რუსეთ-ოსმალეთის ომი (1806-1812)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი.
ათონის ბრძოლა

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1806-1812 – გამოწვეული იყო ოსმალეთის რევანშისტული პოლიტიკით. კონსტანტინოპოლში ფიქრობდნენ, რომ რადგანაც რუსეთი 1804 წლიდან ირანთან ომით იყო დაკავებული, ხოლო 1805 წლიდან საფრანგეთთან ომშიც ჩაება, ოსმალეთი ადვილად დაიბრუნებდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიებს და საქართველოსაც დაეპატრონებოდა. საბაბად დუნაიზე რუსეთის აქტივობა გამოიყენეს. 1806 წლის 9-21 ნოემბერს რუსეთის 40 ათასიანმა არმიამ ი. მიხელსონის მეთაურობით მდინარე დნესტრი გადალახა და დუნაის სამთავროები დაიკავა, რომ იქ ფრანგებს არ დაესწროთ. 18 დეკემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. სამხედრო მოქმედებები დუნაის აუზში და ამიერკავკასიაში გაიშალა. ამასთანავე, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ფლოტიც მოქმედებდა. 1807 წლის 19 ივნისს ათონთან ბრძოლაში რუსეთის ესკადრამ დ. სენიავინის მეთაურობით ოსმალთა ფლოტი დაამარცხა. 1807 წელს ივანე მიხელსონის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ჯარების სარდლად ალექსანდრე პროზოროვსკი დანიშნეს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, 1809 წლის 11 აგვისტოდან, სარდლად პეტრე ბაგრატიონი იყო, 1810 წლის თებერვალში ნიკოლაი კამენსკი დაინიშნა, 1811 წლის მარტში კი - მიხეილ კუტუზოვი. ამ ომში რუსეთის არმიამ მთელ რიგ ბრძოლებში გაიმარჯვა და დაიკავა რამდენიმე ქალაქი.

1809 წელს საქართველოში რუსთა ჯარმა ქართველთა სამხედრო ძალების დახმარებით დაამარცხა ოსმალთა მრავალათასიანი არმია და ფოთი გაათავისუფლა. 1811 წელს ოსმალები ახალქალაქიდანაც განდევნეს. 1811 წლის ოქტომბერში რუსეთ-ოსმალეთის მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობის გამწვავების იმედით ოსმალები საქმეს აჭიანურებდნენ. მ. კუტუზოვის ინიციატივით 1812 წელს ხელი მოაწერეს ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც ოსმალებმა აღიარეს ბესარაბიისა და დასავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთება; დუნაის აუზში დაკავებული ციხე-ქალაქები, აგრეთვე ფოთი და ახალქალაქი რუსეთმა ოსმალეთს დაუბრუნა.

ლიტერატურა[რედაქტირება]