მარია რუმინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია რუმინელი
Kraljica marija.jpg
იუგოსლავიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 8 ივნისი, 1922
მმართ. დასასრული: 9 ოქტომბერი, 1934
წინამორბედი: დრაგა ობრენოვიჩი
მემკვიდრე: ალექსანდრა ბერძენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 იანვარი, 1900
დაბ. ადგილი: გოთა, გერმანია
გარდ. თარიღი: 22 ივნისი, 1961, (61 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მეუღლე: ალექსანდრე I, იუგოსლავიის მეფე
შვილები: პეტარ II, იუგოსლავიის მეფე
ტომისლავი
ანდრეი
დინასტია: ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები
მამა: ფერდინანდ I, რუმინეთის მეფე
დედა: მარია ედინბურგელი
რელიგია: მართლმადიდებლობა

მარია რუმინელი (რუმ. Maria a România, ხორ. Marija od Rumunjske), აგრეთვე ცნობილია როგორც მარია იუგოსლავიელი (რუმ. Maria a Iugoslaviei, სერბ. Марија Ујединитеља; დ. 6 იანვარი, 1900, გოთა, გერმანიის იმპერია — გ. 22 ივნისი, 1961, ლონდონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო) — ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენების დინასტიის წარმომადგენელი. რუმინეთის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია ედინბურგელის ქალიშვილი. ჯერ სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების, შემდეგ კი იუგოსლავიის დედოფალი 1922-1934 წლებში როგორც ალექსანდრე I-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დაიბადა 1900 წლის 6 იანვარს გოთაში. იგი იყო რუმინეთის ტახტის მემკვიდრე ფერდინანდისა და მისი მეუღლის, პრინცესა მარია ედინბურგელის მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი. მისი და-ძმებიდან აღსანიშნავია რუმინეთის მეფე კაროლ II და საბერძნეთის დედოფალი ელიზაბეტა. 1914 წელს მამამისი რუმინეთის მეფე გახდა ფერდინანდ I-ის სახელით.

აღსანიშნავია, რომ პრინცესა მარია ახალგაზრდობაში ლამაზ ქალად მიიჩნეოდა და ძალიან ჰგავდა თავის დას, ელიზაბეტას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მარია თავის დედასა და დებთან ერთად ექთნად მუშაობდა.

1922 წლი 8 ივნისს იგი მიათხოვეს სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების მეფე ალექსანდრე I-ს, რითაც მარია დედოფალი გახდა. მას ქმართან სულ სამი ვაჟი შეეძინა.

1934 წლის 9 ოქტომბერს, მარსელში მისი მეუღლე, მეფე ალექსანდრე მოკლეს, რის შემდეგაც ტახტი მისმა 11 წლის ვაჟმა, პეტარ II-მ დაიკავა, რომელიც იუგოსლავიის უკანასკნელი მონარქი გახდა. აღსანიშნავია, რომ მარიას დედა-დედოფლის წოდება მხოლოდ 1941 წელს მიენიჭა. მას შემდეგ, რაც იუგოსლავიაში მონარქია დაემხო და კომუნისტური წყობა დამყარდა, სამეფო ოჯახმა დატოვა ქვეყანა. თავად მარია დიდ ბრიტანეთში გადასახლდა, სადაც იგი ლონდონთან ახლოს, ფერმაში ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით, სამეფო ეტიკეტის გარეშე.

როგორც ცნობილია, დედოფალი მარია ერთობ განათლებული ქალი იყო. იგი თავისუფლად საუბრობდა რამდენიმე ენაზე და ძალიან უყვარდა მხატვრობა, რაც ივა დესპიჩ-სიმონოვიჩმა ასწავლა. ასევე აღსანიშნავია, რომ მარიას თავისუფლად შეეძლო ავტომობილის ტარება, რაც ძალიან უჩვეულო იყო იმ დროის არისტოკრატიაში.

დედოფალი მარია გარდაიცვალა გადასახლებაში, 1961 წლის 22 ივნისს ლონდონში, 61 წლის ასაკში. თავდაპირველად იგი უინძორის სასახლეში დაკრძალეს, თუმცა 2013 წლის აპრილში სერბეთის მთავრობამ მისი გადასვენების იდეა წამოჭრა და ბრიტანულ მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყო. მარიას ნეშტი 2013 წლის 26 მაისს გადაასვენეს სერბეთში და დაკრძალეს ქალაქ ოპლენაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.

აღსანიშნავია, რომ თავისი თავისუფალი და ქველმოქმედი ხასიათის გამო სერბებს იგი ძალიან უყვარდათ, რის გამოც მოგვიანებით ბელგრადში შექმნეს „დედოფალ მარიას ქუჩა“. ასევე მის სახელს ატარებს რამდენიმე სკოლა და საავადმყოფო სერბეთში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პეტარ II (1923-1970), იუგოსლავიის მეფე 1934-1945 წლებში. ცოლად შეირთო პრინცესა ალექსანდრა ბერძენი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ტომისლავი (1928-2000), პირველად იქორწინა მარგარიტა ბადენელი, მასთან განქორწინების შემდეგ კი ლედი მერი ბონი. ჰყავდა ოთხი შვილი;
  3. ანდრეი (1929-1990), პირველად იქორწინა კრისტინა მარგარეტე ჰესენელი, რომელსაც გაეყარა და ცოლად შეირთო კირა ლაინინგენელი, რომელსაც ასევე გაეყარა და იქორწინა ევა მარია ანდრეილკოვიჩი. პირველ ორ ცოლთან ჰყავდა ხუთი შვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Danica e Srđan Čolović, Marija Karađorđević - Kraljica majka, Arhiv Srbije, Belgrado 2001, ISBN 86-81511-16-5
  • Crnjanski Spasojević, V. "Rehabilitovana kraljica Marija Karađorđević". Večernje novosti. Retrieved 2 May 2014.
  • "HM Queen Maria of Yugoslavia". Royal Family of Serbia. Retrieved 17 October 2017.
  • "Yugoslavia's exiled queen". Daily Telegraph.