ვახტანგ III
ვახტანგ III | |
---|---|
ვახტანგ III-ის ბარელიეფი | |
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1297/1302 |
მმართ. დასასრული: | 1308 |
წინამორბედი: | დავით VIII |
მემკვიდრე: | დავით VIII |
მეუღლე: | რიფსიმე დედოფალი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | დემეტრე II თავდადებული |
ვახტანგ III (გ. 1308) — საქართველოს მეფე 1297/1298 ან 1302 წლიდან 1308 წლამდე, დემეტრე II თავდადებულის ძე. მისი მმართველობა საქართველოში მონღოლთა ბატონობის მძიმე პერიოდს ემთხვევა.
ვახტანგი დემეტრეს და მისი ტრაპიზონელი მეუღლის უმცროსი ვაჟი იყო. პოლიტიკურ ასპარეზზე ვახტანგი 1290-იანი წლების შუა პერიოდიდან ჩანს, როდესაც ვახტანგი მისმა უფროსმა ძმამ, მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულმა და მთიულეთში გამაგრებულმა დავით VIII-მ ელჩად მიავლინა ოქროს ურდოს მმართველ თოხთა ყაენთან. მოგვიანებით ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და დავითმა ვახტანგი ჟინვანის ციხეშ გამოკეტა. ვახტანგმა შეძლო პატიმრობიდან გაქცევა და ივანე ბურსელის შუამდგომლობით შეურიგდა დავითს, მაგრამ მათ შორის ნდობა მაინც ვერ აღდგა.
ვახტანგს არ აკმაყოფილებდა „უპატიოდ ყოფნა“ და ეახლა ყაზან ყაენს, რომელმაც მას აჯანყებული დავით VIII-ის საპირისპიროდ მეფობა დაუმტკიცა და თბილისს ხუტლუბუღა ნოინის დიდი ჯარის თანხლებით გამოისტუმრა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ტრადიციულად მიღებული ქრონოლოგიით ეს 1302 წელს მოხდა, თუმცა ნუმიზმატიკური მასალა — ჰიჯრით დათარიღებული სპილენძის მონეტები ვახტანგის მონოგრამებით მიუთითებს, რომ ვახტანგს მეფობა უფრო ადრე, 1297 ან 1298 წელს უნდა მიეღო.
ვახტანგის ძალაუფლება ძირითადად ვრცელდებოდა თბილისსა და სომხითზე, დმანისისა და სამშვილდის ჩათვლით. ის ცდილობდა დავითთან პირდაპირი წინააღმდეგობა არ ჰქონოდა, თუმცა „არათუ ვახტანგ მტერ იყო ძმისა, არამედ თათართა შიშითა იძულებით შეება“. ჟამთააღმწერლის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა თბილისის მისადგომებთან, მახათის მთასთან მოხდა, სადაც ვახტანგმა გამოქცეული ყივჩაყების დახმარებით შეძლო დავითის ჯარი უკუექცია.
1299 წლიდან ვახტანგ III თავის ლაშქართან ერთად მონაწილეობდა მონღოლების მიერ წარმოებულ ბრძოლებში ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ბრძოლებში დამასკოსთან (1300) და გილანთან (1306), რასაც მრავალი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
ჟამთააღმწერლის მიხედვით, გილანის ლაშქრობის შემდგომ ხანებში ოლჯაითუ-ყაენი (ქართული წყაროების „ხარბადანი“) მუსლიმებს დაურწმუნებიათ, რომ მისი ძალაუფლების გასამტკიცებლად აუცილებელი იყო ქრისტიანობის განდევნა მონღოლთა იმპერიიდან, მათ შორის საქართველოდან. ვახტანგი თავისი ამალით ყაენის კარზე გამგზავრებულა და ქრისტიანობისთვის სიკვდილის მზადყოფნა განუცხადებია. ყაენი გაოცებულა და ქართველები პატივით გამოუსტუმრებია. სამშობლოში მომავალი ვახტანგი, გზად, ნახჭევანს, „მუცლის სალმობით“ გარდაიცვალა. ის სამშობლოში წაასვენეს და დმანისში დაკრძალეს. XVIII საუკუნის სწავლულის ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ვახტანგი 1308 წელს გარდაცვლილა, თუმცა მეფის აღსასრულს ის განსხვავებულად გადმოგვცემს: ყაენს ის ქრისტიანობის ერთგულებისთვის სიკვდილით დაუსჯია.
ვახტანგს დარჩა ორი შვილი: დიმიტრი და გიორგი. პირველს სამფლობელოდ დმანისი ჰქონდა, მეორეს — სამშვილდე. ჟამთააღმწერლის ცნობით, ვახტანგის ცოლი იყო „შაბურის ძის ასული“, რომელიც მას გამეფებამდე შეურთავს. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ აღაპის მიხედვით მისი სახელი რიფსიმეა. ეს აღაპი ვახტანგის მეფისა და რიფსიმე დედოფლისთვის ჯვრის მონასტრიდან გამოძევებული ქართველი ბერების მატერიალური დახმარების სანაცვლოდ განუჩენიათ.
ვახტანგ III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული. მისი ხსენების დღეა 10 (23) დეკემბერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკნაძე ვ., საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989. — გვ. 35-42.
- მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის XI-XVII ს.ს., თბ., 1962. — გვ. 41-44.
- ნინიძე დ., ვახტანგ III-ის გარდაცვალების თარიღისათვის, «ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები», XVI, თბ., 1987.
- ნინიძე დ., XIV საუკუნის დამდეგის საქართველოს ისტორიის რამდენიმე ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხი, «თსუ შრომები», 1989, ტ. 283.
- ნინიძე დ., საქართველოს „მრავალმეფიანობის” ხანის (1298–1318) დიპლომატია, კრ.: ქართული დიპლომატია. წელიწდეული, I, თბ., 1994.
- ნინიძე დ., პროვინციის მეფეები XIV–XV სს. საქართველოში, თბ., 1995.
- სიხარულიძე ი., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XIII–XIV სს., თბ., 1967.
- ლომოური თ., დავით VIII-ის და ვახტანგ III-ის ფულები, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», ტ. XV-B, 1948. — გვ. 75-77.
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
- ასათიანი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 224.
წინამორბედი: დავით VIII |
საქართველოს მეფე 1302 - 1308 |
შემდეგი: დავით VIII |
|