საჰიბ I გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საჰიბ I გირეი
Sahib Giray
ყირიმის მე-9 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1532
მმართ. დასასრული: 1551
წინამორბედი: ისლამ I გირეი
მემკვიდრე: დევლეთ I გირეი
სულთანი: სულეიმან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1501
გარდ. თარიღი: 1551
გარდ. ადგილი: ტამანი, ყირიმის სახანო
შვილები: ემინ გირეი
ადილ გირეი
ჰაჯი გირეი
შაჰბაზ გირეი
სელამეთ გირეი
გაზანფერ გირეი
საჰიბ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: მენლი I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

საჰიბ I გირეი (ყირიმ. I Sahib Geray, صاحب كراى١‎; დ. 1501 — გ. 1551) — ყირიმის ხანი 1532–1551 წლებში, ასევე ყაზანის ხანი 1521 წლიდან 1524 წლამდე, მენლი I გირეის უმცროსი ვაჟი, ოსმალეთის სულთნის, სულეიმან I-ის ბიძა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჰიბ გირეი დაიბადა 1501 წელს ყირიმში, ხანის მენლი I გირეის ოჯახში. ახალგაზრდობიდანვე ჩართული იყო სამხედრო კამპანიებსა და სახელმწიფო საქმეების მართვაში. 1521 წელს ცენტრალურ აზიაზე წარმატებული გალაშქრების შემდეგ, საკუთარმა ძმამ, მეჰმედ I გირეიმ დანიშნა ყაზანის მართველად ანუ ხანად. ეს თანამდებობა მან 1524 წლამდე შეინარჩუნა, რა დროიდანაც ყირიმის სახანოში დაბრუნდა.

საჰიბი საკუთარი ძმის, საადეთ I გირეის მმართველობის დროს დანიშნული იყო კალგად. 1532 წელს, საადეთის გადადგომის შემდეგ, ოსმალებს ყირიმის ხანად უნდა დაემტკიცებინათ საჰიბი. მიუხედავად ამისა, მათ დაასწრო საჰიბის ძმისშვილმა, ისლამმა, შეიჭრა დედაქალაქ სალაჩიკში და თავი ყირიმის ერთადერთ მმართველად გამოაცხადა. 5 თვიანი ბრძოლის შემდეგ, საჰიბ გირეიმ ოსმალთა და თავის ერთგულ მომხრეთა დახმარებით შეძლო კუთვნილი ტიტულის მიღება. საჰიბ I, მიუხედავად ისლამ გირეის გაუთავებელი აჯანყებებისა, (რომლებიც 1537 წლამდე გაგრძელდა) წარმატებით მართავდა სახანოს. 1532 წელს დედაქალაქი ბახჩისარაიში გადაიტანა. მის დროს ყირიმელები ძირითადად არბევდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს, ასევე მოლდავეთსა და ლიეტუვას. 1541 წელს მოაწყო მოსკოვზე უშედეგო თავდასხმა. ის ასევე უდიდეს დახმარებას უწევდა, საკუთარ დისშვილსა და სულთანს, სულეიმან I-ს უნგრეთის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში.

1551 წელს, საჰიბმა ოსმალებს მოსთხოვა საკუთარი ძმისშვილის, დევლეთის მისთვის გადაცემა იმ ახსნით, რომ დევლეთს ყირიმს ჩააბარებდა და თვითონ ყაზანის სახანოზე გაილაშქრებდა და დაიბრუნებდა საკუთარ ტიტულს. სულთანმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სეფიანთა წინააღმდეგ ლაშქრობის წინ არმიის გამოყვანა მოთხოვა, რაზეც უარი მიიღო. სულეიმან I-მა ეს ნაბიჯი საჰიბს ღალატად ჩაუთვალა და გადაწყვიტა მისი ყირიმის ტახტიდან გადაყენება. ოსმალები დიდძალი არმიით შევიდნენ ყირიმში, პერეკოფთან შეიპყრეს საჰიბ I გირეი, რომელსაც საკუთარი ჯარის ნახევარმა უღალატა. მისმა ძმისშვილმა, დევლეთმა საჰიბი თავის ვაჟებთან ერთად სიკვდილით დასაჯა ტამანის ციხეში, რის შემდეგაც გახდა ყირიმის ხანი. ყირიმელებმა თავად საჰიბი დიდი პატივით დაკრძალეს სალაჩიკში, ბახჩისარაის მახლობლად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]