ჰელვიგ შლეზვიგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰელვიგ შლეზვიგელი
Haelwig of Denmark c 1375 crop.jpg
დანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1340
მმართ. დასასრული: 1374
წინამორბედი: ეფემია პომერანიელი
მემკვიდრე: ფილიპა ინგლისელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1374
მეუღლე: ვალდემარ IV, დანიის მეფე
შვილები: კრისტოფერი, ლოლანის ჰერცოგი
ინგებორგი, მეკლენბურგის ჰერცოგინია
მარგრეტე I, დანიის დედოფალი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ერიკ II, შლეზვიგის ჰერცოგი
დედა: ადელაიდა ჰოლშტაინ-რენდსბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჰელვიგ შლეზვიგელი (დან. Helvig af Slesvig; დ. ? — გ. 1374) — ესტრიდსენთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე აბელის შვილთაშვილის შვილი და დანიის მეფე ვალდემარ III-ის და. დანიის დედოფალი 1340-74 წლებში როგორც ვალდემარ IV-ის ცოლი. დანიის დედოფალ მარგრეტე I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელვიგის დაბადების თარიღი უცნობია. იგი იყო შლეზვიგის ჰერცოგ ერიკ II-ისა და მისი ცოლის, ადელაიდა ჰოლშტაინ-რენდსბურგელის ასული. მამის მხრიდან, იგი დანიის მეფე აბელის შვილთაშვილის შვილი იყო. 1325 წელს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ, შლეზვიგის ჰერცოგი მისი ძმა, ვალდემარი გახდა.

1326 წელს მისმა ძმამ, ბიძამისთან ერთად, ტახტიდან ჩამოაგდო და გააძევა დანიის მეფე კრისტოფერ II, მეფე კი მისი 11 წლის ძმა, ვალდემარ III გახდა. 1329 წელს კრისტოფერმა ტახტი დაიბრუნა, თუმცა ვალდემარი შეიწყალა და კვლავ შლეზვიგის ჰერცოგის რანკში დააბრუნა. კრისტოფერი 1332 წელსგარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ვაჟი, ვალდემარ IV ავიდა. სამეფო ხელისუფლებასთან შერიგებისა და დაახლოების მიზნით, შლეზვიგმა თავისი და, ანუ ჰელვიგი მეფე ვალდემარ IV-ს შერთო ცოლად. მათი ქორწინება 1340 წელს შედგა სონდერბორგის სასახლეში.

ქორწინების შემდეგ ჰელვიგი დანიის დედოფალი გახდა. იგი აბსოლუტურად აპოლიტიკური პიროვნება იყო და არასდროს ერთვებოდა ქვეყნის მართვაში. მაშინაც კი, როდესაც 1346 წელს, როცა მეფე მოსალოცად გაემგზავრა და რეგენტად ჰელვიგი დანიშნეს, მას არაფერი გაუკეთებია. 1353 წელს, მან თავისი უკანასკნელი შვილი, პრინცესა მარგრეტე გააჩინა. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ იგი მხოლოდ ტიტულარულადღა იყო დანიის დედოფალი, რადგანაც მან მიატოვა ქმარი, შვილები, სამეფო კარი და მონასტერში გაემგზავრა.

მეორე ვერსიის თანახმად, დედოფალი ჰელვიგი თავისი ნებით კი არ წავიდა სასახლიდან, არამედ იგი მეფე ვალდემარმა გამოკეტა მონასტერში. მონასტრამდე მეფეს იგი სობორგის ციხესიმაგრეში ჰყავდა გამოკეტილი. ეს თეორია ეფუძვნება ძველ დანიურ ხალხურ სიმღერას, რომლის მიხედვითაც დედოფალმა ჰელვიგმა უღალატა მეფეს, განრისხებულმა ვალდემარმა კი იგი სიცოცხლის ბოლომდე გამოამწყვდია. ზოგი ამტკიცებს, რომ დედოფალი ჰელვიგი პირიქით, ქმრის ღალატსა და მრუშობას ვერ ეგუებოდა და ამიტომ დატოვა სასახლე. რეალური მიზეზი, თუ რატომ ჩამოსცილდა იგი საერო ცხოვრებას უცნობია, თუმცა ის ფაქტი, რომ 1355 წელს მონაზვნად აღიკვეცა და ესრუმის სააბატოში დასახლდა დადასტურებულია.

მან თავისი უკანასკნელი წლები ესრუმის სააბატოში განვლო. იგი სწორედ აქ, 1374 წელს გარდაიცვალა და აქვე დაკრძალეს. ცნობილია, რომ მისი ასული, მარგრეტე მის სამეფო აკლდამაში გადასვენებას მოითხოვდა, მაგრამ ამაოდ. 1387 წელს, ვალდემარის გარდაცვალების შემდეგ, სწორედ მარგრეტე გახდა დანიის მმართველი.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კრისტოფერი (1344-1363), ლოლანის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  2. მარგრეტე (1345-1350), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ინგებორგი (1347-1370), ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ ჰაინრიხ III-ს, მისი შვილიშვილი იყო დანიის მეფე ერიკ VII;
  4. კათარინა (1349), დაიღუპა ჩვილი;
  5. ვალდემარი (1350), დაიღუპა ჩვილი;
  6. მარგრეტე I (1353-1412), დანიის დედოფალი, ცოლად გაჰყვა ნორვეგიისა და შვედეთის მეფე ჰაკონ VI-ს, რომელთანაც შეეძინა დანიის მეფე ოლაფ II;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alf Henrikson: Dansk historia (Danish history) (1989)
  • Sven Rosborn: När hände vad i Nordens historia (When did what happen in the historiy of the Nordic countries) (1997)