პეტრე ბაგრატიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატიონი.
პეტრე ბაგრატიონი
1765–1812
Bagration P I.jpg
დაბ. ადგილი ყიზლარი, დაღესტანი
გარდ. ადგილი სოფ. სიმი, ვლადიმირის ოლქი
კუთვნილება რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა არმია
მოღვაწეობა 1782–1812
წოდება ინფანტერიის გენერალი
ბრძოლები/ომები შენგრაბენის ბრძოლა
აუსტერლიცის ბრძოლა
ეილაუს ბრძოლა
ფრიდლანდის ბრძოლა
ბოროდინოს ბრძოლა
ჯილდოები

1.წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი
2.წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენი
3.მარი–ტერეზას ორდენის კომანდორის ჯვარი
4.წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ორდენი სრულად

პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (რუს. князь Пётр Ива́нович Багратио́н) (დ. 1765, ყიზლარი, ახლანდელი დაღესტანი — გ. 12 (24) სექტემბერი, 1812, სოფ. სიმი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი) — რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო. მასზე ნაპოლეონს უთქვამს:

ვიკიციტატა
„რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს. ესაა ბაგრატიონი“
(ნაპოლეონ ბონაპარტი)

[1]

ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1799 წელს მონაწილეობდა ალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთთან 1805-1807 წლების ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფ. შენგრაბენთან. მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი არმია. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პროისიშ-აილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას. 1809-1810 წლებში მარტამდე სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან — II დასავლეთის არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას. ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და მას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფელ სიმში. დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.

წარმოშობა

მისი პაპა ალექსანდრე იყო ვახტანგ VI-ის ძმის იესეს შვილი. მეფე იესეს სიკვდილის შემდეგ მაჰმადიანი ალექსანდრე (ისაკ–ბეგის სახელით) თეიმურაზსა და ერეკლეს ებრძოდა, თუმცა შემდეგ თეიმურაზის მეცადინეობით ის მოინათლა და ეწოდა ალექსანდრე. ის ყიზლარში დასახლდა 1759 წელს. ალექსანდრეს შვილი და პეტრეს მამა ივანე რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. მას ჰყავდა კიდევ ორი შვილი: რომანი (რევაზი) და ალექსანდრე.

სამხედრო კარიერა

ადრეული კარიერა

პეტრე სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა მამიდა ანა გოლიცინასთან. სწორედ მამიდის წყალობით მასზე შეიტყო გრიგოლ პოტიომკინმა, რომელმან 1782 წლის 21 თებერვალს (4 მარტი)[2] 17 წლის ბაგრატიონს სამხედრო სამსახური დააწყებინა ასტრახანის ქვეითთა პოლკში სერჟანტად. 1783 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში ჩეჩნების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1785 წელს ჩეჩნებთან ბრძოლაში ის ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლა მანსურ მაგომამ პეტრეს მამის ხათრით, რომელიც მათ ადრე ბევრჯერ დახმარებიათ. ამ ოპერაციების შემდეგ მისი პოლკი გაერთიანდა ტომსკის ქვეითთა პოლკთან და დაერქვა კავკასიის მუსკეტერთა პოლკი. 1787—1791 რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (6 (17) დეკემბერი, 1788), რისთვისაც კაპიტნის ჩინი დაიმსახურა. 1792 წლამდე ის ისევ კავკასიაში იბრძოდა. 1793 წელს მან მიიღო პრემიერ−მაიორის ჩინი კიევის კავალერიის პოლკში სამსახურისას. 1794 წელს ის პოლონეთში მეთაურობდა ერთ-ერთ ესკადრონს სუვოროვის არმიაში. ის მონაწილეობდა სედლეცთან გამართულ ბრძოლაში. მან ასევე თავი გამოიჩინა ბროდთან, სადაც ათასი პოლონელი დაამარცხა და მათგან 250 კაცი და ერთი ზარბაზანი ჩაიგდო ხელში. ამ გამარჯვებას მოჰყვა მისი კარიერული წინსვლა: საკუთრივ ამ ბრძოლის გამო ის 1794 წლის 15 (26) ოქტომბერს ვიცე-პოლკოვნიკი გახდა. 1798 და 1799 წლებში კი ჯერ პოლკოვნიკის შემდეგ კი გენერალ-მაიორის სამხრეები დაიმსახურა.

ლაშქრობა იტალიასა და შვეიცარიაში

ძირითადი ბრძოლები
ადას ბრძოლა
შეტაკება ტრებთან
ნოვის ბრძოლა

1798 წლის მიწურულს ინგლისმა, ავსტრიამ, თურქეთმა, ნეაპოლის სამეფომ და რუსეთმა შეკრეს კოალიცია საფრანგეთის წინაღმდეგ იტალიის ტერიტორიების გამოსახსნელად. შეთანხმების მიხედვით საფრანგეთის წინააღმდეგ გასალაშქრებლად ჯარი გამოჰყავდათ ავსტრიას და რუსეთს, მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე კი ინგლისი ზრუნავდა. არმიის მთავარსარდლად დაინიშნა ალექსანდრე სუვოროვი. სუვოროვმა ბაგრატიონი ავანგარდის მეთაურად დანიშნა. არმია ჯერ ვენაში ჩავიდა, შემდეგ კი ჩრდილოეთ იტალია გაათავისუფლა. 1799 წლის 10 (21) აპრილს ბაგრატიონმა ბრეშის ციხესიმაგრეს შეუტია. აქ ერთხელ მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებაი და საბოლოოდ პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. ავანგარდმა საერთოდ ათასზე მეტი ტყვე და 46 ზარბაზანი ჩაიგდო ხელში[3] ამ გამარჯვების გამო მოწონება დაიმსახურა სუვოროვისგან. მან იმპერატორს პატაკით მიწერა:

ვიკიციტატა
„…გენერალ-მაიორ ბაგრატიონს, ვიცე–პოლკოვნიკ ლომონოსოვსა და მაიორ პოზდნევს (ბაგრატიონის ავანგარდში შემავალი სამხედრო ნაწილების უფროსები) ვაქებ ციხე სიმაგრის აღებისას გამოჩენილი სიმარდის, არაჩვეულებრივი თავგამოდებისა და გულმოდგინებისათვის[4]

ამ პატაკს მოჰყვა პეტრეს წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოება. 14-16 (25-27) აპრილს სუვოროვმა მდინარე ადასთან გაანადგურა ფრანგების არმია. ადასთან გამართული ბრძოლების დროს ბაგრატიონმა აიღო ბერგამო, შემდეგ კი ქალაქ ლეკოსთან დაამარცხა გენერალ სერიურიეს დივიზია. 1799 წლის 6-8 (17-19) ივნისს ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა მდინარე ტრებთან გამართულ ბრძოლაში. ბრძოლა სუვოროვის გამარჯვებით დამთავრდა და ფრანგებმა 18000 კაცი დაკარგეს, მოკლულთა, დაჭრილთა და ტყედ ჩავარდნილთა სახით. ბრძოლის დროს ბაგრატიონი მეორედ დაიჭრა. 4 (15) აგვისტოს რუსებსა და ფრანგებს შორის ბრძოლა ნოვისთვის, რომელიც კვლავ სუვოროვის გამარჯვებით დამთავრდა. ფრანგების გენერალი, ჟუბერი შეტაკების დროს დაიღუპა. ბრძოლაში ბაგრატიონმა თავისი სიმამაცე და მოხერხებულობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სუვოროვმა ამ წარმატებებისთვის ბაგრატიონი კიდევ ერთხელ შეაქო საკტ-პეტერბურგში გაგზავნილ ბარათში.

ვიკიციტატა
„იერიშზე გადასული არმიის მარცხენა ფრთაზე გენერალ-მაიორმა ბაგრატიონმა ექვსი ბატალიონითა და კაზაკთა ორი პოლკით დაიკავა გენუის ციხე-სიმაგრე ნოვოი, სადაც მან ხელთ იგდო დიდი რაოდენობის ნადავლი, ყუმბარები, ბირთვები და სხვა საარტილერიო მარაგი, აგრეთვე ლაფეტები და სავაზნე ყუთები, რაც მან სამოცდაათი საზიდარით გამოგზავნა ჩვენთან“

იტალიის კამპანიაში წარმატებისთვის სუვოროვმა პეტრეს საკუთარი ხმალი აჩუქა, რომელსაც ბაგრატიონი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა.[5]

პეტრე ბაგრატიონი. მხატვარი დ. დაიტონი, 1814 წელი

რუსეთის არმიის წარმატებამ შეაშფოთა ინგლისისა და ავსტრიის მმართველი წრეები. სუვოროვს უბრძანეს, რომ იტალიაში დაეტოვებინა ავსტრიელები, თავისი არმიით კი ალპები გადაეკვეთა და შვეიცარიაში შეჭრილიყო. თან დახმარების აღმოჩენასაც დაპირდნენ. ავსტრიელებმა პირობა, რა თქმა უნდა, არ შეასრულეს. შედეგად, 1799 წლის სექტემბერში სუვოროვის არმიამ დაიწყო ალპების გადალახვა სურსათ-სანოვაგისა და დამხმარე ძალების გარეშე. ავანგარდს ისევ ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა. არმიამ ალპები გადაჭრა,„ეშმაკის ხიდთან“ წინააღმდეგობა დასძლია. 16 (27) სექტემბერს ბაგრატიონის ავანგარდმა დაიკავა მუტენი. არმიას მუტენის ველზე რიმსკი-კორსაკოვის საგრძნობლად შევიწროვებულ კორპუსს შეუერთდა. ავსტრიის ღალატის გამო არმია ალყაში მოექცა. სუვოროვმა გადაწყვიტა ალყა გაერღვია და ალპების გავლით უკან დაბრუნებულიყო. ამ ოპერაციის შესრულება ბაგრატიონის ხელმძღვანელობით მოხდა. მასა და ფრანგებს შორის გაიმართა რამდენიმე შეტაკება სოფელი ნეფელსისთვის. საბოლოოდ სოფელი რუსებს დარჩათ. ამ მოქმედებით ავანგარდმა არმიას გზა გაუნთავისუფლა. მან არმია ბრაგელის მთების და პანიკისის ხეობის გავლით სამშვიდობოს გაიყვანა. პეტრე გზაში ერთხელ მსუბუქად დაიჭრა. ამის შემდეგ მის ავანგარდს კიდევ მოუწია ერთი ბრძოლის გადახდა შვანდენთან, რათა არმიისთვის უსაფრთხო უკან დახევა უზრუნველეყო. შემდეგ ბაგრატიონი გადაიტვანეს არიერდარდის მეთაურად, რადგან ფრანგები სწორედ არიერგარდს შეუტევდნენ. რამდენიმე ლადშაპტური სიძნელის გადალახვის შემდეგ არმია სამშვიდობოს გავიდა. შვეიცარიის ლაშქრობის 16 დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ მესამედი დაკარგა, თუმცა არმიის მოქმედებამ დიდი აღტაცება გამოიწვია. რუსეთში დაბრუნებისას სიმამაცისთვის იმპერატორმა პავლე I–მა ლიტვაში ბაგრატიონს სოფელი უბოძა, რომელიც მან მაშინვე გაყიდა.

ქორწინება

ეკატერინე პავლეს ასული სკავრონსკაია–ბაგრატიონი

პეტრე იმპერატორის ოჯახთან დაახლოებული პიროვნება იყო. ის მეთაურობდა ეგერთა ლეიბ-გვარდიის ბატალიონს, რომელსაც იმპერატორის დაცვა ევალებოდა. პეტრე მას თან ახლდა აგარაკზე და სასახლის ვახშმებზე. 1800 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ წვეულებაზე 18 წლის ეკატერინე სკავრონსკაიამ მისი გაცნობა მოინდომა და შუამავლობა გრაფ ბალაშოვს სთხოვა. თუმცა ბაგრატიონმა მისი გაცნობა არ მოინდომა და იქაურობის დატოვება გადაწყვიტა. ეკატერინე ამ საქციელმა ძალიან გააბრაზა. ის პეტრეს წამოეწია და უთხრა:

ვიკიციტატა
„მამაც გენერალს არ შეფერის სუსტ ქალიშვილს ზურგი უჩვენეს და გაექცეს.[6]

პეტრე ასეთმა პირდაპირობამ მოხიბლა და გოგონა მალე შეუყვარდა, თუმცა ამ გრძნობას არ იზიარებდა ეკატერინე. ის ხშირად აეჭვიანებდა პეტრეს თაყვანისმცემლებთან გათამაშებული ვერაგული ფანდებით. ეს ამბავი პავლე I–მა გაიგო და მათი დაქორწინება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინეს ოჯახი იმპერატორთან დაახლოებული იყო, მათ მაინც ვერ გაბედეს შეწინააღმდეგება, რადგან ეს ბევრისთვის ავბედითად დამთავრებულა. შედეგად, 1800 წლის 2 (14) სექტემბერს გატჩინის სამეფო კარის ეკლესიაში გენერალ–მაიორმა ბაგრატიონმა იქორწინა ფრეილინა ეკატერინე პავლეს ასულ სკავრონსკაიაზე.[7] მეჯვარე თავად იმპერატორი პავლე I იყო.[8]

პირად ცხოვრებაში ბაგრატიონს არ გაუმართლა. ის სულ ცდილობდა მეუღლესთან და მის ნათესავებთან დაახლოებას, თუმცა უშედეგოდ. მისი მეუღლე მუდმივ დროსტარებაში იყო და როგორც კი დრო მოიხელთა, როდესაც პეტრე ნაპოლეონის წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში ჩაერთო, ვენას მიაშურა.

მესამე კოალიციის ომი

რუსების უკან დახევა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შენგრაბენის ბრძოლა.
ბაგრატიონი ხვდება კუტუზოვს შენგრაბენთან

1805 წლის აპრილში შეიკრა რიგით მესამე კოალიცია ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ. არმია ისევ რუსეთს და ავსტრიას გამოჰყავდათ, ინგლისი კი მას ფინანსურად უზრუველჰყოფდა. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვის არმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისე დაამარცხა, რომ 9 (21) ოქტომბერი ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი. როდესაც ეს ამბავი კუტუზოვმა შეიტყო, მან გადაწყვიტა სწრაფი უკან დახევით ეშველა თავისთვის და არმია დუნაის მეორე მხარეს გადაეყვანა. გზაში მას მაკის არმიიდან გადარჩენილი ავსტრიელებიც შეუერთდნენ კინმაიერის მეთაურობით. კუტუზოვის გეგმა ითვალისწინებდა დუნაის გადალახვის შემდეგ არმიის ბუკსგევდენის კორპუსთან შეერთებას.

რუსეთის არმია უკან დახევას ცდილობდა საარიერგარდო ბრძოლებით, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. უკან დახევისას მისმა არიერგარდმა მდინარე ენსი გადალახა და შემდეგ გადასასვლელები გადაწვა მტრის შესაჩერებლად.[9] თუმცა მათ მაინც მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. ამშტეტენთან ბაგრატიონის არიერგარდს შეუტიეს, თუმცა გენერალ მილორადოვიჩის დახმარებით მან წარმატებას მიაღწია.[10] საბოლოოდ არმიამ კრემსთან ახლოს დურენშტაინის ბრძოლაში ედუარდ მორტიეს დივიზია დაამარცხა, დუნაი გადალახა და ყველა დაგასასვლელი დაწვა.[11]

3 (15) ნოემბერს ვენის აღების შემდეგ მარშალ იოახიმ მიურატის შენაერთმა დუნაი გადმოლახა და შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. მის შესაჩერებლად ბაგრატიონის არიერგარდი გაემართა, თუმცა მიურატს ეგონა, რომ მის წინ მთელი არმია იყო და მათთან მოლაპარაკება წამოიწყო.[12] ამით ისარგებლა ბაგრატიონმა და შეეცადა რაც შეიძლება მეტი დრო გაეყვანა. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ნაპოლეონი მიუხვდა პეტრეს ამ ხრიკს და მიურატს შეტევა უბრძანა. 4 (16) ნოემბერს ბრძოლა დაიწყო. ბაგრატიონი თავისი 6,000 კაცით შეუპოვრად იბრძოდა შენგრაბენთან. ის ალყაში მოექცა, რომელიც წარმატებულად გაარღვია და უკან დახევა დაიწყო. მან დაკარგა 2,402 კაცი და მთელი არტილერია [13]თუმცა, ნაპოლეონმა ბრძოლა შეწყვიტა რადგან, არირგარდის მოქმედებამ უზრუნველჰყო რუსეთის არმიის წარმატებული უკანდახევა. ბაგრატიონის სამხედრო ნიჭს ადასტურებს კუტუზოვის წერილიც, რომელიც ალექსანდრე I-ს მიწერა:

ვიკიციტატა
„…მოწინააღმდეგემ ალყა შემოარტყა გენერალ მაიორ თავად ბაგრატიონს იმგვარად, რომ მისი კორპუსის განადგურება გარდაუვალი იყო. …თავადი ბაგრატიონი 6 ათასი კაცისაგან შემდგარი კორპუსით ებრძოდა სხვადასხვა გენერალ–ფელდმარშლების მეთაურობის ქვეშ მყოფ 30 ათას კაცს, გეგმაზომიერად დაიხია უკან და 7 ნოემბერს[14] შემოუერთდა არმიას. თან მოიყვანა ტყვეები: ერთი ვიცე-პოლკოვნიკი, ორი ოფიცერი, ორმოცდაათი რიგითი და ერთი ფრანგული ალამიც მოიტანა. მოწინააღმდეგის ზარალი დიდია, რასაც თვით ტყვეებიც ადასტურებენ.[15]

ბაგრატიონს წარმატებისთვის გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიანიჭეს და დააჯილდოვეს მარი–ტერეზას ორდენის კომანდორის ჯვრით. უკანასკნელი ავსტრიის იმპერატორმა მიანიჭა.[16] არიერგარდის მებრძოლებს კი დაურიგეს სამკერდე ნიშნები, რომელზეც ეწერა:„ხუთი ოცდაათის წინააღმდეგ“.[17]

აუსტერლიცი

მდგომარეობა ბრძოლის დაწყებამდე
მდგომარეობა ბრძოლის განმავლობაში
კოალიციის არმიის უკან დახევა
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აუსტერლიცის ბრძოლა.

ამის შემდეგ კუტუზოვის არმიას შეუერთდა ბუკსგევდენის კორპუსი და მათმა საერთო რაოდენობამ დაახ. 85,000 შეადგინა. ბაგრატიონს ახლა უკვე ავანგარდი ებარა. ასეთი მდგომარეობით დაიძრა 15 (27)ნოემბერს არმია ნაპოლეონის არმიასთან საბრძოლველად. შემდეგ დღეს ბაგრატიონმა ელვისებული შეტევით აიღო ქალაქი ვიშაუ.[18] ქალაქ ოლმიუცში არმიას დახვდნენ ალექსანდრე I და ფრანც II. სწორედ ამ ფაქტმა გატაწყვიტა ბრძოლის შედეგი. არმიის მართვა თავის ხელში აიღეს იმპერატორებმა. კუტუზოვის გეგმით ნაპოლეონი ჯერ კარპატებისკენ უნდა შეეტყუებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეეტიათ, თუმცა ეს გეგმა იმპერატორბმა დაიწუნეს. ის მათ დამამცირებელი ეჩვენათ. სამაგიეროდ მათ დაამტკიცეს გენერალ ვეიროტერის სრულიად უნიჭოდ შდგენილი გეგმა. ბაგრატიონმა და კუტუზოვმა წინააღმდეგობა გაუწიეს იმპერატორებს. როდესაც პეტრეს ეს გეგმა გააცნეს, მან თქვა:

ვიკიციტატა
„ჩვენ ბრძოლას წავაგებთ[19]

ლევ ტოლსტოის ნაწარმოებ „ომი და მშვიდობის“ მიხედვით ანალოგიური სიტყვები იხმარა კუტუზოვმაც. ისინი ვერაფერს გახდნენ და საბრძოლველად მოემზადნენ.

1805 წლის 20 ნოემბერს(2 დეკემბერს) სოფელ აუსტერლიცთან გაიმართა ბრძოლა. მოკავშირეები ვეიროტერის გეგმით მოქმედებდნენ. ბაგრატიონს არმიის მარჯვენა ფლანგი ებარა. მის განკარგულებაში იყო 13,000 კაცი. მის წინ განლაგებული იყო ლანის და მიურატის შენაერთები. ნაპოლეონმა ისარგებლა ვეიროტერის გეგმის გამო გამოწვეული არეულობით და მარტივად დაამარცხა მოკავშირეები. ერთადერთი მეთაური, რომლის შენაერთიც არ დაშლილა და უკან მოუხედავად არ გაქცეულა, ბაგრატიონი იყო. საერთოდ არმია კი დამარცხდა და დაიფანტა. იმპერატორებმა თავს გაქცევით უშველეს. მესამე კოალიციის ომიც ფრანგების გამარჯვებით დამთავრდა.

ამ წარუმატებულეობას ალექსანდრე I რას აღარ აბრალებდა. მან ბევრი ოფიცერი დასაჯა, მათ შორის კუტუზოვიც, რომელიც მთავარსარდლობიდან გადააყენა. მიუხედავად უნიჭო გეგმისა, რუსებს მაინც ჰყავდათ აუსტერლიცის გმირები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს არმიის გადასარჩენად. მათ შორის იყო ბაგრატიონი. ის დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენით.[20] ამ ბრძოლის შემდეგ მან დიდი პოპულარობა მოიპოვა რუსეთში.

მეოთხე კოალიციის ომი

1806 წელს რუსეთმა, ინგლისმა, პრუსიამ და შვედეთმა] შექმნეს კიდევ ერთი, რიგით მეოთხე კოალიცია. არმია რუსეთს და პრუსიას გამოჰყავდათ, მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე კი როგორც ყოველთვის ინგლისი ზრუნავდა. ჯერ კოალიციას მტრის წინააღმდეგ მოქმედება არ დაეწყო, რომ ნაპოლეონი პრუსიაში შეიჭრა 170 ათასიანი არმიით.[21] მან პრუსიის არმია იენასთან გენერალურ ბრძოლაში გაანადგურა. 15 (27) ოქტემბერს კი უკვე ბერლინი აიღო.

ამავე წელს ფრანგები პოლონეთში შევიდნენ. საომრად მზად იყვნენ ბუკსგევდენის და ბენიგსენის კორპუსები, რომელთა საერთო რაოდენოდა 130 ათასს შეადგენდა. არმიის მთავარსარდლად მოხუცი გენერალი კამენსკი დაინიშნა. თუმცა ის მალევე მიხვდა, რომ მთავარსარდლობას ვერ შესძლებდა და არმია დატოვა. იმპერატორმა მთავარსარდლად ბენიგსენი დანიშნა. მისი არმია უნიჭოდ იხევდა უკან და ფრანგების გეგმებს უწყობდა ხელს. ასეთ ვითარებაში 27 იანვარს ბაგრატიონი არმიაში გამოცხადდა და ავანგარდის მეთაურობა ჩაიბარა. მას ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელსაც ბერტიე სწერდა მარშალ ბერნადოტს და უკან დახევა დაიწყო. ბერნადოტის დასაბნევად კი ერთ–ერთი დანაყოფი დატოვა, რომელთაც დემონსტრაციული მანევრი უნდა განეხორციელებინათ. ამ მოქმედებამ არმია იხსნა სრული კრახისგან, თუმცა ბენიგსენი უკან დახევას განაგრძობდა. 5 თებერვალს ბაგრატიონმა ბრძოლები გადაიტანა ქალაქ გოფთან. შემდეგ მას დაევალა შეეკავებინა ფრანგები, სანამ არმია პრეისიშ–ეილაუს მიაღწევდა, სადაც სურდა ბენიგსენს საკონტროლო ბრძოლის გამართვა. ბაგრატიონმა მისი ძალების მთავარი ნაწილი პრეისიშ–ეილაუში გაამაგრა, დანარჩენი კი მის მახლობლად. პირველად შეტევაზე გადმოვიდა ფრანგების ავანგარდი მიურატის მეთაურობით. ბაგრატიონმა უკუაგდო ეს შეტევა. მიურატმა ისევ დაიწყო რუსებზე შეტევა, თან ახლა მას მიეშველნენ ოჟეროსა და სულტის კორპუსები, რომლებიც გვერდიდან უვლიდნენ არიერგარდს. ბაგრატიონმა კონტრიერიშით ისევ უკუაგდო მტერი. ამ დროს ბრძოლას ნაპოლეონმა მოუსწრო, მან კიდევ წამოიწყო შეტევა, თუმცა ბაგრატიონი ბრძოლას აღარ აპირებდა. მან დაკისრებული მისია შეასრულა და ფრანგები შეაყოვნა. პეტრემ ქალაქი დატოვა, უკან დაიხია და ფრანგებს გაეცელა. ამის მიუხედავად ეილაუ ფრანგების ხელში დიდხანს არ ყოფილა. ბენიგსენის ბრძანებით ბაგრატიონმა იერიში მიიტანა და ქალაქი დაიბრუნა. ამას მოჰყვა ქალაქზე ფრანგების იერიში. ბაგრატიონის სურვილის მიუხედავად ბენიგსენმა მას უკან დახევა უბრძანა.

ეილაუს ბრძოლა. ქალაქ ეილაუს ბაგრატიონის პატივსაცემად 1946 წლის 7 სექტემბერს ბაგრატიონოვსკი უწოდეს.

რუსეთის არმიის უკან დახევის შემდეგ ორივე მხარემ გადამწყვეტი ბრძოლისთვის დაიწყო მზადება. ეილაუს ბრძოლა დაიწყო 7 თებერვალს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით რუსების და პრუსიის არმიაში დაახლოებით 67 ათასი, ფრანგებისაში კი 45–დან 70 ათასამდე კაცი შედიოდა. ბრძოლამ 15 საათს გასტანა. [22] ბრძოლის განმავლობაში რუსებმა უპირატესობა მოიპოვეს, მათ შეეძლოთ ნაპოლეონის არმია საბოლოოდ დაემარცხებინათ, თუმცა ეს ვერ შეძლეს მთავარსარდლის უხეირო გადაწყვეტილების გამო. არმიამ უკან კენიგსბერგისაკენ დაიხია და ფრანგების დამარცხების შანსი გაუშვა ხელიდან. ორივე მხარემ ბრძოლაში დაახლოებით 25 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.[23]

ამის შემდეგ არმიებმა შეისვენეს, თუმცა ორივე მხარე გარდაუვალი კონფლიქტისთვის ემზადებოდა. 1807 წლის მაისის მეორე ნახევარში რუსეთის არმიამ იერიში დაიწყო. ავანგარდს ბაგრატიონი მეთაურობდა. 10 ივნისს ფრანგებმა კონტრიერიში წამოიწყეს და რუსებს უკან დახევა აიძულეს. როგორც ყოველთვის ასეთ სიტუაციაში არიერგარდს ბაგრატიონი ჩაუდგა სათავეში უკან დახევის უზრუნველსაყოფად. მან ეს მისია წარმატებით შეასრულა. არმიამ ფრიდლანდისკენ დაიხია, სადაც 15 ივნისს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. ბენიგსენმა თავისი უნიჭო მოქმედებებით არმია დაღუპა. ის დამარცხდა და უკან დაიხია ტილზიტისაკენ, სადაც 1807 წლის ივლისის დასაწყისში დაიდო ზავი, რომელიც ტილზიტის ზავის სახელითაა ცნობილი.

რუსეთ–შვედეთის ომი

პეტრე ბაგრატიონის პორტრეტი, სალვადორ ტონჩის ნამუშევარი

კოალიციის დამარცხების შემდეგ ბაგრატიონი პეტერბურგში დაბრუნდა, თუმცა იქ ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რადგან ამ დროს იმპერატორმა ალექსანდრე I–მა შვედეთთან ომი დაიწყო. რუსეთის არმიამ, რომლის მთავარსარდალი იყო ბუკსგევდენი, 21 თებერვალს ფინეთში შეიჭრა. ბაგრატიონის 21–ე დივიზიამ მოყინული და საშიში გზები საკმაოდ წარმატებით გადალახა და მარტის პირველ ნახევარში დაიკავა ქალაქები ტავასტჰუსი, აბო და ტამერფორსი. შემდეგ განაგრძო წინსვა. 8 დღეში გმირული მანძილი 200კმ გაიარა[24] და ბეირნებორგი აიღო. მას სურდა დევნა გაეგრძელებინა, თუმცა ამაში ხელი ბუკსგედევნმა შეუშალა. არმიამ თავისი მოქმედებით სამხრეთ ფინეთი დაიკავა. აპრილში ბაგრატიონმა არმია ჯანმრთელობის გამო დატოვა და მხოლოდ სექტემბერში დაუბრუნდა მას. ის დაინიშნა ფინეთის დასავლეთ სანაპიროს დამცველი ჯარების მეთურად.[25] აქ მას მოუხდა მის მიერვე დაკავებული ქალაქ აბოს დაცვა. მან სამჯერ მოიგერია შვედების დესანტი, რის შემდეგაც შვედებმა ქალაქის დაბრუნებაზე ხელი ჩაიქნიეს.

ახლად დანიშნულმა მთავარსარდალმა კნორინგმა გადაწყვიტა ბოტნიის ყურის გავლით არმია სტოკჰოლმისკენ წაეყვანა. ბევრს არ მოსწონდა ეს გეგმა, რადგან ყურის გადალახვა თითქმის შეუძლებელი იყო. ბაგრატიონი ყურისკენ დაიძრა და მან 17 ათასი ჯარისკაცით ყურე გადალახა. ეს მისი კიდევ ერთი გმირობა იყო. ამის შემდეგ ბაგრატიონმა დაიკავა ალანდის კუნძულები. არმია სტოკჰოლმისკენ გაემართა, გზაზა ქალაქები აიღო, თუმცა დედაქალაქში აღარ შესულა, რადგან 1809 წლის 17 სექტემბერს ომი ფრიდრიხსგამის ზავით დამთავრდა. ბაგრატიონს დამსახურებებისთვის ინფანტერიის გენერლის ჩინი უბოძეს.

პირადი ცხოვრება

ეკატერინე პავლეს ასული რომანოვი

ბაგრატიონს პირად ცხოვრებაში ბედი არ წყალობდა. სამკურნალოდ წასვლის წინ აპრილის ბოლოს ის რამდენიმე დღით პეტერბურგში დარჩა, სადაც მეუღლის საქმეების რწმუნებული ვ. ბოგოლიუბოვი ესტუმრა. ვენაში ფუქსავატური დროის ტარების გამო ეკატერინეს დიდი ვალები დაედო და ქმრისთვის ფულის სათხოვნელად რწმუნებული გამოუშვა. ეკატერინე პეტრეს ფულს დარცხვენილი კი არ სთხოვდა, არამედ ხმას ავრცელებდა თითქოს მას ვალები ქმრის გამო დაედო. ბაგრატიონმა ამის მიუხედავად დააკმაყოფილა მეუღლის თხოვნა.

ამ დროს ბაგრატიონი 43 წლის იყო და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის იმპერატორ ალექსანდრე I-ის და ეკატერინე. ეკატერინე ჯერ ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ზე უნდა გაეთხოვებინათ, თუმცა ეს საქმე ჩაიშალა და ის გაათხოვეს ოლდენბუგის უფლისწულ გეორგზე, რომელიც რუსეთის არმიაში ჩინით გენერალ-მაიორი იყო. გათხოვილმა ქალმა მაინც ვერ შეძლო ბაგრატიონის დავიწყება. არც ბაგრატიონი იყო მისდამი გულგრილი. ამ გარემოებით უკმაყოფილო იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ბაგრატიონის ოსმალეთის წინააღმდეგ გაშვება დააჩქარა.

რუსეთ-ოსმალეთის ომი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რუსეთ-ოსმალეთის ომი (1806-1812).

როდესაც ბაგრატიონი მოლდავეთის არმიაში ჩავიდა, მისი მთავარსარდალი იყო ფელდმარშალი ალექსანდრე პროზოროვსკი. თუმცა ის 22 აგვისტოს გარდაიცვალა და არმიის მეთაურობა ბაგრატიონს დაევალა. ალექსანდრე I-ის ბრძანებით ბაგრატიონმა შეტევა წამოიწყო. მან დუნაი გადალახა და აიღო ციხე-სიმაგრეები: გაჩინა, გირსოვი და კიუსტენჯი. 17 სექტემბრს კი იერიში მიიტანა რასევატზე და აიღო ციხე-სიმაგრე. ამ გამარჯვებისთვის ბაგრატიონი დააჯილდოვეს წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ორდენით. პეტრემ კიდევ აიღო იზმაილი და ბრაილოვი, თუმცა ისევ გრძელდებოდა სილისტრიის ალყა. პეტრეს კიდევ მოუხდა ბრძოლის გადახდა სილისტრიისკენ მომავალ ოსმალებთან. ბრძოლა ტარაციტასთან[26] მოხდა. ბაგრატიონმა მტერი ვერ დაამარცხა, თუმცა დამარცხება არც თვითონ უწვნევია. ბაგრატიონმა გადაწყვიტა, რომ არმია ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა და დუნაის მარცხენა ნაპირზე დაბრუნება და გაზაფხულზე თავიდან შეტევა განიზრახა. ალექსანდრე I თავიდან წინააღმდეგი იყო თუმცა შემდეგ მეტი გზა არ დარჩა და დათანხმდა. ბაგრატიონმა შემდეგი შეტევისთვის დაიწყო მზადება. ალექსანდრე I გაბრაზებული იყო არმიის უკან დახევის გამო და 1810 წლის თებერვალში ბაგრატიონი მოლდავეთის არმიის მთავარსარდლობიდან გაათავუსუფლა. [27] მის მაგივრად მეთაურად ნიკოლაი კამენსკი დაინიშნა.

1812

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812).
ბაგრატიონის გეგმა ნაპოლეონის ლაშქრობის წინააღმდეგ
საფრანგეთ-რუსეთის ომის ნაწილი
Napoleon Neman.jpg
ტიპი სამხედრო ოპერაცია
მდებარეობა ევროპა
დაიგეგმა 1812 წელს
დაგეგმა პეტრე ბაგრატიონმა
მიზანი შეეტიათ საფრანგეთის არმიისთვის მანამდე, სანამ ის საზღვარს გადმოლახავდა, რათა მის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციები ეწარმოებინათ
შედეგი ალექსანდრე I-მა არ დაამტკიცა

1812 წლისთვის რუსეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. ნაპოლეონმა ავსტრიასა და პრუსიასთან ხელშეკრულება დადო, რის მიხედვითაც მათი არმიები ნაპოლეონის განკარგულებაში გადადიოდნენ. თავის მხრივ რუსეთს მხარს უჭერდა ინგლისი, შვედეთი და ესპანეთი. ორივე სახელმწიფო ომისთვის ემზადებოდა. ასეთ ვითარებაში ალექსანდრე I-მა ბაგრატიონს ჩააბარა პოდოლსკის არმიის მთავარსარდლობა. ბაგრატიონმა შეადგინა სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის ძირითადი იდეა შეტევითი მოქმედებების წარმოება იყო. გეგმის მიხედვით რუსები შეტევაზე სწრაფად უნდა გადასულიყვნენ, მოეგოთ დრო, ესარგებლათ მოულოდნელობით და საფრანგეთისთვის ჩამოეცილებინათ მოკავშირეები: ავსტრია, პრუსია და პოლონეთი. ის სწერდა იმპერატორს:

ვიკიციტატა
„ამრიგად, მიმაჩნია ომი არა მარტო გარდუვალად, არამედ აუცილებლად რუსეთის უსაფრთხოებისა და მისი წმიდათაწმიდა უფლებების დასაცავად, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში უმთავრესია, ერთი მხრივ, თავი დავიზღვიოთ მოულოდნელი თავდასხმისაგან, ხოლო მეორე მხრივ – მოვიგოთ დრო, სულ ცოტა 6 კვირა მაინც, რათა მივაყენოთ პირველი დარტყმები და ვაწარმოოოთ შეტევითი და არა თავდეცვითი ომი[28]

იმპერატორმა ეს გეგმა არ დაამტკიცა. მან არჩია გენერალ ფულის გეგმა, რომლის მიხედვითაც არმია სამ ნაწილად იყოფოდა და წარბი ძალების შემოტევის შემთხვევაში უკან დახევას ითვალისწინებდა.

ასეთ ვითარებაში 24 ივნისს ნაპოლეონმა 600-ათასიანი არმიით ომის გამოუცხადებლად დაგალახა მდინარე ნემანი. მის წინააღმდეგ იდგა 200 ათასზე ცოტა მეტი ჯარისკაცი, როგორც ვთქვით სამ დამოუკიდებელ არმიად დაყოფილი. პირველს – დასავლეთის არმიას მეთაურობდა მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლი. მის განკარგულებაში იყო 110 ათასი ჯარისკაცი. მეორე იყო 50-ათასიანი პოდოლსკის არმია, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. მესამე იყო 40-ათასიანი სარეზერვო არმია. მას გენერალი ალექსანდრე ტორმასოვი მეთაურობდა. ფრანგების არმიის სიმრავლის გამო ორივე არმიამ, ფულის გეგმის მიხედვით უკან დაიხია დრისის ბანაკისკენ ისე, რომ გენერალური ბრძოლა ფაქტობრივად არ გაუმართავს. ბაგრატიონის უკან იხევდა და მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ ფრანგები დავუსა და ჟერომ ბონაპარტის მეთაურობით. დავუს წინააღმდეგ მან საბრძოლველად გაუშვა რაევსკის 10-ათასიან კორპუსი, 17 ივლისს თვითონ კი დნეპრი გადალახა[29]. მან თავი დააღწია ფრანგების ძალებს, თან მათ დიდი ზარალი მიაყენა. 22 ივლისს ორი არმია სმოლენსკში შეერთდა. ამ მოქმედების შესახებ ბაგრატიონის ადიუტანტი გოლიცინი წერდა:

პეტრე ბაგრატიონი 1812 წელს, ტროპინინის ნამუშევერი
ვიკიციტატა
„სწრაფი და მაღალი ხელოვნებით შესრულებული მარში, რომელსაც ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ რუსეთის არმიების შეერთებას სმოლენსკთან, აყენებს ბაგრატიონს 1812 წელს რუსეთის მხსნელთა რიგებში[30]

ბაგრატიონს უფრო მაღალი ჩინი ჰქონდა, მაგრამ ის თავისი ნებით დაემორჩილა ბარკლაი-დე-ტოლის, როგორც რუსეთის სამხედრო მინისტრს. ასე, რომ მთავარსარდლობა ბარკლაი-დე-ტოლის ერგო.

17 აგვისტოს ნაპოლეონმა ამჯერად სმოლენსკზე მიიტანა იერიში. ქალაქს იცავდა დასავლეთის პირველი არმია. მეორე, ბაგრატიონის არმია კი მოსკოვის გზას იცავდა, რათა მტრისთვის გარსშემოვლის საშუალება არ მიეცა. ბარკლაი-დე-ტოლიმ თავიდან მტერს ქალაქი არ დაუთმო, თუმცა შემდეგ დღეს ის სმოლენსკი და ფრანგებს ჩაუგდო ხელში. ამ მოქმედებამ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. ბაგრატიონსა და ბარკლაი-დე-ტოლის შორის, რომლებიც ბოლოსდაბოლოს შერიგდნენ, კვლავ დაიძაბა ურთიერთობა. საბოლოოდ ამ მოქმედებით ბარკლაიმ მხედართმთავრობა დაკარგა. ალექსანდრე I-მა მთავარსარდლობა კუტუზოვს ჩააბარა. 30 აგვისტოს ის არმიის შტაბში ჩავიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ბოროდინოს ბრძოლა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბოროდინოს ბრძოლა.
ბაგრატიონის ფლეშები, ფრანც რუბო
ბაგრატიონის ფლეშები, ფრანც რუბო

კუტუზოვმა მალევე ყველასთვის სანატრელი გენერალური ბრძოლის ადგილად ბოროდინოს ველი არჩია. ფრანგებს 130,000 ჯარისკაცი და 587 ზარბაზანი ჰყავდათ, რუსებს კი 120,000 ჯარისკაცი და 640 ზარბაზანი. ბაგრატიონს მაცხენა ფლანგი ებარა. უშუალოდ ბრძოლას წინ უძღვოდა ფრანგების იერიში შევარდინოს რედუტზე. 5 სექტემბერს[31] მიურატმა შევარდინოზე შეტევა დაიწყო. წინააღმდეგობის მიუხედავად მან რედუტი დაიკავა. ამის შემდეგ ბრძოლაში ბაგრატიონი ჩაერთო და რედუტი დაიბრუნა, თუმცა კუტუზოვის ბრძანებით გვიან ღამით უკან დაიხია და შევარდინო ფრანგებს დაუთმო.

7 სექტემბერს ფრანგებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს რუსების მარცხენა ფრთას, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. მას დაახლოებით ასი ზარბაზანი უტევდა. პირველი იერიში დავუმ წამოიწყო 25-ათასიანი კორპუსით ბაგრატიონის ფლეშებზე.[32] ეს იყო ოთხი ისრის წვერის ფორმის მიწური, რომელიც რკალად შეკრულ ეშალონს ქმნიდა მდინარე კალოჩას წინ. ეს პოზიციები იცავდა რუსების მარცხენა ფლანგს, თუმცა კი არავითარი ლანდშაფტური უპირატესობა არ გააჩნდა. ფლეშებს ასევე ჰქონდა საარტილერიო შენაერთებისოფელ სემოინოვსკოეს მაღლობზე. რომლის ამაღლებული რელიეფი მდ. კალოჩას მარცხენა ნაპირზე კონტროლის საშუალებას აძლევდათ.[33]

სურათის ცენტრში ჩანს დაჭრილი ბაგრატიონი, მასთან ახლოს კი ცხენზე შემჯდარი კონოვიცინი. პეტერ ფონ ჰესი, «ბოროდინოს ბრძოლა»(1843).

ფლეშები დაკავებული ჰქონდა გრენადერების მეორე დივიზიას მიხეილ ვორონცოვის მეთაურობით. 6 საათზე არტილერიის დაბომბვის შემდეგ პირველად შეტევაზე გადავიდნენ დეზესა და კომპანის დივიზიები. მათ გადალახეს ეგერთა წინააღმდეგობა და ფლეშებში შეაღწიეს უტიცკის ტყის გავლით. როდესაც დაიწყეს განლაგება, ისინი მოხვდნენ ეგერების ცეცხლის ქვეშ, რომლებსაც კონტრშეტევა წამოეწყოთ და უკან დახევა მოუხდათ.

8 საათზე ფრანგებმა მეორე იერიში წამოიწყეს და დაიკავეს ფლეშების სამხრეთი ნაწილი. ბაგრატიონმა ვორონცოვის დივიზიას საკუთარი ძალები მიახმარა. ფრანგებმა ფლეშბი დატოვეს. დაიჭრნენ კომპანი და დეზე, ასევე კონტუზია მიიღო მარშალმა დავუმ.

მესამე შეტევისთვის ნაპოლეონმა გააძლიერა შემტევი ძალები ნეისა და მიურატის კორპუსების ნაწილებით, ასევე ზარბაზნების რიცხვი 160-მდე გაზარდა. თავისმხრივ ბაგრატიონმაც მიიღო დახმარება კუტუზოვისგან, თუმცა ფრანგებმა მაინც შეძლეს ფლეშების სამხრეთ ნაწილში შეღწევა. ხიშტებით ბრძოლაში მძიმედ დაიჭრნრნ გენერლები: დიმიტრი ნევეროვსკი და მიხეილ ვორონცოვი.

დაჭრილი ბაგრატიონი გაჰყავთ ბოროდინოს ბრძოლიდან, ფრანც რუბოს ნამუშევარი

რუსებმა წამოიწყეს კონტრშეტევა კირასირების პოლკით ისე, რომ მარშალი მიურატი რამის ტყვედ ჩავარდა. მათდა სამწუხაროდ კავალერიას მხარი ვერ აუბეს ქვეითებმა. კირასირები უკუგდებულ იქნენ ფრანგების მიერ. ასე, რომ დილის 10 საათისთვის ფლეშები ისევ ფრანგების ხელში იყო. საბოლოოდ რუსებმა მაინც შეძლეს მისი დაბრუნება ქვეითთა მესამე დივიზიის კონტრშეტევის შემდეგ, რომელსაც მართავდა გენერალი კონოვიცინი.

11 საათისთვის ნაპოლეონმა 45 ათასი ქვეითითა და კავალერიით და თითქმის 400 ქვემეხით დაიწყო მეოთხე იერიში.[34] ბაგრატიონმა, რომელიც მიხვდა, რომ ამხელა ძალების ზეწოლას ვერ გაუძლებდა, თვითონ გადავიდა შეტევაზე 20 ათასი კაცით, რომელსაც სათავეში თვითონ ჩაუდგა. ფრანგებმა ბაგრატიონის ძალები შეაჩერეს და დაიწყო ხიშტებით ბრძოლა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. რუსებმა უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ამ დროს ბაგრატიონი ყუმბარის ნატეხებით თეძოში დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. ამან ჯარისკაცებზე რა თქმა უნდა ცუდად იმოქმედა. მათ უკან დახევა დაიწყეს. მეორე არმიის ხელმძღვანელობა კონოვიცინმა ითავა, რომელიც შემდეგ კუტუზოვმა ინფანტერიის გენერალი დოხტუროვით შეცვალა.

სიკვდილი

დაჭრილი ბაგრატიონი გადაიყვანეს მამიდამისთან სოფელ სიმში. სიმში ჩასვლამდე მან გაიგო მოსკოვის აღების ამბავი და როსტოპჩინს მისწერა:

ვიკიციტატა
„მშვიდობით, ჩემო პატივცემულო მეგობარო! მე მოვკვდები არა ჭრილობით, არამედ მოსკოვით“

სიმში მან მიიღო იმპერატორი ალექსანდრე I რესკრიპტი:

ვიკიციტატა
„თავადო პეტრე ივანის ძევ! კმაყოფილებით მომსმენი თქვენი საგმირო საქმეებისა და გულმოდგინე სამსახურის ამბებისა, ფრიად დამაღონა თქვენს მიერ მიღებულმა ჭრილობამ, რამაც დროებით ჩმოგაცილათ ბრძოლის ველს, სადაც თქვენი ყოფნა ახლანდელ საომარ გარემოებებში ესოდენ საჭირო და სასარგებლოა. ვისურვებ და ვიმედოვნებ, რომ უფალი ადრე და მალე მოგანიჭებთ შვებას შესამკობლად თქვენის საქმეებისა ახალი სახელითა და დიდებით. ამავე დროს, არა თქვენი დამსახურების ჯილდოდ, რომელსაც უახლოეს დროში მიიღებთ, არამედ თქვენი შეძლების ერთგვარ შემწეობად, ერთროულად გიბოძებთ ორმოცდაათ ათას მანეთს, დავშთბი თქვენი მოწყალე ალექსანდრე[35]
ბაგრატიონის საფლავი ბოროდინოს ველზე

დასავლეთის მეორე არმიის მთავარი მედიკოსი განგარდტი, რომელიც ბაგრატიონთან იყო ბოლო წუთებამდე, წერდა:

ვიკიციტატა
„ჭრილობისაგან ის გრძნობდა სასტიკ ტკივილს, იტანჯებოდა შეტევებით, მაგრამ მცირეოდენი წუხილიც კი არ წარმოუთქვამს თავის ბედსა და წვალებაზე, ყველაფერს იტანდა, როგორც ნამდვილი გმირი, არ ეშინოდა სიკვდილისა, მის მოახლოებას ისეთივე სიმშვიდით ელოდა, როგორითაც მზად იყო შეხვედროდა მას გააფთრებულ ბრძოლაში[36]

24 სექტემბერს ჭრილობის მიღებიდან 17 დღის შემდეგ ბაგრატიონი გარდაიცვალა. 30 სექტემბერს კი ის დაასაფლავეს სიმის ეკლესიაში.

ბაგრატიონის ადიუტანტი, დენის დავიდოვი იბრძოდა ბაგრატიონის ნეშთის ბოროდინოს ველზე გადასვენებისთვის და 27 წლის შემდეგ საწადელს მიაღწია. 1839 წელს მან მოიპოვა ბაგრატიონის ნეშთის გადასვენების უფლება, თუმცა მას ვერ მოესწრო.

ჯილდოები

დასახელება ორდენი ლენტი თარიღი
„წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ორდენი“
Order of Russia St Andrew.jpg
Band to Order St Andr.png
27.09.1809
„წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენი“
Order of St. George, 2nd class.jpg
Orderglory rib.png
28.01.1806
ოქროს დაშნა «სიმამაცისთვის» ალმასებთან ერთად
———
01.12.1807
„წმინდა ვლადიმერის I ხარისხის ორდენი“
Орден св владимира 1 ст.jpg
Saint vladimir (bande).png
20.05.1808
„წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი“ ალმასებთან ერთად
Badge to Order St Alexander Nevsky 1820-1830.jpg
Band to Order St Alexander Nevsky.png
06.06.1799
„წმინდა ანას I ხარისხის ორდენი“
Anna2nd.jpg
Order of Saint Anne Ribbon.PNG
05.05.1799
მალტური „წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენი“ ალმასებთან ერთად
Ierus a7.jpg
———
14.05.1799
პრუსიული „წითელი არწივის ორდენი“
REO-GC breast star.JPG
———
1807
პრუსიული „შავი არწივის ორდენი“
Black Eagle Order star.jpg
———
1807
მარი–ტერეზას ორდენის კომანდორის ჯვარი
Weltliche Schatzkammer Wien (144).JPG
DameCRI.png
1799
სარდინიული წმინდანების მავრიკიოსისა და ლაზარეს I ხარისხის ორდენი
OSSML Commandeur.jpg
Cavaliere SSML BAR.svg
1799

ბაგრატიონის ხსოვნა

ბაგრატიონის ქანდაკება თბილისში

პეტრე ბაგრატიონი კინემატოგრაფიაში

გიული ჭოხონელიძე პეტრე ბაგრატიონის როლში

ლიტერატურა

  • ლომოური თ., პეტრე ბაგრატიონი, თბ., 1946;
  • ნაკაშიძე ნ., ბოროდინის გმირი, თბ., 1961;
  • Генерал Багратион, Сб. документов и материалов, Л., 1945;
  • Багратион в Дунайских княжестах. Сб. документов, Киш., 1949;
  • Ростунов И. И., П. И. Багратион, М., 1947;
  • ნაკაშიძე ნ., ქსე, ტ. 2, გვ. 131, თბ., 1977
  • გონიკიშვილი მ. ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში. თბ, 1986
  • ანთელავა ირ. ქართველები 1812 წლის სამამულო ომში. თბ, 1984
  • ტარიელ ზოზროხაშვილი, დიდი ქართველები - ცხოვრების ქრონიკები, თბილისი, 2009, გვ. 205-209. ISBN 978-99940-42-45-6


რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. აკაკი გელოვანი — სიბრძნის სიმფონია, თბილისი, 1989, გვ. 296
  2. ალექსანდრე მიქაბერიძე — პეტრე ბაგრატიონი: ნაპოლეონის ომების საუკეთესო ქართველი გენერალი
  3. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,გვ.46.
  4. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,გვ.46
  5. ა. შერვაშიძე - ბაგრატიონი, ბათუმი, 1976, გ.59
  6. ა. შერვაშიძე - ბაგრატიონი, ბათუმი, 1976, გ.81
  7. Русская старина, 1886,с.335
  8. შ. მეგრელიძე, ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები, თბილისი, 1979, გვ.29
  9. ა. ჟილინი - კუტუზოვი, თბილისი, 1987, გვ.100
  10. Русский биографический словарь,т-II, c.395
  11. ა. ჟილინი - კუტუზოვი, თბილისი, 1987, გვ.101
  12. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,გვ.60
  13. ს.ბორისოვი–ბაგრატიონი, თბილისი, 1941, გვ.41
  14. წერილში მოცემულია თარიღი იულიუსის კალენდრით
  15. ნ. ნაკაშიძე–ბოროდინოს გმირი, თბილისი, 1961, გვ.36
  16. Русский биографический словарь,т-II, c.395
  17. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,თბილისი,1986,გვ.82
  18. ალექსანდრე მიქაბერიძე — პეტრე ბაგრატიონი: ნაპოლეონის ომების საუკეთესო ქართველი გენერალი, II ნაწილი - გენერალი ბაგრატიონი: 1799- 1810
  19. ს.ბორისოვი–ბაგრატიონი, თბილისი, 1941, გვ.41
  20. ალექსანდრე მიქაბერიძე — პეტრე ბაგრატიონი: ნაპოლეონის ომების საუკეთესო ქართველი გენერალი, II ნაწილი - გენერალი ბაგრატიონი: 1799- 1810
  21. დ. ცისკარიშვილი - იმპერატორი ნაპოლეონი, თბილისი, 1997, გვ.130
  22. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,გვ.81.
  23. М. Богданович-История царствования Императора Александра первого и Россия в его время, т.II, СПБ., 1869, с.205.
  24. Д. Давыдов- Военные записки, с.142
  25. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,გვ.90.
  26. Русский биографический словарь,т-II, c.396
  27. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,თბილისი,1986,გვ.104
  28. ირ. ანთელავა–ქართველები 1812 წლის სამამულო ომში, თბილისი, 1984, გვ.14
  29. ირ. ანთელავა–ქართველები 1812 წლის სამამულო ომში, თბილისი, 1984, გვ.20
  30. ნ. ნაკაშიძე, ბოროდინოს გმირი, თბილისი, გვ.92
  31. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,თბილისი,1986,გვ.119
  32. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,თბილისი,1986,გვ.119
  33. "Riehn" გვ.243
  34. ამ იერიშს ზოგიერთი ისტორიკოსი მერვეს უწოდებს. მეოთხე იერიშად ისინი თვლიან რუსი კირასირების კონტრშეტევას, მეხუთედ – რუსების კონტრშეტევას, როომელსაც კონოვიცინი მეთაურობდა. მეექვსედ და მეშვიდედ ითვლება გენერალ ჟუნოს საბრძოლო მოქმედებები.
  35. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,თბილისი,1986,გვ.122
  36. В. К. Грибанов, Багратион в Петербурге, 1979, с. 200
Tank template.gif ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
P vip.svg ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.
Ac papyrus.png ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.