ფრონის ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ფრონის ხეობა, ფრონეს ხეობა — მდინარე ფრონეების (აღმოსავლეთის, შუა, დასავლეთის, ალის, სურამის) ხეობები აღმოსავლეთ საქართველოში. მათი ისტორიული მნიშვნელობა განაპირობა გეოგრაფიულმა მებარეობამ და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ.

გადასასვლელები და გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრონის ხეობები სამიმოსვლო გზებით ლიხის ქედის გავლით აკავშირებდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს.[1] ლიხის ქედზე რამდენიმე გადასასვლელი არსებობდა: პერანგას, ზემოჯვარ-კორტოხის, დედაბერასი, რიკოთის, სურამის, ციხისძირის. აქ გადიოდა ე.წ. „გზა დასავლეთისა“, რომელიც იმერეთსა და ქართლს აკავშირებდა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი გზები, რომელთაგან ყველაზე ჩრდილოეთით ცხინვალი-წონის გზა შედიოდა ყვირილის ხეობაში.[2]

პერანგას გზას შემდეგ მარშრუტი ჰქონდა: ბრეთიდვანიავნევიერკნეთიწორბისიყორნისიპერანგა – დარკა – ჭალაჩიხა.[2] ვახუშტი ბატონიშვილს აღნიშნული აქვს შემდეგი სახის მარშრუტი: ატოციოქონათიღვაძაღინა – საყარაულო – ოჟორახტანაგომართა – ლოხოისის მთა – პერანგას მთაჭალაჩიხასაჩხერე.[3] ალიდან ლიხის ქედის გადაღმა გადადიოდა ორი ზემოაღნიშნული გზა: ზემოჯვარ-კორტოხის და დედაბერასი (ანუ ულუმბის). პირველი კოლბეურის გავლით ერთი მხრივ მიდიოდა საჩხერისკენ, მეორე მხრივ — სვერისკენ. მეორე გზის მიმართულება იყო: ულუმბადედაბერაღოდორალიჩინადაბური; იგი ძირულის ხეობით (ხეფინის ხევით) მიდიოდა შორაპნისკენ. შემდეგი ორი გზა სურამზე გადიოდა — პირველი რიკოთის გადასასვლელით გადადის ძირულის ხეობაში; მეორე სურამიდან ფონზე გავლით (სურამის გადასასვლელით) ჩადის წიფაში და ჩხერიმელას ხეობით მიემართება შორაპნისკენ. ლიხის ქედის სამხრეთ ნაწილში გადიოდა ქვიშხეთ-ციხისძირის გზა.[4]

გზებს ციხეები იცავდა. ერთ-ერთი ასეთი იყო საქართლის ციხე (იცავდა პერანგას გზას). მასსა და ყორნისს შორის მდებარეობდა საბაჟო (ახლა ნასოფლარი), საიდანაც გზა გადადიოდა რაჭა-ლეჩხუმში. სახელიდან გამომდინარე, აქვე ივარაუდება საბაჟო პუნქტის არსებობაც. ალის ფრონის (ე.ი. ჭერათხევის) გზა, რომელიც უფრო მოსახერხებლად ითვლებოდა, დაცული იყო ალის ციხით.[3]

მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტის ცნობით, ხეობა იყო ხილიანი, ვენახიანი, მარცვლით ნაყოფიერი; მდინარეებში იყო თევზი (წყალდიდობისას — კაპოეტი, ორაგული, წყალმცირობისას — კალმახი, წვრილი თევზი); ჰყავდათ პირუტყვი; მისდევდნენ მეაბრეშუმეობას. 1804 წლის გორის მაზრის კამერალური აღწერის მიხედვით, ხეობის ქვედა და შუა ნაწილებში მისდევდნენ მემინდვრეობას და მეხილეობა-მევენახეობას, სათავეების სოფლებში — მემინდვრეობას; განვითარებული იყო მეცხოველეობაც. თანამედროვე ეკონომიკურ ვითარებაში ინტენსიურმა მებაღეობა-მევენახეობამ მეურნეობიდან გამოდევნა მემინდვრეობა.[5]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრონეების ხეობის ბუნებრივ-კლიმატური პირობები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ადამიანის საცხოვრებლად, რის გამოც აქაურობა უძველესი დროიდან იყო დასახლებული. წაღვლის, ტკოცისა და ყორნისის მიდამოებში აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ქვის იარაღები.[6] მოსახლეობის კომლობრივ შემადგენლობაზე ცნობებს იძლევა რუისის სამწყსოს დავთარი (1715). 84 სოფელში დაფიქსირებულია 1839 კომლი. დავთრის დაკლებული ფურცლების საფუძველზე ივარაუდება 2000 კომლამდე. თითო კომლში ხუთი სულის გათვალისწინებით კი მოსახლეობის რაოდენობა 10 000 კაცამდეა ნავარაუდევი. დავთრის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართულია. 1804 წლის კამერალური აღწერის მონაცემებით, ოსური მოსახლეობა გაჩნდა ყორნისში, ძარწემსა და კუსირეთში. თამარაშენში ქართველების გვერდით ცხოვრობდნენ ებრაელები. დღეს ძველი გვარებიდან ცოტაღაა შემორჩენილი, დიდია იმერეთიდან გადმოსული მოსახლეობის წილი, ხეობის ზედა და ნაწილობრივ ქვედა ნაწილებში ოსური მოსახლეობაა.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]