ნარკომანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარკომანია (ბერძ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული.[1] იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:

  1. შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
  2. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
  3. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
  4. ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.

შეცვლილი რეაქციის სინდრომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების ჩამოყალიბების პირველი ეტაპის სინდრომია და გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარების ფორმის ცვლას; ზედმეტი დოზის მიღებისას, დამცავი რეაქციების გაქრობას; ტოლერანტულობის და გაბრუების ფორმის ცვლას.

  • მოხმარების ფორმის ცვლა — ნარკოტიკის ეპიზოდური მიღებიდან რეგულარულზე გადასვლა. ნარკოტიკის სისტემატური მიღება ჯანმრთელ ადამიანის ორგანიზმში კონკრეტულ დისფუნქციებს იწვევს, ნარკომანს კი უნარჩუნდება ფსიქიკური და ფიზიკური კომფორტი. მაგალითად, თუ ჯანმრთელი ადამიანი იძულებულია ზედიზედ რამდენიმე დღე მიიღოს ალკოჰოლი, მას უჩნდება ინტოქსიკაციის სიმპტომები და როგორც წესი, ეს მას ალკოჰოლზე უარის თქმას აიძულებს; ალკოჰოლიკს კი მსგავსი რამ არ ემართება. დროთა განმავლობაში, ვითარდება ნარკოტიკისადმი მიჩვევა და მისი სისტემატური მიღება უკვე იძულებით ხდება, რადგან იგი უკვე განპირობებულია ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომების ფორმირებით, აბსტინენტური სინდრომით .
  • დამცავი რეაქციების გაქრობა — ორგანიზმის ფუნქციონირების ახალ დონეზე გადასვლის მაჩვენებელი, როდესაც ნარკოტიკის ადრინდელი დოზები უკვე აღარაა ტოქსიკური და შესაბამისად, აღარ საჭიროებს დაცვას. მოცემული სიმპტომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია — გადამეტებული გაბრუების დროს, ალკოჰოლიკებში გულისრევის რეფლექსის გაქრობა. ნარკომანიის სხვა ფორმებისთვის დამცავ მექანიზმებად ანუ სიგნალებად (რომლებიც არასასიკეთო მდგომარეობის შესახებ იტყობინებიან) შეიძლება მივიჩნიოთ კანის ქავილი, ჭარბოფლიანობა, სლოკინი, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, თვალების წვა, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა. ეს სიმპტომები, რომელიც დაავადების ფორმირების ადრეულ ეტაპზე შეინიშნება, მოგვიანებით უკვე აღარ ჩნდება, ღრმა სასიკვდილო ინტოქსიკაციის დროსაც კი.
  • ტოლერანტულობის ცვლა — ნარკომანიის მთავარი სინდრომი. ნარკომანიის უკლებლივ ყველა ფორმისთვის დასაწყისში დამახასიათებელია ტოლერანტულობის ზრდა, მისი მაღალ დონეზე სტაბილიზება და შემდეგ მისი კლება. სწორედ ამ სიმპტომითაა განპირობებული ნარკომანიის განვითარების სტადია. ნარკოტიკის სისტემატური მიღების დაწყებიდანვე, მისდამი ტოლერანტულობა შეუჩერებლად იზრდება, რომელიც საწყის, ფიზიოლოგიურ ტოლერანტულობას დაავადების პიკზე 5-10-ჯერ (ბარბიტურატებისთვის), 8-12 ჯერ (ტრანკვილიზატორებისთვის) და 100—200-ჯერ (ოპიატებისთვის) აღემატება. „ჩვეულებრივი“ ადამიანებისთვის ასეთი დოზები შეიძლება სასიკვდილოსას ბევრჯერ აღემატებოდეს.
  • გაბრუების ფორმის ცვლა — სიმპტომი, რომელიც რეაქციის ცვლის სინდრომის სტრუქტურაში ყველაზე ბოლოს ჩნდება. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ნარკოტიკის სისტემატური მიღება, გაქრა დამცავი რეაქციები და მაღალი ტოლერანტულობა დამკვიდრდა. ნარკომანიის ყველა ფორმის დროს, ნარკოტიკის ფიზიოლოგიური მოქმედება, რომელსაც დაავადების ადრეულ ეტაპებზე ჰქონდა ადგილი, დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება: ტრანკვილიზატორების, საძილე წამლების, ოპიატების მიღებისას ქრება მათი სედატიური ეფექტი, ალკოჰოლი აღარ იწვევს დადებით შედეგს, სტიმულატორები არ იწვევენ ტაქიკარდიას და ა. შ. ნარკოტიკით გამოწვეული ეიფორიის ადრეული ინტენსიურობის მიღწევა საწყის ეტაპზე დოზის თანდათანობითი ზრდის ხარჯზეა შესაძლებელი, მაგრამ დაავადების გარკვეულ ეტაპზე მაქსიმალური დოზა არ იძლევა ადრინდელი შეგრძნებების მსგავს სიძლიერეს, ხოლო მისი გადამეტება ზედმეტი დოზის მიღებას იწვევს. ამ ეტაპზე ხდება ეიფორიის ხარისხის ცვლა, მისი ფაზები განიცდიან ცვლილებას. ნარკომანიის ნებისმიერი ფორმის დროს, მაქსიმალური ტოლერანტულობის ფორმირებისას, ნარკოტიკი (თავისი ფარმაკოლოგიური კუთვნილების და საწყისი ფიზიოლოგიური მოქმედების თავისებურებების მიუხედავად) ორგანიზმზე მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს, ხოლო ტოლერანტულობის კლებასთან ერთად, ნებისმიერი ნარკოტიკი მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზმის ნორმალიზაციას ახდენს (მატონიზებელი ეფექტი).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეცვლილი რეაქციის სინდრომი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი სიმპტომებისგან შედგება, ნარკომანიის ფორმირებისას იგი პირველი ჩნდება და უწყვეტად განიცდის ტრანსფორმაციას განვითარებადი დაავადების ყველა სტადიაზე.

ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.

  • ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრებში, დათრგუნვილობაში, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს. ობსესიური ლტოლვა ემოციურ ფონს განაპირობებს, მაგრამ მას არ შეუძლია (ფიზიკური, კომპულსიური ლტოლვისგან განსხვავებით) მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების ამ სტადიაში, როდესაც ობსესიური ლტოლვა ყალიბდება, ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება. ობსესიური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტური სიტუაციების, არასასიამოვნო განცდების (მიზეზობრივად ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულების, ადამიანებთან შეხვედრის, ლიტერატურის კითხვის, საუბრების (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებული) დროს. ლტოლვა შეიძლება შემცირდეს ისეთი კონფლიქტური სიტუაციების დროს, რომელიც მიზეზობრივად დაკავშირებულია ნარკოტიკის მიღებასთან, როდესაც ჩნდება ძლიერი გატაცება, პოზიტიური ემოციებით გაჯერებული მდგომარეობა. ობსესიური ლტოლვა არასპეციფიკურია, ანუ ის შეიძლება სხვა ნარკოტიკით დაკმაყოფილდეს, რაც კომპულსიური ლტოლვისგან მეორე მთავარი განმასხვავებელია.

ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თავად ავადმყოფი იტყუებს თავს.

ამავე დროს, ობსესიური ლტოლვა დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. დაავადების განვითარებასთან ერთად, და ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისას, ისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომი, ობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადის. ამის მიუხედავად, მწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში, ობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობას, როგორიც ის მკურნალობამდე იყო. უმეტესწილად, ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.

  • ინტოქსიკაციის დროს, ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმი, მასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმება, რამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევა. თუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილება, მათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროს, ნარკომანს — მხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროს. ამავე დროს, თუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევა, ნარკომანის ფსიქიკური ფუნქციები, პირიქით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდება, რადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალია. ინტოქსიკაციის დროს, დამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდება, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდ) მოხმარების შემთხვევების გარდა, როდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.

ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი გულისხმობს ფიზიკურ (კომპულსიურ) ლტოლვას, ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარს და აბსტინენტურ სინდრომს. ამ სინდრომის გამოჩენას წინ უწღვის ორი წინამავალი სინდრომი.

  • ფიზიკური (კომპულსიური) ლტოლვა ნარკოტიკის მიღების დაუძლეველ სწრაფვაში გამოიხატება, როდესაც ის ვიტალური ლტოლვების ინტენსივობას აღწევს და სხვა ვიტალური ლტოლვების — შიმშილის, წყურვილის (დაავადების კომპულსიური ლტოლვის ეტაპის დადგომისას, სექსუალური ლტოლვა უკვე ფაქტობრივად გამქრალია) — შევიწროება შეუძლია. კომპულსიურ ლტოლვას ავადმყოფის ცნობიერების მთლიანად დაპყრობა შეუძლია, ის არა მარტო აფექტური ფონის განმსაზღვრელია, არამედ კარნახობს ქცევას და მსგავს ქცევებთან დაპირისპირებულ მოტივებს და კონტროლს ახშობს. წარმოშობის მიხედვით, კომპულსიური ლტოლვა არის სამი სახის:
  1. კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციით არ არის გამოწვეული და არ არის აბსტინენტური სინდრომის პირველი ნიშანი; რადგან, უპირველეს ყოვლისა, ის შეიძლება გაჩნდეს დაავადების იმ სტადიაზე, როდესაც აბსტინენტური სინდრომი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის; ამას გარდა, კომპულსიური ლტოლვა ნარკომანიის იმ იშვიათი ფორმების დროსაც ჩნდება, რომელთაც აბსტინენტური სინდრომი საერთოდ არ ახასიათებთ (ლსდ-ს გამოყენება). დროული მკურნალობის არაღმოჩენის შემთხვევაში, ინტოქსიკაციის გარეშე გაჩენილი კომპულსიური ლტოლვა ხელახალ დაავადებას ან სხვა სახის ნარკოტიკის გამოყენებას იწვევს. კომპულსიური ლტოლვის თავისებურება არის ის, რომ განსხვავებული ნარკოტიკის მიღებას შეუძლია მოადუნოს ან შეამციროს ლტოლვა, მაგრამ სრული ფსიქიკური და ფიზიკური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, კომპულსიურ ლტოლვას ორი ძირითადი თავისებურება ახასიათებს (რაც მას ობსესიური ლტოლვისგან განასხვავებს): ა) მაღალი ინტენსივობა, რომელიც ვიტალურ ლტოლვას უახლოვდება და შეუძლია მთელი ცნობიერება დაიპყროს; ბ) სპეციფიურობა, რაც გულისხმობს, რომ კომპულსიური ლტოლვა შეიძლება მხოლოდ იმ ნარკოტიკის საშუალებით დაკმაყოფილდეს, რომელმაც მისი წარმოშობა განაპირობა.
  2. კომპულსიური ლტოლვა, რომელიც აბსტინენტური სინდრომის სტრუქტურის ნაწილია.
  3. კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციის დროს წარმოიშვება, დამახასიათებელი არ არის ნარკომანიის ყველა სახისთვის. კომპულსიური ლტოლვის ეს სახეობა ისეთი ნარკოტიკებით თრობის დროს აღიძვრება, რომელთათვისაც დამახასიათებელია გაბრუების და ცნობიერების დაბნელების ესა თუ ის ხარისხი. უპირველეს ყოვლისა, ეს ნარკომანიის ის ფორმებია, რომლებიც ვითარდებიან საძილე საშუალებების, სტიმულატორების, ჰაშიშის, ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობით მიღებისას. კომპულსიური ლტოლვის ეს სახე ნაკლები სიხშირით ვლინდება ფსიქოდელიური პრეპარატების, ტრანკვილიზატორების მიღების დროს და არასდროს — ოპიომანიის შემთხვევაში.
  • ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარი გულისხმობს არანარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, ფიზიკური ნეტარების შეგრძნების შეუძლებლობას (ბუნებრივია, ფსიქიკური ნეტარების უქონლობა ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების მომენტისთვის ისედაც ვლინდება წინა ეტაპზე განხილული ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომის სახით). ფიზიკური კომფორტის მიღწევისთვის და ელემენტარული შრომისუნარიანობისთვის ნარკომანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ნარკოტიკის გარკვეული (ინდივიდუალური) დოზა, რომელიც ჯერ კიდევ არ იწვევს ეიფორიას, მაგრამ აუცილებელია ფიზიკური დაკმაყოფილებისთვის.
  • აბსტინენტური სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს როდი ვითარდება (არ ვითარდება ლსდ-ს მიღების დროს). მისი ჩამოყალიბების დრო, კონკრეტული სიმპტომატიკა, სიმპტომების ამა თუ იმ ჯგუფის გამოხატულება ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის ინდივიდუალურია. პათოგენური აბსტინენტური სინდრომი არის ორგანიზმის მცდელობა, საკუთარი რესურსებით, ნარკოტიკების გარეშე, შექმნას ნარკოტიკული ინტოქსიკაციის პირობები, რომლებიც ორგანიზმის დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. აბსტინენტური სინდრომის პათოლოგიური სიმპტომატიკა ნარკოტიკების უქონლობისას, არასრული კომპენსაციის შედეგია.

აბსტინენტური სინდრომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის ფიზიკური და/ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომი, რომელიც ნარკომანიით დაავადებულებს უვითარდებათ, მას შემდეგ, რაც ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზას. აბსისტენტური სინდრომი ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის შემადგენელი ნაწილია. ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენტური სინდრომის განვითარების დრო ინდივიდუალურია ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის: ყველაზე სწრაფად ვლინდება აბსტინენცია ალკოჰოლიზმის დროს — რამდენიმე საათის შემდეგ; უფრო ნელა ვლინდება ოპიომანიისა და ჰაშიშიზმის დროს — 20-24 საათი.

აბსტინენტური სინდრომი დაავადების მანძილზე თანდათანობით ვითარდება, ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის სხვადასხვა დროში: ყველაზე ნელა აბსტინენტური სინდრომი ყალიბდება ალკოჰოლიზმისას, სწრაფად — ჰაშიშიზმის დროს, უფრო სწრაფად — საძილე საშუალებებისა და სტიმულატორების მოხმარებისას და ყველაზე სწრაფად — ოპიომანიის და კოკაინიზმის დროს.

ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველი სახის ნარკოტიკის მიღებას თავისებური შედეგი აქვს: ალკოჰოლი და საძილე საშუალებები — ანამნეზიური დარღვევები (აზროვნების, ინტელექტის დარღვევა) და მეხსიერების დარღვევა; ოპიუმი და სტიმულატორები — ნებასთან დაკავშირებული დარღვევები.

ზიანდება Ι — ენერგეტიკული ფუნქცია (აქტივობის, ენერგეტიკული პოტენციალის შემცირება, გატაცებების და მოთხოვნილებების გაქრობა, წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, პროგრესირებადი გამოფიტვა); ΙΙ — ტროფიკული ფუნქცია (სომატური ცვლილებები: გამოფიტვა, სიფერმკრთალე, კანის ჭკნობა, თვალებში სხივის გაქრობა, მტვრევადი და გახუნებული ფრჩხილები, თმა; წონაში დაკლება; ოპიომანები სწრაფად და უმტკივნეულოდ კარგავენ კბილებს; ვენების გაგანიერება, შემაერთებელი ქსოვილის განტოტვა — დაბუშტული ვენები, უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის დარღვევა, რასაც თან ახლავს ჩირქოვანი გართულებები; კუჭნაწლავის დაავადებები — ოპიომანები, ბარბიტურომანები; გულსისხლძარღვთა სისტემაში — ინფარქტები, სუნთქვის ორგანოების გაღიზიანება — ჰაშიშის მოხმარებისას, ღვიძლის მოშლა — პოლინარკომანიის დროს). ΙΙΙ — ფსიქიკური გამოფიტვა ვლინდება გონების დაქვეითებით. ფსიქიკური გამოფიტვა სამ ეტაპად ვითარდება: 1) პიროვნების გაუხეშება (უარყოფითი თვისებების გამახვილება); 2) ფსიქოპათიზება; 3) დემენცია. ორგანული გონების დაქვეითება დამახასიათებელია იმ პირებისთვის, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ბარბიტურატებს, მფრინავ არომატულ ნივთიერებებს, ჰაშიშის ზოგიერთ სახეობას. დისფორია, როდესაც ნარკომანია განვითარდა აფექტური დარღვევის, მოუსვენრობის გზით. ასევე, მსგავს ავადმყოფებს ახასიათებთ ეგზოგენური ფსიქოზები, რომლებიც წარმოიშობა 1) გაბრუების პიკზე; 2) აბსტინენციის პიკზე (მიზეზი — ინტოქსიკაცია); 3) ნარკოტიკული ნივთიერებების შეცვლისას (მიზეზი — ინტოქსიკაცია) ვლინდება ცნობიერების დარღვევისით, რომელსაც დარღვევის პერიოდში თან ახლავს ამნეზია. ნარკომანული ფსიქოზების თავისებურება ემოციური დარღვევების აუცილებელ არსებობას, სავარაუდოდ ბოდვას, პარანოიის ან ჰალუცინაციის გამომწვევის არსებობას გულისხმობს. ასეთ დროს — კანქვეშის, ნათხემის, ჰიპოთალამუსის პოლინეფრიტის ტიპის მიხედვით დაზიანება ხდება (რაც პროცესის დიფუზურობაზე მიუთითებს).

თუმცა, ყოველდღიურ ყოფაში და იურიდიულ პრაქტიკაში ნარკომანია, როგორც ცნება, გულისხმობს ნებისმიერი აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენებას, მათ შორის ისეთების, რომლებიც არ იწვევენ დამოკიდებულებას (მაგალითად, კანაფი ან ლსდ). ამავე დროს, ალკოჰოლის გამოყენება, როგორც წესი, არ ითვლება ნარკომანიად, რადგან ის აკრძალული არაა.

დამახასიათებელი ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარკომანიის არსებითი მახასიათებლებია:

  • ნარკოტიკული საშუალებების მიღების დაუძლეველი ლტოლვა (მიდრეკილება) და
  • მიღებისთვის განსაზღვრული ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია

ნარკომანია და საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციოლოგების თვალსაზრისით, ნარკომანია დევიანტური ქცევის ერთ-ერთი ფორმაა, ანუ ქცევა, რომელიც საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივ ნორმებისგან იხრება.

ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა, ნარკომანიის წარმოშობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ. ბევრ მედიკამენტს, რომლებიც ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება (ხშირად საძილე, დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), შეუძლიათ ნარკოტიკული დამოკიდებულების მძიმე ფორმების გამოწვევა, რაც შეიძლება მათი მოხმარების დროს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.

ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების გამოყენება დაკავშირებულია კონკრეტულ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან (ინდიელებისთვის კოკას ფოთლების ღეჭვა, ჰაშიშის მოწევა მუსულმანურ ქვეყნებში). ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება 1960-იანი წლების ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან, ეს მოვლენა სერიოზულ სოციალურ პრობლემად იქცა.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარკომანიის მძიმე ფორმების მკურნალობა (ჰეროინისადმი მიდრეკილება) ხშირად უშედეგოა. სპეციალიზებულ კლინიკაში გამოყენებადი მეთოდიკა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქმედითი, თუ თავად ავადმყოფია აქტიურ პოზიციაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია რეციდივები.

ძალისმიერი გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარკომანიასთან ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირებისა და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ითვალისწინებენ სისხლის სამართლის მკაცრ სანქციებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის ფართო პროპაგანდას. მაგრამ მაინც თვლიან, რომ უფრო ეფექტურია (მაგრამ ცოტა რთული), საზოგადოებას ისეთი სოციალური პირობები შეუქმნან, რომელიც ნარკოტიკების გამოყენებას ხელს შეუშლის.

ნარკოტიკების გავრცელება მათი ტიპების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია კანაფი (დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს), მას მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები (დაახლოებით 30 მილიონი — ძირითადად მეტამფეტამინს და ამფეტამინს, 8 მილიონი — ექსტაზს). 13 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს კოკაინს და 15 მილიონი ოპიატებს (ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი, სინთეტიკური ოპიატები), მათ შორის დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იყენებს ჰეროინს.

ამასთან მკვეთრად იზრდება ე. წ. „მსუბუქი ნარკოტიკების“ პოპულარობა — განსაკუთრებით ყველაზე გავრცელებული, აკრძალული ნარკოტიკის — მარიხუანის. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, შეინიშნება ამფეტამინების რიგის სტიმულატორების ბოროტად გამოყენების შემთხვევების სიხშირე (ძირითადად ექსტაზი ევროპაში და კრისტალი აშშ-ში), რომელთაც მოსდევს კოკაინი და ოპიატები.

მდგომარეობის განვითარების პროგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს სპეციალისტთა აზრით, ნარკოტიკების ბაზარზე მდგომარეობის განვითარებას მთლიანად განაპირობებს მდგომარეობა ავღანეთში, სადაც ოპიუმის ყაყაჩოს ყანებია და სადაც უკანასკნელ წლებში მსოფლიოში უკანონო ოპიუმის წარმოების სამი მეოთხედი მოდის.

ამასთან, უკვე მეოთხე წელია ინარჩუნებენ საერთო სტაბილურობას და კოკას ნარგავებს ამცირებენ (კოლუმბია, პერუ და ბოლივია) და კოკაინის წარმოება. აქტიურად ფუნქციონირებს კანაფის ბაზარი. მისი მოხმარება იზრდება სამხრეთ ამერიკაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე აფრიკაში.

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტში გამოქვეყნდა გაეროსთან ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მორიგი ყოველწლიური მოხსენება.

მოხსენებაში დასახელებული საერთო ტენდენციების რიცხვს მიეკუთვნება ნარკოტიკების საფოსტო კონტრაბანდა, ნარკოტიკების შეუფერხებელი ტრანზიტი მექსიკიდან და ასევე, ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ აღნიშნული ფაქტი სულ უფრო დიდი რაოდენობით ავღანური ჰეროინის რუსეთში შეტანის შესახებ. 2004 წელს რუსეთში ჰეროინის რეკორდული რაოდენობა ამოიღეს — 3,8 ტ. (ევროპაში რუსეთი მეექვსე ადგილზეა ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის და საფრანგეთის შემდეგ).

ევროპაში მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზე რჩება მარიხუანა (30 მილიონი ადამიანი), შემდეგ კოკაინი და ჰეროინი (დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მას 1,5 მილიონი ადამიანი მოიხმარს), ასევე „ექსტაზი“. ჰეროინზე უკანონო მოთხოვნა ევროპაში დაახლოებით 170 ტ.-ს აღწევს. პრაქტიკულად მთელი ჰეროინი ევროპულ ბაზარზე ავღანეთიდან შედის. ექსტაზის 80 პროცენტს ევროპაში აწარმოებენ და იქიდან გადის ავტრალიაში, კანადაში, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ევროპაში „ექსტაზს“ ძირითადად ჰოლანდიაში, პოლონეთსა და ბელგიაში მოიხმარენ, კოკაინს კი — ესპანეთში, ჰოლანდიაში, დანიასა და გერმანიაში. რუსეთში ოფიციალურად 500 000 ნარკომანია, მაგრამ ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა საერთო რიცხვი შეიძლება 6 მილიონს აღწევდეს — მაშასადამე, მთელი მოსახლეობის 4 პროცენტი. რუსეთში 2 მილიონი ახალგაზრდა ნარკომანია — 24 წლამდე. 1 მილიონი მოქალაქე მოიხმარს ოპიატებს, ძირითადად ჰეროინს.

ეს ძალზე სახიფათოა მოზარდის ჯანმრთელობისათვის და ზოგჯერ შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მოზარდებში ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელი მშობლებიც, რადგან თუ მთელმა საზოგადოებამ არ გამოიჩინა დაინტერესება ამ პრობლემის მიმართ, მარტო სამართალდამცავების ძალისხმევით მისი გადაჭრა შეუძლებელია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ისინიც ხშირად სცოდავენ, როდესაც საქმე ფულს და ნარკოტიკებს ეხება.

ნარკომანია საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში, ისევე საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც. კერძოდ კი ჰეროინი საქართველოსთვის მართლაც რომ რეალურ კატასტროფად იქცა. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმრებლებია. ყოველივე ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშროება, როგორიცაა შიდსი და სხვა...

26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2009) „Chapter 15: Reinforcement and Addictive Disorders“, Molecular Neuropharmacology: A Foundation for Clinical Neuroscience, 2nd, New York: McGraw-Hill Medical, გვ. 364–368. ISBN 9780071481274.