სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი
Dronning-Sophie-Magdalene.jpg
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 12 ოქტომბერი, 1730
მმართ. დასასრული: 6 აგვისტო, 1746
წინამორბედი: ანა სოფია რევენტლოვი
მემკვიდრე: ლუიზა ბრიტანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 ნოემბერი, 1700
დაბ. ადგილი: ნიურნბერგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 27 მაისი, 1770, (69 წლის)
გარდ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: კრისტიან VI, დანიისა და ნორვეგიის მეფე
შვილები: ფრედერიკ V, დანიისა და ნორვეგიის მეფე
ლუიზა, საქსენ-ჰაილდბურგჰაუზენის ჰერცოგინია
დინასტია: ჰოენცოლერნები
მამა: კრისტიან ჰაინრიხი, ბრანდენბურგ-ბაიროით-კულმბახის მარკგრაფი
დედა: სოფია კრისტიანა ვოლფენშტაინელი
რელიგია: ლუთერანიზმი

სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი (გერმ. Sophie Magdalene von Brandenburg-Kulmbach, დან. Sophie Magdalene af Brandenburg-Kulmbach; დ. 28 ნოემბერი, 1700 — გ. 27 მაისი, 1770) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1730-46 წლებში როგორც კრისტიან VI-ის მეუღლე. მეფე ფრედერიკ V-ის დედა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფია მაგდალენა დაიბადა 1700 წლის 28 ნოემბერს ნიურნბერგში. იგი იყო ბრანდენბურგ-ბაიროით-კულმბახის მარკგრაფ კრისტიან ჰაინრიხისა და მისი მეუღლის, მარკგრაფინია სოფია კრისტიანა ვოლფენშტაინელის მეექვსე შვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ბრანდენბურგ-ბაიროთი-კულმბახის მარკგრაფი გეორგ ალბრეხტი და მისი ცოლი მარია იზაბელა ჰოლშტაინ-სონდენბურგ-გლუქსბურგელი, ხოლო დედის მხრიდან ალბრეხტ ფრიდრიხ ვოლფენშტაინელი და მისი ცოლი სოფია ლუისა დე კასტელ-რემნილგენი იყვნენ.

როდესაც წამოიზარდა და განათლების მიღება დაასრულა, სოფია მაგდალენა საქსონიისა და პოლონეთის დედოფალ კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელის უფროსი სეფექალი გახდა, სადაც შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს. 1721 წლის 7 აგვისტოს სოფია მაგდალენა დაქორწინდა დანიისა და ნორვეგიის კრონპრინც კრისტიანზე. მას ბედნიერი ქორწინება ჰქონდა და ქმართან და მულებთან ერთად აქტიურად აპროტესტებდა მამამთილის მეორე ქორწინებას ანა სოფია რევენტლოვზე.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1730 წელს, ფრედერიკ IV-ის გარდაცვალების შემდეგ მისი ქმარი მეფე კრისტიან VI, ხოლო თავად სოფია მაგდალენა დედოფალი გახდა. სამეფო წყვილის პირადი ცხოვრება ჰარმონიული იყო. მეუღლეები პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ ერთმანეთს, თუმცა სოფია ვერ იტანდა სამეფო კარზე ცხოვრებას, ამიტომაც არისტოკრატები ხშირად მას ადანაშაულებდნენ ცივი ატმოსფეროს შექმნაში. დანიელები მას ამპარტავან და ჭირვეულ ქალად თვლიდნენ. მას მკაცრი რელიგიური განათლება ჰქონდა მიღებული, რაც გავლენას ახდენდა სამეფო კარის ცხოვრებაზე. მისი სამეფო კარზე ცხოვრება ძალიან ძვირი ჯდებოდა. სოფია მაგდალენას მოსწონდა ფუფუნება, ძვირფასი სამკაულები და მოდური კაბები, მაშინ, როდესაც ქვეყანა სიღარიბეში იხრჩობოდა.

მას ასევე აკრიტიკებდნენ მისი გერმანული თვისებების გამოც, თუმცა გერმანული ენა და კულტურა უკვე ისედაც დიდი ხანი იყო რაც დანიაში დომინირებდა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ საუკუნეების მანძილზე დანიის მეფეებს გერმანელი ცოლები მოჰყავდათ, რომელთა გავლენაც ყოველ მომდევნო მეფეზე სულ უფრო ძლიერდებოდა. არღსანიშნავია, რომ დედოფალმა სოფია მაგდალენამ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ცხოვრება დანიაში განვლო, დანიური ენა არასდროს უსწავლია. 1740 წლიდან დანიის სამეფო კარზე ჩამოსახლდნენ სოფიას დედმამიშვილებიც. ამის შემდეგ დადიოდა ჭორები, რომ კრისტიანი მას მის დასთან, მარკიზა სოფია კაროლინა ბრანდენბურგ-კულმბახელთან ღალატობდა.

1732 წელს დედოფალმა სოფია მაგდალენამ შექმნა ახალი, საპატიო ორდენი, რომელთაც მხოლოდ იმ ქალებს გადასცემდა, რომელთაც იღბლიანი ქორწინება ჰქონდათ. 1737 წელს გახსნა დიდებული წარმომავლობის მონაზვნებისათვის განკუთვნილი მონასტერი, სადაც მდაბიო წარმომავლობის მონაზვნებს არ უშვებდნენ.

დედოფალ სოფია მაგდალენას ბრძანებით, მისი კორონაციისთვის დაამზადეს ახალი სადედოფლო გვირგვინიც. ამით მან უარი თქვა ტრადიციულ დანიურ სადედოფლო გვირგვინზე და მას მოძველებულიც უწოდა. მისი ბრძანებითვე ააგეს ჰირსკჰოლმის სასახლე, სადაც 1747 წლიდან ცხოვრობდა.

დედა-დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1746 წელს მისი მეუღლე, მეფე კრისტიან VI გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე მათი ვაჟი ფრედერიკ V ავიდა. როგორც დედა-დედოფალი, იგი მეტად გონივრულად ცდილობდა შვილზე გავლენის მოხდენას. ამასთან, ისარგებლა რა ქმრის არ ყოფილით და სასწრაფოდ დატოვა სამეფო კარი, რომელსაც ვერ იტანდა.

აღსანიშნავია, რომ სოფია მაგდალენას თავის შვილიშვილებთან უფრო უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე შვილებთან. მისი გავლენით, მისი შვილიშვილი, კრონპრინცი კრისტიანი მეტად მეამბოხე და თავისუფალი თვისებებისა გაიზარდა, თუმცა ეს უფრო მეტად მისი ფსიქიკური დაავადების დამსახურება იყო. რამდენიმე წელიწადში, სოფია მაგდალენა ჰიპოქდორიით დაავადდა, რომელიც სულ უფრო მძიმდებოდა. საბოლოოდ სწორედ მან გამოიწვია მისი გარდაცვალება 1770 წლის 27 მაისს, 69 წლის ასაკში.

დედოფალი სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, მისი მეუღლის, მეფე კრისტიან VI-ის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრედერიკ V (დ. 31 მარტი, 1723 — გ. 14 იანვარი, 1766), დანიისა და ნორვეგიის მეფე 1746-66 წლებში. პირველად იქორწინდა ლუიზა ბრიტანელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე კრისტიან VII, შვედეთის დედოფალი სოფია მაგდალენა, ჰესენის კურფიურსტი ვილჰელმინა კაროლინა და ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია ლუიზა დანიელი. პირველი ცოლის დაღუპვის შემდეგ ცოლად იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი შეირთო, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა;
  2. ლუიზა (დ. 19 ივნისი, 1724 — გ. 20 დეკემბერი, 1724), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ლუიზა (დ. 19 ოქტომბერი, 1726 — გ. 8 აგვისტო, 1756), ცოლად გაჰყვა საქსენ-ჰაილდბურგჰაუზენის ჰერცოგ ერნესტ ფრიდრიხ III-ს, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა, რომელიც ჩვილობაში დაიღუპა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hans-Joachim Böttcher: Christiane Eberhardine Prinzessin von Brandenburg-Bayreuth, Kurfürstin von Sachsen und Königin von Polen, Gemahlin August des Starken. Dresdner Buchverlag, Dresden 2011, ISBN 978-3-941757-25-7, S. 292–293.
  • Eduard Maria Oettinger: Geschichte des dänischen Hofes, Band 3–4, Hoffmann und Campe, 1857, S. 202
  • Heinrich Ferdinand Schoeppl: Die Herzoge von Sachsen-Altenburg. Bozen 1917, Neudruck Altenburg 1992 S. 70
  • Britta Scholz: Das Christianeum in Altona 1730- 1773, Books on Demand, 2008, S. 9
  • Georg Friedrich von Jenssen-Tusch: Die Verschwörung gegen die Königin Caroline Mathilde von Dänemark, H. Costenoble, 1864, S. 10
  • M. Spindler, A. Kraus: Geschichte Frankens bis zum Ausgang des 18. Jahrhunderts, München 1997. ISBN 3-406-39451-5