ზეთსახდელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეთსახდელი (ძვ. ქართულ წყაროებში საზეთე) (ეთნოგრ.), სელის ზეთის სახდელი საწარმო, გამართული იყო ქვის შენობაში; შედგებოდა ღუმლისაგან, საზეთე წისქვილისა (გელაზი) და წნეხისაგან. იქვე იყო დამხმარე ხელსაწყოებიც (საცრები, ლასტები, ხის კუნძები, მარცვლისა და წყლის საწყაოები, გამწევი ძალის უღლები, წყლის ჭურჭელი და სხვა). ქვით ნაგები ღუმელი ზეთსახდელის კედელთან იყო მიშენებული. ღუმელზე მარცვალს ხალავდნენ. წისქვილი ნაგებობის ცენტრში იყო გამართული და სალეწი "კალოსა" და დოლაბისაგან შედგებოდა. მისი დანიშნულება იყო დახალული მარცვლის დაფქვა-დაგელაზება და დასაწნეხი ქუმელის შემზადება. წნეზი შეიცავდა საწნეხ ძელებს ხრახნითურთ და საქუმელე გეჯას. ზეთსახდელები საქართველოში საზეთე სელის ზონაში (უმთავრესად მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში) იყო გავრცელებული. წყაროების მიხედვით, ქართული საეკლესიო კერებს საკუთარი ზეთსახდელები ჰქონდათ. XIX საუკუნეში ზოგ ზეთსახდელ სახელოსნოში დაქირავებულ შრომას იყენებდნენ და ზეთს გასაყიდად ხდიდნენ. მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში ზეთსახდელები 40-იან წლებამდე არსებობდა. საზეთე სელის კულტურის მზესუმზირით შეცვლის შემდეგ ზეთის წარმოების ცენტრებმა მზესუმზირის გავრცელების ზონაში - კახეთსა და ქვემო ქართლში გადაინაცვლა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მოლოდინი ლ. ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხალხური ზეთსახდელი იარაღები), თბ., 1963;
  • ქურდიანი ი., ნაკაშიძე ე., ზეთოვანი მცენარეები, ტფ., 1935;
  • მოლოდინი ლ., ქსე, ტ. 4, გვ. 503, თბ., 1979