კარლო III სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლო III სავოიელი
CharlesIIIofSaboy-byJeanClouet.jpg
სავოიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 10 სექტემბერი, 1504
მმართ. დასასრული: 17 აგვისტო, 1553
წინამორბედი: ფილიბერტო II
მემკვიდრე: ემანუელე ფილიბერტო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ოქტომბერი, 1486
გარდ. თარიღი: 17 აგვისტო, 1553, (66 წლის)
მეუღლე: ბეატრიზ პორტუგალიელი
(ქ. 1521 - გარდ. 1538)
შვილები: ემანუელე ფილიბერტო, სავოიის ჰერცოგი
დინასტია: სავოიელები
მამა: ფილიპო II, სავოიის ჰერცოგი
დედა: კლაუდინა დე ბროსი
რელიგია: კათოლიციზმი

კარლო III სავოიელი (იტალ. Carlo III di Savoia), მეტსახელად კეთილი (იტალ. il Buono; დ. 10 ოქტომბერი, 1486, შეზ-სურ-ენი, საფრანგეთი — გ. 17 აგვისტო, 1553, ვერჩელი, იტალია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგი 1504-1553 წლებში. ჰერცოგ ფილიპო II-ისა და კლაუდინა დე ბროსის ვაჟი. ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტოს მამა. მისმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ სავოია 1536 წლიდან 1559 წლამდე მთლიანად საფრანგეთს ჰქონდა ანექსირებული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლო დაიბადა 1486 წლის 10 ოქტომბერს შეზ-სურ-ენში, თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ფილიპო II-ისა და მისი მეორე მეუღლის, კლაუდინა დე ბროსის უფროსი ვაჟი. მას მამის მხრიდან ჰყავდა ნახევარ-და-ძმა, ანგულემის გრაფინია ლუიზა სავოიელისა და მომავალი ჰერცოგის, ფილიბერტო II-ის სახით, რომელმაც სავოიის ტახტი 1497 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.

მემკვიდრული ხაზის მიხედვით კარლოს ტახტი არ უნდა რგებოდა, რის გამოც მისი ძმა ორჯერ დაქორწინდა, თუმცა ფილიბერტოს არცერთ ცოლთან ჰყოლია შვილები და იგი 1504 წელს უმემკვიდრეოდ აღესრულა, რის გამოც ახალი ჰერცოგი კარლო III გახდა.

მსგავსად წინამორბედი ჰერცოგებისა, მასაც მიენიჭა კვიპროსის, იერუსალიმის და კილიკიის სომხეთის მეფის ტიტულარული წოდება. ასევე მან დაარღვია საფრანგეთთან არსებული საუკუნოვანი ალიანსი და იტალიურ ომებში ჰაბსბურგების მხარეს გადავიდა, რის განსამტკიცებლადაც ცოლად კარლ V-ის ცოლის და და დეიდაშვილი, ბეატრიზ პორტუგალიელი შეირთო. ამ ქორწინებამ დროებით სავოიის პოზიციები გაამყარა, თუმცა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა ცოლად კარლ V-ის და, ელეონორა ავსტრიელი შეირთო და მასთან დაზავდა, სავოიის საქმე ცუდად წავიდა.

1534 წელს ფრანსუა I-მა ღალატის გამო სავოიას ომი გამოუცხადა და დიდი ჯარებით შევიდა საჰერცოგოში. ფრანგებმა მალე დაიკავეს ჟენევა, ბერნი, ნიცა და სავოიის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები. კარლმა კარლოს ჯარები არ მიაშველა, რის გამოც 1536 წლისთვის უკვე მთელი სავოია საფრანგეთს ჰქონდა ანექსირებული. ამის გამო კარლომ მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე დევნილობაში გაატარა ნათესავების კარზე, სადაც იგი 1553 წლის 17 აგვისტოს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სავოიის ტახტის დაბრუნება და მისი ფრანგებისგან გამოხსნა მხოლოდ მისმა ვაჟმა, ემანუელე ფილიბერტომ მოახერხა 1559 წელს ფრანსუა I-ის ასულ მარგარიტა ვალუაზე ქორწინებით.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1521 წლის 29 სექტემბერს კარლომ ცოლად შეირთო ბეატრიზ პორტუგალიელი (1504-1538), პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია არაგონელის ქალიშვილი, რომელიც იყო ჟუან III-ის და და ასევე, ცოლისდა და დეიდაშვილი საღვთო რომის იმპერატორისა და ესპანეთის მეფე კარლ V-ისა. კარლოს მასთან ცხრა შვილი შეეძინა:

  1. ადრიანო ამადეო (1522-1523), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ლუდოვიკო (1523-1536), პიემონტის პრინცი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ემანუელე ფილიბერტო (1528-1580), სავოიის ჰერცოგი და ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი, ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ნაბოლარა ასული მარგარიტა დე ვალუა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, მომავალი ჰერცოგი კარლო ემანუელე I;
  4. კატერინა (1529-1536), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. მარია (1530-1531), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. იზაბელა (1532-1533), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ემანუელე (1533), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. ემანუელე (1534), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. ჯოვანი (1537-1538), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John Roger Paas, The German Political Broadsheet, 1600–1700: 1600–1615, (Otto Harrassowitz, 1985), 67.
  • Michael Mallett and Christine Shaw, The Italian Wars, 1494–1559, (Pearson Educational Limited, 2012), 230-231.