ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი
Louisemecklenburgdenmark.jpg
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 25 აგვისტო, 1699
მმართ. დასასრული: 15 მარტი, 1721
წინამორბედი: შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელი
მემკვიდრე: ანა სოფია რევენტლოვი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 აგვისტო, 1667
დაბ. ადგილი: გიუსტროვი, გერმანია
გარდ. თარიღი: 15 მარტი, 1721, (53 წლის)
გარდ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: ფრედერიკ IV, დანიისა და ნორვეგიის მეფე
შვილები: კრისტიან VI, დანიისა და ნორვეგიის მეფე
დინასტია: მეკლენბურგები
მამა: გუსტავ ადოლფი, მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგი
დედა: მაგდალენა სიბილა ჰოლშტაინ-გოტორპელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი (გერმ. Louise zu Mecklenburg-Güstrow, დან. Louise af Mecklenburg-Güstrow; დ. 28 აგვისტო, 1667 — გ. 15 მარტი, 1721) — დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1699-1721 წლებში როგორც ფრედერიკ IV-ის პირველი ცოლი. მეფე კრისტიან VI-ის დედა. იგი 1708-09 წლებში, მისი ქმრის იტალიაში მოგზაურობისას ქვეყანას რეგენტის სტატუსით მართავდა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა დაიბადა 1667 წლის 28 აგვისტოს გიუსტროვში. იგი იყო მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგ გუსტავ ადოლფისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მაგდალენა სიბილა ჰოლშტაინ-გოტორპელის ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი დანიის მეფე ფრედერიკ II-ის, ხოლო დედის მხრიდან ფრედერიკ I-ის შთამომავალი იყო. ლუიზა მეკლენბურგის პატარა კარზე, მეტად მკაცრი რელიგიური დოგმებით აღიზარდა მამამისის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც როგორც ცნობილია რელიგიურ საგალობლებსაც კი წერდა.

1695 წელს, ლუიზა დანიისა და ნორვეგიის კრონპრინც ფრედერიკზე დანიშნეს. ფრედერიკი მამამისმა, მეფე კრისტიან V-მ თავად გაუშვა გერმანიის პროტესტანტულ სამთავროებში სამოგზაუროდ, რათა საცოლე თვითონ აერჩია, მან კი არჩევანი გიუსტროვის პრინცესა ლუიზაზე შეაჩერა, რომლის გარეგნობაც მას ძალიან მოეწონა. მისმა ამ არჩევანმა დიდად გაახარა როგორც დანიის, ისე მეკლენბურგის სამეფო კარი. მიუხედავად ამისა, ფრედერიკი მთელი ქორწინების მანძილზე ღალატობდა ლუიზას.

კრონპრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი

1695 წლის 5 დეკემბერს, კოპენჰაგენში შედგა ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველისა და ფრედერიკ დანიელის ქორწინება. ამის შემდეგ ლუიზა დანიისა და ნორვეგიის მომავალ დედოფლად, ანუ კრონპრინცესად გამოცხადდა. თავდაპირველად მათი ქორწინება ბედნიერი იყო. ლუიზამ წარმატებით მოახერხა ქმრის ყურადღების მიქცევა და დროებით მისი თავის ერთგულ კაცად ქცევა. საფრანგეთის ელჩმა ასეთი რამ განაცხადა:

ვიკიციტატა
„კრონპრინცესას მისი მეუღლე ინტენსიურად უყვარს და მასთან ერთად სრულ ბედნიერებაში ცხოვრობს.“

ხანგრძლივი ქორწინებიდან, ლუიზასა და ფრედერიკს ხუთი შვილი შეეძინათ, მაგრამ მათგან მხოლოდ ორი გადარჩა: მომავალი მეფე კრისტიან VI და პრინცესა შარლოტა ამალია, რომელთაც სახელები ლუიზას დედამთილ-მამამთილის პატივსაცემად დაარქვეს.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1699 წელს მეფე კრისტიან V გარდაიცვალა, რის გამოც მეფე ფრედერიკ IV, ხოლო დედოფალი ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი გახდა. ლუიზას პარალელურად, ფრედერიკს რამდენიმე სხვა არისტოკრატ ქალბატონთან მეტად სერიოზული და სახალხოდ ცნობილი რომანი ჰქონდა, კერძოდ ელიზაბეთ ელენა ფონ ვიერეგთან (1699-1704 წლებში), შარლოტა ელენა ფონ შინდელთან (1704-11 წლებში) და ანა სოფია რევენტლოვთან (1712-21 წლებში), რომლებიც ლუიზას სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. მეტიც, ფრედერიკი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ რომანით, და 1703 წელს ელიზაბეთ ელენა ფონ ვიერეგზე მორგანატიკულად იქორწინა, ანუ მას ერთდროულად ორი ცოლი ჰყავდა, თუმცა ლუიზა კვლავ ქვეყნის ერთადერთ დედოფლად დარჩა. ქორწინებიდან ერთ წელიწადში ელიზაბეთ ელენა მშობიარობას გადაჰყვა. ლუიზა რამდენიმე წელი ფრედერიკის ერთადერთი ცოლი იყო, მაგრამ მეფემ 1712 წელს მეორედ იქორწინა მორგანატიკული წესით ანა სოფია რევენტლოვზე, რომელიც ლუიზას გარდაცვალების შემდეგ ფრედერიკის ერთადერთი ცოლი და მაშასადამე დედოფალიც გახდა.

მიუხედავად ასეთი გარყვნილი ცხოვრების წესისა, ფრედერიკ IV ხალხს ძალიან უყვარდა, რასაც ვერ ვიტყვით დედოფალ ლუიზაზე. ლუიზა თავის როლს კარგად ასრულებდა ოფიციალურ ცერემონიებზე, სხვა მხრივ კი სამეფო კარზე იგი იგნორირებული იყო. მისი მშვიდი და ხალხისაგან იზოლირებული ცხოვრების გამო, მის შესახებ ცოტა ისტორიული ცნობა არსებობს. ხშირ შემთხვევაში, არაოფიციალურ ღონისძიებებზე მეფე თავის საყვარლებთან ერთად ჩნდებოდა, დედოფალი ლუიზა კი იგნორირებული იყო. მისი ცხოვრება განსაკუთრებით 1712 წელს, ფრედერიკის ანა სოფია რევენტლოვზე ქორწინების შემდეგ დამძიმდა. თავისი დარჩენილი სიცოცხლის ცხრა წლის მანძილზე ლუიზა ანა სოფიას ჩრდილში ცხოვრობდა. ამის შემდეგ ლუიზა მხოლოდ ოფიციალურ ცერემონიებზე ჩნდებოდა, სადაც დედოფლის აუცილებლად ყოფნას ეტიკეტი მოითხოვდა.

დედოფალ ლუიზას სამარხი როსკილეში

ლუიზა საყვარელი მეუღლის ღალატს ძალიან განიცდიდა. იგი თავად აღნიშნავდა, რომ მისი რომანების გამო სამეფო კარის საზოგადოების წინაშე ხშირად ძალიან დამცირებული იყო. ამის გამო, დედოფალმა არაერთხელ დადგა სცენები მეფისა და არისტოკრატიის წინაშე, მაგრამ ამაოდ. ამის გამო, მსახურებსა თუ დიდებულ ქალბატონებს ხშირად უნახავთ თავის ოთახში ატირებული დედოფალი. როგორც ცნობილია, როცა მან ფრედერიკისა და ანა სოფიას ქორწინებაზე შეიტყო, თავის ოთახში შეიკეტა და ოთხი საათი ტიროდა.

მის ერთადერთ ნუგეშს რელიგია წარმოადგენდა, რომელიც მშობლებმა ძალიან შეაყვარეს. ლუიზას ინტერესის მთავარი სფერო სწორედ რელიგიური წიგნების კითხვა იყო. მისი კერძო წიგნების კოლექციაში 400-მდე წიგნი შედიოდა, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფო ბიბლიოთეკას გადაეცა. თუმცა, მის კოლექციაში ძირითადად ასკეტური რელიგიური წიგნები შედიოდა, რომლებიც გერმანულად იყო დაწერილი. სასულიერო პირები მას ლეგენდარულ დედოფალ ესტერს ადარებდნენ და წმინდანად მოიხსენიებდნენ. დედოფალი ასევე ძალიან ახლოს იყო თავის ვაჟ კრისტიანთან, რომელიც ძალიან წუხდა მამის ქმედებების გამო და ლუიზას დაჰპირდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ რევენტლოვს დედად არ აღიარებდა.

დედოფალ ლუიზაზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, მის ინტერესებსა და პიროვნებაზე, გარდა მისი ეჭვიანობისა, ქმრის მრუშობისა და რელიგიური განწყობისა. იგი გარდაიცვალა 1721 წლის 15 მარტს, 53 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში. ამის შემდეგ ანა სოფია რევენტლოვი დანიისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა, თუმცა ფრედერიკი რამდენიმე წელიწადში, 1730 წელს გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კრისტიანი (1697-1698), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. კრისტიან VI (1699-1746), დანიისა და ნორვეგიის მეფე 1730-46 წლებში, ცოლად შეირთო სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  3. ფრედერიკ კარლი (1701-1702), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. ჯორჯი (1703-1704), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. შარლოტა ამალია (1706-1782), სახელი დაარქვეს ბებიის, დედოფალ შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელის პატივსაცემად, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • N. D. Riegels: Udkast til fjerde Friderichs hist. after Hoier 1–11. 1795–99.
  • A. Hojer: König Fr. IV glorwürdigstes Leben 1–11, 1829.
  • Jens Moller i Det skand. lit. selsk.s skr. XXIII, 1832 3-196.
  • Ellen Jørgensen and J. Skovgaard: Danske dronninger, 1909–10 189-94.
  • Fr. Weilbach i Hist. t. 10. r. III, 1935 256-66.
  • Ingrid llsoe i Fund og forskn. XXII, 1975–76 107-20.