შინაარსზე გადასვლა

ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი
დანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 ნოემბერი, 1863
მმართ. დასასრული: 29 სექტემბერი, 1898
წინამორბედი: კაროლინა ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი
მემკვიდრე: ლუიზა შვედი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1817
დაბ. ადგილი: კასელი, გერმანია
გარდ. თარიღი: 29 სექტემბერი, 1898, (81 წლის)
გარდ. ადგილი: გენტოფტე, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: კრისტიან IX, დანიის მეფე
შვილები: ფრედერიკ VIII, დანიის მეფე
ალექსანდრა, ბრიტანეთის დედოფალი
გეორგიოს I, საბერძნეთის მეფე
დაგმარი, რუსეთის იმპერატრიცა
ტირა, ჰანოვერის კრონპრინცესა
ვალდემარი
დინასტია: ჰესენელები
მამა: პრინცი ვილჰელმ ფონ ჰესენ-კასელი
დედა: ლუიზა შარლოტა დანიელი
რელიგია: ლუთერანიზმი
ხელმოწერა:

ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი (გერმ. Louise von Hessen-Kassel, დან. Louise af Hessen-Kassel; დ. 7 სექტემბერი, 1817 — გ. 29 სექტემბერი, 1898) — დანიის დედოფალი 1863-98 წლებში როგორც კრისტიან IX-ის მეუღლე. იგი იყო დანიის მეფე კრისტიან X-ის, ნორვეგიის მეფე ჰაკონ VII-ის, ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და საბერძნეთის მეფე კონსტანტინე I-ის ბებია.

ადრეული ცხოვრება და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა დაიბადა 1817 წლის 7 სექტემბერს კასელში, გერმანიაში. იგი იყო ჰესენ-კასელის პრინც ვილჰელმისა და მისი მეუღლის, პრინცესა ლუიზა შარლოტა დანიელის ქალიშვილი.

როგორც დანიის მეფე ფრედერიკ V-ის შვილთაშვილი და კრისტიან VIII-ის დისწული, ლუიზა დანიის სამეფო ტახტის ერთ-ერთი მთავარი მემკვიდრე იყო. მემკვიდრეთა სიაში მის წინ ცხადია არაერთი ადამიანი იყო, თუმცა მათი უმეტესობა ხანდაზმული, უშვილო, ან ორივე ერთად იყო. ტახტის პირველი მემკვიდრე, კრისტიან VII-ის ერთადერთი ვაჟი უნაყოფო იყო, ამიტომაც ტახტის შემდეგ მემკვიდრეებად კრისტიანის და-ძმები და მათი შვილები სახელდებოდნენ. მიუხედავად ამისაა, სალიკური სამართლის მიხედვით ტახტი ლუიზას არ ეკუთვნოდა, ხოლო იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ის და მისი ძმები არ იყვნენ ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი, მემკვიდრეთა რიგში ცვლილებები მოხდა და კრონპრინც ფრედერიკის შემდეგ, პირველ მემკვიდრედ მეფე ფრედერიკ II-ის შთამომავალი, გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი კრისტიან შლეზვიგ-ჰოლშტაინელი დასახელდა.

ლუიზა და მისი ქმარი, კრისტიანი

ლუიზას ამბიციური დედის გავლენით, 1842 წლის 26 მაისს, კოპენჰაგენში ლუიზა დაქორწინდა ტახტის მეორე მემკვიდრეზე, ანუ კრისტიან შლეზვიგ-ჰოლტაინელზე. 1848 წელს, ფრედერიკ VII-ის გამეფების შემდეგ იგი პირველ მემკვიდრედ გამოცხადდა და დიდი მიწები გადაეცა. კრისტიანი და ლუიზა ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. იგი ყველანაირად უწყობდა ხელს ტახტისაკენ გზის გაკვალვაში. მათ მშვიდი და ბედნიერი ოჯახი შექმნეს. ამ ქორწინების შემდეგ, ლუიზას დედამ და ძმებმა უარი თქვეს დანიის ტახტზე არსებულ თავიანთ უფლებებზე.

1847 წელს, დიდმა ევროპულმა ძალებმა კრისტიანი ოფიციალურად სცნო დანიის მემკვიდრედ. მათი ეს არჩევანი იქიდანაც გამომდინარეობდა, რომ კრისტიანი და ლუიზა, ორივენი მემკვიდრეები იყვნენ და შემდგომში მათ შვილებს ორმაგი მემკვიდრეობა ექნებოდათ. მართალია ამით საბოლოოდ გადაწყდა დანიის ტახტის მემკვიდრის პრობლემა, თუმცა დანიის პრეტენზია შლეზვიგ-ჰოლშტაინზე ჯერ კიდევ სადავო იყო. წესით, როგორც შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი, კრისტიანის გამეფების შემდეგ საჰერცოგო დანიის დომენში უნდა გადასულიყო, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით იგი მაინც გერმანიის საკუთრებაში დარჩებოდა. ამრიგად, დანიელთა და პრუსიელთა ინტერესების გადაკვეთას, მოჰყვა შლეზვიგის მეორე ომი.

1853 წლის 3 ივლისს, ფრედერიკ VII-მ ისინი თავის მემკვიდრეებად გამოაცხადა, რის შემდეგად კრისტიანი და ლუიზა დანიის კრონპრინცი და კრონპრინცესა გახდნენ. თავად ლუიზას, ერთობ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მეფე ფრედერიკთან. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ლუიზა ეწინააღმდეგებოდა მეფის რიგით მეორე ცოლთან განქორწინებასა და მის საიდუმლო ქორწინებას არა-სამეფო წარმომავლობის მქონე ლუიზა რასმუსენზე. აქედან გამომდინარე, მეფე და კრონპრინცესა ერთმანეთს ხშირად არ ხვდებოდა.

დედოფალი ლუიზა 1893 წელს

1863 წლის 15 ნოემბერს, ფრედერიკ VII-ის გარდაცვალების შემდეგ, კრისტიან IX და ლუიზა დანიის მეფე-დედოფალი გახდნენ. მათი ურთიერთობა, როგოც ჩანს სიყვარულზე იყო დაფუძნებული, რადგანაც წყვილი ძალიან ბედნიერად და ჰარმონიულად ცხოვრობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. აღსანიშნავია, რომ კრისტიანს არასოდეს უღალატია მისთვის, რაც დიდი იშვიათობა იყო. თავის მხრივ, ლუიზაც კრისტიანის ერთგული იყო. მათი ოჯახური ცხოვრება აღწერილია როგორც ძალიან უბრალო, რაც გამეფების შემდეგაც არ შეცვლილა. ამ პერიოდში, დანიის სამეფო ოჯახი მორალურად სწორი ცხოვრების მაგალითად იქცა. ამის გამო, 1870 წელს მათი გაუთხოვარი ქალიშვილის, პრინცესა ტირას დაფეხმძიმება მათი ოჯახის მთავარ ტვირთად იქცა. დედოფალმა ლუიზამ მოახერხა სიტუაციის კარგად გაკონტროლება და ეს ამბავი ხალხისაგან დამალა, რათა სკანდალი არ მომხდარიყო. ამის გამო, მან ტირა სამშობიაროდ საზღვარგარეთ გააგზავნა, თუმცა ბავშვს რა ბედი ეწია უცნობია.

როგორც დედოფალი, ლუიზა ხალხისაგან იზოლირებულად ცხოვრობდა და არ ეძებდა საზოგადოებრივ პოპულარობას, ან აღიარებას. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს ჩარეულა სახელმწიფოს მართვის საქმეებში. მისი ერთადერთი პოლიტიკური აქტივობა იყო თავისი შვილების დინასტიურ-პოლიტიკურად დაქორწინება და ანტი-გერმანული შეხედულებები. საოცრად მაღალი სტატუსის პირებზე თავისი შვილების დაქორწინებით, დანიამ ახალი საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. ამგვარი ქორწინებებით, იგი დაუკავშირდა შვედეთს, რუსეთს, ბრიტანეთს, გერმანიას, საბერძნეთსა და საფრანგეთს. ამის გამო, იგი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც „ევროპის სიდედრი/დედამთილი“. იგი ორგანიზებას უწევდა თავისი დიდი და მთელს ევროპაში მიმოფანტული ოჯახის ყოველწლიურ შეკრებას, რომელიც როგორც წესი ბერნსტორფში, ან ფრედენსბორგში იმართებოდა ხოლმე. იგი სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა და მალე, დედოფალი ლუიზა ოჯახური ცხოვრების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა დანიაში. მის მიერ მოწყობილი, მეტად პომპეზური და ცნობილი ღონისძიებებიდან ცნობილია 1867 წლის 26 მაისს თავისი ქორწინების წლისთავი, 1887 წელს თავისი დაბადების დღე და 1897 წელს ოთხმოცი წლის შესრულებასთან დაკავშირებული იუბილე.

დედოფალმა ლუიზამ 26 საქველმოქმედო ორგანიზაცია დააფუძნა. იგი მთელი ცხოვრება ცდილობდა ღატაკთა და მიუსაფართა დახმარებას, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებდა. ხანში შესვლის შემდეგ, ლუიზა დიდად დაინტერესდა ფერწერით და მის შესასწავლად რეპეტიტორიც დაიქირავა. იგი მალევე დაეუფლა ხატვას და როგორც ცნობილია, მისი ნამუშევრები გაჩუქდა ევროპის სხვადასხვა მონარქებზე, მისსავე სიცოცხლეში.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, ლუიზა დაყრუვდა, რის გამოც მას გამუდმებით უვლიდა ორი დიაკვანი. დანიის ისტორიაში ლუიზა ყველაზე დიდხანს, 35 წლის მანძილზე იყო დედოფალი. მისი ამბიციისა და დინასტიური კავშირების გამო, მას ხშირად ადარებენ მის მძახალს, დედოფალ ვიქტორიას.

ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი გარდაიცვალა 1898 წლის 29 სექტემბერს, 81 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს კოპენჰაგენის მახლობლად, როსკილეს სამეფო კათედრალში, სადაც განისვენებენ დანიის სხვა მეფე-დედოფლები.

დანიის დიდი სამეფო ოჯახი 1883 წელს


სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ფრედერიკ VIII 3 ივნისი, 1843,

კოპენჰაგენი, დანია

14 მაისი, 1912,

ჰამბურგი, გერმანია,

(68 წლის)

დანიის მეფე 1906-12 წლებში. ცოლად შეირთო ლუიზა შვედი, რომელთანაც რვა შვილი

შეეძინა, მათ შორის დანიის მეფე კრისტიან X და ნორვეგიის მეფე ჰაკონ VII.

ალექსანდრა 1 დეკემბერი, 1844,

კოპენჰაგენი, დანია

20 ნოემბერი, 1925,

ნორფოლკი,

ინგლისი,

(80 წლის)

ცოლად გაჰყვა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ინდოეთის მეფე ედუარდ VII-ს,

რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის

მეფე ჯორჯ V და ნორვეგიის დედოფალი მაუდ უელსელი.

გეორგიოს I 24 დეკემბერი, 1845,

კოპენჰაგენი, დანია

18 მარტი, 1913,

თესალონიკი,

საბერძნეთი,

(67 წლის)

საბერძნეთის მეფე 1863-1913 წლებში. ცოლად შეირთო ოლღა კონსტანტინოვნა

რომანოვა, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი, მათ შორის საბერძნეთის მეფე

კონსტანტინე I.

დაგმარი 26 ნოემბერი, 1847,

კოპენჰაგენი, დანია

13 ოქტომბერი, 1928

კლამპენბორგი,

დანია,

(80 წლის)

ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ს, რომელთანაც შეეძინა ექვსი

შვილი, მათ შორის იმპერატორი ნიკოლოზ II. რუსეთის რევოლუციის გამო იგი

დანიაში დაბრუნდა და იქვე გარდაიცვალა.

ტირა 29 სექტემბერი, 1853

კოპენჰაგენი, დანია

26 თებერვალი, 1933

გმუნდენი, ავსტრია,

(79 წლის)

ცოლად გაჰყვა ჰანოვერის კრონპრინც ერნესტ ავგუსტს, რომელთანაც შეეძინა ექვსი

შვილი.

ვალდემარი 27 ოქტომბერი, 1858

გენტოფტე, დანია

14 იანვარი, 1939,

კოპენჰაგენი, დანია,

(80 წლის)

დანიის პრინცი, ცოლად შეირთო მარი ორლეანელი, რომელთანაც ხუთი შვილი

შეეძინა.

  • დანია: სპილოს სამეფო ორდენი;
  • დანია: დანებროგის დიდი კომანდირის ორდენი;
  • დანია: მეფე ფრედერიკ VII-ის სახელობის ორდენი სამეფო ოჯახისგან;
  • დანია: მეფე კრისტიან IX-ის სახელობის ორდენი სამეფო ოჯახისგან;
  • რუსეთი: წმინდა ეკატერინეს სახელობის ორდენი;
  • გაერთიანებული სამეფო: დედოფალ ვიქტორიასა და პრინცი ალბერტის სახელობის ორდენი;
  • A Royal Family by Anna Lerche and Marcus Mandal
  • "Queen Louise wearing the Grand Cordon set of the Order of Saint Catherine, Star of the Order of the Elephant, Badge of the Order of the Dannebrog and the Badge of the Royal Family Decoration of Victoria and Albert". S-media-cache-ak0.pinimg.com. Retrieved 23 May 2017.
  • "English: Louise of Hesse-Kassel, queen of Denmark". Wikimedia Commons. 22 January 2011. Retrieved 23 May 2017.
  • "Queen Louise wearing Danish Royal Family Decorations and the Russian Order of Saint Catherine". Upload.wikimedia.org. Retrieved 23 May 2017.