ვიოლანტე ბეატრიქს ბავარიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიოლანტე ბეატრიქს ბავარიელი
Violante of Bavaria.jpg
წოდებები
ბავარიის პრინცესა
ტოსკანის დიდი პრინცესა
სიენის გუბერნატორი
დაიბადა 23 იანვარი, 1673
მიუნხენი, ბავარია
გარდაიცვალა 30 მაისი, 1731, (58 წლის)
ფლორენცია, ტოსკანა
საგვარეულო ვიტელსბახები
მეუღლე(ები) ფერდინანდო მედიჩი
მამა ფერდინანდ მარია, ბავარიის კურფიურსტი
დედა ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი
რელიგია კათოლიციზმი

ვიოლანტე ბეატრიქს ბავარიელი (გერმ. Violante Beatrix von Bayern; დ. 23 იანვარი, 1673, მიუნხენი, ბავარია, გერმანია — გ. 30 მაისი, 1731, ფლორენცია, ტოსკანა, იტალია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის დიდი პრინცესა როგორც ფერდინანდო მედიჩის მეუღლე. ბავარიის კურფიურსტ ფერდინანდ მარიასა და ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელის ქალიშვილი. სიენის გუბერნატორი 1717-1731 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიოლანტე ბეატრიქსი დაიბადა 1673 წლის 23 იანვარს ნიმფენბურგის სასახლეში, მიუნხენში. იგი იყო ბავარიის კურფიურსტ ფერდინანდ მარიასა და მისი მეუღლის, პრინცესა ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელის უმცროსი ქალიშვილი. მისი უფროსი და-ძმა იყვნენ საფრანგეთის დოფინი მარია ანა ვიქტორია ბავარიელი და ბავარიის კურფიურსტი მაქსიმილიან II ემანუელი.

ფერდინანდო მედიჩი 1687 წელს.

მისი უფროსი დის ერთობ სარფიანი ქორწინების შემდეგ, მშობლებმა მის გათხოვებაზეც დაიწყეს ზრუნვა. 1688 წელს თავად ტოსკანის დიდმა ჰერცოგმა კოზიმო III-მ წამოჭრა წინადადება, რომ იგი მის უფროს ვაჟზე, პრინც ფერდინანდოზე დაექორწინებინათ. ვიტელსბახები ერთობ მოხიბლა სიმდიდრით განთქმულ მედიჩებთან დაახლოვების პერსპექტივამ, რის გამოც მოლაპარაკებები სწრაფად გააჩაღეს. 1688 წლის 21 ნოემბერს მიუნხენში შედგა მათი მარიონეტული, ხოლო 1689 წლის 9 იანვარს ნამდვილი ქორწინება ფლორენციაში, რითაც ვიოლანტე ბეატრიქსი ტოსკანის დიდი პრინცესა გახდა. მას მზითვში 400,000 ტალერი გაატანეს.

მისი და ფერდინანდოს ქორწინება მეტად პრობლემური იყო, რაც პრინცის ჰომოსექსუალური მიდრეკილებებით იყო განპირობებული. 1696 წელს ვენეციაში სტუმრობისას ფერდინანდო სიფილისით დაავადდა და ვიოლანტესაც გადასდო, რის გამოც მათ შვილები არ ჰყოლიათ. ცნობილია, რომ პრინცს იგი არც არასდროს მოსწონდა, რადგან მას ხშირად საჯაროდ უწოდებდა „ზედმეტად მოსაწყენი და ზედმეტად მახინჯი“.

1703 წელს ტოსკანას ვიოლანტე ბეატრიქსის დისწული, ესპანეთის მეფე ფილიპე V ეწვია, რომელმაც ისარგებლა თავისი გავლენით და დეიდას გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა. უკვე 1709 წელს ფლორენციაში დანიის მეფე ფრედერიკ IV ჩავიდა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიყვარულით სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. ცნობილია რომ მას ვიოლანტე ძალიან მოეწონა, რის გამოც სამეფო ოჯახის სხვა წევრებს უბრალოდ აიგნორებდა და მხოლოდ მასთან საუბრობდა. ასევე შემონახულია ერთი ინცინდენტი, რომლის დროსაც ფრედერიკმა უარი განაცხადა ოთახის დატოვებაზე, მაშინ, როდესაც ვიოლანტე სამოსს იცვლიდა.

1713 წლის 31 ოქტომბერს სიფილისისაგან გატანჯული ფერდინანდო გარდაიცვალა, უშვილოდ. წესით ტახტი ვიოლანტეს მაზლს, ჯან გასტონეს უნდა დაეკავებინა, თუმცა კოზიმო III ცდილობდა, რომ მემკვიდრედ თავისი საყვარელი ასული, პრინცესა ანა მარია ლუიზა გამოეცხადებინა, რომელიც ამის გამო დაბრუნდა ფლორენციაში. თავიდან მასა და ვიოლანტე ბეატრიქსს ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, მაგრამ მოგვიანებით ძალიან დაახლოვდნენ და ერთად აწყობდნენ ხოლმე ინტელექტუალურ შეხვედრებსა და ბალ-მასკარადებს.

1717 წლის აპრილში კოზიმო III-მ თავისი დაქვრივებული რძალი სიენის გუბერნატორად გამოაცხადა, რათა შემდგომში მის ვაჟს, რომელსაც იგი არასოდეს მოსწონდა, ვიოლანტე ბავარიაში არ დაებრუნებინა. 1723 წელს კოზიმო გარდაიცვალა და დიდი ჰერცოგი ჯან გასტონე გახდა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა რძლისა და დის შევიწროვებასა და მათთვის პრივილეგიების ჩამორთმევას. 1725 წელს ვიოლანტე ბეატრიქსი ამის გამო ჩავიდა რომში და შეხვდა პაპ ბენედიქტე XIII-ს, რომელმაც მას საპატიო ოქროს ვარდი აჩუქა და დახმარებაც აღუთქვა.

ვიოლანტე ბეატრიქსი გარდაიცვალა 1731 წლის 30 მაისს პიტის სასახლეში, ფლორენციაში, 58 წლის ასაკში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Acton, Harold (1980). The Last Medici. London: Macmillan. ISBN 0-333-29315-0.
  • Angesi, M.G. (2005).The Contest for Knowledge: Debates Over Women's Learning in Eighteenth-century Italy. Chicago: Chicago University Press. ISBN 0-226-01055-4.
  • Hale, J.R. (1977). Florence and the Medici. London: Orion. ISBN 1-84212-456-0.
  • Napier, Edward Henry (1846). Florentine History: from the Earliest Authentic Records to the Accession of Ferdinand the Third: Volume V. London: Moxon.
  • Parsons, Gerald (2004). Siena, Civil Religion and the Sienese. Farnham: Ashgate. ISBN 0-7546-1516-2.
  • Strathern, Paul (2003). The Medici: Godfathers of the Renaissance. London: Vintage. ISBN 978-0-09-952297-3.
  • Young, G.F. (1920). The Medici: Volume II. London: John Murray.