კირმანეული თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კირმანეული თეთრი — XIII-XV საუკუნეებში დასავლურ-ქართული ვერცხლის ფული.

სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან „კირ“ და „მანუელ“ (ბატონი მანუელი) და დაკავშირებულია ტრაპიზონის კეისრის მანუელ I-ის (1238-1263) სახელთან. მონეტის შუბლზე გამოსახულია მეფე და დამახინჯებული ბერძნულით აწერია ტრაპიზონის კეისრების მანუელის ან იოანეს სახელი. კეისრის ფეხთან გამოხატულია ექვსქიმიანი ვარსკვლავი (ე. წ. „სოლომონის ბეჭედი“). ზურგზე ტრაპიზონის იმპერიის მფარველის წმ. ევგენის გამოსახულებაა და ბერძნულად აწერია წმინდანის სახელი.

ტრაპიზონის იმპერიაში მოჭრილი ასპრი ფართოდ გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი შემოტანა შეწყდა, იჭრებოდა მისი მინაბაძები, რომელსაც კირმანეული ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბრამიშვილი თ., XIII-XIV სს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული), თბ., 1959;
  • კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969;
  • Пахомов Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970;
  • ჯალაღანია ი., ქსე, ტ. 5, გვ. 531, თბ., 1980