეწველობის განვითარებამდე კატარი ღარიბი სახელმწიფო იყო. ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება 1939 წელს დაიწყო.[3][4] 1973 წელს ნავთობის წარმოება და შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შემდეგაც კატარი მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების სიიდან გამოირიცხა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოდ იქცა.

1982 წლიდან 1989 წლამდე კატარის ეკონომიკა უარესდებოდა. ნედლი ნავთობის წარმოებაზე ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მიერ დაწესებული ქვოტა, ნავთობზე დაბალი ფასები და საერთაშორისო ბაზრებზე არადამაიმედებელმა ხედვებმა ნავთობიდან შემოსავლები შეამცირა. კატარის მთავრობას შემცირებული შემოსავლების შესაბამისი ცვლილებების გატარება მოუწია. შედეგად ადგილობრივი ბიზნეს გარემო გაუარესდა და ბევრი ფირმა ბაზრიდან გავიდა. 1990-იან წლებში ეკონომიკის გაუმჯობესების შემდეგ ეგვიპტიდან და სამხრეთი აზიიდან მოსახლების ნაწილი დაბრუნდა.

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარის მინერალების რუკა

მთავრობის მიდგომით, მრეწველობა ეკონომიკის გამრავალფეროვნების გეგმის შიდა ნაწილია და ბუნებრივი აირის რეზერვებიდან მოგების მაქსიმიზაციას ინახავს მიზნად. ექსპორტზე ორიენტაციიდან გამომდინარე აქცენტი რას-ლაგანის სამრეწველო ქალაქსა და მესაიიდის სამრეწველო ზონაზე კეთდება, რომლებიც ენერგეტიკის წამყვანი ცენტრებია. Industries Qatar ნავტობქიმიკატების, სასუქისა და ლითონის რეგიონული სათბურია, რომელსაც ზომით მხოლოდ Saudi Basic Industries Corporation უსწრებს, ქიმიური პროდუქტების უდიდესი მწარმოებელი ახლო აღმოსავლეთში. 2007 წელს კატარის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამე უდიდესი წილი სამრეწველო სექტორზე მოდიოდა და მშპ-ის 7.5% შეადგინა. კატარში მრეწველობის დარგებს ბიზნესისა და ვაჭრობის სამინისტრო არეგულირებს.[5]

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით.[6] 1970-იან წლებში ეს მაჩვენებელი კატარში 1 156%-ით გაიზარდა.[7] 1980-იან წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 53%-ით გაიხარდა, ხოლო 1990-იან წლებში მსოფლიო მასშტაბით ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შედეგად მაჩვენებელი 94%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა არანახშირწყალბადის სექტორის განვითარებას და ეკონომიკის გამრავალფეროვნებას ცდილობს, კატარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად ნავთობისა და ბუნებრივი აირის მრეწველობა რჩება.[8]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ-ხორის ნავსადგური. თევზჭერას კატარის ეკონომიკაში მცირე წილი უკავია და წარმოება ძირითადად შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვისაა მიმართული

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კატარს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 30-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 29-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 70 779.5 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.26%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.1%-ს უდრის. უმუშევრობის დონე 0.1%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.6.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით კატარი 35-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას მე-19 ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 33-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 67-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― მე-17, გამჭვირვალობით ― 31-ე, საკუთრების უფლებებით ― 18-ე, კორპორატიული მმართველობით ― 121-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 54-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით კატარს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 24-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-19, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 46-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით კატარია მე-8 ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად სტაბილურია, მე-40 ადგილზეა: ინფლაციის დონე 0.3%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 97.8-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით კატარი 13-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით მ-14 ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― მე-19-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 47-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 54-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 51-ს.

კატარში კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (22-ე ადგილი): სიღრმით მე-18, ხოლო სტაბილურობით 79-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 53-ე ადგილს იკავებს. კატარში საკმაოდ კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (39-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 86-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― მე-12-ს.[9]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. GDP per capita (current US$) | Data en-us. ციტირების თარიღი: 2017-09-13
  2. Report for Selected Countries and Subjects en-US. ციტირების თარიღი: 2017-09-13
  3. The Qatar Oil Discoveries, Rasoul Sorkhabi, Ph.D., in GEO ExPro Magazine, Vol. 7, No. 1 - 2010 (January 2010).
  4. Qatar tourist information guide. ციტირების თარიღი: 14 February 2012
  5. وزير التجارة و الصناعة ar. ციტირების თარიღი: 2020-05-21
  6. The World's Richest and Poorest Countries. Global Finance Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 3 March 2015
  7. What We Do. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 3 March 2015
  8. Qatar Country Commercial Guide: Market Challenges. International Trade Administration. ციტირების თარიღი: 21 January 2022
  9. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 474-477.