გომისჯვრის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთ-დასავლეთი მხარე

გომისჯვრის კოშკი – კოშკი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, ნასოფლარის სასაფლაოზე.

ადგილი მოსახლეობის გადმოცემით, თარხნიშვილებს ეკუთვნოდათ. სტილისტური ნიშნებით განეკუთვნება XVII საუკუნეს. კოშკი დაზიანებულია: პირველი სართული სანახევროდ მიწითაა ამოვსებული, სართულშუა გადახურვა და სახურავი ჩანგრეულია, აივნები აღარ აქვს (დარჩენილია აივნების კოჭების ბუდეები), მეოთხე სართულის აივანზე გასასვლელი კარი ამოშენებულია. შვიდსართულიანი კვადრატული კოშკი (7,15 X 7,15 მ; სიმაღლე 16,6 მ, კედლის სისქე 1,5 მ) ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია ნატეხი ქვაც. კოშკი ზემოთ თვალსაჩინოდ ვიწროვდება. შესასვლელი დასავლეთითაა, 3,5 მეტრის სიმაღლეზე, მეორე სართულის დონეზე. ამ სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი სათოფურია, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ დასავლეთ კედლებში ნიშებიცაა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთისაში - ბუხარი. სულ ზემოთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს თითო სალოდეა. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით და მისადგმელი კიბეებით უკავშირდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, 1990.