ელიზაბეტა რუმინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეტა რუმინელი
Elisabeta, Queen of the Hellenes.jpg
საბერძნეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 27 სექტემბერი, 1922
მმართ. დასასრული: 25 მარტი, 1924
წინამორბედი: სოფია პრუსიელი
მემკვიდრე: ფრედერიკა ჰანოვერელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 ოქტომბერი, 1894
დაბ. ადგილი: სინაია, რუმინეთი
გარდ. თარიღი: 14 ნოემბერი, 1956, (62 წლის)
გარდ. ადგილი: კანი, საფრანგეთი
მეუღლე: გეორგიოს II, საბერძნეთის მეფე
(ქ. 1921 - განქ. 1935)
სრული სახელი: ელიზაბეტა შარლოტა ჟოზეფინა ალექსანდრა ვიქტორია
დინასტია: ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები
მამა: ფერდინანდ I, რუმინეთის მეფე
დედა: მარია ედინბურგელი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ელიზაბეტა რუმინელი (რუმ. Elisabeta a România, ბერძ. Ελισάβετ της Ρουμανίας; დ. 12 ოქტომბერი, 1894, სინაია, რუმინეთი — გ. 14 ნოემბერი, 1956, კანი, საფრანგეთი) — ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენთა დინასტიის წარმომადგენელი. რუმინეთის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია ედინბურგელის ქალიშვილი. საბერძნეთის დედოფალი 1922-1924 წლებში როგორც გეორგიოს II-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტა დაიბადა 1894 წლის 12 ოქტომბერს სინაიაში, პელესის სასახლეში. იგი იყო რუმინეთის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ედინბურგელის ქალიშვილი. დედის მხრიდან იგი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის, აგრეთვე რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის შთამომავალი იყო. მას სახელი მამამისის დედობილის, რუმინეთის დედოფალ ელიზაბეთ ცუ ვიდის პატივსაცემად დაარქვეს. ოჯახურ წრეში პრინცესა ელიზაბეტას „ლიზის“ უწოდებდნენ. მისი და-ძმებიდან აღსანიშნავია რუმინეთის მეფე კაროლ II და იუგოსლავიის დედოფალი მარია რუმინელი. როგორც ცნობილია, ელიზაბეტა ძალიან ჰგავდა თავის დას, პრინცესა მარიას.

მეფე გეორგიოსი და დედოფალი ელიზაბეტა

მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტა რუმინეთის სამეფო კარზე იზრდებოდა, მას ინგლისელი ძიძები და მასწავლებლები ზრდიდნენ. როდესაც მისი მშობლები ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებოდნენ ხოლმე საზღვარგარეთ, პრინცესა ელიზაბეტა თავის უმცროს და-ძმებზე ზრუნავდა. როგორც ცნობილია, მას ძალიან უყვარდა ლიტერატურა და ყოველთვის დიდი ინტერესით კითხულობდა ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოებს. ამას გარდა, მან კარგად იცოდა ქარგვა, ხატვა და რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრა. მისი საყვარელი საქმიანობა ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერა იყო.

1921 წლის 27 თებერვალს ბუქარესტში შედგა ელიზაბეტასა და საბერძნეთის დიადოხოს (იგივეა რაც კრონპრინცი, ანუ ტახტის მემკვიდრე) გეორგიოსის ქორწინება. იგი იყო საბერძნეთის მეფე კონსტანტინოს I-ისა და დედოფალ სოფია პრუსიელის უფროსი ვაჟი, რომელიც თავის მხრივ იყო ელიზაბეტას დედის მამიდაშვილი, რითაც ახლადდაქორწინებულნი ერთმანეთს ახლო ნათესავებადაც ერგებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დინასტიური ქორწინება საკმარისი არ აღმოჩნდა და მალევე დააქორწინეს ელიზაბეტას ძმა, პრინცი კაროლი და გეორგიოსის და, პრინცესა ელენე.

1922 წლის 27 სექტემბერს კონსტანტინოს I ტახტიდან ჩამოაგდეს, რის გამოც ტახტი გეორგიოს II-მ დაიკავა, რითაც ელიზაბეტა საბერძნეთის ახალი დედოფალი გახდა. მათი მმართველობა წინამორბედთა მსგავსად მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა და 1924 წლის 25 მარტს, საბერძნეთის რესპუბლიკად გამოცხადებასთან ერთად დასრულდა. სამეფო ოჯახი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ამ პერიოდში, 1935 წლის მარტში გეორგიოსი და ელიზაბეტა განქორწინდნენ, ისე, რომ შვილები არ ჰყოლიათ. იმავე წლის აპრილში საბერძნეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რითაც აღსდგა გეორგიოს II-ის მმართველობა, რომელიც ათენში, 1947 წელს გარდაიცვალა უშვილოდ.

განქორწინების შემდეგ ელიზაბეტა საფრანგეთში, კერძოდ კი პროვანსულ ქალაქ კანში დასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი 21 წელი და გარდაიცვალა 1956 წლის 14 ნოემბერს, 62 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ზიგმარინგენში, გერმანიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ricardo Mateos Sainz de Medrano, La Familia de la Reina Sofía, La Dinastía griega, la Casa de Hannover y los reales primos de Europa, Madrid, La Esfera de los Libros, 2004 ISBN 84-9734-195-3
  • Julia Gelardi, Born to Rule : Granddaughters of Victoria, Queens of Europe, Headline Review, 2006 ISBN 0-7553-1392-5
  • Lilly Marcou, Le Roi trahi : Carol II de Roumanie, Pygmalion, 2002 ISBN 2-85704-743-6
  • Queen Marie of Romania, Însemnari zilnice, vol. 3, Editura Historia, 2006
  • John Van der Kiste, Kings of the Hellenes: The Greek Kings, 1863–1974, Sutton Publishing, 1994 ISBN 0-7509-2147-1
  • Hannah Pakula, The Last Romantic: A Biography of Queen Marie of Roumania, Weidenfeld & Nicolson History, 1996 ISBN 1-85799-816-2
  • Alan Palmer and Michael of Greece, The Royal House of Greece, Weidenfeld Nicolson Illustrated, 1990 ISBN 0-297-83060-0