კაროლინა ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი
კაროლინა ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინი | |
---|---|
დანიის დედოფალი | |
კორონაცია: | 28 ივნისი, 1848, კოპენჰაგენი |
მმართ. დასაწყისი: | 13 დეკემბერი, 1839 |
მმართ. დასასრული: | 20 იანვარი, 1848 |
წინამორბედი: | მარია ფონ ჰესენ-კასელი |
მემკვიდრე: | ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 ივნისი, 1796 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 9 მარტი, 1881, (84 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: |
კრისტიან VIII, დანიის მეფე (ქ. 1815 - გარდ. 1848) |
სრული სახელი: | კაროლინა ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდენბურგ-ავგუსტენბურგელი |
მამა: | ფრიდრიხ კრისტიან II, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი |
დედა: | ლუიზა ავგუსტა დანიელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
კაროლინა ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი (დან. Caroline Amalie af Slesvig-Holsten; დ. 28 ივნისი, 1796 — გ. 9 მარტი, 1881) — დანიის დედოფალი 1839-48 წლებში როგორც კრისტიან VIII-ის მეორე მეუღლე. დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-ის შვილიშვილი.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაროლინა ამალია დაიბადა 1796 წლის 28 ივნისს კოპენჰაგენში. იგი იყო შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ ფრიდრიხ კრისტიან II-ისა და მისი მეუღლის, ლუიზა ავგუსტა დანიელის ასული. დედის მხრიდან, იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-ისა და დედოფალ კაროლინა მატილდა ბრიტანელის შვილიშვილი, ხოლო მამის მხრიდან ასევე დანიის მეფე ფრედერიკ II-ის შთამომავალი. მას სახელი სწორედ ბებიის, კაროლინა მატილდას პატივსაცემად დაარქვეს. 1807 წლამდე, იგი მშობლებთან ერთად კოპენჰაგენში, დანიის სამეფო კარზე ცხოვრობდა, რის შემდეგაც ისინი ავგუსტენბურგში გადასახლდნენ. მან იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო კონსერვატიული განათლება მიიღო.
თავისი მშობლების კონფლიქტებისას, ის და მისი ძმები ყოველთვის დედის მხარეს იჭერდნენ, რაც მათი დანიასა და დანიის სამეფო კარზე აღზრდით იყო განპირობებული.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედამისი დანიის ტახტის ერთ-ერთ მემკვიდრედ ყოველთვის მოიაზრებდა თავის ბიძაშვილ კრისტიანს, ამიტომაც კაროლინას ურჩევდა მასთან ახლო და თბილი ურთიერთობა დაეჭირა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდში კაროლინა ამალიას კრისტიანი შეუყვარდა.
1810 წელს კრისტიანი თავის მეუღლეს, შარლოტა ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელს მრუშობის გამო გაეყარა. ამის შემდეგ კრისტიანი ნორვეგიის მეფედ აირჩიეს და დანიის სამეფო კარს დაუპირისპირდა, თუმცა 1814 წელს, ნორვეგიაში დამხობის შემდეგ იგი დანიას დაუბრუნდა და სამეფო ოჯახს შეურიგდა. ამავე წელს, კაროლინას უძეო ბიძამ, მეფე ფრედერიკ VI-მ თავის ოფიციალურ მემკვიდრედ კრისტიანი დაასახელა. იმავე წელს კაროლინა ამალია და კრისტიანი დაინიშნენ, რასაც 1815 წელს მათი ქორწილი მოჰყვა.
1816-17 წლებში, ბედნიერი წყვილი ოდენსეში ცხოვრობდა, ვინაიდან კრისტიანი ფიონიის რეგიონის გუბერატორად იყო დანიშნული. 1818-22 წლებში, კაროლინა და კრისტიანი ერთად მოგზაურობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი უამრავ კურორტს ესტუმრნენ, მაგრამ კაროლინა ბავშვს ვერაფრით აჩენდა. მიუხედავად ამისა, კრისტიანს პირველი ცოლისაგან ჰყავდა ვაჟი, პრინცი ფრედერიკი, რის გამოც დიდად არ ღელავდა ამ თემაზე. უკან დაბრუნების შემდეგ, კრისტიანი თავით გადაეშვა გეოლოგიაში, მინერალოგიასა და მეცნიერებაში, კაროლინა კი მუსიკაში. მან ამ პერიოდისათვის რამდენიმე პატარა კომპოზიცია შექმნა.
კაროლინა ამალიასა და კრისტიანის ქორწინება, იმ პერიოდისათვის აღწერილია, როგორც „იდეალურად ჰარმონიული“. თუმცა, მაშინდელი „ჰარმონიულობა“ ცოტა აცდენილია დღევანდელ სტანდარტებს, რადგანაც კრისტიანს უამრავი საყვარელი და ორი იმდენი უკანონო შვილი ჰყავდა, რომელთა ზუსტი რაოდენობაც კი არაა ცნობილი. მის ერთ-ერთ ასეთ შვილად მიიჩნევა გამოჩენილი დანიელი მწერალი ჰანს კრისტიან ანდერსენიც. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კაროლინას ამაზე პრეტენზია არასდროს ჰქონია. იგი ასევე კარგი დედინაცვალი იყო ფრედერიკისთვის, რომელსაც საკუთარი შვილივით ზრდიდა. ამის გამო, სამეფო კარი მას ყოველთვის დიდ პატივს სცემდა.
დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1839 წელს, კაროლინას ბიძა, მეფე ფრედერიკ VI უშვილოდ გარდაიცვალა და ტახტზე მისი ქმარი, კრისტიან VIII ავიდა, რითაც იგი დანიის დედოფალი გახდა. 1840 წლის 28 ივნისსს, კაროლინა ამალიას დაბადების დღეზე, შედგა მისი და კრისტიანის მეფე-დედოფლად კურთხევა.
მმართველობის პირველ წლებში იგი აქტიურ საქველმოქმედო კამპანიას აწარმოებდა. მისი ბრძანებით ჯერ კოპენჰაგენში, შემდეგ კი უკვე ოდენსეშიც დაარსდა დედოფალ კაროლინა ამალიას სახელობის „ღარიბთა სახლი“, სადაც ღატაკებს შეეძლოთ ღამის გათევა და საკვების მიღება. მისივე ბრძანებით დააარსეს დანიის ისტორიაში პირველი სამშობიარო. ამის მიზეზი ის იყო, რომ ძალიან ბევრი ქალი, სახლში, პირობების არარსებობის გამო მშობიარობას თან მისდევდა და ბავშვიც მალევე იღუპებოდა. როგორც დაბადებით პრინცესა და ქორწინებით დედოფალი, კაროლინა ამალიამ მაღალი წრის ქალბატონები თავის ფილანტროპიაში ჩაითრია. აქედან მოყოლებული, დანიაში ქალთა როლი დიდად გაიზარდა, რადგანაც სწორედ მდიდარი ქალები გახდნენ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტისა და ორგანიზაციის დამფინანსებლები, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია დანიური საზოგადოების ფორმირებაზე. 1841 წელს დედოფლის ბრძანებით დაარსდა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი.
მიუხედავად იმისა, რომ კაროლინა დიდი ინტელექტუალი არასდროს ყოფილა, იგი ხელოვნებისა და ლიტერატურის დიდი მხარდამჭერი და პატრონი იყო. მიუხედავად ასეთი სოციალური აქტივობისა, იგი პოლიტიკასა და ქმრის საქმეებში არასდროს ერეოდა. იგი მხოლოდ ერთხელ ჩაერია პოლიტიკაში, როდესაც დანიასა და შლეზვიგ-ჰოლშტაინს, ანუ მის ქმარსა და თავის ძმებს შორის ომი დაიწყო, რამაც დედოფალი მეტად რთულ სიტუაციაში ჩააყენა. საბოლოოდ იგი მაინც თავის ძმებს მიემხრო, რამაც დანიელ ხალხში მისი ავტორიტეტი გააცამტვერა და ქვეყნის მტრად შერაცხეს.
ქვრივი დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1848 წელს კრისტიან VIII გარდაიცვალა და ტახტზე მისი ერთადერთი ვაჟი, ფრედერიკ VII ავიდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, კაროლინამ კიდევ თითქმის ოცდაათი წელი იცოცხლა. დაქვრივების შემდეგ, კაროლინამ დატოვა სამეფო კარი და სორგენფრის სასახლეში გადასახლდა, კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, რომელიც მალე მის რეზიდენციად იქცა. იგი სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან ავადმყოფობდა, რის გამოც ზამთარში ყოველთვის სამხრეთ ევროპაში მიემგზავრებოდა ხოლმე. მიუხედავად ავადმყოფობისა, იგი 1863 წელს მოესწრო თავისი გერის, უშვილო ფრედერიკ VII-ის გარდაცვალებას, ოლდენბურგების დინასტიის შეწყვეტასა და ტახტზე გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი კრისტიან IX-ის გამეფებას.
აღსანიშნავია, რომ ქვრივი დედოლობისას უფრო მეტი ავტორიტეტი მოიპოვა, ვიდრე დედოფლობის პერიოდში. იგი განაგრძობდა თავის საქველმოქმედო საქმიანობასა და საზოგადოებაში ქალების როლის აწევას. კაროლი ამალია გარდაიცვალა 1881 წლის 9 მარტს, 84 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, მისი საყვარელი ქმრის გვერდით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Aaron I. Cohen: International Encyclopedia of Women Composers. New York / London 1981, S. 21.
- A. Thorsoe: Caroline Amalie. In: Carl Frederik Bricka (Hrsg.): Dansk biografisk Lexikon. Tillige omfattende Norge for Tidsrummet 1537–1814. 1. Auflage. Band 3: Brandt–Clavus. Gyldendalske Boghandels Forlag, Kopenhagen 1889, S. 388–391