ერკოლე III დ’ესტე
ერკოლე III | |
---|---|
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 თებერვალი, 1780 |
მმართ. დასასრული: | 7 მაისი, 1796 |
წინამორბედი: | ფრანჩესკო III |
მემკვიდრე: | ფრანჩესკო IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ნოემბერი, 1727 |
დაბ. ადგილი: | მოდენა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 14 ოქტომბერი, 1803, (75 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტრევიზო, იტალია |
მეუღლე: |
მარია ტერეზა ჩიბო-მალასპინა (ქ. 1741 - გარდ. 1790) ჩიარა მარინი (ქ. 1795) |
შვილები: | მარია ბეატრიჩე, მასას ჰერცოგინია |
სრული სახელი: | ერკოლე რინალდო |
დინასტია: | დ’ესტეები |
მამა: | ფრანჩესკო III, მოდენის ჰერცოგი |
დედა: | შარლოტ აგლაე ორლეანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ერკოლე III დ’ესტე (იტალ. Ercole III d'Este; დ. 22 ნოემბერი, 1727, მოდენა, იტალია — გ. 14 ოქტომბერი, 1803, ტრევიზო, იტალია) — დ’ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი 1780-1796 წლებში. ჰერცოგ ფრანჩესკო III-ისა და შარლოტ აგლაე ორლეანელის ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერკოლე დაიბადა 1727 წლის 22 ნოემბერს მოდენაში. იგი იყო მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ფრანჩესკო III-ისა და მისი ცოლის, პრინცესა შარლოტ აგლაე ორლეანელის ვაჟი. იგი წყვილის მეოთხე შვილი იყო და ჰყავდა უფროსი და, მარია ტერეზა და ორი ძმაც, რომლებიც მის დაბადებამდე გარდაიცვალნენ. შესაბამისად, იგი ტახტის პირველი მემკვიდრე იყო.
1741 წელს ერკოლე იძულებით დააქორწინეს პრინცესა მარია ტერეზა ჩიბო-მალასპინაზე, მასასა და კარარას ჰერცოგინიაზე, რათა შემდეგში ესტეები მის საჰერცოგოებსაც დაპატრონებოდნენ. წყვილს სულ ორი შვილი შეეძინა, თუმცა მათი ქორწინება იმდენად უიღბლო იყო, რომ ისინი წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
1780 წლის 22 თებერვალს იგი მოდენისა და რეჯიოს ახალი ჰერცოგი ხდება ერკოლე III-ის სახელით. ახალმა ჰერცოგმა მამის მიერ წამოწყებული რეფორმების გაგრძელება დაიწყო. მან ააშენა ორი ახალი ხიდი რუბიერასა და სანტო-ამბროჯიოში და ვია-ემილიაში გაიყვანა გზები, რომლებიც მეზობელ საჰერცოგოებთან აკავშირებდა. 1785 წელს დააარსა ატესინის ხელოვნების აკადემია. მისი მმართველობის დროს მოდენაში აღორძინდა ხელოვნება და კულტურა. იგი მფარველობდა ისეთ ხელოვანებს, როგორებიც იყვნენ: ლაცარო სპალანცანი, ჯამბატისტა ვენტური, ჯიროლამო ტირაბოში, ლუდოვიკო რიჩი და ა.შ.
1790 წელს ერკოლე დაქვრივდა, 1795 წელს კი მორგანატიკულად დაქორწინდა თავის საყვარელ ჩიარა მარინიზე.
1796 წლის 7 მაისს ფრანგულმა ჯარებმა ნაპოლეონის სარდლობით მთელი მოდენის საჰერცოგოს ანექსია მოახდინეს, რამაც ერკოლე აიძულა, რომ ვენეციაში გაქცეულიყო. მალევე ფრანგმა ჯარისკაცებმა იგი ვენეციაში დაიჭირეს და მისი სასახლიდან 200,000 ზეჩინის ღირებულების ქონება გაიტანეს. 1797 წელს გაფორმებული კამპოფორმიოს ხელშეკრულებით მას ბადენში მდებარე ბრაიზგაუს საჰერცოგო გადაეცა სამართავად, მაგრამ იგი გერმანიაში არასოდეს ჩასულა და არც ამ წოდებით უსარგებლია.
ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად ტრევიზოში გადავიდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1803 წლის 14 ოქტომბერს, 75 წლის ასაკში. იგი ესტეს დინასტიის უკანასკნელი მონარქი იყო მოდენის ტახტზე, მის შემდეგ კი ტახტი ერკოლეს შვილიშვილ ჰაბსბურგებს დარჩათ.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ცოლისგან:
- მარია ბეატრიჩე (1750-1829), ცოლად გაჰყვა ერცჰერცოგ ფერდინანდ კარლ ავსტრიელს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
- რინალდო ფრანჩესკო (1753), გარდაიცვალა ჩვილი;
მეორე ცოლისგან:
- ერკოლე რინალდო (1770-1795), სკანდიანოს მარკიზი. გარდაიცვალა მშობლების ქორწინებამდე, ამიტომაც იგი ყოველთვის უკანონო შვილად ითვლებოდა;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაპრები - ერკოლე III დ’ესტე |
---|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (ფრანგული). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 86.
|