გომისჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გომისჯვარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი წინარეხი
კოორდინატები 41°49′40″ ჩ. გ. 44°29′45″ ა. გ. / 41.82778° ჩ. გ. 44.49583° ა. გ. / 41.82778; 44.49583
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 18[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გომისჯვარი — საქართველო
გომისჯვარი
გომისჯვარი — შიდა ქართლი
გომისჯვარი
გომისჯვარი — კასპის მუნიციპალიტეტი
გომისჯვარი

გომისჯვარისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, (წინარეხის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ნიჩბისისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 900 მეტრზე. ქალაქ კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

ისტორია და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გომისჯვარი პირველად XVII საუკუნეში მოიხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილს შეტანილი აქვს ქართლის სოფელთა სიაში. XVII საუკუნეში დავით გაბადაძეს ებოძა თელათგორისა და გომისჯვრის მოურავობა.

სოფელში შემონახულია XVII საუკუნის ნადირაანთ კოშკი. ნაგებია ნატეხი ქვით და ბათქაშით. კოშკი გეგმით კვადრატული, მაღალი პროპორციების შვიდსართულიანი სამხედრო ნაგებობაა. პირველი სართული დაბალია და ყრუ, სანახევროდ მიწით ამოვსებული. შესასვლელი II სართულზეა. სართულებშუა გადახურვა ხისა იყო და ერთმანეთს მისადგმელი კიბეებითა და ლუკების საშუალებით უკავშირდებოდა. III–IV სართულებზე თითო ბუხარია, ხოლო IV–VII-ის სამხრეთ ფასადზე, რომელიც სოფელსა და მის ქვემოთ გაშლილ სივრცეს გადაჰყურებს – ხის დაკიდებული აივნები ჰქონდა. აივანზე გასასვლელთა თაღები აგურისაა. ყოველ სართულზე სათოფურებია. სამხრეთ შესასვლელის თავზე ჩასმულია დიდი გათლილი ქვა, რომელზეც წარწერა იყო (გადარჩენილია მხოლოდ სამი ასო „წად“). კოშკი თარხნიშვილების საკუთრება იყო.

თვით გომისჯვარში ადრე 4 ეკლესია მდგარა, ახლა მხოლოდ ორიღაა შემორჩენილი. ერთი მათგანი იოანე მახარებლის სახელზეა აგებული. მის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია „გოლგოთის ჯვარი“ და 2 შეისრულთაღოვანი ნიში. დასავლეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული იყო რუხი-მოწითალო ქვა (დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). ქვაზე ამოკვეთილი წარწერის თანახმად ეკლესია 1684 წელს აუგია ლევან ბატონიშვილს, ვახტანგ V-ის ძეს. აქვე მახლობლად შემორჩენილია აგურით ნაშენი კამარიანი ნაგებობის, სავარაუდოდ აბანოს ნაშთი. სოფლის განაპირას სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე დგას XVI–XVII საუკუნეების წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 32 14 18
2014[1] 18 9 9

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 94.
  • ბერიძე ვ., „წინარეხი – გომისჯვარი – სასხორი“, «საქართვ. მეცნ. აკად. მოამბე», 1943, ტ. 4, #6;
  • ბერიძე ვ., „XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“, ტ. 1, თბ., 1983;
  • მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]