შინაარსზე გადასვლა

ვილჰელმინა პრუსიელი (1774-1837)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სტატია ეხება ნიდერლანდების დედოფალს, იმავე სახელის მქონე ორანის პრინცესაზე არსებული სტატიის სანახავად იხილეთ გვერდი ვილჰელმინა პრუსიელი

ვილჰელმინა პრუსიელი
ნიდერლანდების დედოფალი
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 15 მარტი, 1815
მმართ. დასასრული: 12 ოქტომბერი, 1837
წინამორბედი: ჰორტენზია დე ბოარნე
მემკვიდრე: ანა რომანოვა
ორანის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 9 აპრილი, 1806
მმართ. დასასრული: 15 მარტი, 1815
წინამორბედი: ვილჰელმინა პრუსიელი
მემკვიდრე: ანა რომანოვა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 ნოემბერი, 1774
დაბ. ადგილი: პოტსდამი, გერმანია
გარდ. თარიღი: 12 ოქტომბერი, 1837, (62 წლის)
გარდ. ადგილი: ჰააგა, ნიდერლანდები
მეუღლე: ვილემ I, ნიდერლანდების მეფე
შვილები: ვილემ II, ნიდერლანდების მეფე
ფრედერიკი
პოლინი
მარიანა, პრუსიის პრინცესა
სრული სახელი: ფრედერიკა ლუიზა ვილჰელმინა
დინასტია: ჰოენცოლერნები
მამა: ფრიდრიხ ვილჰელმ II, პრუსიის მეფე
დედა: ფრედერიკა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: კალვინიზმი

ვილჰელმინა პრუსიელი (გერმ. Wilhelmine von Preußen, ნიდერლ. Wilhelmina van Pruisen; დ. 18 ნოემბერი, 1774, პოტსდამი, პრუსიის სამეფო — გ. 12 ოქტომბერი, 1837, ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-ის ქალიშვილი. ნიდერლანდების დედოფალი და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია 1815-1837 წლებში როგორც ვილემ I-ის მეუღლე. მეფე ვილემ II-ის დედა.

ვილჰელმინა დაიბადა 1774 წლის 18 ნოემბერს პოტსდამში. იგი იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ ფრედერიკა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მისი დაბადებისას მამამისი მეფე ჯერ კიდევ არ იყო, ამიტომაც ვილჰელმინამ ბავშვობა მამამისის ბიძის, ფრიდრიხ II დიდის მკაცრი მმართველობის პერიოდში გაატარა.

1791 წლის 1 ოქტომბერს, ბერლინში ვილჰელმინა დააქორწინეს თავის ღვიძლ მამიდაშვილ ვილემ ორანელზე, რომელიც იყო ორანის პრინც ვილემ V-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა ვილჰელმინა პრუსიელის (ვილჰელმინას მამიდა და სეხნია) უფროსი ვაჟი. მიუხედავად გარკვეული ინცესტური კავშირისა, ვილჰელმინასა და ვილემის ქორწინება საკმაოდ ბედნიერი, ჰარმონიული, ხანგრძლივი და ნაყოფიერი იყო. წყვილს მალევე შეუყვარდა ერთმანეთი და დარჩენილი ცხოვრება ერთად გაატარეს.

1795 წელს ნიდერლანდებში ბატავიის რევოლუცია დაიწყო, რის გამოც ორანელების სამეფო ოჯახმა ქვეყანა დატოვა და ვილჰელმინას მამამთილის, ვილემ V-ის ბიძაშვილთან, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-თან შეაფარეს თავი. 1796 წელს ვილჰელმინასა და მისი დედამთილის გავლენით ორანელებმა დატოვეს ბრიტანეთი და ბერლინში, პრუსიის სამეფო კარზე გადასახლდნენ, აქედან კი ბრაუნშვაიგში, ვილჰელმინას მულთან. აქ, 1806 წელს გარდაიცვალა ვილემ V, რის გამოც ორანის პრინცი ვილემ VI გახდა, ვილჰელმინა კი პრინცესა გახდა. ამავე პერიოდში ნიდერლანდებს ფრანგები იკავებენ, სადაც იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი თავის უფროს ძმას, ლუი I-ს ნიდერლანდების მეფედ სვამს.

1810 წელს ნაპოლეონმა ჩამოაგდო ლუი I და მისი ვაჟი, ლუი II გაამეფა, მალევე კი ისიც ჩამოაგდო და ნიდერლანდების ოკუპაცია მოახდინა. 1813 წელს ნიდერლანდების დროებითმა მთავრობამ მოახერხა ნაპოლეონის დამარცხება და ფრანგების ქვეყნიდან გაძევება. 1814 წელს ნიდერლანდელებმა თავიანთ მეფედ ვილჰელმინას ქმარი, ვილემ I დასვეს. 1815 წელს გაიმართა ვენის კონგრესი, რომელმაც ვილემ I ნიდერლანდების მეფედ დაადგინა, მის სამფლობელოებს კი დაუქვემდებარა ლუქსემბურგი და ბელგია. ამრიგად, ვილჰელმინა ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია და ნიდერლანდების დედოფალი გახდა, რომლის ტერიტორიაშიც შედიოდა თანამედროვე ბელგიაც.

როგორც დედოფალი, ვილჰელმინა მეტად მოკრძალებული და აპოლიტიკური იყო. ხალხში იგი არაპოპულარული იყო, რადგან ნიდერლანდელები მას სამეფო ოჯახის იზოლირებაში სდებდნენ ბრალს. ამას ისიც ემატებოდა, რომ კათოლიკე ბელგიელები აკრიტიკებდნენ პროტესტანტ დედოფალს მისი ჩაცმისა და გერმანული მანერების გამო. დედოფალი ვილჰელმინა აქტიურად ინტერესდებოდა ფერწერით, რის გამოც ხშირად ესწრებოდა სამხატვრო გამოფენებს და პატრონობდა მხატვრებს. მიუხედავად ყველაფრისა, სამეფო აკადემიის სამხატვრო წრეში დედოფალ ვილჰელმინას „ნიჭიერ დილეტანტად“ მოიხსენიებდნენ.

1820 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, 1829 წლის შემდეგ კი საზოგადოებაში ძალიან იშვიათად გადიოდა. დედოფალი ვილჰელმინა გარდაიცვალა 1837 წლის 12 ოქტომბერს ჰააგაში, 62 წლის ასაკში. დაკრძალულია დელფტის სამეფო მავზოლეუმში.

  1. ვილემ II (1792-1849), ნიდერლანდების მეფე, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი და ლიმბურგის ჰერცოგი 1840-1849 წლებში. ცოლად შეირთო რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის ასული ანა რომანოვა, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. მკვდარშობილი ვაჟი (1795);
  3. ფრედერიკი (1797-1881), ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის ასული ლუიზა, რომელთანაც შეეძინა შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი ლუიზა ნიდერლანდელი;
  4. პოლინი (1800-1806), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. მკვდარშობილი ვაჟი (1806);
  6. მარიანა (1810-1883), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, პრინც ალბრეხტ პრუსიელს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, თუმცა ისინი 1849 წელს განქორწინდნენ;
  • Rulemann Friedrich Eylert: Charakter-Züge und historische Fragmente aus dem Leben des Königs von Preußen Friedrich Wilhelm III. Theil 2, Abtheilung 2. 3., auf's Neue durchgesehene Auflage. Heinrichshofen, Magdeburg 1845, S. 195 f.
  • Ernst Münch: Zur Geschichte des Lebens, des Charakters und der Regierung Königs Wilhelms I. der Niederlande. In: Ernst Münch: Biographisch-historische Studien. Band 2. Hallberg, Stuttgart 1836, S. 45–136, hier S. 69.
  • Wilhelm Pfitzner: Versuch einer Geschichte des vormaligen Fürstlichen Cisterzienser-Stiftes Heinrichau bei Münsterberg in Schlesien. Trewendt, Breslau 1846, S. 281.
  • Karl Heinrich Ludwig Pölitz: Die europäischen Verfassungen seit dem Jahre 1789 bis auf die neueste Zeit. Band 2: Die Verfassungen Frankreichs, der Niederlande, Belgiens, Spaniens, Portugals, der italienischen Staaten und der jonischen Inseln enthaltend. 2., neugeordnete, berichtigte und ergänzte Auflage. F. A. Brockhaus, Leipzig 1833, S.