მარია ტერეზა ჩიბო-მალასპინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარია ტერეზა ჩიბო-მალასპინა
Digital collage named "Maria Teresa, Duchess of Massa and Carrara, Duchess of Modena".png
მასასა და კარარას ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 18 აგვისტო, 1731
მმართ. დასასრული: 29 დეკემბერი, 1790
წინამორბედი: ალდერანო I
მემკვიდრე: მარია ბეატრიჩე
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 22 თებერვალი, 1780
მმართ. დასასრული: 29 დეკემბერი, 1790
წინამორბედი: შარლოტ აგლაე ორლეანელი
მემკვიდრე: მარია ბეატრიჩე სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ივნისი, 1725
დაბ. ადგილი: ნოველარა, იტალია
გარდ. თარიღი: 29 დეკემბერი, 1790, (65 წლის)
გარდ. ადგილი: მოდენა, იტალია
მეუღლე: ევგენი სავოიელი, სუასონის გრაფი
(ქ. 1734 - გარდ. 1734)
ერკოლე III, მოდენის ჰერცოგი
(ქ. 1741)
შვილები: მარია ბეატრიჩე, მასას ჰერცოგინია
დინასტია: ჩიბო-მალასპინები
მამა: ალდერანო I, მასას ჰერცოგი
დედა: რიკარდა გონძაგა
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ტერეზა ჩიბო-მალასპინა (იტალ. Maria Teresa Cybo-Malaspina; დ. 29 ივნისი, 1725, ნოველარა, იტალია — გ. 29 დეკემბერი, 1790, მოდენა, იტალია) — იტალიელი წარჩინებული ჩიბო-მალასპინათა საგვარეულოდან. მასასა და კარარას სუვერენული ჰერცოგინია 1731-1790 წლებში. მოდენისა და რეჯიოს კონსორტი ჰერცოგინია 1780-1790 წლებში როგორც ერკოლე III-ის პირველი ცოლი. მასას ჰერცოგინია მარია ბეატრიჩეს დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზა დაიბადა 1725 წლის 29 ივნისს ნოველარაში, ჩრდილოეთ იტალიაში. იგი იყო მასასა და კარარას ჰერცოგ ალდერანო I-ისა და მისი ცოლის, რიკარდა გონძაგას ასული. ვინაიდან იგი უფროსი შვილი იყო და ძმაც არ ჰყავდა, მარია ტერეზა თავიდანვე მამის პირველ მემკვიდრედ მოიაზრებოდა. 1731 წლის 18 აგვისტოს ალდერანო გარდაიცვალა, რა დროსაც ორივე საჰერცოგოს ტახტი ექვსი წლის მარია ტერეზამ დაიკავა.

1734 წლის 10 ნოემბერს, 9 წლის მარია ტერეზა მიათხოვეს გაფრანგებულ იტალიელ მთავარს, სუასონის გრაფ ევგენი სავოიელს, რომელიც სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ის შთამომავალი იყო, კარინიანოს შტოდან. წყვილმა ერთმანეთთან შეხვედრა ვერც მოასწრო, რადგან ევგენი იმავე წლის 23 ნოემბერს, ქორწილიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ვინაიდან ქორწინება კონსუმირებული არ იყო, რომის პაპმა იგი ანულირებულად სცნო და მარია ტერეზას ხელახალი ქორწინების შანსი მისცა.

1741 წელს იგი ცოლად გაჰყვა მოდენისა და რეჯიოს პრინც ერკოლეს, ჰერცოგ ფრანჩესკო III-ისა და ჰერცოგინია შარლოტ აგლაე ორლეანელის უფროს ძეს. წყვილს ერთობ უიღბლო ქორწინება ჰქონდა, რომელშიც მარია ტერეზამ სულ ორი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ პრინცესა მარია ბეატრიჩემ მიაღწია ზრდასრულობამდე. ვინაიდან მათ მეტი შვილი აღარ უჩნდებოდათ, ოთხივე საჰერცოგოს მემკვიდრედ მარია ბეატრიჩე მოიაზრებოდა.

მარია ბეატრიჩეთი მალევე დაინტერესდა ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ტერეზია, რომელმაც მათ მისი და თავისი შუათანა ძის, ლეოპოლდის დაქორწინება შესთავაზა, თუმცა მოდენელებმა უარი უთხრეს. მოგვიანებით, 1771 წლის 15 ოქტომბერს მარია ბეატრიჩე მარია ტერეზიას მეორე ვაჟზე, ფერდინანდ კარლზე დააქორწინეს, რითაც შეიქმნა ჰაბსბურგ-ესტეს დინასტია, რომელიც ერკოლეს შემდეგ მართავდა მოდენას.

1780 წლის 22 თებერვალს მისი მამამთილი გარდაიცვალა, ჰერცოგი ერკოლე III გახდა და მარია ტერეზაც მოდენისა და რეჯიოს ახალ ჰერცოგინიად გვევლინება. ამის შემდეგ მარია ტერეზამ საბოლოოდ მიატოვა ქმარი და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. იგი 1790 წლის 29 დეკემბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა მოდენაში. მისი დაღუპვის შემდეგ მასასა და კარარას ახალი ჰერცოგინია მისი ასული გახდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზას შვილები მხოლოდ მეორე ქმრისგან ჰყავდა:

  1. მარია ბეატრიჩე (1750-1829), ცოლად გაჰყვა ერცჰერცოგ ფერდინანდ კარლ ავსტრიელს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  1. რინალდო ფრანჩესკო (1753), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anne Mueller von der Haegen: Art & Architecture Tuscany, h.f. Ullmann, 2010. S. 43 f.
  • Marco Castracane: Gli italiani e l'arte, 2011, S. 88 f.
  • Provinzfaschismus in Italien: Politische Gewalt und Herrschaftsbildung in der Marmorregion Carrara, 1921-1924 Roger Engelmann Oldenbourg Verlag, 1992, S. 39