მარია კაროლინა სავოიელი
მარია კაროლინა სავოიელი | |
---|---|
სრული სახელი
მარია კაროლინა ანტუანეტა ადელაიდა | |
წოდებები
საქსონიის კრონპრინცესა | |
დაიბადა |
17 იანვარი, 1764 ტურინი, იტალია |
გარდაიცვალა |
28 დეკემბერი, 1782, (18 წლის) დრეზდენი, გერმანია |
საგვარეულო | სავოიელები |
მეუღლე(ები) | ანტონი, საქსონიის კრონპრინცი |
მამა | ვიტორიო ამადეო III, სარდინიის მეფე |
დედა | მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მარია კაროლინა სავოიელი (იტალ. Maria Carolina di Savoia, გერმ. Maria Carolina von Savoyen; დ. 17 იანვარი, 1764, ტურინი, იტალია — გ. 28 დეკემბერი, 1782, დრეზდენი, გერმანია) — სავოიელების დინასტიის წარმომადგენელი. სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ისა და დედოფალ მარია ანტონია ფერნანდა ესპანელის ქალიშვილი. საქსონიის კრონპრინცესა 1781-1782 წლებში როგორც კრონპრინც ანტონის პირველი ცოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია კაროლინა დაიბადა 1764 წლის 17 იანვარს ტურინში. იგი იყო სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანტონია ფერნანდა ესპანელის შუათანა ქალიშვილი. მისი დები იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XVIII-ის ცოლი მარია ჯუზეპინა სავოიელი და ასევე საფრანგეთის მეფე შარლ X-ის ცოლი მარია ტერეზა სავოიელი. ამრიგად, მარია კაროლინას დებს მაზლად ერგებოდა მეფე ლუი XVI და რძლად დედოფალი მარი ანტუანეტი.
რაც შეეხება მარია კაროლინას ძმებს, ისინი სარდინიის მეფეები გახდნენ კარლო ემანუელე IV-ის, ვიტორიო ემანუელე I-ისა და კარლო ფელიჩე I-ის სახელებით, მათი უძეოდ გარდაცვალებით კი შეწყდა სავოიელთა დინასტიის მთავარი შტო.
ვინაიდან მარია კაროლინას მამამ თავისი უფროსი შვილების ქორწინებებით საფრანგეთთან და იტალიურ სახელმწიფოებთან კავშირები გაიმყარა, იგი მის გათხოვებას გერმანიაში გეგმავდა. მისთვის საქმროდ მალევე შეარჩია საქსონიის კრონპრინცი ანტონი, კურფიურსტ ფრიდრიხ კრისტიანისა და პრინცესა მარია ანტონია ბავარიელის ძე, რომელიც ასევე პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ის შვილიშვილი და ლუი XVI-ის ბიძაშვილი იყო. აღსანიშნავია, რომ მარია კაროლინა და ანტონი პირველი თაობის ბიძაშვილები იყვნენ. მათი საერთო ბიძაშვილები იყვნენ ესპანეთის მეფე კარლოს IV და ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I. მარია კაროლინას ბიძაშვილებიდან კიდევ აღსანიშნავია პრინცესა დე ლამბალი, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას ემსხვერპლა.
მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა და დიდი თხოვნისა, 1781 წლის 29 სექტემბერს მარია კაროლინა იძულებით, მარიონეტულად დააქორწინეს ანტუანზე ტურინში. ამის შემდეგ იგი საქსონიაში გაუშვეს, სადაც იმავე წლის 24 ოქტომბერს დრეზდენში მოჰყვა მათი ნამდვილი ჯვრისწერა.
ცნობილია, რომ მარია კაროლინამ სახლი და სამშობლო ცრემლებით დატოვა, რამეთუ მას არ სურდა საზღვარგარეთ გათხოვილიყო. ამის გამო ოჯახის წევრებმა იგი ვერჩელიმდე ჩააცილეს, გერმანიაში კი მხოლოდ 14 ოქტომბერს ჩავიდა. საქსონიის სამეფო კარზე იგი დიდი პატივით მიიღეს, თუმცა აქ ჯერ კიდევ გლოვობდნენ კრონპრინცის დედის, მარია ანტონია ბავარიელის დაღუპვას, რომელიც 1780 წელს გარდაიცვალა.
პირად უბედურებასთან ერთად, მარია კაროლინას უკმაყოფილებას საქსონიის სამეფო კარზე მალე დაემატა ახალი მიზეზებიც. იგი ჩასვლიდან მალევე დაავადდა ჩუტყვავილათი და 1782 წლის 28 დეკემბერს, 18 წლის ასაკში გარდაიცვალა დრეზდენში, უშვილოდ. ამის გამო მისი ქმარი მალევე მეორედ დაქორწინდა მარია ტერეზია ავსტრიელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები. აღსანიშნავია, რომ ნაადრევად დაღუპულმა პრინცესამ დიდი პოპულარობა მოიპოვა მშობლიურ იტალიაში, სადაც მის უიღბლო აღსასრულს ერთი ხალხური სიმღერაც მიუძღვნეს.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Luigi Bassignana, Torino in Festa, pp. 142-144, 2004, Torino Incontra
- "randi Classici, Italian literature". Sapere.it. Retrieved 2010-02-02.
- Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 26.
|