მაუდ უელსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაუდ უელსელი
Maud of Wales.jpg
ნორვეგიის დედოფალი
კორონაცია: 22 ივნისი, 1906, ტრონჰეიმი, ნორვეგია
მმართ. დასაწყისი: 18 ნოემბერი, 1905
მმართ. დასასრული: 20 ნოემბერი, 1938
წინამორბედი: სოფია ნასაუელი
მემკვიდრე: სონია ჰარალდსენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 ნოემბერი, 1869
დაბ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი: 20 ნოემბერი, 1938, (68 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მეუღლე: ჰოკონ VII, ნორვეგიის მეფე
შვილები: ულაფ V, ნორვეგიის მეფე
სრული სახელი: მაუდ შარლოტა მერი ვიქტორია
დინასტია: საქსენ-კობურგ-გოთა
მამა: ედუარდ VII, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა: ალექსანდრა დანიელი
რელიგია: პროტესტანტიზმი

მაუდ უელსელი (ინგლ. Maud of Wales, ნორვ. Maud av Wales; დ. 26 ნოემბერი, 1869 — გ. 20 ნოემბერი, 1938) — საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ედუარდ VII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ალექსანდრა დანიელის უფროსი ქალიშვილი. ნორვეგიის დედოფალი 1905-1938 წლებში როგორც მეფე ჰოკონ VII-ის ერთადერთი მეუღლე. ნორვეგიის მეფე ულაფ V-ის დედა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრა დანიელი მაუდთან ერთად 1870 წელს

მაუდი დაიბადა 1869 წლის 26 ნოემბერს ლონდონში, მარლბორუგის სასახლეში. იგი იყო უელსის პრინც ალბერტ ედუარდისა და მისი მეუღლის, ალექსანდრა დანიელის მესამე ქალიშვილი და მეხუთე შვილი. მამამისი იყო დიდი ბრიტანეთის, ინდოეთისა და ირლანდიის დედოფალ ვიქტორიასა და მისი ქმრის, პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის უფორსი ვაჟი, ხოლო დედამისი დანიის მეფე კრისტიან IX-ისა და დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის უფროსი ასული იყო. 1869 წლის 24 დეკემბერს იგი ლონდონის ეპისკოპოსმა ჯონ ჯექსონმა მონათლა, რა დროსაც უწოდეს მაუდ შარლოტა მერი ვიქტორია. მისი ნათლიები იყვნენ: კემბრიჯის ჰერცოგი ლეოპოლდი (ბიძამისი), ჰესენ-კასელის მთავარი ფრიდრიხ ვილჰელმი (ბიძამისი), ტეკის მთავარი ფრიდრიხი (ასევე ბიძამისი), გლაიხენის მთავარი ვიქტორ ფონ ჰოენლოჰ-ლანგენბურგი (ბიძამისი), ნასაუს ჰერცოგინია ადელჰაიდა მარია ანჰალტელი (მისი ბიცოლა), ლაინინგენის პრინცესა მარია ბადენელი, შვედეთის მეფე კარლ XV, რუსეთის იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნა (დეიდამისი), დანიის დედოფალი ლუიზა შვედი (მისი ბიცოლა) და ასევე ინვერნესის ჰერცოგინია სესილია ანდერვუდი (მისი პაპის ძმის ცოლი).

ედუარდ VII-ის ქალიშვილები, მარცხნიდან მარჯვნივ: მაუდი, ვიქტორია და ლუიზა

ბიჭური გარეგნობის გამო, ხშირად მაუდს „ჰარის“ უწოდებდნენ, რომელიც მამამისის, მეფე ედუარდ VII-ის მეგობრის, ადმირალ ჰარი კეპელის პატივსაცემად შეარქვეს, რომელმაც თავი ყირიმის ომში გამოიჩინა. პრინცესა მაუდი ყოველთვის მონაწილეობდა თავისი მშობლების ყოველწლიურ ვიზიტებში დანიაში, რომელსაც ბებიამისი, დანიის დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი მართავდა ხოლმე, რათა წელიწადში ერთხელ თავისი ყველა შვილი ერთად შეეკრიბა. ამის გამო იგი მეტად ახლოს იყო თავის დეიდასთან, რუსეთის იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნასთან (ქალიშვილობაში დაგმარ დანიელი). მაუდი დედასთან, დედოფალ ალექსანდრა დანიელთან და მარია ფეოდოროვნასთან ერთად ხშირად მოგზაურობდა ხმელთაშუა ზღვის კრუიზებში. 1885 წელს იგი დაესწრო თავისი მამიდის, პრინცესა ბეატრისის ქორწინება მთავარ ჰაინრიხ ბატენბერგელზე. 1893 წელს იგი ასევე დაესწრო თავისი უფროსი ძმის, ჯორჯის ქორწინებას მარია ტეკელზე.

1887 წლის 6 აგვისტოს, მაუდმა თავის დებთან — ლუიზასა და ვიქტორიასთან ერთად თავიანთი ბებიისგან, დედოფალ ვიქტორიასაგან მიიღეს ინდოეთის გვირგვინის საიმპერატორო ორდენი. დების მსგავსად, მაუდიც ფლობდა ვიქტორიასა და ალბერტის სახელობის პირველი კლასის ორდენს. იგი ასევე ფლობდა წმინდა იოანეს სახელობის დიდი ჯვრის ორდენს.

დანიის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა მაუდ უელსელისა და პრინცი კარლ დანიელის ქორწილი

პრინცესა მაუდი შედარებით გვიან დაქორწინდა და იგი ოც წლამდე ელოდა საქმროს პოვნას. თავდაპირველად იგეგმებოდა მის ბიძაშვილზე, ტეკის მთავარ ფრიდრიხზე დაქორწინება, მაგრამ მისმა ძმამ ფრიდრიხის და, მარია ტეკელი შეირთო ცოლად, რის გამოც ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ ფრიდრიხ ტეკელი თავისი დამოკიდებულების გამო აზარტულ თამაშებზე, უკვე გაკოტრებული იყო, თუმცა მასზე ქორწინებით მაუდი მაინც შეძლებდა სტატუსის ამაღლებას. 1896 წლის 22 ივნისს, პრინცესა მაუდი დააქორწინეს მის ბიძაშვილზე, პრინც კარლ დანიელზე. კარლის მამა, მეფე ფრედერიკ VIII და მაუდის დედა, დედოფალი ალექსანდრა დანიელი ღვიძლი და-ძმა იყვნენ. მათი ქორწინება ბუკინგემის სასახლეში შედგა, რომელსაც დაესწრო დედოფალი ვიქტორია, დანიის მეფე ფრედერიკ VIII და მისი ცოლი, დედოფალი ლუიზა შვედი, რომელიც ასევე მაუდის ნათლიაც იყო. მაუდს მამამისმა სანდრინგეიმის სასახლე აჩუქა, რადგან იგი იმედოვნებდა, რომ მაუდი იმდენად ხშირად ესტუმრებოდა ინგლისს, რომ საკუთარი დასარჩენი დასჭირდებოდა. ქორწინების პირველი წლები წყვილმა სწორედ აქ გაატარა, სადაც 1903 წლის 2 ივლისს დაიბადა მათი ერთადერთი ვაჟი ულაფი.

პრინცი კარლი იყო დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ის უმცროსი ვაჟი და დანიის საზღვაო ძალების ოფიცერი, რის გამოც 1905 წელს ცოლ-შვილთან ერთად დატოვა ბრიტანეთი და დანიაში გადასახლდა. იმავე წლის ივლისში, ნორვეგიის პარლამენტმა შვედეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თავისი სამეფო ტახტი პრინც კარლ დანიელს შესთავაზა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სწორედ მაუდის გავლენიანი ოჯახის დამსახურებით აირჩიეს მეფობის კანდიდატად ნორვეგიელებმა კარლი. ნოემბერში, პლებისციტის საშუალებით კარლი ოფიციალურად გახდა ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII-ის სახელით, რითაც მაუდი ნორვეგიის დედოფალი გახდა. მეფე ჰოკონი და დედოფალი მაუდი იმავე თვეში ჩავიდნენ ნორვეგიაში, სადაც 1906 წლის 22 ივნისს, ქალაქ ტრონჰაიმის ნიდაროს კათედრალში ისინი მეფე-დედოფლად ეკურთხნენ. სკანდინავიის ისტორიაში ეს იყო უკანასკნელი კორონაცია.

ნორვეგიის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი მაუდი 1906 წელს

მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი მაუდი სწრაფად შეეგუა ახალ ქვეყანასა და წოდებრივ მდგომარეობას, მას არასდროს დაუკარგავს ბრიტანეთის სიყვარული. ამის გამო, ნორვეგიის სამეფო კარზე ყოველთვის დომინანტურ როლს თამაშობდა ბრიტანული წესები, რამაც გავლენა საზოგადოებაზეც იქონია.

ნორვეგიაში გადასვლიდან პირველ წლებში, ის და მისი ქმარი ხშირად იღებდნენ ფოტოებს ნორვეგიულ სამოსში და ძალზედ ერთობოდნენ ადგილობრივი ზამთრის სპორტით, როგორიცაა თხილამურებით სრიალი. ამას ისინი იმიტომ აკეთებდნენ, რომ ნორვეგიელებს უცხოელებად არ წარმოედგინათ. მაუდი ვერ იტანდა ოფიციალურ მიღებებს, მაგრამ მაინც ყოველთვის ესწრებოდა მათ, რაც დედოფლის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო. იგი ყოველთვის ცდილობდა ასეთი შეხვედრები თავისი სამკაულებითა და სამოსით გაეხალისებინა. დედოფალი ასევე აქტიურ ქველმოქმედებას ეწეოდა, რა დროსაც იგი ძირითადად ბავშვებსა და უპატრონო ცხოველებს პატრონობდა. ამას გარდა, იგი დიდად მფარველობდა მხატვრებსა და მუსიკოსებს. მისი მრავალი პროექტიდან აღსანიშნავია Dronningens Hjelpekomité (დედოფლის მოწყალების კომიტეტი) პირველი მსოფლიო ომის დროს. მაუდ უელსელი აქტიურად აფინანსებდა ახალ ფემინისტურ ორგანიზაციებს და ხშირად აწყობდა სამხატვრო გამოფენებს, საიდან შესული ფულითაც იგი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ეხმარებოდა. 1921 წელს მისი ხელშეწყობით მოეწყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფოტო გამოფენა. დედოფალი მაუდი ზედამხედველობას უწევდა ამ პროექტებს, რომელთა შთაგონებასაც ლონდონში გამართული ღონისძიებები წარმოადგენდა.

დედოფალი მაუდი 1913 წელს ქმარ-შვილთან ერთად

მაუდი თავის ნამდვილ სახლად ყოველთვის ბრიტანეთს მოიაზრებდა, რის შემდეგაც დედოფლად გახდომის შემდეგაც კი, იგი ყოველ წელს სტუმრობდა მშობლიურ ბრიტანეთს. თავისი ვიზიტებისას, იგი ძირითადად სანდრინგეიმისა და აპლეტონის სასახლეებში რჩებოდა. ამასთან, მას ნორვეგიაც ძალიან მოსწონდა, განსაკუთრებით მისი ზამთრის სპორტის გამო. ამის გამო, მან მხარი დაუჭირა თავისი ერთადერთი ვაჟის ნორვეგიელად აღზრდას. მან კარგად ისწავლა თხილამურებით სრიალი და თავის ნორვეგიულ რეზიდენციაში ბაღები ინგლისური სტილით მოაწყო. იგი აღწერილია როგორც მეტად საჯარო პირი, თუმცა მხოლოდ ერთეულ ადამიანებთან შეეძლო ბოლომდე გახსნა და ხუმრობა. მას დიდი გავლენა ჰქონდა მეუღლისა და სამეფო კარზე. იმ გარეომოებაში, რომ მაუდი სამეფო კარზე დომინანტი იყო, მას საზოგადოებრივი როლი ნაკლებად ჰქონდა.

დედოფალი მაუდი დიდ ბრიტანეთს 1937 წელს, თავისი ძმისწულის, ჯორჯ VI-ის კორონაციისას ესტუმრა, რომელის უესტმინსტერის სააბატოში შედგა. იგი კორონაციისას სამეფო ლოჟაში იჯდა თავის რძალთან, ქვრივ დედოფალ მარია ტეკელთან და მის ქალიშვილ მერისთან ერთად.

მაუდს ასევე დიდი რეპუტაცია ჰქონდა მოდის სფეროშიც, სადაც იგი საყოველთაოდ იყო აღიარებული გემოვნებიან ქალად. 2005 წელს, ალბერტისა და ვიქტორიას მუზეუმში გაიმართა ელეგანტური ისტორიული ნივთების გამოფენა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მაუდის სამოსს. აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენაზე სპეციალურად მისთვის იყო გამოყოფილი ცალკე ადგილი, რომელსაც ერქვა „ნორვეგიის დედოფალ მაუდის გარდეროვი (1896-1938)“.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალ მაუდის ძეგლი ოსლოს სამეფო რეზიდენციის ბაღში

1938 წლის ოქტომბერში მაუდი ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც იგი თავის რეზიდენციაში გაჩერდა. აქ იგი მოულოდნელად ძალიან ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფოდ გადაიყვანეს ლონდონის საექთნო სახლში. აქ მას 1938 წლის 16 ნოემბერს მუცლის ოპერაცია ჩაუტარდა. ამის გამო, მეფე ჰოკონ VII დაუყოვნებლივ გაემგზავრა ნორვეგიიდან და ლონდონში, თავისი მეუღლის საწოლთან მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ მაუდმა ოპერაცია წარმატებით გადაიტანა, იგი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 20 ნოემბერს, გულის უკმარისობით. ამ დროს იგი 68 წლის იყო და მის 69-ე დაბადების დღემდე სულ ექვსი დღე იყო დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ იგი დედამისის, დედოფალ ალექსანდრა დანიელის გარდაცვალების ზუსტად მეცამეტე წლისთავზე გარდაიცვალა. ამ დროს, ნორვეგიულმა გაზეთებმა კანონი დაარღვიეს და მეფის ნებართვის გარეშე ამცნეს ხალხს დედოფლის გარდაცვალების შესახებ.

მისი ცხედარი ნორვეგიის სამეფო ფლოტის ესკადრის ფლაგმანმა გადაასვენა ოსლოში, სადაც ნორვეგიაში, ოსლოს კათედრალში დაკრძალეს. დედოფალი მაუდ უელსელი იყო ედუარდ VII-ისა და ალექსანდრა დანიელის შვილებიდან უკანასკნელი გარდაიცვალა.

ტიტულები, წოდება, ჯილდოები და ჰერალდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები და წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 26 ნოემბერი, 1869 - 22 ივლისი, 1896: მისი სამეფო უმაღლესობა პრინცესა მაუდ უელსელი;
  • 22 ივლისი, 1896 - 18 ნოემბერი, 1906: მისი სამეფო უმაღლესობა პრინცესა მაუდი, პრინცი კარლ დანიელისა;
  • 18 ნოემბერი, 1906 - 20 ნოემბერი, 1938: მისი სამეფო უდიდებულსეობა მაუდი, ნორვეგიის დედოფალი;

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Flag of Norway.svg ნორვეგია: წმინდა ულაფის სახელობის ნორვეგიის სამეფო ორდენი;
  • Flag of Norway.svg ნორვეგია: მეფე ჰოკონ VII-ის სახელობის ნორვეგიის სამეფო ოჯახის ორდენი;
  • Flag of Norway.svg ნორვეგია: 1906 წლის კორონაციის მედალი;
  • Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო: ინდოეთის გვირგვინის იმპერიული ორდენი;
  • Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო: ვიქტორიასა და ალბერტის სამეფო ორდენი;
  • Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო: წმინდა იოანეს სახელობის დიდი ჯვრის ორდენი;
  • Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო: ვიქტორიას სახელობის ორდენი;
  • Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო: მეფე ედუარდ VII-ის სახელობის სამეფო ორდენი;
  • Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო: მეფე ჯორჯ V-ის სახელობის სამეფო ორდენი;

გერბი და მონოგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინების შემდეგ, მაუდი იყენებდა თავის პერსონალურ გერბს, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია საქსონიის სიმბოლო, იმის გამო, რომ მისი გვარი, საქსენ-კობურგ-გოთელები წარმოშობით საქსონიიდან იყვნენ, მის გარშემო კი ბრიტანული სამეფოების სიმბოლოებია განლაგებული, მათ თავზე კი დედოფლის გვირგვინი, იმის ნიშნად, რომ იგი დედოფალია.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hibbert, Christopher (2007). Edward VII: The Last Victorian King. London, UL: Palgrave Macmillan. ISBN 978-1-4039-8377-0.
  • King, Greg (2007). Twilight of Splendor: The Court of Queen Victora During her Diamond Jubilee. New Jersey: John Wiley & Sons, Inc. ISBN 978-0-470-04439-1.
  • "Death of Queen Maud". The Sydney Morning Herald. National Library of Australia. 22 November 1938. p. 11. Retrieved 25 December 2011.
  • Sandelson, Michael (28 October 2011). "Norway's Queen Maud in euthanasia speculations". The Foreigner. Retrieved 20 March 2017.(subscription required)
  • Dahlmann, L. A. "The secret journey of Queen Maud's coffin | norwegianhistory.no". Retrieved 7 February 2019.