შინაარსზე გადასვლა

სელამეთ I გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელამეთ I გირეი
Selamet Giray
ყირიმის მე-17 ხანი
მმართ. დასაწყისი: თებერვალი, 1608
მმართ. დასასრული: 1610
წინამორბედი: თოხთამიშ გირეი
მემკვიდრე: ჯანიბექ გირეი
სულთანი: აჰმედ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1568
დაბ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 1610
გარდ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
შვილები: ბაჰადირ I გირეი
ისლამ III გირეი
მეჰმედ IV გირეი
აზამათ გირეი
მუბარექ გირეი
საფა გირეი
ყირიმ გირეი
ადილ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: დევლეთ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

სელამეთ I გირეი (ყირიმ. I Selamet Geray, سلامت كراى‎; დ. ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1568ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1610) — ყირიმის ხანი 1608–1610 წლებში, დევლეთ I გირეის უმცროსი, მე-12 ვაჟი.

დაიბადა ბახჩისარაიში. 9 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. 1584-1585 წლებში, თავის უფროს ძმებს შორის გამართულ ომებში იბრძოდა ისლამ II გირეის მხარეს. 1588 წელს, გაზი II გირეი-მ დანიშნა ნურედინად.

1591 წელს თან ახლდა ფეთიჰ I გირეის მოსკოვზე გალაშქრების დროს. 1594 წელს აუჯანყდა თავის ძმას, გაზი გირეის, მაგრამ მისი ამბოხი მარტივად ჩაახშვეს და იძულებული გახდა ოსმალეთის იმპერიაში გადახვეწილიყო.

1594-1605 წლებში, როგორც დევნილი, ცხოვრობდა სტამბოლში, ოსმალეთის სულთნების, მეჰმედ III-ისა და აჰმედ I-ის კარზე. 1606 წელს სულთან აჰმედმა დანიშნა ყირიმის სახანოს კალგად. თუმცა მისი უფროსი ძმის, გაზი II გირეის გარდაცვალების შემდეგ ყირიმის ხანის ტიტული მიიღო სელამეთის ძმისშვილმა, 18 წლის თოხთამიშ გირეიმ.

ამის გამო სელამეთმა ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. ის დახმარების სათხოვნელად დაუკავშირდა თავისი ძმის, მეჰმედ II გირეის დევნილ შვილიშვილებს, მეჰმედ III გირეისა და შაჰინ გირეის. მათი და ოსმალეთის დახმარებით, 1608 წელს ყირიმის ტახტი დაიკავა. იმავე წელს, თოხთამიშ გირეი სტამბოლში ჩავიდა იმ მიზნით, რომ აჰმედ I დაეყოლიებინა მისთვის ხანის ტიტულის დაბრუნებისათვის, მაგრამ უშედეგოდ.

ყირიმისკენ მიმავალ თოხთამიშს თავს დაესხნენ მეჰმედ III გირეი და ოსმალები. მცირე ბრძოლის შემდეგ თოხთამიში და მისი ძმა, სეფერ გირეი, დაიღუპნენ. სელამეთ გირეი მშვიდად შეუდგა სახანოს მართვას. მადლობის ნიშნად, კალგად სწორედ მეჰმედ III გირეი დანიშნა, ხოლო ნურედინობა შაჰინ გირეის უბოძა.

2 წლიანი მმართველობის შემდეგ გარდაიცვალა 1610 წელს, ბახჩისარაის სასახლეში, 42 წლის ასაკში. მის შემდეგ ყირიმის სახანოში ისევ დაიწყო დინასტიური ომი ტახტზე ასასვლელად, რომელიც დამთავრდა მისი ძმისშვილის, ჯანიბექ გირეის გამარჯვებით. მოგვიანებით მისი ვაჟებიც გახდნენ ყირიმის ხანები: ბაჰადირ I გირეი 1637-1641 წ.წ, ისლამ III გირეი 1644-1654 წ.წ, და მეჰმედ IV გირეი 1641-1644 და 1654-1666 წლებში. ყირიმის სახანოს მმართველთა დინასტია სწორედ სელამეთის შთამომავლებმა გააგრძელეს და დაასრულეს.

  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
  • Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2