პაციფიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პაციფიზმის სიმბოლო
World-Day-of-Prayer-for-Peace Assisi 2011.jpg

პაციფიზმი (ლათ. pacificus — მშვიდობისმყოფელი, სიტყვებისგან pax — მშვიდობა და facio — ვაკეთებ) — ომის საწინააღმდეგო მოძრაობა, რომლის წევრები გმობენ ყოველგვარ ძალადობას, უარყოფენ რა სამართლიანი განმანთავისუფლებელი ბრძოლის გამართლებულობას. მათ სამშვიდობო მოლაპარაკებისა და მანიფესტაციების გზით ომის აღკვეთის სწამთ.

ცნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაციფიზმი მომდინარეობს სიტყვა „pacific“-დან, რომელიც ლათინურად ნიშნავს მშვიდობისმყოფელობას. ტერმინი თანამედროვეობაში XX საუკუნის დასაწყისიდან დამკვიდრდა, თუმცა, თავად მშვიდობის იდეას დიდი ისტორია აქვს. პაციფიზმის, როგორც სიტყვის, ყველაზე ცნობილი გამოყენება მათეს სახარებაში გვხვდება, სადაც იესო ამბობს, რომ დალოცვილ არიან „მშვიდობისმყოფელნი“. აქ ბერძნული სიტყვა eirenopoios ლათინურად გადათარგმნილია როგორც pacifici, რაც მშვიდობისთვის მოღვაწეს ნიშნავს. eirenopoios მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან eirênê (მშვიდობა) და poiesis (კეთება). ფილოსოფიაში ცნება გამიჯნულია ომის წინააღმდეგ უფრო ვიწრო გაგებისგან და ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ უნივერსალურ იდეას მოიცავს. პაციფიზმს ხშირად სამართლიანი ძალადობის იდეასთან მიმართებაში განიხილავენ, რაც „სამართლიანი ომის“ დასავლური ტრადიციის ნაწილია. დისკუსიები, სამართლიანი ომის თეორიასა და პაციფიზმის ურთიერთმიმართების შესახებ, თუ რამდენად ეფუძნება სამართლიანი ომის თეორია ომის წინააღმდეგ პაციფისტურ პოზიციას, დღესაც აქტუალურია.

ომის მოწინააღმდეგე აქტივისტის დაკავება სან ფრანცისკოში 2003 წლის მარტის პროტესტის დროს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ომს ერაყში

ზოგადად პაციფიზმი ომისა და ძალადობის წინააღმდეგ პრინციპული დაპირისპირებაა, თუმცა პაციფიზმთან დაკავშირებული ტერმინოლოგია მშვიდობის სახელით წარმოებული პრაგმატული ომების გამამართლებელ არგუმენტად არაერთხელ გამოუყენებიათ. „სამართლიანი ომის“ ტრადიცია სწორედ იმ იდეას ემყარება, რომ ომი შესაძლებელია წარმოადგენდეს მშვიდობის მიღწევის საშუალებას. მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, პაციფიზმი ძალადობას, როგორც მშვიდობის მიღწევის საშუალებას ეწინააღმდეგება და მშვიდობისადმი მსახურების პრინციპს ემყარება. პაციფისტები ხშირად უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურსა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე. ზოგიერთი, გადასახადებისთვის თავის არიდებით, უარს აცხადებს იმ პოლიტიკური სისტემების მხარდაჭერაზე, რომელიც საომარი მოქმედებებისკენ მოუწოდებს ხალხს. პაციფისტთა უმეტესი ნაწილი სოციალუ-პოლიტიკური ცხოვრებას სრულიად ემიჯნებიან და ანარქისტული პრინციპებით ცხოვრობენ, თუმცა სხვანი აქტიურად ერთვებიან ანტი-ძალადობრივ გამოსვლებში. პაციფიზმის ზოგიერთი ინტერპრეტაცია ნებისმიერი ცოცხალი არსებების მიმართ ძალადობას უარყოფს - მაგალითად, ვეგეტარიანელობა და ვეგანობა. ხშირად პაციფიზმს უფრო ფართო სულიერ ტრანსფორმაციასა და მაჰათმა განდის ანტიძალადობრივ მოძღვრებასაც უკავშირებენ.

პაციფიზმი შესაძლოა დაფუძნებული იყოს მორალურ პრინციპებზე (დეონტოლოგიური ხედვა) ან პრაგმატიზმზე (მიზეზშედეგობრივი ხედვა). პრინციპებზე დაფუძნებული პაციფიზმი ძალადობისა და ძალის გამოყენებას ამორალურ ქმედებად მიიჩნევს. პრაგმატული პაციფიზმის თანახმად ომისა და ძალადობის საფასური იმდენად მაღალია, რომ უმჯობესია კონფლიქტის მოგვარების უფრო მშვიდობიანი გზები გამოინახოს. პაციფისტები, როგორც წესი, ეწინააღმდეგებიან სამართლიანი ომის თეორიებს.

პაციფისტთა ნაწილი არაძალადობრივ პრინციპებს მიჰყვება და სჯერა, რომ არაძალადობრივი ქმედებები მორალურად უფრო აღმატებული და ეფექტურია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად თავდაცვის მდგომარეობაში, ძალადობის გამოყენებას ამართლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციფისტი ერთა შორის ომის წარმოების წინააღმდეგია, ისტორიაში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს სამხედრო კონფლიქტებს. მაგალითად, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, მშვიდობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაცია მხარს უჭერდა კავშირის სამხედრო კამპანიას კონფედერაციული შტატების წინააღმდეგ, ვინაიდან ემხრობოდნენ მონობის გაუქმებას.

1960-იან წლებში ახალ მემარცხენეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პაციფისტი ეროვნულ განმანთავისუფლებელი ომების აქტიური დამცველებიიყვნენ (ვიეტ კონგის, ალჟირის ეროვნულ განმანთავისუფლებელი ფრონტის), აცხადებდნენ რა, რომ ამ ერების მშვიდობიანი განთავისუფლების ყველა საშუალება უკვე ამოწურული იყო და ომი ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენდა.

ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბსოლუტური და პირობითი პაციფიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბსოლუტური პაციფიზმი უნივერსალურად უარყოფს ნებისმიერ ძალადობასა და ომს. იგი გულისხმობს, რომ მორალური პრინციპები მარადიულია, უცვლელი და არ ექვემდებარება გამონაკლისებს. ომი და ძალადობა ყოველთვის მცდარია. პირობითი პაციფიზმი, როგორც წესი, გულისხმობს რომელიმე კონკრეტული ომის თუ საბრძოლო მოქმედებისადმი პრინციპულ დაპირისპირებას. მისი ერთ-ერთი ინტერპრეტაციის თანახმად, პაციფიზმი სავალდებულოა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ადამიანებისთვის და არა ყველასთვის. პირობითი პაციფიზმი შეიძლება კონკრეტულ სამხედრო სისტემას ან სამხედრო პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდეს. ამ ტიპის პაციფიზმის მიმდევრები გარკვეულ სიტუაციებში ომს და ძალადობას დასაშვებად მიიჩნევენ, განსხვავებით აბსოლუტური პაციფისტებისგან. აბსოლუტური პაციფიზმი შესაძლოა გარკვეულ რელიგიურ წარმოდგენებსაც ეფუძნებოდეს, რომელიც არაძალადობრიობას რელიგიურ მცნებად აღიარებს. დასავლურ კულტურაში აბსოლუტური პაციფიზმი ქრისტიანული რწმენიდან მომდინარეობს, რომლის თანახმადაც ქრისტე მორჩილებისკენ, მათ შორის ბოროტისადმი, მოუწოდებდა. ინდურ კულტურაში, რომელსაც განდი წარმოადგენდა, აბსოლუტური პაციფიზმი „აჰიმსას“ ან არაძალადობის უფრო ფართო მეტაფიზიკურ გაგებას ემყარება, რომელიც კარმულ ურთიერთდამოკიდებულებას, ასკეტურ თვით-უარყოფასა და თანაგრძნობის იდეებს მოიცავს.[1]

აბსოლუტური პაციფიზმის ზოგიერთი ვერსია იმდენად შორს მიდის, რომ გარკვეულ სიტუაციებში თავდაცვასაც კი გამორიცხავს. რაც შეეხებათ პირობით პაციფისტებს, ისინი მართალია გმობენ ომსა და ძალადობას, თუმცა, მაგალითად ალბერტ აინშტაინი და ბერტრან რასელი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომს ემხრობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე თავს პაციფისტად მიიჩნევდა.

მაქსიმალისტური და მინიმალისტური პაციფიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსხვავება მაქსიმალისტურ და მინიმალისტურ პაციფიზმს შორის მდგომარეობს არაძალადობისადმი ერთგულების მასშტაბში, ანუ ძალადობის რა ფორმებია დასაშვები ან დაუშვებელი. მაქსიმალური პაციფიზმი აბსოლუტური პაციფიზმის კატეგორიაში გადის, ხოლო პაციფიზმის მინიმალისტური ფორმები, პირობითის. არსებობს უამრავი აქტივობა, რომელსაც „ომი“ შეგვიძლია ვუწოდოთ: ტერორიზმი, აჯანყება, სამოქალაქო ომი, ჰუმანიტარული ინტერვენცია, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი, მსოფლიო ომი, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს. პაციფისტთა უმრავლესობა უპირისპირდება სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებსა და ბირთვულ ომს. თუმცა, არსებობს განსხვავებული მიდგომები, რამდენად გამართლებულია სამოქალაქო ომი ან ჰუმანიტარული ინტერვენცია. მაგალითად, ამერიკის სამოქალაქო ომს ბევრი პაციფისტი, მონათა ემანსიპაციის იდეიდან გამომდინარე, მხარს უჭერდა.[2]

სკეპტიკური და Prima Facie პაციფიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაციფიზმის არგუმენტები ძირითადად ნეგაციას - ძალადობისა და ომის ამორალურობას ეფუძნება. ზოგიერთი სკეპტიკოსი პაციფისტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სხვა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის არცერთი გამამართლებელი არგუმენტი. მათ შორის, არც თავდაცვის მიზნით თავდამსხმელის მოკვლას ამართლებენ, რადგან თავდამსხმელმა მიზანს ვერ მიაღწია, თავდასხმის სამიზნე ცოცხალია, ამდენად ამ უკანასკნელის მიერ თავდაცვის მიზნით მკვლელობა არაპროპორციულია მის მიმართ განხორციელებული ქმედებისა. ამას გარდა, სკეპტიკოსი პაციფისტები სვამენ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ თავდაცვის სხვა ყველა საშუალება ამოწურული იყო? სად გადის ზღვარი? აქედან გამომდინარე, ისინი ემხრობიან სხვადასხვა არაძალადობრივი მეთოდის ბოლომდე ამოწურვას.

ტრანსფორმაციული პაციფიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრანსფორმაციული პაციფიზმი მიზნად ისახავს ფსიქოლოგიური, კულტურული, სოციალური და მორალური ღირებულებებისა და მდგომარეობის ტრანსფორმაციას, რომლის ფარგლებშიც ომი და ძალადობა მიუღებელი იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის. იგი ფართო კულტურულ კრიტიკას ეფუძნება, რომლის თანახმადაც საჭიროა ზოგადად განათლებისა და სოციო-კულტურული სისტემების რეფორმირება, რომელიც ძალადობრივ კულტურას კვებავს. ტრანსფორმაციული პაციფიზმის საბოლოო მიზანი არის სამყარო, სადაც ომი და ძალადობა დაბალგანვითარებული წარსულის არქაულ ნარჩენებად იქნება მიჩნეული.

პაციფიზმის ადრეული ტრადიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლატონი-ბერძენი ფილოსოფოსი
მარტინ ლუთერ კინგი

ომის მიმართ ზოგადი წინააღმდეგობა ისტორიულად სამართლიანი ომის ტრადიციის პარალელურად ვითარდებოდა, რომლის თანახმადაც საომარი მოქმედებები მშვიდობისა და სამართლიანობის მიღწევის საშულებას წარმოადგენს. დასავლურ კულტურაში ამ ორ იდეას საფუძვლები აქვს როგორც ქრისტიანულ ისე არაქრისტიანულ წყაროებში. ქრისტიანი მოაზროვნეებისთვის, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მშვიდობისკენ იესოს მოწოდებებსა და უდანაშაულოთა დასაცავად საჭირო ძალადობის გამოყენებას შორის ბალანსის დაცვა წარმოადგენს. ეს საკმაოდ მწვავე საკითხია ქრისტიანებისთვის, ვინაიდან მათეს სახარებაში ქრისტე არაძალადობრივ ეთიკას და ძალადობისადმი მორჩილებას ქადაგებს. მაშინ, როდესაც ნეტარი ავგუსტინე და სხვა ბიბლიური წყაროები (მაგალითად, პავლეს წერილი რომაელებს) სამართლიანი ომის იდეაზე საუბრობენ.

ომის გამართლების საკითხი ბერძენი ფილოსოფოსების განხილვის საგანიც იყო. მაგალითად, პლატონი „კანონებში“ აცხადებს, რომ ომი წარმოებულ უნდა იქნას მხოლოდ მშვიდობის დამყარების მიზნით და ცხოვრების უმეტეს ნაწილს მშვიდობაში უნდა ვატარებდეთ. სოკრატე კი მსჯელობს იმაზე, რამდენად გამართლებულია ბოროტების პასუხად ბოროტების დაბრუნება. სოკრატე იწყებს იმ დაშვებით, რომ ჩვენ არ უნდა დავუშავოთ მას, ვინც გვავნო.

პაციფიზმის იდეა არაევროპულ ტრადიციაშიც გვხვდება. ჯაინიზმი და ბუდიზმი, აგრეთვე სხვა ინდური ტრადიციები იზირებენ „აჰიმსას“ ანუ არაძალადობის იდეას, როგორც მთავარ სათნოებას. ამ ტრადიციებისთვის იდეალი არის ეგოისტური საწყისების უარყოფა, ერთგვარი თავგანწირვა. ბუდისტებისთვის აღნიშნული ემყარება მიუჯაჭველობის იდეას. მათი რწმენით ომი, ძალადობა, აგრესია, სიძულვილი ჩვენი მატერიალური საგნებისადმი მიჯაჭვულობიდან მომდინარეობს. აჰიმსას ცნება ასევე დაკავშირებულია იმ იდეასთან, რომ ყველა სულიერი არსება ურთიერთდაკავშირებულია. ამდენად, არაძალადობისგან თავშეკავება და შემწყნარებლობა ვრცელდება ასევე სხვა ცოცხალ არსებებზე. მაჰათმა განდი აჰიმსას იდეის ყველაზე ცნობილ აპოლოგეტად ითვლება.

განსხვავება ევროპულ და არაევროპულ ტრადიციებს შორის XX საუკუნეში მოიშალა: განდიზე გავლენა იქონია ჰენრი დეივიდ თორომ და ლევ ტოლსტოიმ, თავის მხრივ განდიმ დიდი გავლენა მოახდინა დასავლელ პაციფისტებზე - ალბერტ აინშტაინზე, ბერტრანდ რასელზე, მარტინ ლუთერ კინგზე. განდისა და კინგისთვის, პაციფიზმის ცენტრალური იდეა არის სიყვარული, განსაკუთრებით უანგარო სიყვარული, რომელიც ახალ აღთქმაშია აღწერილი სიტყვა agape-ს (აღაპი) მეშვეობით. კინგი ამას ასე ხსნიდა: „საბოლოო ჯამში, აღაპი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სიცოცხლის ყველა ფორმა ურთიერთდაკავშირებულია. მთელი კაცობრიობა ერთი საერთო პროცესის მონაწილეა, ყველანი ერთმანეთის ძმები ვართ. რამდენადაც მე ჩემს ძმას რამეს ვუშავებ, რაც არ უნდა დაეშავებინა მას ჩემთვის მანამდე, ამით მე საკუთარ თავს ვნებ“.

თანამედროვე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პენის ხელშეკრულება

XVI საუკუნის დასაწყისიდან პროტესტანტულმა რეფორმაციამ მრავალ ახალ ქრისტიანულ მოძრაობას დაუდო საფუძველი, მათ შორის, ისტორიულ მშვიდობის ეკლესიებს, კვაკერების საზოგადოებას, ამიშების მოძრაობას, მენონიტების ჯგუფს. ჰუმანისტი მწერალი დეზიდერიუს ერაზმუსი რენესანსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პაციფისტი მოღვაწე იყო, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა საომარ მოქმედებებს თავის ნაშრომებში.

კვაკერები პაციფიზმის ცნობილი დამცველები იყვნენ. ისინი ჯერ კიდევ 1660-იან წლებში გმობდნენ ძალადობის ყველანაირ ფორმას და ქრისტიანობის პაციფისტურ ინტერპრეტაციას ემხრობოდნენ. XVIII საუკუნეში, კვაკერებმა პრინციპულ ნიადაგზე, განაცხადეს რომ მონაწილეობას არ მიიღიებდნენ დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოებულ ომებში და პროტესტის ნიშნად არც ფულად ჯარიმას გადაიხდიდნენ. პენსილვანიის პროვინციის დამაარსებელი ინგლისელი კვაკერი უილიამ პენი, ანტიმილიტარისტული საჯარო პოლიტიკის მომხრე იყო. სხვა კოლონიებისგან განსხვავებით, კვაკერები ადგილობრივ ინდიელებთან მშვიდობიანად ვაჭრობდნენ. პენის მმართველობის პერიოდში პროვინციას ფაქტობრივად არ გააჩნდა სამხედრო შეიარაღება და არც სამხედრო კონფლიქტი დაფიქსირებულა ამ წლებში.

XVI-XVIII საუკუნეებში, მოაზროვნეთა ნაწილმა (მათ შორის იყვნენ ფრანგი პოლიტიკოსი მაქსიმილიან დე ბეტუნი, ფილოსოფოსები შარლ სენ-პიერი და ემერიკ კრუცე, ინგლისელი კვაკერები უილიამ პენი და ჯონ ბელერზი) შეიმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციის გეგმა, რომელიც დაიცავდა მშვიდობას და იზრუნებდა ქვეყანათაშორის სამხედრო დაპირისპირებების შემცირებაზე.[3][4] პაციფისტური იდეალები XVIII საუკუნის აზროვნების ორი მიმართულებიდან წარმოიშვა. პირველი განმანათლებლობიდან იღებდა სათავეს და მშვიდობას განიხილავდა როგორც სამყაროს უბედურებებისგან განკურნების რაციონალურ საშუალებას. აზროვნების ამ ტრადიციის მიმდევრები იყვნენ ჟან-ჟაკ რუსო, იმანუელ კანტი, ბენტამი, რომელმაც 1789 წელს მშვიდობის ასოციაციის დაარსების წინადადება წამოაყენა.[5][6] ხოლო აზროვნების მეორე ტრადიცია ევანგელური ქრისტიანობის ნაწილია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მონობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ იდეების მხარდამჭერი უილიამ უილბერფორსი და ბერნარდ ბოლცანო მილიტარიზმის სოციალურ დანაკარგებსა და ომის გაუქმებაზე საუბრობდნენ. ბოლცანო მთლიანად საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდებდა, რომლის შედეგადაც ხალხთა ინტერესი ერთა შორის მშვიდობისკენ წარიმართებოდა და არა კონფლიქტებისკენ.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპაში პაციფიზმი მემარცხენე მოძრაობების რიტორიკაში გვხვდება, რომლებიც პაციფიზმს, როგორც კაპიტალისტურ-იმპერიალისტურ ომებთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ პოზიციად განიხილავდნენ.[7]

მშვიდობის მოძრაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაპოლეონის ომების პერიოდში, მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად მშივდობის მოძრაობები ჩამოყალიბდა ომების დასრულების შემდეგ, წარმოიშვა უნივერსალური იდეების მატარებელი მშვიდობის მოძრაობები. ინგლისის პარლამენტის მიერ თექვსმეტ სამშვიდობო პეტიციას მოეწერა ხელი, ფართოდ გაიზარდა ანტისაომარი დემონსტრაციების რიცხვი და ასევე ფართოდ გავრცელდა მშვიდობის თემაზე დაწერილი ლიტერატურა.[8]

პირველი მშვიდობის მოძრაობები 1815-1816 წლებში გვხვდება. აშშ-ში პირველი ასეთი მოძრაობები იყო ნიუ იორკის მშვიდობის საზოგადოება და მასაჩუსეტსის მშვიდობის საზოგადოება. აღნიშნული ორგანიზაციები რეგულარულად მართავდნენ ყოველკვირეულ შეხვედრებს, ავრცელებდნენ ლიტერატურას, რომელშიც ომის საშინელებები იყო აღწერილი. პაციფიზმის ადვოკატირება კი ქრისტიანული იდეოლოგიების საფუძველზე ხდებოდა.[9]

ბერტა ფონ ზუტნერი, პირველი ქალი რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში

ლონდონის მშვიდობის საზოგადოება ფილანტროპი უილიამ ალენის მიერ 1816 წელს დაარსდა უნივერსალური და მარადიული მშვიდობის იდეების გავრცელებისთვის. 1840-იან წლებში ბრიტანელმა ქალბატონებმა დააარსეს 15-20 ქალისგან შემდგარი ჯგუფები, რომელთა ფარგლებშიც პაციფისტურ იდეებზე დისკუსიებს აწარმოებდნენ.[10]

მშვიდობის მოძრაობის გავლენა სულ უფრო იზრდებოდა XIX საუკუნის შუა პერიოდისთვის.[11] ლონდონის მშვიდობის საზოგადოებამ პირველი საერთაშორისო მშვიდობის კონგრესი 1843 წელს ლონდონში გამართა.[12] კონგრესმა ორი მიზანი დაისახა: ერთა შორის დავების მშვიდობიანი მოგვარება, არბიტრაჟის წესით კონფლიქტების მოგვარება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ინსტიტუტის შექმნა. ევროპის კონტინენტზე პირველი მშვიდობის კონგრესი 1848 წელს ბრიუსელში გაიმართა, მომდევნო წელს კი პარიზში.[13]

XIX საუკუნის ბოლოს, როდესაც პაციფისტურმა იდეებმა სოციალისტურ მოძრაობებშიც შეაღწია, 1870 წელს ლონდონში რანდალ კრიმერმა მუშათა მშვიდობის ასოციაცია დაარსა. კრიმერი ფრანგ ეკონომისტ ფრედერიკ პასისთან ერთად კონფლიქტების არბიტრაჟის წესით მოგვარების საერთაშორისო ორგანიზაციის - საპარლამენტთაშორისო კავშირის (1889) დამაარსებელია. პაციფისტური იდეოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი რუს მწერალ ლევ ტოლსტოის.[14] თავის ერთ-ერთ გვიანდელ ნაშრომში - „ღმერთის სამეფო ჩვენშია“, ტოლსტოი მიმოიხილავს პაციფიზმის ისტორიას და მხურვალედ იცავს მის იდეალებს. მისმა ნამუშევარმა დასაბამი მისცა მის საპატივცემულოდ წოდებულ პაციფისტურ მოძრაობას რუსეთში. წიგნმა ასევე დიდი გავლენა იქონია მაჰათმა განდის ადრეულ იდეებზე.[15] ტოლსტოის და განდის აქტიური მიმოწერა ჰქონდათ, როდესაც ეს უკანასკნელი სამხრეთ აფრიკაში მოღვაწეობდა.

თავისი დროის პაციფისტური მოძრაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბერტა ფონ ზუტნერს, რომელიც მშვიდობის მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად იქცა თავისი 1889 წლის ნაშრომით „ძირს იარაღი“. 1905 წელს იგი იყო პირველი ქალი, რომელმაც ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა. 1891 წელს მან ავსტრიული პაციფისტური ორგანიზაცია დაარსა.

არაძალადობრივი წინააღმდეგობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს ახალ ზელანდიაში ბრიტანელმა კოლონისტებმა ბევრი ხერხი გამოიყენეს (მათ შორის სამხედრო ძალები), რათა მიეთვისებინათ აბორიგენი მაორების მიწა. 1870-იან 1880-იან წლებში პარიკაჰა, რომელიც ახალ ზელანდიაში მაორების ყველაზე დიდი სოფელი იყო, გახდა არაძალადობრივი კამპანიის ცენტრი. ისინი ფართოდ ეწინააღმდეგებოდნენ ევროპული კოლონისტების ოკუპაციას. მაორების ერთ-ერთმა ლიდერმა, ტე ვიტი-ო-რონგომაიმ, თავის ხალხს შთააგონა და მოუწოდა იარაღის გარეშე დაეცვათ თავიანთი უფლებები. 1881 წელს მან 2000 მაოერი ჯარისკაცი დაარწმუნა, რომ საომარ პოზიციებზე გამაგრებული ბრიტანელი ჯარისკაცები მიეწვიათ სოფელში და მათთვის საჭმელ-სასმელიც კი შეეთავაზებინათ. ის საკუთარ ხალხთან ერთად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დააპატიმრეს. ამ ჟესტით კი გამოხატეს პროტესტი მიწების კონფისკაციასთან დაკავშირებით. მაოერი ლიდერი გახდა ბრწყინვალე წინამძღოლი, რადგან მან „პასიური წინააღმდეგობით“ ხელი შეუშალა ხოცვა-ჟლეტას, რომელიც ბრიტანელი კოლონისტებისგან ელოდათ, უფრო მეტიც, დაიცვა ბევრი მიწა უკანონო ოკუპაციისგან.[16]

ინდოეთის განმანთავისუფლებელი მოძრაობის მთავარი პოლიტიკური და სულიერი ლიდერი, მაჰათმა განდი, არაძალადობრივი წინააღმდეგობის - აჰიმსას - პიონერი იყო, რომელსაც იგი სატიაგრაჰას უწოდებდა, რაც ითარგმნება როგორც „სიმართლის ძალა“. განდის არაძალადობრივი წინააღმდეგობა გულისხმობდა ტირანიისადმი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, რომელიც არა უბრალოდ არაძალადობრივი იყო, არამედ მიზნად ისახავდა ოპონენტის მსოფლმხედველობის შეცვლას. ბრიტანული მმართველობისგან თავისი ქვეყნის განთავისუფლებისთვის ოცდაათწლიანი (1917-1947) მოღვაწეობის განმავლობაში განდის წარმოებული აქვს არაერთი არაძალადობრივი კამპანია, რომელთაც არა მხოლოდ ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება განაპირობეს 1947 წელს, არამედ მსოფლიო დონეზე უდიდესი გავლენა იქონიეს საპროტესტო მოძრაობების ეთიკაზე.[17]

პაციფიზმი რელიგიურ მოძღვრებებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰაიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰაიზმის დამაარსებელმა ბაჰაულამ (1817-1892) თავისი რწმენის ქვაკუთხედად ომის უარყოფა აქცია. თუმცა, ბაჰაიზმი არ არის აბსოლუტურად პაციფისტური რელიგია. მაგალითად, თავის მიმდევრებს იგი მოუწოდებს სოციალური სერვისებისკენ, აქტიურ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის სანაცვლად. თუმცა, თუ აღნიშნული, ქვეყნის წინაშე არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე შეუძლებელია, მაშინ სახელმწიფო ხელისუფლებისადმი ერთგულებას ენიჭება უპირატესობა.[18] XX საუკუნის პირველ ნახევარში ბაჰვაიზმის ლიდერი შოგჰი ეფენდი აღნიშნავდა, რომ ბაჰვაიზმის იდეების შესაბამისად აბსოლუტური პაციფისტები არიან ანტი-სოციალურები და ინდივიდებს საზოგადოებაზე მაღლა აყენებენ, რაც ანარქიას აფუძვნებს.[19]

ბაჰაიზმი იზიარებს კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, რომელიც სრულიად არ აუქმებს ძალის გამოყენებას. ამ პრინციპში იგულისხმება „სისტემა სადაც ძალის გამოყენება მართლმსაჯულების განხორციელების საშუალებად იქცევა“.[20] ბაჰაიზმის სწავლებებში კოლექტიური თავდაცვის უფლება ამოქმედდება, როდესაც ერთი სახელმწიფო დაარღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა მაგალითად ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, სწორედ მაშინ სხვა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან დაზარალებული.[21]

ბუდიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდიზმი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ ძალადობრივ რელიგიად მიიჩნევა, რომლის მთავარ ღირებულებას აჰიმსას (არა ძალადობა) მოძღვრება წარმოადგენს.[22]

აუნ სან სუ ჩი არის ბუდისტი არაძალადობრივი და პროდემოკრატიული აქტივისტი, ასევე მიანმარში დემოკრატიის ეროვნული კავშირის ლიდერი. ის 2016 წლის აპრილში გახდა მიანმარის სახელმწიფო მრჩეველი (პრემიერ-მინისტრის მსგავსი პოზიცია). მშვიდობისთვის ბრძოლაში მან 1991 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლაა „თავისუფლება შიშისგან“, რომელიც ამ სიტყვებით იწყება: „ძალაუფლება კი არ ხრწნის, არამედ შიში. ძალაუფლების დაკარგვის შიში ხრწნის მათ რომლებიც ფლობენ ამ ძალაუფლებას, ხოლო გამათრახების შიში ხრწნის მათ, ვინც ასეთი მოპყრობის სუბიექტები არიან“.[23]

ინდუიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰიმსას ცნება ცენტრალური მნიშვნელობის არის აგრეთვე ინდუიზმში. კონცეფცია, ცხოველების რიტუალური მსხვერპლშეწირვის ტრადიციის უარყოფასთან ერთად ნელ-ნელა განვითარდა და დღეს მის მიმდევართა დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია. ინდუიზმის კლასიკურ ტექსტებში ცალკე თავები ეძღვნება იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეს აჰიმსას მიმდევარი ადამიანი კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც იგი აწყდება ომს, ძალადობას და უსამართლობას. აჰიმსას პრინციპი ინდუიზმში მოითხოვს, რომ ომის თავიდან არიდება კეთილსინდისიერი დიალოგის მეშვეობით მოხდეს. ძალა გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც უკანასკნელი საშუალება. და თუ ომი მაინც გარდაუვალია, მისი მიზანი უნდა იყოს კეთილშობილური და მეთოდები სამართლიანი.[24]

ქრისტიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანული პაციფიზმი არის თეოლოგიური და ეთიკური მსოფლმხედველობა, რომლის თანახმადაც ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია ქრისტიანული რწმენისთვის. ქრისტიანი პაციფისტები ამტკიცებენ, რომ თავად იესო ქადაგებდა პაციფისტურ ღირებულებებს და მისმა მიმდევრებმა, შესაბამისად, მას უნდა მიბაძონ. გამორჩეულ ქრისტიან პაციფისტებს შორის არიან მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი, ლევ ტოლსტოი, ამონ ჰენასი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bennett, Scott H. Radical Pacifism: The War Resisters League and Gandhian Nonviolence in America, 1915-1963 (New York: Syracuse Univ. Press, 2003).
  • Bennett, Scott H., ed. Army GI, Pacifist CO: The World War II Letters of Fank and Albert Dietrich (New York: Fordham Univ. Press, 2005).
  • Brock, Peter and Young, Nigel. Pacifism in the Twentieth Century (New York, Syracuse University Press, 1999).
  • Brock, Peter. Varieties of Pacifism: A Survey from Antiquity to the Outset of the Twentieth Century (New York, Syracuse University Press, 1999).
  • Cortright, David. Peace :A History of Movements and Ideas (Cambridge: Cambridge University Press, 2008).
  • Henderson, Gavin B. "The Pacifists of the Fifties" Journal of Modern History 9#3, (1937), pp. 314-341 online 1850s in Britain
  • Holmes, Robert L. and Gan, Barry L. editors. Nonviolence in Theory and Practice 3rd, edition. (Long Grove, Illinois: Waveland Press, 2012).
  • Jarausch, Konrad H. "Armageddon Revisited: Peace Research Perspectives on World War One." Peace & Change 7.1‐2 (1981): 109–118.
  • Jefferson, Charles Edward (1920), Varieties of Pacifism, International Peace Series, New York: World Alliance for International Friendship through the Churches, OCLC 15243673
  • Lunardini, Christine A. The ABC-CLIO companion to the American peace movement in the twentieth century (1994) online free to borrow
  • Mayer, Peter, რედ. (1967), Mayer, Peter. The Pacifist Conscience, Henry Regnery Co.
  • Patterson, David S. The Search for Negotiated Peace: Women's Activism and Citizen Diplomacy in World War I (Routledge. 2008)
  • Phelps, Christina, The Anglo-American peace movement in the mid-nineteenth century (1930)
  • Wittner, Lawrence S, Rebels against war : the American peace movement, 1941-1960 (1970) online free to borrow

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://plato.stanford.edu/entries/pacifism/#Aca
  2. https://plato.stanford.edu/entries/pacifism/#Aca
  3. Power and the Pursuit of Peace: Theory and Practice in the History of Relations between States, by Francis Harry Hinsley, Cambridge University Press, 1967, ISBN 0-521-09448-8, (pp. 13–45).
  4. "Thinking About Peace in History" by Charles Chatfield, in The Pacifist Impulse in Historical Perspective : Essays in Honour of Peter Brock, edited by Harvey L. Dyck. Toronto, University of Toronto Press, 1996, ISBN 0-8020-0777-5 (p. 36–51).
  5. Hinsley, pp. 46–61.
  6. Hinsley, pp. 62–80.
  7. Robert Livingston Schuyler, "The rise of anti-imperialism in England." Political science quarterly 37.3 (1922): 440–471.
  8. Ceadel, Martin (1996). The Origins of War Prevention: The British Peace Movement and International Relations, 1730–1854. Oxford University Press. ISBN 9780198226741. 
  9. Pacifism to 1914 : an overview by Peter Brock. Toronto, Thistle Printing, 1994. (pp. 38–9).
  10. The Long Road to Greenham : Feminism and Anti-Militarism in Britain since 1820, by Jill Liddington. London, Virago, 1989 ISBN 0-86068-688-4 (pp. 14–5).
  11. Gavin B. Henderson, "The Pacifists of the Fifties" Journal of Modern History 9#3 (1937), pp. 314-341, on British developments. online
  12. Cortright, David (2008). Peace: A History of Movements and Ideas. Cambridge University Press. ISBN 9781139471855. 
  13. André Durand. Gustave Moynier and the peace societies. International Committee of the Red Cross. ციტირების თარიღი: 2013-12-02
  14. Tolstoy's Pacifism, by Colm McKeogh, Cambria Press, 2009, ISBN 1-60497-634-9, (pp. 105–107).
  15. Pacifism in the Twentieth Century, by Peter Brock and Nigel Young. Syracuse University Press, New York, 1999 ISBN 0-8156-8125-9 (p.73)
  16. Winder, Virginia. Conflict and Protest – Pacifist of Parihaka – Te Whiti o Rongomai. ციტირების თარიღი: 2007-07-29
  17. https://www.sahistory.org.za/article/gandhi-and-passive-resistance-campaign-1907-1914
  18. Peter Mazal, Selected Topics of Comparison in Christianity and the Bahá'í Faith". Archived from the original on 2011-05-14. Retrieved 13 September 2006.
  19. Effendi, Shoghi. Directives from the Guardian. India: Baha'i Publishing Trust, გვ. 53–54. 
  20. Effendi, Shoghi (1938). The World Order of Bahá'u'lláh. Wilmette, Illinois, USA: Bahá'í Publishing Trust, გვ. 191–203. ISBN 978-0-87743-231-9. 
  21. Sarooshi, Danesh (1994). "Search for a Just Society, Review". Baha'i Studies Review 4 (1). http://bahai-library.com/saroosh_huddleston_just_society.
  22. Helen Josephine Baroni (January 2002). The Illustrated Encyclopedia of Zen Buddhism. The Rosen Publishing Group, გვ. 3. ISBN 978-0-8239-2240-6. 
  23. Aung San Suu Kyi – Biography. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 4 May 2006
  24. Klaus K. Klostermaier (1996), in Harvey Leonard Dyck and Peter Brock (Ed), The Pacifist Impulse in Historical Perspective, see Chapter on Himsa and Ahimsa Traditions in Hinduism, University of Toronto Press, pages 230–234.