დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი
Dronning-Dorothea.jpg
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. წლები: 4 ივლისი, 15341 იანვარი, 1559
კორონაცია: 12 აგვისტო, 1537, კოპენჰაგენი
წინამორბედი: სოფია პომერანიელი
მემკვიდრე: სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 ივლისი, 1511
დაბ. ადგილი: ლაუენბურგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 7 ოქტომბერი, 1571, (60 წლის)
გარდ. ადგილი: სონდერბორგი, დანია
მეუღლე: კრისტიან III, დანიის მეფე
(ქ. 1525 - გარდ. 1559)
შვილები: ანა, საქსონიის კურფიურსტი
ფრედერიკ II, დანიის მეფე
მაგნუსი, ჰოლშტაინის ჰერცოგი
ჰანს II, შლეზვიგის ჰერცოგი
დოროთეა, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია
დინასტია: ასკანიები
მამა: მაგნუს I, საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგი
დედა: კათარინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
რელიგია: ლუთერანიზმი

დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი (გერმ. Dorothea von Sachsen-Lauenburg, დან. Dorothea af Sachsen-Lauenburg, ნორვ. Dorothea av Sachsen-Lauenburg; დ. 9 ივლისი, 1511 — გ. 7 ოქტომბერი, 1571) — ასკანიების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1534-59 წლებში როგორც კრისტიან III-ის მეუღლე. მეფე ფრედერიკ II-ის დედა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოროთეა დაიბადა 1511 წლის 9 ივლისს ლაუენბურგში. იგი იყო საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ მაგნუს I-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია კათარინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ქალიშვილი. მისი და, კათარინა საქსენ-ლაუენბურგელი, იყო შვედეთის დედოფალი, როგორც მეფე გუსტავ ერიქსონ ვაზას პირველი მეუღლე.

დოროთეა ისეთ გერმანულ სამთავროში იზრდებოდა, სადაც ერთ-ერთი პირველი დაიწყო პროტესტანტული რეფორმაცია, რის გამოც ის და მისი ოჯახი ლუთერანები იყვნენ. ამან მისი და მისი დის სარფიანად, ანუ ასევე ლუთერანულ სამეფო კარებზე გათხოვებას შეუწყო ხელი, რადგან პროტესტანტი სამეფოები არც ისე ბევრი იყო, ლუთერანი მეფეები იძულებულები იყვნენ ერთეული, ჩრდილო გერმანელი პრინცესები შეერთოთ ცოლებად. ამრიგად, 1525 წლის 29 ოქტომბერს, ლაუენბურგის სასახლეში, დოროთეა ცოლად გაჰყვა დანიის მეფე ფრედერიკ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ანა ბრანდენბურგელის უფროს ვაჟს, პრინც კრისტიანს. ახლად დაქორწინებულები თავიანთ სამეფო კარზე, ჰადერსლევსა და ტოირნინგში ცხოვრობდნენ.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალ დოროთეას სამეფო გერბი

1533 წელს მისი მამამთილი, ფრედერიკ I, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც წესით ტახტი დოროთეას ქმარს უნდა დაეკავებინა, თუმცა სამოქალაქო ომი დაიწყო სამეფო ტახტისთვის, რაც „უმეფობის ხანის“ სახელითაა ცნობილი დანიის ისტორიაში. 1534 წელს დანიისა და ნორვეგიის ტახტი კრისტიან III-მ დაიკავა, რითაც დოროთეა უკვე ოფიციალურად გახდა ამ ორი სამეფოს დედოფალი. მიუხედავად ამისა, ომი გრძელდებოდა, რომელიც საბოლოოდ 1537 წელს, მათი მეფე-დედოფლად კურთხევით დასრულდა. დოროთეასა და კრისტიანის კორონაცია 1537 წლის 12 აგვისტოს შედგა, კოპენჰაგენის კათედრალში. ცნობილია, რომ ახალი დედოფალი კორონაციაზე თოვლივით თეთრი ცხენით მივიდა.

დედოფალ დოროთეას მეფესთან ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, რის გამოც კრისტიანი მას დიდად ენდობოდა, რაც მას დიდ გავლენას აძლევდა. იგი აღწერილია როგორც პოლიტიკურად აქტიური ქალი, რომელიც ხშირად იღებდა მონაწილეობას სახელმწიფოს მართვის საკითხებში. თუმცა, ეს მხოლოდ მემატიანეთა ზოგადი შეფასებებია და ზუსტად არაა ცნობილი, თუ რომელ საქმეში მიიღო დედოფალმა მონაწილეობა. მისი ქმრის გამეფების შემდეგ, დოროთეას გერმანელი მხლებლები ურჩევდნენ ახალი მანიფესტი გამოეცათ, რომლის მიხედვითაც კრისტიანის ნაადრევი დაღუპვის შემთხვევაში მათი ვაჟის რეგენტი დოროთეა იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ აზრს დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა დანიელი დიდებულების მხრიდან. მით უმეტეს, რომ დედოფალს არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო სამეფო საბჭოს მოქმედებებში. ამიტომაც იკვეთება ფაქტი, რომ დოროთეას დიდი გავლენა ჰქონდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ხშირად თავად დედოფალი ნიშნავდა თანამდებობის პირებს, რაც აქამდე დანიაში არცერთ დედოფალს გაუბედავს.

ცნობილია, რომ დოროთეამ დანიაში ბოლომდე ადაპტირება ვერ მოახდინა და მართალია დანიურად საუბრობდა, მაგრამ გერმანული აქცენტით, ჰქონდა პრო-გერმანული პოლიტიკური ალღო და წერილებსაც ყოველთვის მხოლოდ გერმანულად წერდა. იგი აღწერილია, როგორც ლამაზი, პროზაული და იმპულსური ქალი, რომელსაც მგზნებარე სული და ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა. იგი აგრეთვე კარგი მხედარიც ყოფილა, რის გამოც დიდად უყვარდა ნადირობა. იგი მკაცრი მორალის მატარებელი იყო, თუმცა ძალიან უყვარდა სამეფო კარის ბალ-მასკარადები და ბანკეტები, რის გამოც მის დროს სამეფო კარზე ძალიან ხშირი იყო ასეთი ღონისძიებები. ამასთან, იგი მკაცრად აკონტროლებდა სამეფო ხაზინას.

დოროთეა აღწერილია, როგორც დომინანტი დედა, რომელიც მკაცრად აკონტროლობდა თავის შვილებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წამოიზარდნენ. იგი უმკაცრესად აკონტროლებდა როგორც ქალიშვილების, ასევე ვაჟების ქცევებს. როდესაც მისი შვილები მოზარდები გახდნენ, მაშინაც კი არ დაუკარგავთ ის მკაცრი აღზრდის მორალური პრინციპები, რომელთაც დედა დაბადებიდანვე უნერგავდათ. 1540 წელს, დედოფალ დოროთეას გავლენით დანიაში გამოიცა ახალი კანონი, რომელიც არასრულწლოვანთა ნიშნობასა და მითუმეტეს ქორწინებას სასტიკად კრძალავდა, სრულწლოვანების ასაკად კი 14 წელი შემოიღეს. როდესაც დოროთეას ქალიშვილები გათხოვდნენ, ისინიც ისეთივე სიმკაცრით ზრდიდნენ საკუთარ შვილებს, როგორც თავად იზრდებოდნენ. მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ასული — ანა დანიელი, 1548 წელს საქსონიის კურფიურსტზე დაქორწინდა, დოროთეა შვილის სანახავად რეგულარულად, წელიწადში ერთხელ ჩადიოდა ხოლმე გერმანიაში, რასაც მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე აკეთებდა.

1559 წლის 1 იანვარს, დოროთეას მეუღლე, მეფე კრისტიან III 55 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მათი უფროსი ვაჟი — ფრედერიკ II ავიდა, რითაც დოროთეა უკვე დედა-დედოფალი გახდა.

დედა-დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანში შესული დედა-დედოფალი დოროთეა

დაქვრივების შემდეგ, როგორც დედა-დედოფალი, დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი საკუთარ კოლინგჰუსის სასახლეში ცხოვრობდა.

როგორც ცნობილია, დაქვრივებულ დოროთეას თავისი მაზლი და ამავდროულად მეზობელი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი ჰანს II შეუყვარდა. აღსანიშნავია, რომ მათ დოროთეას ქორწინების პერიოდშიც კი უყვარდათ ერთმანეთი, რის გამოც ჰანსს ცოლი არ შეურთავს. მას შემდეგ, რაც კრისტიანი გარდაიცვალა, ჰანსმა დოროთეაზე ქორწინება მოისურვა. ამ ქორწინებაზე დოროთეამ სასტიკი უარი განაცხადა, რომელიც თავისი მკაცრი მორალის გამო თავს ამის უფლებას ვერ აძლევდა. ამასთან, დოროთეას თავის შვილთან, მეფე ფრედერიკ II-თან ამით ურთიერთობის გაფუჭებისაც ეშინოდა, რომელიც დედასთან ისედაც არ იყო ახლოს. ამის პარალელურად, დოროთეა დაუპირისპირდა ფრედერიკს და არ დაუშვა მისი ქორწინება სასურველ ქალზე — ანა ჰარდენბერგზე.

დოროთეასა და ფრედერიკ II-ს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. 20 წლის მეფე, საკუთარ სამეფო კარზე მეტად აღვირახსნილ ცხოვრების წესს ეწეოდა, რის გამოც დოროთეა ყოველთვის იყენებდა თავის უფლებამოსილებას და შვილს „სასმელებისა და სხვა უწესობების“ გამო საყვედურობდა, თუმცა ფრედერიკი მთელი ცხოვრების მანძილზე ასეთად დარჩა. ამის გამო, დოროთეას განსაკუთრებით ყოველთვის თავისი შუათანა ვაჟი — მაგნუსი უყვარდა. დოროთეა ფრედერიკზე იმის გამოც იყო განაწყენებული, რომ იგი დედის უმორჩილესი თხოვნის მიუხედავად არ მივიდა კრისტიან III-ის სასიკვდილო სარეცელთან.

დედოფალი დოროთეა მიიჩნევდა, რომ ღვთის მიერ ბოძებული უფლება და მოვალეობა იყო, რომ დედას არამხოლოდ უნდა უყვარდეს თავისი შვილები, არამედ უნდა იზრუნოს და უპატრონოს კიდეც მათ, თუნდაც შვილი მეფე იყოს, რის გამოც მან ფრედერიკს ერთხელ ასეთი რამ მისწერა:

ვიკიციტატა
„მე ვერ ვიქნები ერთგული დედა, თუ გავჩუმდები იმის შესახებ, თუ როგორ ეფლობა ჩემი შვილი მორევში. მე უნდა ვიზრუნო მის გაბრწყინებაზე. ღმერთმა გულწრფელად ჩამაგონა, რომ უნდა გიხსნა ამ უბედურებისგან.“

თუმცა, თავად ფრედერიკ II ყოველთვის შეურაცხყოფად მიიჩნევდა დედამისის მცდელობას — ჩარეულიყო პოლიტიკაში. იგი იმასაც კი ვერ იტანდა, რომ დოროთეა კრისტიან III-ის დროს მაინც ახერხებდა ამას.

დოროთეასა და ფრედერიკს შორის არსებულმა დაძაბულობამ საბოლოოდ გავლენა იქონია ჩრდილოეთში მიმდინარე შვიდწლიან ომზე. დოროთეა ვერ იტანდა ომს და შუამავლით, თუ მის გარეშე, არაერთხელ ჩააგონა შვილს, რომ შეეწყვიტა ომი. ფრედერიკი ამან ძალიან გააღიზიანა, რის გამოც მან დოროთეა საბოლოოდ ჩამოაცილა სახელმწიფო მართვის სადავეებს. დოროთეა არაფერს ერიდებოდა, რის გამოც 1563 წელს საიდუმლო მოლაპარაკებები წამოიწყო შვედეთის მეფესთან. 1567 წელს, ფრედერიკმა აღმოაჩინა, რომ დედამისს კავშირი ჰქონდა მის მოსისხლე მტერთან. როგორც შემდგომში გაირკვა, დოროთეა გეგმავდა თავისი ვაჟის, მაგნუსის დაქორწინებას შვედეთის პრინცესა სოფიაზე. ამ ქორწინებით შედგებოდა დანია-შვედეთის ალიანსი და ომიც შეწყდებოდა, მაგრამ ფრედერიკმა ეს მოლაპარაკებები ჩაშალა. მეტიც, განრისხებულმა ფრედერიკმა დედამისს სასამართლოც კი მოუწყო. დოროთეამ თავი დაიცვა და განაცხადა, რომ ეს ქორწინება მხოლოდ დანიის ინტერესებიდან გამომდინარე სურდა, თუმცა მეფემ იგი გაამტყუნა და ფორმალურად გააძევა სამეფო კარიდან, რის შემდეგაც იგი სონდერბორგში დასახლდა.

დედოფალი დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი სწორედ აქ გარდაიცვალა, 1571 წლის 7 ოქტომბერს, 60 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, ქ. როსკილეში, მისი მეუღლის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანა (1532-1585), ცოლად გაჰყვა საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ I-ს, რომელთანაც შეეძინა თხუთმეტი შვილი;
  2. ფრედერიკ II (1534-1588), დანიისა და ნორვეგიის მეფე 1559-88 წლებში, ცოლად შეირთო სოფია მეკლენბურგ-გიუშტროველი, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა;
  3. მაგნუსი (1540-1583), ჰოლშტაინის ჰერცოგი და ლივონიის ტიტულარული მეფე, ცოლად შეირთო რუსი დიდებული მარია ვლადიმიროვნა, რომელთანაც ორი ასული შეეძინა;
  4. ჰანს II (1545-1622), შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სანდენბურგის ჰერცოგი, პირველად იქორწინა ელიზაბეთ ბრაუნშვაიგელზე, რომელთანაც თოთხმეტი შვილი შეეძინა, მისი დაღუპვის შემდეგ კი ცოლად აგნეს ანჰალტელი შეირთო, რომელთანაც კიდევ ცხრა შვილი ეყოლა;
  5. დოროთეა (1546-1617), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა თხუთმეტი შვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jorgensen, Ellen & Skovgaard, Johanne, Danske dronniger; fortaellinger og karakteristikker af Ellen Jorgensen og Johanne Skovgaard, Kobenhavn H. Hagerup, 1910
  • Susanne Krogh Bender: "Saltværket ved Kolding" (i: Vejle Amts Årbog 1973; s. 114-128)
  • Vivi Jensen, Dorothea : Guds vilje – og dronningens, Gad, 2007. ISBN 978-87-12-04348-5.
  • Danmarks konger og dronninger--af Kay Nielsen 1980