შინაარსზე გადასვლა

გაზი II გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაზი II გირეი
Gazi Giray
ყირიმის მე-14 ხანი
მმართ. დასაწყისი: 10 მარტი, 1588
მმართ. დასასრული: ნოემბერი, 1596
წინამორბედი: ისლამ II გირეი
მემკვიდრე: ფეთიჰ I გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 3 თებერვალი, 1597
მმართ. დასასრული: ოქტომბერი, 1607
წინამორბედი: ფეთიჰ I გირეი
მემკვიდრე: თოხთამიშ გირეი
სულთანი: მურად III
მეჰმედ III
აჰმედ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1551
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1607
გარდ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
შვილები: თოხთამიშ გირეი
ინაიეთ გირეი
სეფერ გირეი
ჰუსამ გირეი
საადათ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: დევლეთ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

გაზი II გირეი (ყირიმ. II Gazi Geray, ٢ غازى كراى‎; დ. სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია, 1551ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1607) — ყირიმის ხანი ორჯერ: 1588–1596 და 1597–1607 წლებში, დევლეთ I გირეის მე-9 ვაჟი, გირეის დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი. სტრატეგიული ნიჭისა და დიდი სისასტიკის გამო ცნობილია „შტორმის“ სახელით.

დაიბადა სტამბოლში. იმავე წელს, მამამისი, დევლეთ I გირეი, გახდა ყირიმის ხანი. აღიზარდა ბახჩისარაიში. 1570-1575 წლებში მონაწილეობდა ლაშქრობებში რუსეთსა და პოლონეთში.

1579 წელს ოსმალეთის არმიას შეუერთდა 20 000 მეომრით და მარბიელი ლაშქრობები მოაწყო შირვანზე. 1584 წელს თავის უფროს ძმებს შორის მიმდინარე ბრძოლებში მხარი დაუჭირა ისლამ II გირეის. იმავე წელს ისლამი გახდა ხანი და გაზი მის კალგად დაინიშნა. 1586 წელს გაზი გირეიმ გაილაშქრა პოლონეთზე, დაარბია, გაძარცვა და გადაწვა ქალაქი კრაკოვი.

1588 წელს გარდაიცვალა ლაშქრობაში მყოფი, ისლამ II გირეი. გაჩაღდა ტახტისათვის ბრძოლა. გაზიმ თავის უფროს ძმებს დაასწრო ბახჩისარაიში ჩასვლა და ხანის ტიტულის მიღება. მალევე მისი მმართველობა დაამტკიცა ოსმალეთის სულთანმა, მურად III-მ.

გაზიმ სახანოს მართვა თავისი რამდენიმე ძმის დახოცვით დაიწყო. პირადად მისი ბრძანებით, 1589 წელს, სიკვდილით დაისაჯნენ ჰაჯი გირეი, ხასფულად გირეი და შარდან გირეი. გაზიმ თავის დანარჩენ ძმებს სიცოცხლე შეუნარჩუნა, უფრო მეტიც მათ სხვადასხვა თანამდებობები დაურიგა. გაზი გირეიმ დაიწყო სასტიკი წესების დანერგვა, მის დროს აღზევდა ისლამი მთელი სახანოს ტერიტორიაზე. 1591 წელს კაზაკების დამარცხების შედეგად გაზი გირეიმ ხელში ჩაიგდო ქალაქ კიევის შემოგარენი.

1591 წელს ნოღაის ურდოს მეომრების დახმარებით დიდი ლაშქრობა მოაწყო რუსეთზე, 1592 წელს მოსკოვშიც კი შეიჭრა. ეს იყო ყირიმელი თათრების უკანასკნელი გალაშქრება მოსკოვზე. მისი წინსვლა შეჩერდა 1593 წელს, როცა აუჯანყდა თავისი ძმა, შაქაი მუბარექ გირეი. გაზიმ ლაშქრობა მიატოვა და მცირე ამალით ყირიმისკენ გაეშურა. მან ოსმალების დახმარებით დაამარცხა მუბარექი და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. 1594 წელს მეორე ძმა, სელამეთ I გირეი აუჯანყდა. გაზის არმიამ ძმის მომხრეთა დამარცხება მარტივად მოახერხა, სელამეთი გაიქცა ოსმალეთში.

გაზი გირეიმ 1596 წელს მონაწილობა მიიღო თურქების ლაშქრობებში უნგრეთში. ოსმალთა სულთანი, მეჰმედ III შეშინებული იყო გაზის ავტორიტეტით. ამის გამო მან დიდ ვეზირ ქოჯა სინან-ფაშას რჩევით, სამხედრო კამპანიისას ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც გაზის თანამდებობა ჩამოერთვა და მის მაგივრად ყირიმის ხანად დაინიშნა ფეთიჰ I გირეი. რამდენიმე თვის შემდეგ, განრისხებულმა გაზიმ თათრების ამბოხი მოაწყო ბახჩისარაიში, შეიპყრო საკუთარი ძმა, ფეთიჰი და მის ვაჟებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა. ტახტი კი თვითონ დაიკავა და სახანოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო, რომელშიც მალევე დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, მან განაგრძო სახანოს მართვა მკაცრი წესებით. უყვარდა კულტურა, არქიტექტურა. გაყავდა საირიგაციო სისტემები, აშენებდა მეჩეთებს და ავრცელებდა ისლამს უკრაინის ტერიტორიაზე. გაზი გირეიმ თავისი მეორე მმართველობის დროს, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთის სამეფოსთან და მისი დახმარებით წაართვა მცირე ტერიტორიები კაზაკებსა და პოლონელებს. 1603 წელს მადლობის ნიშნად საჩუქრებით დატვირთული ელჩობა გააგზავნა ბორის გოდუნოვის კარზე.

1606 წელს ხარკი არ გადაუხადა ოსმალებს, რის გამოც აჰმედ I-მა სახანოს საბოლოო ანექსირება გადაწყვიტა, მაგრამ გაზიმ კავკასიელები შემოიკრიბა და აუბუნტა თურქებს საქართველოს ტერიტორიაზე. იმავე წელს გაზის ნათესავმა, მეჰმედ გირეიმ ოსმალების დახმარებით ალყაში მოაქცია ბახჩისარაი, მაგრამ გაზის მიერ სწორად განლაგებული მეციხოვნეების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.

1607 წელს გაზი გირეი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ სახანოში დაიწყო რეგრესი, რომელიც 1783 წლამდე, ყირიმის საბოლოო დაცემამდე გაგრძელდა. გაზის მემკვიდრე გახდა მისი უფროსი ვაჟი, თოხთამიშ გირეი, რომელიც თავის ძმასთან ერთად მალევე შეეწირა ოსმალების ინტრიგებს. მოგვიანებით გაზის ვაჟებიდან ერთ-ერთმა, ინაიეთმა მოახერხა ხანის ტიტულის მიღება, თუმცა გირეის დინასტია გაზის ძმის, სელამეთის შთამომავლებმა გააგრძელეს. გაზის შემდეგ ყირიმის სახანოს მმართველები აღარ იყვნენ მისსავით ძლიერები და სუვერენიტეტის მოპოვებით დაინტერესებულნი. მათი მთავარი მიზანი მარტო ტახტისა და ძალაუფლების შენარჩუნება გახდა.

  • Büyük Osmanlı Tarihi, Hammer, Üçdal Neşriyat, III. Cilt s. 598