ლარს ულრიხი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლარს ულრიხი
ლარს ულრიხი ლონდონის კონცერტზე, 15 სექტემბერი, 2008
ლარს ულრიხი ლონდონის კონცერტზე, 15 სექტემბერი, 2008
ბიოგრაფია
დაიბადა 26 დეკემბერი, 1963[1]
წარმოშობის ადგილი გენტოფტი, დანია
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი
საქმიანობა დრამერი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი დრამები
აქტიური 1981-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros., Elektra, Megaforce
ასოციაციები მეტალიკა
ვებ-გვერდი Metallica.com

ლარს ულრიხი (დ. 26 დეკემბერი 1963, გენტოფტი, დანია) — დანიელი დრამერი, უკეთესად ცნობილი როგორც ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის თანადამაარსებელი. ლარსი დაიბადა გენტოფტში საშუალო კლასის ოჯახში 1963 წლის 26 დეკემბერს.[1] ჩვიდმეტი წლის ასაკში ლარსის ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ლოს ანჯელესში, კალიფორნია. აქ მან განაცხადა ადგილობრივ გაზეთში The Recycler, შეხვდა ჯეიმზ ჰეტფილდს და მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი მეტალიკა.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მამამისი, ტორბენ ულრიხი, გარდა იმისა რომ იყო პროფესიონალი ჩოგბურთელი, მუსიკოსიც იყო, ფლობდა პატარა ჯაზ-კლუბს და უკრავდა ისეთი გიგანტების გვერდით, როგორებიც იყვნენ სტენ გეტსი და მაილს დევისი. ლეგენდარული საქსოფონისტი დექსტერ გორდონი ლარსის ნათლიაა. 1973 წლის თებერვალში ლარსის მამამ იშოვა ხუთი ბილეთი თავისი ხუთი მეგობრისთვის დიფ ფარფლის კონცერტზე, რომელიც უნდა ჩატარებულიყო კოპენჰაგენის სტადიონზე. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მეგობარი ვერ მიდიოდა კონცერტზე და ბილეთი 9 წლის ლარს შეხვდა. დიფ ფარფლის კონცერტის შემდეგ ლარსმა გაიგო, მუსიკა როგორი შეიძლება არსებობდეს. ფარფლებმა შეცვალეს ლარსის სამყარო. მას ისეთი შთაბეჭდილებები დარჩა კონცერტიდან, რომ მეორე დღესვე იყიდა ალბომი „Fireball“. 3 წლის შემდგომ, 12 წლის ასაკში, დაითანხმა ბებია ეყიდა მისთვის დრამების პირველი კომპლექტი.

ლარსის ბავშვობის გატაცება იყო ჩოგბურთი და დანიაში საკმაოდ წარმატებულ ახალგაზრდა ჩოგბურთელად ითვლებოდა. თუმცა, თანდათან მუსიკა უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ჩოგბურთზე. ლარსისთვის ამერიკაში გადასვლის მიზანი იყო ჩოგბურთის თამაში, მაგრამ იქ ლარსი უბრალოდ ერთი რიგითი ჩოგბურთელი აღმოჩნდა და არა ყველასათვის ცნობილი მოთამაშე, როგორიც ის მშობლიურ დანიაში იყო. მალე ჩოგბურთი ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდა ლარსისთვის, იგი გახდა მსხვერპლი სამხრეთ კალიფორნიის თავაშვებული გართობებისა: სექსი, ნარკოტიკები და როკ-ენ-როლი... ლარსის ვნება მუსიკის მიმართ გაიზარდა, მან დაიწყო ვაჭრობა აუდიო კასეტებით, რათა მიეღო მეტალის საყვარელი ჩანაწერები ევროპიდან.

1980 წელს ლარსმა მოისმინა ჯგუფ დაიმონდ ჰედის დებიუტი და ისე მოიხიბლა, რომ ჯგუფს აღარ შორდებოდა. 1981 წლის ივნისში ლარსი ჩაფრინდა ინგლისში მისი ფავორიტი ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად. თუმცა აღმოჩნდა, რომ ლარს თავისი მგზავრობა დეტალურად არ დაუგეგმავს და საღამოსთვის წასასვლელი არსად ჰქონდა. მან მოახერხა ჯგუფთან შეხვედრა კულისებში და აუხსნა, თუ რა მანძილის დაფარვა მოუხდა, რომ მათ კონცერტს დასწრებოდა. ჯგუფმა თბილად მიიღო იგი და მთავარმა გიტარისტმა ბრაიან ტატლერმა დართო ნება თავისთან დარჩენილიყო ბირმინგემში,[2] სადაც ლარსმა გაატარა შემდგომი რამდენიმე კვირა ჯგუფთან ერთად. ლარსი ახლაც დიდი ფანია ჯგუფის და დაეხმარა კიდეც მათი ერთ-ერთი ალბომის, The Best of Diamond Head მიქშირებაში.

კალიფორნიაში დაბრუნებული, შეხვდა თავის მეგობარს ბრაიან სლაიჯელს, რომელიც ეძებდა ჯგუფებს, რათა ჩაეწერა ნაკრები მისი ხმის ჩამწერი ფირმისთვის Metal Blade records. ლარსმა დაარწმუნა იგი, შეეტანა ამ კრებულში მეტალიკის სადებუიტო სიმღერაც. ინგლისში გამგზავრებამდე ლარსმა დაუკრა ჯეიმს ჰეტფილდთან ერთად. ეს ცდა არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ ამჯერად მას ჰქონდა მიზანი: ადგილი ალბომში.

ამრიგად, ლარსმა მაინც აიხდინა ბავშვობის ოცნება, გამოსულიყო უიბლდონზე, მხოლოდ ცოტათი განსხვავებული პროფილით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

[რედაქტირება] სტილი

ულრიხის დაკვრის სტილმა მისი კარიერის განმავლობაში ცვლილებები განიცადა.1980-იან წლებში ლარსი ცნობილი იყო სწრაფი, აგრესიული და კომპლექსური თრეშის რიტმებით. ხშირად იყენებდა ორმაგი ბასის ტექნიკას, რაც მეტად პოპულარული გახდა მძიმე მეტალ დრამერებში. ამ სწრაფსა და რთულ რიტმებს საუკეთესოდ წამოაჩენს Battery (Master of Puppets), Damage, Inc. (Master of Puppets), Blackened (...And Justice for All) და Dyers Eve (...And Justice for All). 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში ლარსმა გაამარტივა თავისი დაკვრის სტილი, რათა მორგებოდა ჯგუფის სტილს. გამარტივება ლარსმა დაიწყო შავი ალბომის გამოშვებიდან და უხეშად დაამთავრა St. Anger-ით. მეტალიკის ბოლო ალბომით Death Magnetic ულრიხი მოკრძალებულად დაუბრუნდა 80-იანების სტილს, სადაც იგი უფრო რთულ და სწრაფ რიტმებს უკრავდა, ვიდრე 90-იანებში. ეს ცვლილებაც კვლავ ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

ულრიხმა ორჯერ იქორწინა. პირველად ინგლისელ დები ჯოუნსზე 1988 წელს, რომელიც ტურნეს დროს გაიცნო. მათმა ქორწინებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა: 1990-ში წყვილი დაშორდა ერთმანეთს. მეორე ქორწინებამ სკაილარ სატენსტეინთან 7 წელი გასტანა: 1997-დან 2004 წლამდე. ორი ვაჟი ეყოლათ - მაილზი (დაბ. 5 აგვისტოს, 1998) და ლეინი (დაბ. 6 მაისს, 2001). ულრიხი და სატენსტეინი დაშორდნენ 2004 წლის მარტში. ლარსი 2003 წლიდან ხვდება დანიელ მსახიობს კონი ნილსენს. 2007 წლის 21 მაისს მათ შეეძინათ მათი პირველი შვილი - ბრიუს თადეუს ულრიხ-ნილსენი, რომელიც სან-ფრანცისკოში დაიბადა.[3] კონის სხვა შვილიც ჰყავს, სებასტიანი (დაბ. 1990).

ულრიხი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერიცაა. მამამისიც ხელოვნებისა და ფერწერის დიდი მოყვარული იყო, ასე რომ ლარსი გაიზარდა მუსიკისა და ნახატების გარემოცვაში და ორივე მათგანი ყოველთვის მისი ცხოვრების ნაწილი იყო. მეტალიკის ტურნეების დროს ყოველთვის პოულობდა დროს, დაეთვალიერებინა მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები. 2002 წლის ინტერვიუში ლარსი ამბობს:

ვიკიციტატა
„ისეთი შეგრძნება მქონდა, დავიკარგებოდი ფერწერის სამყაროში და მოვშორდებოდი მუსიკის სამყაროს. ეს გახდა ჩემთვის დიდებული დასამალი ადგილი.“

როდესაც ლარსი და მეტალიკის დანარჩენი წევრები მიიწვიეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ულრიხი იყო პირველი დანიელი, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეტალიკის დისკოგრაფია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  1. სტეფან ჩირაზი და მეტალიკა (2004). So What!: The Good, The Mad, and The Ugly. Broadway. ISBN 0767918819. 

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 სკაგსი, ოსტინ (September 2, 2004). „ლარს ულრიხი“. Rolling Stone (956). ISSN 0035791X. 
  2. Galaway Advertiser, The Week, ივნისი 2007
  3. METALLICA Drummer LARS ULRICH, Girlfriend CONNIE NIELSEN Expecting“, Blabbermouth.net, 6 დეკემბერი, 2006. წაკითხვის თარიღი: 2006-11-18. 
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე