რამაზ ჩხიკვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხიკვაძე.
რამაზ ჩხიკვაძე
Chhikvadze.jpg
დაბ. სახელი რამაზ ჩხიკვაძე
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1928
გარდ. თარიღი 17 ოქტომბერი, 2011 (83 წლის)
საქმიანობა მსახიობი

რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე (დ. 28 თებერვალი, 1928, თბილისი — გ. 17 ოქტომბერი, 2011, იქვე) — ქართველი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1980).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ცნობილი მუსიკათმცოდნის გრიგოლ ჩხიკვაძის ოჯახში. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩხიკვაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკაფიო ინდივიდუალობა, თვითმყოფობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია, იმპროვიზაციისა და გარდასახვის ოსტატობა.

როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), მაქჰითი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), თედო (მ ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ფადინარი (ე. ლაბიშის „ჩალის ქუდი“), აკოფა (ა. ცაგარელის „ხანუმა“), კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), შოშია (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“) და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“, აზდაკი, ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, შექსპირის „რიჩარდ მესამე“, მოხუცი რეჟისორი რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ და სხვა). რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი შედგა ა. სტრინდბერგის „სიკვდილის როკვაში“ (რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი) ამ სპექტაკლით გაიხსნა თბილისში ახალი თეატრი „თეატრალური სარდაფი“. ამ წარმოდგენებში მხატვრულ ხერხად გამოყენებულია ყოფითისა და პათეტიკის, რეალურისა და პირობითის დაპირისპირება, მოვლენების მოულოდნელი პერიფრაზირება, მეტაფორული აზროვნება, რასაც მსახიობი აღწერს განსჯისა (ფსიქოლოგიური განცდის საპირისპიროდ) და სრულყოფილი აქტიორული ხელოვნების მეშვეობით. ჩხიკვაძე გარდასახვასთან ერთად სცენაზე გვიჩვენებს თავის დამოკიდებულებას გმირისადმი. ჟესტიკულაციით, პოზითა და მეტყველების მანერით იგი ზუსტ ასოციაციურ მინიშნებას აღწევს. ამ როლებმა ჩხიკვაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა.

გადაღებულია კინოფილმებში: „ლონდრე“ (დიამბეგი, 1963), „ჩირიკი და ჩიკიტელა“ (გიტარა-მაიორი, 1975), „ნატვრის ხე“ (მღვდელი, 1977), „ნერგები“ (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის) და სხვა. სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

გარდაიცვალა 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ[1]. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის, გვერდით[2].

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრალური სარდაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1961: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1972:საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1973: მოსკოვის მსოფლიო კინოფესტივალი, ოქროს მედალი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
  • 1975: კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1979: სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1981: სსრკ სახალხო არტისტი
  • 1980: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1997: თბილისის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი
  • სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია
  • სოციალისტური შრომის გმირი
  • ლენინის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 83 წლის ასაკში რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“. 18.10.11.
  2. რამაზ ჩხიკვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“. 22.10.11.