შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე I (საქართველოს მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინე I.
კონსტანტინე I
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1407
მმართ. დასასრული: 1411
წინამორბედი: გიორგი VII
მემკვიდრე: ალექსანდრე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1369
გარდ. თარიღი: 1411
მეუღლე: ნათია ამირეჯიბი
შვილები: 1.ალექსანდრე I
2.ბაგრატი
3.გიორგი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ V
დედა: ანა კომნენოსი
ხელმოწერა:

კონსტანტინე I (გ. 1411) — საქართველოს მეფე 1407-1411, ბაგრატ V-ის ძე. 1400 თავისი ძმის, საქართველოს მეფის გიორგი VII-ის (1393-1407) დესპანი იყო თემურლენგთან და მიაღწია შეთანხმებას. 1401-1402 თემურლენგთან ზავის დადების მომხრე იყო. ამ ნიადაგზე ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, კონსტანტინე სამცხის ათაბაგ ივანე ჯაყელთან ერთად გიორგი VII-ს განუდგა და საჩუქრებით ეახლა თემურლენგს. ამის მიუხედავად, კონსტანტინე მტრის იარაღად არ ქცეულა და საქართველოს ინტერესებისათვის იღვწოდა. გამეფების შემდეგ ენერგიულად შეუდგა მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას, მაგრამ აღარ დასცალდა. XV საუკუნის დასაწყისში ირანის აზერბაიჯანს შავბატკნიანთა (ყარა-ყოიუნლუ) თურქმანული ტომის მეთაური ყარა იუსუფი დაეუფლა, რომელიც ცდილობდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას. 1411 ის შირვანში შეიჭრა. შირვანელებმა დახმარება სთხოვეს კონსტანტინე I-ს, რომელიც 2000 მხედრით მოეშველა მათ. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მამაცურად ეჭირა თავი, რის გამოც ყარა-იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.

  • ივ., ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966 წ. გვ. 424-423
წინამორბედი:
გიორგი VII
საქართველოს მეფე
1407 - 1411
შემდეგი:
ალექსანდრე I