იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
Vigilius Eriksen, Enkedronning Juliane Marie, 1776, KMS4056, Statens Museum for Kunst.jpg
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 8 ივლისი, 1752
მმართ. დასასრული: 14 იანვარი, 1766
წინამორბედი: ლუიზა ბრიტანელი
მემკვიდრე: კაროლინა მატილდა ბრიტანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 სექტემბერი, 1729
დაბ. ადგილი: ვოლფენბიუტელი, გერმანია
გარდ. თარიღი: 10 ოქტომბერი, 1796, (67 წლის)
გარდ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: ფრედერიკ V, დანიისა და ნორვეგიის მეფე
შვილები: ფრედერიკი, დანიის რეგენტი
დინასტია: ველფები
მამა: ფერდინანდ ალბრეხტ II, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი
დედა: ანტუანეტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
რელიგია: ლუთერანიზმი

იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი (გერმ. Juliane Marie von Braunschweig-Wolfenbüttel, დან. Juliane Marie af Braunschweig-Wolfenbüttel; დ. 4 სექტემბერი, 1729 — გ. 10 ოქტომბერი, 1796) — ველფების დინასტიის წარმომადგენელი. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდის ცოლის და. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1752-1766 წლებში როგორც ფრედერიკ V-ის მეორე ცოლი. 1772 წელს თავის ვაჟთან ერთად სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო თავისი გერის, კრისტიან VII-ის წინააღმდეგ და დანიისა და ნორვეგიის დე-ფაქტო მმართველი გახდა, როგორც რეგენტი. ეს ყოველივე 1784 წლამდე გაგრძელდა. საბოლოოდ დანიის ტახტი მისმა შვილიშვილმა კრისტიან VIII-მ დაიკავა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადება და აღზრდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იულიანა მარია ახალგაზრდობაში

იულიანა მარია დაიბადა 1729 წლის 4 სექტემბერს ვოლფენბიუტელში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ ფერდინანდ ალბრეხტ II-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ანტუანეტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ქალიშვილი. მისი დაბადების მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი პრინცესის წოდებას ატარებდა.

იულიანა მარია მარტივი, თუმცა ძალიან მკაცრი აღზრდის მეთოდებით იზრდებოდა, რაც მეტად გავრცელებული იყო გერმანულ სამთავროებში. აღსანიშნავია, რომ მას ბავშვობაში მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ხშირად ენა ებმოდა, რაც მისი აღზრდის მეთოდებისგან გამოწვეული სტრესის ბრალი იყო.

საქორწინო მოლაპარაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1751 წელს, დანიისა და ნორვეგიის დედოფალი ლუიზა ბრიტანელი ნაადრევად გარდაიცვალა. დაქვრივებულ მეფე ფრედერიკ V-ს დედოფლისაგან ერთი ვაჟი დარჩა, რომელიც ფსიქიკურად არასტაბილური იყო, ამიტომაც მან მეორე საცოლის ძებნა დაიწყო. ფრედერიკმა ახალი მეუღლის პოვნა თავის ერთგულ მსახურს, გრაფ მოლტკეს დაავალა, რომელმაც არჩევანი იულიანა მარიაზე შეაჩერა. 1751-52 წლებში თავად მეფეს გრაფ მოლტკეს ასულ კატარინა სოფია მოლტკეზე ქორწინება სურდა, თუმცა ეს არც კი განიხილებოდა.

მეფეს არ სურდა უცხოელ პრინცესაზე ქორწინება, თუ იგი მისი პირველი და საყვარელი ცოლივით ინგლისელი არ იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოლის დაზე უნდა ექორწინა, რის საშუალებასაც მისი რელიგიური შეხედულებები არ აძლევდა. თუმცა, საბოლოოდ, როცა ფრედერიკმა იულიანა მარიას პორტრეტი ნახა, ძალიან მოეწონა იგი და მასზე ქორწინების სურვილიც გამოთქვა.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი იულიანა მარია 1752 წელს

1752 წლის 8 ივლისს, ფრედერიკსბორგის სასახლეში შედგა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელისა და ფრედერიკ V-ის ქორწინება, რის შემდეგაც იგი დანიისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა. ეს ქორწინება დედოფალ ლუიზა ბრიტანელის გარდაცვალებიდან ექვს თვეში შედგა, ხოლო იულიანა მარია იმავე დღეს ეკურთხა დედოფლად. მისთვის სამეფო კარის ეტიკეტის სწავლება სამეფო სასახლის დიასახლისს, კრისტიანა ჰენრიეტა ლუიზა იუელს დაევალა, რომელიც მისი სეფექალიც გახდა. როგორც მემატიანეები აღნიშნავენ, მის ქორწილზე დასწრებაზე ბევრმა დიდებულმა თქვა უარი, რადგან ისინი ჯერ კიდევ წინა დედოფალს გლოვობდნენ, რომელიც ხალხს ძალიან უყვარდა.

დედოფალი იულიანა მარია, აღწერილია როგორც მორცხვი გულწრფელად შეურაცხყოფილი, რადგანაც როცა იგი მეფემ სამეფო კარს წარუდგინა, არისტოკრატიას საერთოდ არ მოეწონა იგი. იგი მკაცრად იცავდა ეტიკეტის ყველა წესს და ასრულებდა თავის, როგორც დედოფლის ყველა მოვალეობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას თავიდანვე ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თავის გერებთან, რომლებიც მას თავიანთ ოჯახის წევრად არც კი აღიქვამდნენ. თავად იულიანა მარია სასიამოვნო და მგრძნობიარე ხასიათის ქალი იყო, მაგრამ დანიელები ვერ იტანდნენ, რადგანაც იგი მეფეზე მათი საყვარელი დედოფლის გარდაცვალებიდან ძალიან მალე დაქორწინდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრედერიკ V გამუდმებით ღალატობდა მას, იულიანა მარია მაინც მკაცრად იცავდა პროტოკოლს და თვალს ხუჭავდა მეფის ამ საქციელზე. შეიძლება ითქვას, რომ მან შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე თავისი ერთგულებით ეტიკეტისადმი. იგი მძიმე ავადმყოფობებისასაც კი იცავდა პროტოკოლს და ყოველთვის იქ იყო, სადაც ეს დედოფალს ევალდებულებოდა. მან კარგად იცოდა, რომ მეფის თვალში იგი მისი განსვენებული ცოლისა და საყვარლის შემდეგ იდგა, მაგრამ ფრედერიკს გარდაცვალების შემდეგ მაინც „საუკეთესო მეფეს“ უწოდებდა.

დედოფალი იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი

ქორწინებით მან ხუთი გერი მიიღო, მაგრამ მას არანაირი გავლენა არ ჰქონია მათ აღზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ სძულდათ დედინაცვალი, პროტოკოლის გამო იულიანა მარია მაინც ხშირად სტუმრობდა მათ და ყოველთვის მოიხსენიებდათ როგორც „ჩემი ქალიშვილები“, „ჩემი ვაჟი“, „ჩემი შვილები“ და „კარგი ბავშვები“. ამასთან, თავის დღიურში დიდი ადგილი უკავია მათთან გატარებული დროის აღწერას. მაგალითად, 1760 წლის აგვისტოში, იგი თავის გერს, კრონპრინც კრისტიანს უვლიდა, როდესაც დაავადდა. 1766 წელს, იგი თან ახლდა ასევე თავის გერს, სოფია მაგდალენა დანიელს, როდესაც იგი შვედეთში გაემგზავრა და იქ მეფეზე დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ სოფია მაგდალენა მისი ერთადერთი გერი იყო, რომელსაც იულიანა მარიასთან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ამის გამო, ორი დედოფალი ერთმანეთს ხშირად სწერდა წერილებს და კითხულობდა მის ამბებს.

მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი გავლენა არ ჰქონდა გერების აღზრდაზე, ფრედერიკმა მას დიდი თავისუფლება მიანიჭა თავისი საკუთარი ვაჟის აღზრდა-განათლების საკითხში. იულიანა მარიამ თავისი ერთადერთი ვაჟი 1753 წელს გააჩინა და მეფის პატივსაცემად ფრედერიკი დაარქვა. პატარა ფრედერიკი დანიის ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე იყო, ამიტომაც იულიანა მარია მის განათლებაზე სერიოზულად ზრუნავდა. უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე, პრინცი ფრედერიკი იყო დანიის სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომლის მშობლიური ენაც დანიური იყო და არა გერმანული. იგი თავის ვაჟს ნამდვილ პატრიოტად ზრდიდა და ცდილობდა პოლიტიკური ინტერესები ჩაენერგა მასში.

იულიანა მარიას დედოფლობა არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ამ პერიოდში იგი მშვიდად ცხოვრობდა და ღირსეულად უძღვებოდა სამეფო კარს. მას ძალიან უყვარდა მშვიდი, ოჯახური გარემო და ყველაფერს აკეთებდა ამის შესაქმნელ-შესანარჩუნებლად. იგი ასევე გულმოდგინედ ცდილობდა დანიურის სწავლას და მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დაუსრულებია მისი შესწავლა, მაინც ყოველთვის ცდილობდა რომ საუბრისას და წერისას ჩაერთო ხოლმე დანიური სიტყვები. მიუხედავად მისი ამ ძალისხმევისა, ვერ მოახერხა გამხდარიყო ხალხისათვის პოპულარული დედოფალი.

თავისი ქმრის სიცოცხლის დროს, დედოფალი იულიანა მარია არასდროს ერეოდა პოლიტიკურ საქმეებში. მისი სიძე, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდი (რომელსაც ცოლად იულიანა მარიას და ჰყავდა), ხელს უწყობდა თავიდან იულიანას დანიაში გათხოვებას, იმ იმედით, რომ ამით იგი დანიის კარზე თავის ჯაშუშს გაუშვებდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. იულიანა მარია ყოველთვის ცდილობდა დანიაში გერმანული გავლენები შეემცირებინა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გერმანელი იყო. ამის მიუხედავად, მან თავის დასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა.

1766 წლის 14 იანვარს, 42 წლის ფრედერიკ V გარდაიცვალა, რის შემდეგაც დანიის მეფე იულიანა მარიას გერი, ჭკუიდან შეშლილი კრისტიან VII გახდა.

ქვრივი დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო რომანი და სახელმწიფო გადატრიალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიის სამეფო ოჯახი, მარცხნიდან მარჯვნივ: კრისტიან VII, კაროლინა მატილდა, იულიანა მარია და პრინცი ფრედერიკი

ვინაიდან ახალი მეფე ფსიქიკურად არასტაბილური იყო, ხელისუფლება ხელში მინისტრთა სამეფო საბჭომ აიღო, რომელმაც მეფის სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ცოლი შეძლებდა მის დაჭკვიანებასა და სწორ გზაზე შეჩერებას. ვინაიდან დანიელებში განსვენებული დედოფალი ლუიზა ბრიტანელი ძალიან პოპულარული იყო, მინისტრებმა მეფის საცოლის ძებნა ასევე ბრიტანეთში დაიწყეს, იმ იმედით, რომ ახალი დედოფალიც ლუიზას მსგავსი იქნებოდა. მათ არჩევანი ლუიზას ძმისწულზე, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ III-ის ნაბოლარა დაზე — კაროლინა მატილდა ბრიტანელზე შეაჩერეს.

1766 წელს, კაროლინა მატილდა დანიაში ჩავიდა, დაქორწინდა კრისტიან VII-ზე და დედოფალი გახდა, მაგრამ დანიელები დიდად იმედგაცრუებულნი დარჩნენ. იგი საერთოდ არ ჰგავდა მამიდამისს, პირიქით, ძალიან სუსტი ნებისყოფის იყო, მთელი დღე თავის ოთახში იყო გამოკეტილი და მეფესთან სარეცელსაც არ იყოფდა. იულიანა მარიამ საბოლოოდ მოახერხა დედოფალი მეფესთან ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაზე დაეთანხმებინა, რასაც 1768 წელს კრონპრინცი ფრედერიკის დაბადება მოჰყვა. ამავდროულად კრისტიან VII ევროპაში სამოგზაუროდ წავიდა, საიდანაც ერთ წელიწადში თავის ახალ ექიმ იოჰან ფრიდრიხ სტრუენცესთან ერთად დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ კრისტიანის მოგზაურობისას კაროლინა მატილდა და იულიანა მარია ძალიან დაახლოვნენ. ისინი ხშირად ერთად სვამდნენ ჩაის და მეტიც, 1769 წლის ზაფხული ერთად გაატარეს საზაფხულო რეზიდენციაში.

მეფის ახალი ექიმი და დედოფალი ძალიან მალე დაახოვდნენ. კაროლინა მატილდასა და სტრუენცეს საერთო ლიბერალური შეხედულებები ჰქონდათ. სულ მალე, მათ დიდი გავლენა მოახდინეს კრისტიანზე, რასაც დანიაში მთელი რიგი დემოკრატიული რეფორმების გატარება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ამ პერიოდში დედოფალსა და სამეფო ექიმს საიდუმლო რომანი ჰქონდათ, რომლის შესახებაც იულიანა მარიამ კაროლინა მატილდას მსახურისაგან შეიტყო.

დედოფლისა და ექიმის რომანის შესახებ ინფორმაციის გაგებამ იულიანა მარია განარისხა, თუმცა ამ ყველაფრის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება გადაწყვიტა. 1772 წლის იანვარს, იულიანა მარიამ თავის ვაჟთან და რამდენიმე მინისტრთან ერთად ხალხი ააბუნტეს და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. ამ დროს, 17 იანვარს, იულიანა მარიამ დაარწმუნა შეშლილი კრისტიან VII და მისი ბრძანებით დააპატიმრეს დედოფალი კაროლინა მატილდა, იოჰან ფრიდრიხ სტრუენცე და მათი მთავარი მოკავშირე — გრაფი ბრენდტი. იულიანა მარიამ კრისტიანს ბრძანებულებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინა, თუმცა ვინაიდან საბუთზე მეფის ხელმოწერა იყო, მოღალატე სტრუენცე და ბრენდტი სიკვდილით დასაჯეს, დედოფალ კაროლინა მატილდას კი კრისტიანი გაეყარა და სრულიად დანიიდან გააძევეს, რის შემდეგაც იგი ცელიეში დასახლდა და მალევე გარდაიცვალა. ყოველივე ამის შემდეგ, მეფე კრისტიანმა მთელი ძალაუფლება დაკარგა, რომელიც იულიანა მარიამ და მისმა ვაჟმა, ფრედერიკმა მიიღეს.

ამის შემდეგ ქვეყნის დე-დაქტო მმართველები იულიანა მარია და ფრედერიკი გახდნენ, რომლებმაც რეგენტის სტატუსი მიიღეს და მინისტრთა საბჭოსთან ერთად დაიწყეს ქვეყნის მართვა, მეფე კრისტიანი კი უბრალოდ მათი მარიონეტი გახდა.

რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვრივი დედოფალი იულიანა მარია თავისი ერთადერთი ვაჟის პორტრეტით ხელში.

გადატრიალების შემდეგ იულიანა მარიაზე აქტიურად იწერებოდა დანიურ პრესაში, სადაც მის ქმედებას ცნობილი კრიტიკოსები დადებითად აფასებდნენ. მეორეს მხრივ, კაროლინა მატილდას გერმანელ-ბრიტანელი მოკავშირეები მას კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდნენ და მას ეშმაკად და დანიის ყველა უბედურების მიზეზად რაცხავდნენ. მიუხედავად ამისა, კრისტიან VII-მ ხელი მოაწერა წერილს, სადაც იგი დედინაცვალს მადლობას უხდიდა „გადარჩენისთვის“.

მართალია გადატრიალების შემდეგ იულიანა მარიასა და ფრედერიკის რეგენტობა დამყარდა, მაგრამ ფორმალურად მასა და მის ვაჟს ოფიციალური პოზიცია არ ეკავათ, რადგან კონსტიტუციით განსაზღვრული არ იყო ზრდასრული მეფის ქმედითუუნარობის შემთხვევაში, თუ რა რეგულაცია უნდა ჩატარებულიყო. გადატრიალების შემდეგ, პირველი პერიოდი მას სამეფო საბჭოს სხდომებზე არ უშვებდნენ, რადგან პროტოკოლით აქ შესვლა ქალს, მათ შორის დედოფალსაც კი არ შეეძლო, თუმცა საბოლოოდ კანონი შეცვალეს და იულიანა მარიას დასწრება დასაშვები გახდა. იულიანა მარია სრულიად ღიად და თამამად აცხადებდა საკუთარ თავსა და თავის ვაჟს დანიის რეგენტად, რომელთაც მინისტრი ოვე ჰეეგ-გულბერგი ეხმარებოდათ.

იულიანა მარიამ გულბერგთან ერთად აღადგინა გაუქმებული არისტოკრატიული პრივილეგიები. 1779 წელს, მისი ბრძანებით დააარსეს ფაიფურის ქარხანა, რომელიც დღეს კოპენჰაგენის სამეფო ქარხანის სახელითაა ცნობილი. 1776 წელს გააუქმა კანონი, რომელიც უცხოელების მიერ თანამდებობის დაკავებას კრძალავდა.

თავისი მმართველობის დროს, იულიანა მარიას ფავორიტი მისი სეფექალი მარგრეტე ფონ დერ ლიუჰი იყო, რომელიც მისი მთავარი მესაიდუმლე იყო.

1780 წლის 30 ივნისს, მან თავისთან შეიფარა თავისი დისშვილები და ძმისშვილები: ჰერცოგი ანტონ ულრიხ ბრაუნშვაიგელი, რუსეთის რეგენტი ანა ლეოპოლდოვნა და რუსეთის ცარი ივანე VI, რომლებიც რუსეთის ტახტიდან ჩამოყარეს და გააძევეს. იულიანა მარიამ ეკატერინე II-თან შეთანხმებით, თავისთან შეიფარა კათარინა, ელიზაბეთ, პეტერ და ალექსანდრე ბრაუნშვაიგელები, რომლებიც დანიაში, დევნილობაში დაიბადნენ. ისინი კომფორტულ სასახლეში, შინა პატიმრობაში გაიზარდნენ, რომელთა მეთვალყურეობა იულიანას, ხოლო ფინანსური უზრუნველყოფა ეკატერინეს ეკისრებოდა.

როდესაც კრისტიან VII-ის შვილები, კრონპრინცი კრისტიანი და ლუიზა ავგუსტა წამოიზარდნენ, იულიანა მარიასთვის რეგენტობის ჩამორთმევა უნდოდათ. ლუიზა ავგუსტამ, რომელიც ძმის უახლოესი მეგობარი იყო, მას ურჩია, რომ გავლენიან მონარქს დამოყვრებოდა, რომელიც ხელისუფლების ჩაგდებაში დაეხმარებოდა. ამის გამო, 1781 წელს იგი პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდს შეეკრა და მის ერთ-ერთ ქალიშვილზე დაქორწინებასაც აპირებდა.

ამის შესახებ იულიანა მარია მისმა სიძემ და მოკავშირემ, ფრიდრიხ დიდმა გააფრთხილა:

ვიკიციტატა
„მე, ჩემი შეუდარებელი დედოფლის ერთგული მეგობარი, გეკითხებით და გპასუხობთ, რათა დაგარწმუნოთ, რომ თქვენს მხარეზე ვარ. მე დიდი ეჭვი მაქვს დანიაში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც შენს შინააღმდეგ მიმდინარეობს თქვენი გერის შვილის მიერ. შესაძლოა თქვენმა უდანაშაულო გულმა ეს არ დაიჯეროს, მაგრამ მე ვაღიარებ, რომ დღეს უმრავლესობა გაბრაზებული და ამბიციური კაცის მხარესაა, რომლებმაც შეიძლება ჩემი ძვირფასი დედოფალი დააზიანონ. ეს მომენტი ახლოვდება და მე ეჭვი არ მეპარება, რომ შენი სიბრძნითა და სიფრთხილით საჭირო ზომებს მიიღებთ. ღმერთმა სრული წარმატება მოგცეთ.“

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანში შესული იულიანა მარია

ფრიდრიხ II-ის მოლოდინები გამართლდა. 1784 წელს კრონპრინცმა ფრედერიკმა და პრინცესა ლუიზა ავგუსტამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, რა დროსაც იულიანა მარიასა და მის ვაჟს რეგენტობა ჩამოართვეს და რეგენტები თავად გახდნენ. უმრავლესობა კრონპრინცს მიემხრო, თუმცა გაზაფხულისათვის იულიანამ მაინც მოახერხა იმდენი, რომ ფრედერიკს დოკუმენტზე მოაწერინა ხელი, რომლის მიხედვითაც დანიას ოთხი პირი მართავდა — მეფე, კრონპრინცი, იულიანა მარია და პრინცესა ავგუსტა, თუმცა რეგენტის სტატუსი მხოლოდ კრონპრინცს შეუნარჩუნდა. ამავე წლის 14 აპრილს, მინისტრთა საბჭომ საბოლოოდ მოხსნა იულიანა მარია რეგენტის თანამდებობიდან. აღსანიშნავია, რომ იმ საღამოსვე იულიანა მარია ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა.

გადატრიალებამდე ორი დღით ადრე, 1784 წლის 12 აპრილს, იულიანა მარიამ ფრიდრიხ დიდს საპასუხო წერილი მისწერა:

ვიკიციტატა
„როგორც მე ვვარაუდობ, შესაძლოა თქვენმა უდიდებულესობამ უბრალოდ შემაშინა თავისი სიტყვებით, რომელიც მართლა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის. საჯარო სიტუაციის მიხედვით, ამის მოხდენის ალბათობა ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარსა და შეუდარებელ ხელმწიფეს ინფორმირებისთვის.“

ამ წერილით მტკიცდება, რომ კრონპრინცი გადატრიალებისთვის საოცარი სიფრთხილით ემზადებოდა და იულიანას წარმოდგენაც არ ჰქონდა ამის შესახებ. დამხობის შემდეგ, დედოფალმა განაცხადა, რომ დარჩენილი ცხოვრების სიმშვიდეში გატარების მეტი არაფერი სურდა. როგორც მისი წერილებიდან ირკვევა, იგი კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით და აღარასდროს უცდია ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნება.

ამის შემდეგ, იულიანა მარიამ დარჩენილი ცხოვრება სამეფო კარზე, ფუფუნებაში, სიმყუდროვესა და სიმშვიდეში განვლო. 1785 წელს, შვედეთის მეფე გუსტავ III-მ განაცხადა, რომ იულიანას კრონპრინცის ჩამოგდება და რეგენტობის დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ მან უარი განუცხადა. როგორც ირკვევა, უკანასკნელი წლების მანძილზე იგი შეშინებული იყო საფრანგეთის რევოლუციისას განვითარებული მოვლენებით და ძლიერად შიშობდა იგივე დანიაშიც არ მომხდარიყო. მისი შიში ახდა და 1794 წელს დანიელმა რევოლუციონერებმა კრისტიანსბორგის სასახლე გადაწვეს, თუმცა რევოლუცია არ დაწყებულა.

იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი გარდაიცვალა 1796 წლის 10 ოქტომბერს, 67 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, მისი ქმრისა და მისი პირველი ცოლის გვერდით.

კულტურული ასახვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1969 წელს, ნორა ლოფტმა დაწერა ისტორიული ნოველა „დაკარგული დედოფალი“, სადაც იგი ერთ-ერთი პერსონაჟია;
  • 1999 წელს, პერ ოლოფ ენკისტმა დაწერა ნოველა, სახელად „ვიზიტი სამეფო ექიმთან“, რომელიც ფრედერიკ V-ისა და კრისტიან VII-ის მეფობის ხანაზე მოგვითხრობს;

ფილმოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1935 წელს გამოვიდა ფილმი „დიქტატორი“, სადაც მისი როლი ჰელენ ჰაიემ შეასრულა;
  • 2012 წელს გამოვიდა ფილმი, სახელად „სამეფო რომანი“, სადაც მისი როლი ტრინა დირჰოლმმა ითამაშა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Henrikson, Alf (1989). Dansk historia (in Swedish). (Danish history). Stockholm: Bonnier.
  • O Feldbæk (forf.); O Olsen (red.) (1990). Gyldendal og Politikens Danmarkshistorie - Den lange fred : 1700-1800 (in Danish) (9 ed.). Copenhagen: Gyldendal.
  • Tetzlaff, Marie; Seeberg, Ann-Mari (1998). Katarina den stora. Stockholm: Natur & Kultur.
  • Heiberg, Steffen (2000). Danske dronninger i tusind år. Copenhagen: Gyldendal.
  • Bricka, Carl Frederik. "Juliane Luise Amalie". Dansk biografisk Lexikon, digital version (in Danish). 1887-1905 (VIII ed.). Copenhagen: Projekt Runeberg. p. 611. Retrieved 2016-01-07.
  • "Juliane Marie (1729 - 1796)". Dansk Kvindebiografisk Leksikon (in Danish). KVINFO (Danish Centre for Gender, Equality and Diversity). Retrieved 2016-01-07.
  • Hedvig Elisabet Charlotta, Hedvig Elisabeth Charlottas dagbok. 2, 1783-1788, Norstedt, Stockholm, 1903
  • Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living. Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 51.
  • Jorgensen, Ellen & Skovgaard, Johanne, Danske dronniger; fortaellinger og karakteristikker af Ellen Jorgensen og Johanne Skovgaard, Kobenhavn H. Hagerup, 1910