შინაარსზე გადასვლა

მაჰათმა განდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოჰანდას კარამჩანდ განდი

मोहनदास करमचद गां६ाी

محاتما گاندهي
დაბადების თარიღი 1869 წლის 2 ოქტომბერი
პორბანდარი, გუჯარათი, ინდოეთის დროშა ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი

1948 წლის 30 იანვარი (78 წლის)
დელი, ინდოეთის დროშა ინდოეთი

მიზეზი: მკვლელობა (იარაღით)
ეროვნება ინდოელი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
მეუღლე(ები) კასტურბა განდი
1883-1944 (მის გარდაცვალებამდე)
შვილ(ებ)ი ჰარილალ განდი
მანილალ განდი
რამდას განდი
დევდას განდი
ხელმოწერა

მოჰანდას კარამჩანდ განდი (ჰინდი: मोहनदास करमचन्द गांधी; გუჯარათი: મોહનદાસ કરમચંદ ગાંધી; ; სინდჰი: محاتما گاندهي; დ. 2 ოქტომბერი, 1869, პორბანდარი ― გ. 30 იანვარი, 1948, დელი) — ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი კი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა. ჩვეულებრივად მას მაჰათმა განდის ეძახდნენ [1]. მაჰათმა სანსკრიტში იშიფრება როგორც „დიდსულოვანი“, „პატივსაცემი მოხუცი“. პირველად ასე იგი 1914 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოიხსენიეს. ინდოეთში მას ასევე უწოდებდნენ ბაპუ-ს (გუჯარათში იშიფრება როგორც მამა, პაპა.).

1948 წლიდან მან დაიწყო მოღვაწეობა, როგორც ერის სულიერმა წინამძოღლმა. სწორედ რაბინდრანათ თაგორმა უწოდა მას მაჰათმა[2].

განდი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. იგი იყო არამოძალადე აქტივისტი, რომელმაც უხელმძღვანელა მრავალ მშვიდობიან საპროტესტო აქციას.

მოჰანდას განდი დაიბადა 1869 წლის 2 ოქტომბერს ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, პრობანდარის რაჯას სამეფოში, გუჯარათი, ინდოეთი[3]. ოჯახში ის გახლდათ მეექვსე და ნაბოლარა შვილი. განდის მშობლები პატივს მიაგებნდენ ვიშნუს - ვაიშინაისტური ტრადიციის უზენაეს ღვთაებას ინდუიზმში. ამ პერიოდის დასავლეთ ინდოეთში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ჯაინიზმს, რელიგიას, რომელიც ყოველგვარი ცოცხალი არსების მიმართ არაძალადობრივ მოპყრობას ქადაგებდა. ჯაინიზმმა, რომლის ღირებულებებსაც განდის მშობლები იზიარებდნენ, მნიშვნელოვნად იმოქმედა მოჰანდასის აზროვნებასა და მოღვაწეობაზე.

როდესაც განდი 7 წლის გახდა, მისი ოჯახი საცხოვრებლად პორბანდარიდან 200 კილომეტრით დაშორებულ რაჩკოტაში გადავიდა, სადაც ინგლისურენოვანი სკოლა ფუნქციონირებდა. ახალი ენის შესწავლა მოჰანდასთვის რთული აღმოჩნდა, თუმცა, საერთო ჯამში, ცუდი მოსწავლე არ ყოფილა. ახალ გარემოში აღმოჩენილმა განდიმ მის ოჯახში დამკვიდრებულ ასკეტური ცხოვრების წესს გადაუხვია. სწორედ მოზარდობის წლებში, სხვა თანატოლების გავლენით, განდიმ პირველად გასინჯა თხის ხორცი. ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად ეროვნული მოტივებით იყო განპირობებული: ინდოელებს სჯეროდათ, რომ ვეგეტარიანულმა ცხოვრების წესმა მათი ორგანიზმი დაასუსტა, რის გამოც ბრიტანელებს ინდოეთის დაპყრობა გაუმარტივდათ. კვების რაციონის ცვლილებამ განდიზე მძიმე ფსიქოლოგიური ეფექტი მოახდინა. საკუთარ ბიოგრაფიაში განდი წერს:

ვიკიციტატა
„ამის შემდეგ საშინელი ღამე მქონდა. აუტანელი კოშმარები მტანჯავდა. როგორც კი ჩამეძინებოდა მეჩვენებოდა, თითქოს ჩემში ცოცხალი თხა კიკინებდა და სინანულის გრძნობით წამოვვარდებოდი ხოლმე. მაგრამ შემდეგ მაგონდებოდა, რომ ხორცის ჭამა მოვალეობა იყო, და ისევ ვმშვიდდებოდი“

.

ინდური ტრადიციის შესაბამისად, 13 წლის მაჰათმა განდი თავის თანატოლ კასტურბაზე დააქორწინეს. მათი ცოლ-ქმრობა 1944 წლამდე, კასტურბას გარდაცვალებამდე გაგრძლედა. განდის 4 ვაჟიშვილი - ჰარილალი, მანილალი, რამადასი და დევდასი ჰყავდა.

1885 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, განდის მამა გარდაიცვალა. მამის გარდაცვალებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა განდის ცხოვრებაზე, რადგანაც ვაჟს მამის საქმიანობა უნდა გაეგრძელებინა. მეგობრებმა მოჰანდასს სწავლის გასაგრძელებლად ინგლისში წასვლა ურჩიეს, თუმცა ვაიშიების კასტა, რომელსაც განდი განეკუთვნებოდა, ეწინააღმდეგებოდა ახალგაზრდა მოჰანდასის ევროპაში გაგზავნას. ვინაიდან განდის გადაწყვეტილება ურყევი იყო, კასტამ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. 1888 წლის 4 სექტემებერს, 18 წლის ასაკში, განდი საუთჰემპტონისკენ მიმავალ გემზე ავიდა და ინგლისისაკენ გაემგზავრა სამართლის სასწავლად.[4].განდიმ ინგლისში სამართლის შესწავლა დაიწყო და იქ არასრული სამი წელი დაჰყო. დასავლური ცხოვრების წესთან შეგუება ახალგაზრდა განდისთვის რთული აღმოჩნდა. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ ვეგეტარიანული საკვების შოვნა ინგლისში სირთულეს წარმოადგენდა. ფინანსური პრობლემების გამო განდიმ ფულის ეკონომიურ ხარჯვას მიჰყო ხელი. ქირაობდა ერთოთახიან ბინას, სადაც საუზმესა და ვახშამს თავად იმზადებდა, ამასთანავე, ფეხით ყოველდღიურად 15 კილომეტრს ფარავდა.

სტუდენტობის წლებში განდიმ აქტიურად დაიწყო ბრიტანული გაზეთების კითხვა და თანამედროვე პროცესებისთვის თვალის მიდევნება. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ინგლისს კონსერვატორები მართავდნენ, პარალელურად აქტიურად მოქმედებდნენ სხვა პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფები, რომელთა შორისაც ახალგაზრდა განდიმ უპირატესობა ვეგეტარიანელთა საზოგადოებას მიანიჭა და მალევე შეუერთდა კიდეც. აღნიშნული საზოგადოების ჟურნალში განდი აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს, ამასთანავე, ჩართული იყო საორგანიზაციო საქმის წარმოებაში, რამაც მას მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა. განდის ინგლისელ ნაცნობთა უმეტესობა ვეგეტარიანელი იყო, თუმცა სტუდენტობის წლებში ის თეოსოფიურ საზოგადოებას დაუახლოვდა. ამ საზოგადოების წყალობით ახალგაზრდა განდის პირველად მოუწია ძველი ინდური რელიგიური ტექსტების, მათ შორის „ბჰაგავად გიტას“ წაკითხვა. რელიგიური ტექსტების კითხვის პარალელურად განდი ახერხებდა იურისპრუდენციის საფუძვლიან შესწავლას. 1891 წლის 10 ივნისს მან დაუბრკოლებლად ჩააბარა გამოცდები და პროკურორობის უფლება მოიპოვა. ინდოეთის დატოვებიდან 2 წელი და 8 თვე იყო გასული, როცა აკადემიური ხარისხითა და მუშაობის უფლებით აღჭურვილი 21 წლის განდი სამშობლოსაკენ მიმავალ გემზე ავიდა. როდესაც იგი ადვოკატი გახდა, გაემგზავრა ბრიტანეთის კოლონიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც გაეცნო კანონებს, რომლის მიხედვითაც შავკანიანებს ჰქონდათ ნაკლები უფლებები, ვიდრე თეთრკანიანებს. მან გადაწყვიტა გამხდარიყო პოლიტიკური აქტივისტი, რადგან ფიქრობდა, რომ შეცვლიდა ამ უსამართლო კანონებს. მან შექმნა ძლიერი, არამოძალადე მოძრაობა. განდის ცხოვრების დროს ინდოეთი იყო ბრიტანეთის კოლონია. იგი არ ეგუებოდა ამას.

განდის საქმიანობა სამხრეთ აფრიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთში დაბრუნებისთანავე განდი იურიდიულ საქმიანობას შეუდგა, თუმცა პირველივე სასამართლო პროცესი, სადაც განდი დაცვის მხარეს წარმოადგენდა, მარცხით დამთავრდა. განდის გამართული და სწრაფი ინგლისური მეტყველება ინდოელი მოსამართლისა და პროკურორებისთვის არც ისე მარტივად გასაგები იყო. საბოლოოდ, განდიმ გადაწყვიტა მშობლიურ პორბანდარში არსებულ სავაჭრო კომპანიას შეერთებოდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასაგზავნ იურისტებს ეძებდა. განდიმ, საერთო ჯამში, სამხრეთ აფრიკაში 21 წელი გაატარა, სადაც მისი პოლიტიკური ხედვები და ეთიკა ჩამოყალიბდა.

სამხრეთ აფრიკისკენ მიმავალ გზაზე განდიმ საკუთარ თავზე გამოსცადა ადამიანთა დისკრიმინაცია კანის ფერისა და გარეგნობის გამო. ამ მოგზაურობის დროს ის იძულებული გახდა პირველი კლასის ვაგონიდან მეორე კლასში გადასულიყო, მიუხედვად იმისა, რომ პირველი კლასის ბილეთი ჰქონდა. მსგავსმა მოპყრობამ განდის განაწყენება გამოიწვია, რაც მისი და პოლიციის ოფიცრის დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ, პოლიციელი განდის ფიზიკურად გაუსწორდა.

სამხრეთ აფრიკაში ყოფნის პერიოდში განდი აქტიურად იბრძოდა ინდოელთა უფლებების დასაცავად. მკვლევართა ნაწილი აღნიშნავს, რომ განდი ერთმანეთისგან განასხვავებდა ადგილობრივ შავკანიანებსა და ინდოელებს, თუმცა წლების შემდეგ განდი და მისი მხარდამჭერები აქტიურად ეხმარებოდნენ სამხრეთ აფრიკელებს რასიზმისა და აპართეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. წლების შემდეგ, როცა სამხრეთ აფრიკელმა შავკანიანებმა მიიღეს ხმის მიცემის უფლება, განდი აღიარეს ეროვნულ გმირად და მრავალ მემორიალზე გამოსახეს. 1906 წელს, როცა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა ზულუსთა სამეფოს, განდი და მისი მომხრეები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სამედიცინო დახმარება გაეწიათ ბრძოლაში დაჭრილ ზულუსელთათვის. განდი ამტკიცებდა, რომ ინდოელებს მშვიდობისმყოფელი მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამ ომში, რათა შეეცვალათ ბრიტანელთა აღქმები ფერადკანიანი ხალხების მიმართ.

სატიაგრაჰა: არაძალადობრივი პროტესტი და მისი ფილოსოფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატიაგრაჰა ანუ ინდოელთა ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად სამხრეთ აფრიკაში, 8 წელიწადს გაგრძელდა. სატიაგრაჰა სიტყვასიტყვით „ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას“ ნიშნავს და არაძალადობრივ წინააღმდეგობას ეფუძნება, რომელიც უსამართლობისაკენ არის მიმართული. როგორც სოციალური ცვლილებების ფილოსოფია, სატიაგრაჰა ეფუძნება კეთილშობილი მეთოდებით საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სტაბილურობის მიღწევას.

განდისთვის სატიაგრაჰა მორალური იარაღი გახლდათ უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სტრატეგიის მთავარი პრიციპი, რაც სატიაგრაჰას უნიკალურობას განაპირობებდა, მოწინააღმდეგის ხელშეუხებლობას, ოპონენტების შინაგან გარდაქმნას ქადაგებს.

მაჰათმა განდიმ საკუთარი არაძალადობრივი ბრძოლის სტრატეგიით სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში დიდება მოიხვეჭა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ფრონტებზე. მისმა იდეებმა სიყვარულის, ჭეშმარიტებასა და სულიერი სიმტკიცის შესახებ სატიაგრაჰა ინდოეთსა და მის საზღვრებს გარეთ უნივერსალურ ანტიძალადობრივ სტრატეგიად აქცია, რამაც განდის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეული პიროვნების სახელი მოუხვეჭა.

სატიაგრაჰას პირველი განხორციელება სამხრეთ აფრიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1906 წელს სამხრეთ აფრიკაში ბრიტანულმა კოლონიურმა ხელისფლებამ აამოქმედა კანონი, როლის მიხედვითაც ყველა ინდოელი 8 წლის ზემოთ, განურჩევლად სქესისა, უნდა დარეგისტრირებულიყო პოლიციაში. ინდოელებს უნდა დაეტოვებინათ თითის ანაბეჭდები და აეღოთ სპეციალური მოწმობები. ყველას, ვინც მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდა, დაპატიმრება ელოდათ. პოლიციას უფლება ჰქონდა სპეციალური ნებართვის გარეშე შეჭრილიყო ინდოელთა საცხოვრებლებში და გადაემოწმებინათ ჰქონდათ თუ არა მათ შესაბამისი მოწმობები. ბრიტანელთა გადაწყვეტილებამ განდის აღშფოთება გამოიწვია. მან ინდოელებს შესთავაზა არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის წამოწყება. 1908 წლის 1 იანვარს ინდოელებმა იოჰანესბურგში გამართულ საპროტესტო მიტინგზე დემონსტრაციულად დაწვეს პოლიციის მიერ მათთვის გაგზავნილი სარეგისტრაციო ცნობები. პროტესტის პასუხად ბრიტანულმა ხელისუფლებამ პროტესტანტების წინააღმდეგ რეპრესიები წამოიწყო და ათასობით ინდოელი, მათ შორის განდიც დააპატიმრა. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ განდი ახალი ძალებით შეუდგა მასობრივი არაძალადობრივი მოძრაობის მომზადებას, რამაც მთელი სამხრეთ აფრიკა მოიცვა. გაჩაღდა მასობრივი გაფიცვები მთელი სამხრეთ აფრიკის მასშტაბით, რომელსაც მეშახტეებიც შეუერთდნენ. განდი ისევ დააპატიმრეს, თუმცა დაუმორჩილებლობის კამპანია გრძელდებოდა, რამაც ბრიტანელები აიძულა გაეთავისუფლებინათ დაპატიმრებული პროტესტანტები.

1913 წელს განდიმ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ბრიტანეთის კოლონიურ პოლიტიკას სამხრეთ აფრიკაში. ამჯერად განდის მიმდევრებმა მასობრივად დაიწყეს იმ კანონის დარღვევა, რომელიც ინდოელებს ერთი პროვინციიდან მეორეში გადაადგილებას უკრძალავდა. განდი სათავეში ჩაუდგა ათობით ათას ინდოელს, რომელთა რიცხვიც დღითი-დღე იზრდებოდა. სამთავრობო ძალებმა სცადეს პროტესტის მონაწილეთა შეჩერება, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ინდოლეთა პროტესტის შესახებ ცნობები მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. 1914 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ინდოელთა დამამცირებელმა ყველა კანონმა სამხრეთ აფრიკაში ძალა დაკარგა. განდის მრავალწლიანი ბრძოლა სამხრეთ აფრიკელი ინდოელების უფლებების დასაცავად წარმატებით დასრულდა.

განდის დაბრუნება ინდოეთში: არაძალადობრივი წინააღმდეგობა და ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს განდი ინდოეთში დაბრუნდა და სამხრეთ აფრიკაში მიღებული გამოცდილებით შეიარაღებული ინდოეთის ეროვნულ კონგრესს შეუერთდა. 5 წელიწადში ის კონგრესის ხელმძღვანელი გახდა და გააძლიერა მოთხოვნები ბრიტანელ კოლონიზატორთა მიმართ.

როცა განდი ინდოეთში დაბრუნდა პირველი მსოფლიო ომი რამდენიმე თვის დაწყებული იყო. მილიონზე მეტი ინდოელი ომში იყო გაწვეული. ინდოეთში დაბრუნებულმა განდიმ გაცილებით მეტი იცოდა სამხრეთ აფრიკაზე, ვიდრე საკუთარ სამშობლოზე. ამის გამოსასწორებლად ის ქვეყნის დეტალურ შესწავლას შეუდგა. ხალხის ცხოვრების წესის გაცნობის პარალელურად განდიმ ქსოვილის დამუშავების ინდური ტრადიციის აღდგენას მიჰყო ხელი, რამაც სამომავლო საპროტესტო კამპანიებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

1919 წელს, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, განდი ინდოეთში ახალ საპროტესტო კამპანიას ჩაუდგა სათავეში. მოძრაობა, რომელსაც „სატიაგრაჰა საბჰა“ უწოდეს, მიზნად ისახავდა ინდოეთისთვის ავტონომიის მინიჭებას. განდის მიერ წამოწყებულ საპროტესტო ტალღას ინდუსებთან ერთად მუსლიმებიც შეუერთდნენ, თუმცა კამპანიის ლიდერის ენთუზიაზმს ყველა არ იზიარებდა. ზოგიერთ ნაციონალისტს ეჭვი ეპარებოდა, რომ სატიაგრაჰა ინდოეთშიც გაამართლებდა.

განდის გეგმის მიხედვით, მასობრივი პოტესტი განწმენდის დღესთან უნდა დაეკავშირებინათ. დათქმულ დღეს, ინდოეთის ყველა მცხოვრებს უნდა შეეწყვიტა მუშაობა და პროტესტის ნიშნად გაფიცულიყო. ამ კამპანიას „ჰარტალი“ უწოდეს. ჰარტალი არა მხოლოდ საპროტესტო გაფიცვას, არამედ სულიერ განწმენდას, ლოცვასა და მარხვას მოიცავდა. ბრიტანული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ინდოელთა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. იმპერიამ სამხედრო ძალები გამოიყენა პროტესტის ჩასახშობად, რასაც ასობით ინდუსისა და მუსლიმის სიცოცხლე შეეწირა. განდის პირველი ინდური სატიაგრაჰა წარუმატებელი გამოდგა.

პირველი წარუმატებელი კამპანიის შემდეგ ინდოეთის ეროვნულ კონგრესში განდის მხარდამჭერთა რიცხვმა იკლო, თუმცა ეს ვითარება მალევე შეიცვალა. განდიმ მოახერხა პოლიტიკური მოწინააღმდეგების დარწმუნება იმაში, რომ აუცილებელი იყო ახალი საპროტესტო ტალღის წამოწყება. 1920 წლის ზაფხულის მიწურულს, მან ახალი კამპანიისთვის მზადება ინდოეთის სოფლებში მოგზაურობით და მხარდამჭერთა მობილიზებით დაიწყო. ახალი საპროტესტო კამპანია თანამშრომლობაზე უარის თქმის პრიციპს უნდა დაფუძნებოდა. ხალხს უარი უნდა ეთქვა ბრიტანული საქონლის გამოყენებაზე და ადგილობრივი პროდუქციით უზრუნველეყო საბაზისო მოთხოვნილებები. 1921 წლს განდიმ ინდოელებს ბრიტანული საქონლის მასობრივი ბოიკოტისკენ მოუწოდა. ინდოეთის მსხვილი ქალაქები პროტესტის ტალღებმა მოიცვა, ხალხი საჯაროდ წვავდა ევროპულ ტანისამოსს. ამ აქციამ მხოლოდ ბომბეიში 200 ათას პროტესტანტს მოუყარა თავი. თანამშრომლობაზე უარის თქმის კამპანიის შედეგად ბრიტანეთმა მცირე ეკონომიკური ზარალი მიიღო, თუმცა ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა, მაჰათმა განდის დიდი მონდომების შედეგად, მოახერხა განსხვავებული სოციალური ჯგუფების საერთო საპროტეტსტო კამპანიაში გაერთიანება.

განდისა და მისი მიმდევრების 15 წლიანი არაძალადობრივი ბრძოლის შემდეგ, 1930 წლის 26 იანვარს, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1930 წელს განდიმ მოაწყო მარილის მარში.

მაჰათმა განდი უძღვება მარილის მარშს

როდესაც განდი დაბრუნდა ინდოეთში, მან გადაწყვიტა დახმარებოდა ინდოეთს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. იგი მოუწოდებდა ბრიტანეთის სხვა კოლონიების ხალხს რომ ებრძოლათ პირადი თავისუფლებისთვის, დაეშალათ ბრიტანეთის იმპერია და აღედგინათ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.

ბრიტანეთის მიერ კოლონიზირებულ ინდოეთში მრავალი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი ცხოვრობდა. მათ შორის მრავალი ფიქრობდა, რომ ქვეყნებს უნდა დაერღვიათ ასეთი კავშირი და ჩამოყალიბებულიყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მაგრამ ამისგან განსხვავებით მეორენი ფიქრობდნენ, რომ ინდუისტებს და მუსლიმებს ერთად უნდა ეცხოვრათ. განდი იყო ინდუისტი, მაგრამ მას მოსწონდა სხვა რელიგიებიც, ისლამი, იუდაიზმი, ქრისტიანობა. იგი ფიქრობდა რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელს უნდა ჰქონოდა ერთნაირი უფლებები, რათა მათ იცხოვრონ ერთად მშვიდობიანად.

1938 წელს, განდიმ უარი თქვა კონგრესში დაკავებულ თანამდებობაზე. იგი ამბობდა, რომ კონგრესში მუშაობის გამო იგი ვერ შეძლებდა გაეერთიანებინა ერთმანეთისგან დაყოფილი სოციალური ფენები და რელიგიები. იგი ასევე ფიქრობდა რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი პოლიტიკურ პროცესებში ნაკლები იქნებოდა ვიდრე სამოქალაქო აქტივიზმში[5].

1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და გაავლო საზღვარი ორ სხვადასხვა ქვეყანას შორის, ინდოეთსა და პაკისტანზე. მიუხედავად იმისა რომ განდის უნდოდა ინდოეთის დამოუკიდებლობა, მას არ სურდა პაკისტანი და ინდოეთი გახლეჩილიყო ორ სახელმწიფოდ. იგი ნაცვლად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისა, გლოვობდა ინდოეთის დაყოფის გამო.

განდის სატიაგრაჰას პრინციპი, რომელიც ხშირად მოიხსენიებოდა როგორც „სიმართლის გზა“, „გზა სიმართლისკენ“, შთაგონებული იყო სხვა დამოკრატი და ანტი-რასისტი აქტივისტების, მარტინ ლუთერ კინგის, ნელსონ მანდელას მიერ. განდი ხშირად ამბობდა რომ მისი ღირებულებები იყო ძალიან მარტივი, დაფუძნებული ინდუიზმის რწმენაზე: სიმართლეზე (satya) და არამოძალადეობაზე (ahimsa).

ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად ურთიერთობები დაიძაბა ეროვნულ კონგრესსა და მუსლიმთა ლიგას შორის. ინდოეთი მასობრივმა ძალადობამ და ქაოსმა მოიცვა. განდის ზომიერი პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა რადიკალი ინდუსი ნაციონალისტებისთვის.

1948 წლის 30 იანვარს, ნაშუადღევს, განდი გვიან მივიდა ლოცვაზე, სადაც მას 500 ადამიანი უცდიდა. მან მისალმების ნიშნად ხელები გაშალა, როცა მასთან რადიკალი ინდუსი, ნატჰურამ გოდსე მიიჭრა და ახლო მანძილიდან მკერდში სამი ტყვია ესროლა. განდი ადგილზე გარდაიცვალა.

ინდუისტმა ექსტრემისტმა, ნატჰურამ გოდსემ მოკლა მაჰათმა განდი. მან ესროლა განდის რადგან ის ფიქრობდა, რომ განდი იყო ზედმეტად შემწყნარებელი მუსლიმების მიმართ. გოდსე ჩამოხრჩობით დასაჯეს.

განდის შესახებ მრავალი წიგნი და სატელევიზიო გადაცემა არის მომზადებული. 1982 წელს დიდი ბრიტანეთისა და ინდოეთის თანამშრომლობით რეჟისორმა რიჩარდ ატენბორომ გადაიღო ისტორიული დრამა განდი, სადაც მაჰათმა განდის როლს ბენ კინგსლი ასრულებს. ფილმი არაერთ ჯილდოზე იყო ნომინირებული და რამდენიმე კატეგორიაში ოსკარი და ოქროს გლობუსი დაიმსახურა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • არპი, სუსმიტა. განდი. რედ. გიორგი კაკაბაძე. თბილისი: პეგასი, 2011.
  • Gandhi, Mohandas Karamchand, and Valji Govindji Translator Desai. Satyagraha in South Africa. S Ganesan, Madras, 1928.
  • Meer, Fatima. "Satyagraha in South Africa." Africa South 3, no. 2, 1959.
  • Nanda, B.R. “Mahatma Gandhi.” Encyclopedia Britannica. Encyclopedia Britannica, Inc., October 21, 2019. https://www.britannica.com/biography/Mahatma-Gandhi.
  • Power, Paul F. Gandhi in South Africa. The Journal of Modern African Studies 7, no. 3, 1969. Accessed January 26, 2020. www.jstor.org/stable/159062.
  • Parekh, Bhikhu. Gandhi: A very short introduction. Oxford University Press, 2011.
  • Singh, Nirmala. "A Note on-The Concept of Satyagraha." Indian Philosophical Quarterly 24, 1997.
  • Vahed, Goolam. "'African Gandhi': the South African war and the limits of imperial identity." Historia 45, no. 1, 2000.
  • Switzer, Les. "Gandhi in South Africa: The Ambiguities of Satyagraha." The Journal of Ethnic Studies 14, no. 1, 1986.
  1. Chakrabarty, Bid Social and Political Thought of Mahatma Gandhi Routledge 2006 page 1
  2. Bhattacharya, Sabyasachi (1997). The Mahatma and the Poet. National Book Trust, India, გვ. 1. 
  3. Hook, Sue van der Mahatma Gandhi: Proponent of Peace ABDO 2011 page 14
  4. Agarwal, Satya P. Social Message of the Gita Motilal Banarsidass; 1st edition 1995 page 114
  5. Adams, Jad. Gandhi: The True Man Behind Modern India. Pegasus Books, 2011: New York. Page 217.
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: