სოფია პომერანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფია პომერანიელი
Dronning-Sophie.jpg
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
კორონაცია: 13 აგვისტო, 1525
მმართ. დასაწყისი: 20 იანვარი, 1523
მმართ. დასასრული: 10 აპრილი, 1533
წინამორბედი: იზაბელა ავსტრიელი
მემკვიდრე: დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 იანვარი, 1498
დაბ. ადგილი: შჩეცინი, პომერანია, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 13 მაისი, 1568, (70 წლის)
გარდ. ადგილი: კილი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, დანიის სამეფო
მეუღლე: ფრედერიკ I, დანიის მეფე
შვილები: ექვსი შვილი
დინასტია: გრიფინზები
მამა: ბოგისლავ X, პომერანიის ჰერცოგი
დედა: ანა იაგელონი
რელიგია: კათოლიციზმი

სოფია პომერანიელი (გერმ. Sophia von Pommern, დან. Sophie af Pommern, ნორვ. Sophie av Pommern; დ. 1 იანვარი, 1498, შჩეცინი, საღვთო რომის იმპერია — გ. 13 მაისი, 1568, კილი, დანიის სამეფო) — გრიფინზების დინასტიის წარმომადგენელი. პომერანიის ჰერცოგ ბოგისლავ X-ისა და პოლონეთის პრინცესა ანა იაგელონის ასული. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1523-1533 წლებში როგორც ფრედერიკ I-ის მეორე მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფია დაიბადა 1498 წლის 1 იანვარს, საღვთო რომის იმპერიაში შემავალ პომერანიის საჰერცოგოს დედაქალაქ შჩეცინში. იგი იყო პომერანიის ჰერცოგ ბოგისლავ X-ისა და მისი ცოლის, პოლონეთისა და ლიტვის პრინცესა ანა იაგელონის ქალიშვილი.

მას შემდეგ რაც დანიის მეფის შუათანა ვაჟის, პრინცი ფრედერიკის პირველი ცოლი, პრინცესა ანა ბრანდენბურგელი 1514 წელს გარდაიცვალა, ფრედერიკმა ახალი ცოლის ძიება დაიწყო. 1515 წელს ფრედერიკი და სოფია დაქორწინდნენ.

მას შემდეგ, რაც 1523 წელს ფრედერიკმა თავისი ძმისწული, მეფე კრისტიან II ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გამეფდა, სოფია დანიისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა. 1525 წლის 13 აგვისტოს შედგა მისი კორონაცია. კორონაციის შემდეგ მან იმოგზაურა ლოლანდში, ფალსტერში, კილში, პოლნსა და ჰოლშტაინში. 1526 წლიდან მისი სასახლის დიასახლისად დაინიშნა ანა მეინსტრაპი. სოფია, როგორც დედოფალი არასდროს ყოფილა პოლიტიკურად ან კულტურულად აქტიური. იგი ძალიან ჩუმი და შეუმჩნეველი პიროვნება იყო სამეფო კარზე. მას ასევე დიდი უთანხმოება ჰქონდა ქმართან, რადგან ტახტის მემკვიდრედ სოფიას მათი ვაჟის გამოცხადება სურდა, ფრედერიკის მემკვიდრე კი მისი უფროსი ვაჟი იყო, რომელიც მას პირველი ცოლისგან ჰყავდა.

1533 წელს, მას შემდეგ რაც ფრედერიკი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი ავიდა, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა, სოფია გოტორპის ციხესიმაგრეში გადასახლდა შვილებთან ერთად. 1536 წელს მეფემ მას მთელი ქონება ჩამოართვა, 1540 წელს კი იგი იძულებული გახდა გოტორპიც დაეთმო და საცხოვრებლად კილში გადასულიყო სადაც გარდაიცვალა კიდევ 1568 წლის 13 მაისს, 70 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰანსი (დ. 28 ივნისი, 1521 — გ. 2 ოქტომბერი, 1580), ჰოლშტაინ-ჰადერსლევის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ელიზაბეტი (დ. 14 ოქტომბერი, 1524 — გ. 15 ოქტომბერი, 1586), პირველად ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-სჩვერინის ჰერცოგ მაგნუს III-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა მეკლენბურგის ჰერცოგ ულრიხზე;
  3. ადოლფი (დ. 25 იანვარი, 1526 — გ. 1 ოქტომბერი, 1586), ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი, ცოლად შეირთო კრისტინა ჰესენელი, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  4. ანა (დ. 1527 — გ. 4 ივნისი, 1535), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. დოროთეა (დ. 1528 — გ. 11 ნოემბერი, 1575), ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-სჩვერინის ჰერცოგ კრისტოფს;
  6. ფრედერიკი (დ. 13 აპრილი, 1532 ·— გ. 27 ოქტომბერი, 1556), შლეზვიგის ეპისკოპოსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Politikens bog om Danske monarker, af Benito Scocozza, 1997
  • Danske dronninger i tusind år, af Steffen Heiberg, 2000.