შინაარსზე გადასვლა

მერი დონალდსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი დონალდსონი
წოდებები
დანიის დედოფალი კონსორტი
დაიბადა 5 თებერვალი, 1972 (1972-02-05) (52 წლის)
ჰობარტი, ტასმანია, ავსტრალია
მეუღლე(ები) ფრედერიკ X
შვილ(ებ)ი კრისტიანი
იზაბელა
ვინსენტი
ჯოზეფინა
მამა ჯონ დალეიშ დონალდსონი
დედა ჰენრიეტა კლარკ ჰორნი
რელიგია ჯერ პრესვიტერიანობა
შემდეგ ლუთერანიზმი

მერი ელიზაბეთ დონალდსონი (ინგლ. Mary Elizabeth Donaldson, დან. Mary Elizabeth Donaldson; დ. 5 თებერვალი, 1972) — დანიის დედოფალი, მეფე ფრედერიკ X-ის მეუღლე და მისი ოთხი შვილის დედა. დედოფალი მერი არის ევროპის ისტორიაში პირველი დედოფალი, რომელიც ევროპაში არ დაბადებულა.

მერი დაიბადა 1972 წლის 5 თებერვალს ქალაქ ჰობარტში, კ. ტასმანიაზე, ავსტრალიაში. მისი მშობლები იყვნენ ჯონ დალეიშ დონალდსონი და მისი პირველი ცოლი, ჰენრიეტა კლარკ ჰორნი. მას სამი და-ძმა ჰყავს: ჯეინი, პატრიცია და ჯონი. მერის მშობლები 1963 წლის 31 აგვისტოს დაქორწინდნენ ედინბურგში, რის შემდეგაც ისინი ემიგრაციაში წავიდნენ ავსტრალიაში და მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ მიიღეს მოქალაქეობა. მამამისი გამოყენებითი მათემატიკის პროფესორია, ხოლო დედამისი ტასმანიის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის ასისტენტად მუშაობდა. მერის დედა, ჰენრიეტა დონალდსონი 1997 წელს გარდაიცვალა, 2001 წელს კი მამამისი მეორედ დაქორწინდა სიუზენ ელიზაბეთ ჰორვუდზე.

1974-99 წლებში მერი დონალდსონმა უამრავი სკოლა გამოიცვალა, ვინაიდან მისი მშობლები ხშირად გადაადგილდებოდნენ. 1989 წელს მერი ტასმანიის უნივერსიტეტში მოეწყო, რომელიც 1994 წელს დაამთავრა ვაჭრობისა და სამართლის ბაკალავრის ხარისხით. 1994-96 წლებში მან დამატებითი ტრენინგი გაიარა მარკეტინგის სფეროში. 1995-2002 წლებში იგი მუშაობდა სხვადასხვა მარკეტინგულ და სარეკლამო სააგენტოებში. 1998 წელს ერთწლიანი მოგზაურობა დაიწყო ევროპასა და აშშ-ში. 2002 წლიდან იგი ჯერ საფრანგეთში, საბოლოოდ კი დანიაში მუშაობდა.

მშობლიური ინგლისურის გარდა, მერი თავისუფლად საუბრობს დანიურად და საშუალო დონეზე იცის ფრანგულიც, რაც მან თავისი ხუთთვიანი ცხოვრების დროს ისწავლა პარიზში.

მერი და ფრედერიკი 2010 წელს, შვედეთის კრონპრინცესა ვიქტორიას ქორწილში

2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს, იგი ავსტალიაში, ქ. სიდნეიში შეხვდა დანიის კრონპრინც ფრედერიკს, რომელსაც მაშინვე მოეწონა იგი და აქედან დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა. 2003 წელს ფრედერიკს დედამისმა, დედოფალმა მარგრეტე II-მ ნება დართო არასამეფო წარმომავლობის ქალზე, ანუ მერიზე ექორწინა. მერისა და ფრედერიკის ქორწინება 2004 წლის 14 მაისს შედგა კოპენჰაგენში, რის შემდეგაც მას დანიის კრონპრინცესის წოდება მიენიჭა.

მას შემდეგ, რაც მერი კრონპრინცესა გახდა, იგი აქტიურად ჩაება სხვადასხვა პროექტში, ხელოვნების, კულტურის, სოციალური საკითხებისა და მეცნიერული კვლევების საკითხებში. იგი აქტიურადაა ჩართული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაში და ასპონსორებს ლტოლვილთა დახმარების ფონდს.

2007 წლის 11 სექტემბერს, მერიმ თავისი საქველმოქმედო ფონდი დააარსა. მისი ფონდის მიზანია სოციალურად დაუცველი პირების დაცვა საზოგადოებრივი ძალადობისა და გარიყვისაგან. ფონდის კაპიტალი 1,1 მილიონი დანიური კრონაა, რომელსაც კრონპრინცესა მისი დანიური და გრენლანდიური დომენებისგან იღებს. 2014 წელს, პრინცესა მერიმ საქველმოქმედო საქმიანობისათვის ბემბის ჯილდო მიიღო.

2023 წლის 31 დეკემბერს დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ 52 წლიანი მმართველობის შემდეგ თავისი გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც დანიის სამეფოს ტახტი 2024 წლის 14 იანვარს ფრედერიკ X-მ დაიკავა, რითაც მერი დანიის სამეფოს დედოფალი კონსორტი გახდა.

  • კრისტიანი (დ. 15 ოქტომბერი, 2005);
  • იზაბელა (დ. 21 აპრილი, 2007);
  • ვინსენტი (დ. 8 იანვარი, 2011), ჯოზეფინას ტყუპისცალი;
  • ჯოზეფინა (დ. 8 იანვარი, 2011), ვინსენტის ტყუპისცალი;
  • Emma Tom, Something About Mary: From Girl About Town to Crown Princess, Pluto Press, Australia (2005) ISBN 1-86403-273-1
  • Karin Palshoj & Gitte Redder, Mary, Crown Princess of Denmark, Allen & Unwin, Australia (2006) ISBN 1-74114-749-2