ვახტანგ IV
ვახტანგ IV | |
---|---|
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1442 |
მმართ. დასასრული: | 1446 |
წინამორბედი: | ალექსანდრე I დიდი |
მემკვიდრე: | გიორგი VIII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1413 |
გარდ. თარიღი: | 1446 |
მეუღლე: | სითიხათუნი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ალექსანდრე I დიდი |
დედა: | დულანდუხტი |
ხელმოწერა: | |
ვახტანგ IV (გ. 1446) — საქართველოს მეფე 1442–1446 წლებში, ალექსანდრე I დიდის და დედოფალ დულანდუხტის უფროსი ძე.
ვახტანგი ისტორიულ საბუთებში 1413 წლიდან ჩანს. 1433 წლიდან ალექსანდრეს სიგელებში მეფედ იხსენიება, რაც თანამოსაყდრეობაზე მიუთითებს. ვახტანგი ტახტზე მამის ბერად აღკვეცის შემდეგ ავიდა 1442 წელს.
ვახტანგთან ერთად მეფეებად მოიხსენიებიან მისი ძმები: დიმიტრი, გიორგი და ზაალი. ეს მოვლენა მიუთითებს სამეფო ხელისუფლების დასუსტებაზე, მათ შორის „პროვინციის მეფეების“ აღზევების ხარჯზე. კ. თუმანოვის აზრით, თანამეფეების არსებობა ასახავს XV საუკუნის საქართველოში ე. წ. კოლეგიური ხელმწიფობის ბიზანტიური მოდელის გადმოტანის მცდელობას, როდესაც სამეფო სახლის წევრები იზიარებდნენ სამეფო ძალაუფლებას, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი იყო უზენაესი ხელისუფალი, სხვები კი — თანამმართველები. ქართულ დინასტიურ და ფეოდალურ ტრადიციებთან ეს სისტემა შეუთავსებელი აღმოჩნდა და მასთან ერთად საუფლისწულოების არსებობამ ნიადაგი შეუმზადა ერთიანი ქართული მონარქიის დაშლას.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ვახტანგის მეფობის დროს, 1444 წელს, მოხდა ყარა-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს მმართველის ჯეჰან-შაჰის ლაშქრობა საქართველოში. ვახტანგი მტერს ახალციხესთან შეება, თუმცა იმ დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილითაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი.
ვახტანგ IV-ის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ის უშვილოდ გარდაიცვალა 1446 წელს. დაკრძალულია ბანაში მეუღლესთან, ფანასკერტელის ასულ სითიხათუნთან ერთად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965.
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
- ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. I, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1989. — გვ. 293.
- ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ., 2007.
- ასათიანი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 224.
- Toumanoff C., The Fifteenth-Century Bagratids and the Institution of Collegial Sovereignty in Georgia, «Traditio», Vol. 7, 1949-1951. — გვ. 169-221.
წინამორბედი: ალექსანდრე I |
საქართველოს მეფე 1442 – 1446 |
შემდეგი: გიორგი VIII |
|